გადაწყვეტილება №20528/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20528/2/2023
17 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 10.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20528/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №057-7 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11292 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 007 625 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 649 575
დღგ - 246 152
საშემოსავლო გადასახადი - 403 423
ჯარიმა - 324 888
საურავი - 33 162
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო-საბითუმო ვაჭრობა ხილითა და ბოსტნეულით. აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 22.10.2021 წლიდან 15.08.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:
საქონლის შეძენა მთლიანად ხდება იმპორტის გზით, ხოლო რეალიზაცია ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე (----------). ფიქსირდება ასევე საქონლის ექსპორტრეექსპორტის ოპერაციებიც.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.09.2022 წლის №23458 ბრძანების საფუძველზე, საწარმოს კუთვნილ ობიექტზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ 12.09.2022 წლის მდგომარეობით, საწარმოს ნაშთად ერიცხება 27 215 კგ კივი, ხოლო ძირითადი საშუალებებიდან - მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატი. საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვით ვერ დგინდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაოდენობა და სარეალიზაციო ფასი. ვერ ხერხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი, ჩამოწერებს ახორციელებს თვის ბოლოს რაოდენობრივად. დაფიქსირებული ფასნამატი შეადგენს 8%-ს.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 73-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების თანახმად, საწარმოს შემოსავლები გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა გადამხდელის მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს, რის შედეგადაც გამოყოფილ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა კილოგრამებში, რაზეც გავრცელდა შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასები, ხოლო საქონლის იმ სახეობებზე, რომელთა დოკუმენტური რეალიზაციაც არ ფიქსირდება გავრცელდა შესამოწმებელი პერიოდის იმპორტირებული საქონლის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი (სულ 4 სახეობის საქონელი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა ჩაითვალა რეალიზებულად შეძენების თვეების შესაბამისად, სარეალიზაციო თვეებს შორის სასაქონლო ნაშთების გათვალისწინებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 73-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების თანახმად, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით მიღებული იქნა ფულადი ნაშთი, რომლის არსებობა საწარმოში რაიმე დოკუმენტით ან ჩანაწერით არ დასტურდება. აღნიშნული თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №057-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11292 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუღალტრული აღრიცხვით ვერ დგინდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაოდენობა და სარეალიზაციო ფასი, ვერ ხერხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი, საწარმო სმფ-ების ჩამოწერას ახორციელებს თვის ბოლოს რაოდენობრივად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 12 სექტემბერს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთად ერიცხება 27 215 კგ კივი, ხოლო ძირითადი საშუალებებიდან - მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა გადამხდელის მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს, რის შედეგადაც გამოყოფილ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა კილოგრამებში, რაზეც გავრცელდა შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასები, ხოლო საქონლის იმ სახეობებზე, რომელთა დოკუმენტური რეალიზაციაც არ ფიქსირდება შემოწმების მიერ გავრცელდა შესამოწმებელი პერიოდის იმპორტირებული საქონლის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი. შედეგად, შემოწმებით დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აგრეთვე, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრული ფულადი ნაშთი, რომლის არსებობა საწარმოში რაიმე დოკუმენტით ან ჩანაწერით არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე, მართლზომიერია დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასების, ხოლო საქონლის იმ სახეობებზე, რომელთა დოკუმენტური რეალიზაციაც არ ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის იმპორტირებული საქონლის საშუალო დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში და დღგ-ში დამატებით დარიცხულ თანხებს.
სიმართლეს არ შეესაბამება შემოწმების აქტში დაფიქსირებული ჩანაწერი, რომ თითქოს საწარმო საქონლის ჩამოწერას ახორციელებს თვის ჭრილში. საქონლის ჩამოწერა ხორციელდება ყოველდღიურად და ამის თაობაზე ინფორმირებული იყო შემმოწმებელიც და შესაბამისად დღის ჭრილში იდენტიფიცირდება რეალიზებული საქონელი, როგორც სახელობითად ასევე რაოდენობრივად, შესაბამისად საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს სრული წესების დაცვით და შემმოწმებლის მითითება, რომ ვერ ხერხდება რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება და თვითღირებულების დადგენა არ შეესაბამება სინამდვილეს. ასევე, დღის ჭრილში საქონლის ჩამოწერა არის ნამდვილად მაქსიმუმი, რისი განხორციელება შეუძლია საწარმოს, თუ გავითვალისწინებთ საწარმოს საქმიანობის სპეციფიკას, რომელიც საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ღია ბაზრის ტერიტორიაზე და ძირითადი მომხმარებლები არიან ფიზიკური პირები, სწორედ ამიტომ რეალიზებული საქონლის დოკუმენტური წილი შეადგენს მხოლოდ 9%-ს, ვინაიდან ბუნებრივია ფიზიკურ პირს დოკუმენტი არ სჭირდება.
მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და 73-ე მუხლის მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ დაბეგვრის ობიექტის დადგენა შესაძლებელია და შესაბამისად, არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები.
გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში თანამშრომლობდა შემოწმებასთან, მისი მხრიდან ხდებოდა საქონლის იდენტიფიცირება, ნაწარმოები ჰქონდა ბუღალტრული პროგრამა, ამასთან საქონლის შეძენა ხდებოდა მხოლოდ იმპორტის გზით და გადასახადის გადამხდელის მხრიდან საბაჟო დოკუმენტაციაც წარდგენილია, შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით და საგადასახადო ომბუდსმენის რეკომენდაციების გათვალისწინებით დღის ჭრილში როცა ხდება საქონლის ჩამოწერა და საქონლის შეძენა და რეალიზაცია სახელობითი და რაოდენობრივი კუთხით იდენტიფიცირდება, არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. მიუთითებს, შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.09.2022 წლის №17176/2/2022 გადაწყვეტილებაზე.
ასევე, შემოწმებით იქნა გავრცელებული მხოლოდ rs.ge-ზე ატვირთული სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული ფასები, ვინაიდან საქონლის ძირითადი რეალიზაცია მოდის ფიზიკურ პირებზე საწარმოს გააჩნია ასევე შესყიდვის აქტებიც, რომლებიც არ იტვირთება გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე, თუმცა ისეთივე იურიდიული ძალა გააჩნია და წარმოადგენს პირველად საგადასახადო დოკუმენტს, როგორიცაა სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი. შესაბამისად, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას ბუნებრივია მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სწორედაც შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფასები, ვინაიდან ისინი ყველაზე მეტად გამოხატავენ რეალობას, ვინაიდან მათი მეშვეობით რეალიზაცია ხდება ისეთივე ფიზიკურ პირებზე. მაგალითისთვის შემმოწმებელს რეალიზებულ ვაშლზე აქვს მიყენებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 9.07.2022 წელს რეალიზებული ვაშლი „----------“-ს ფასნამატი, მაშინ როცა იმავე თვეში შესყიდვის აქტით ფიზიკურ, პირზე ასევე რეალიზებულია ვაშლი „----------“, რომლის ფასნამატი არის გაცილებით ნაკლები. ასევე, შემოწმებით ზოგადად უცნაურად არის დადგენილი ფასნამატის მეთოდი, რომელიც არის დაყოფილი 2 ნაწილად, კერძოდ ისეთ საქონელზე რომელზედაც არსებობდა ადგილობრივ ბაზარზე დოკუმენტური რეალიზაცია (შემმოწმებლის მიერ დოკუმენტური რეალიზაცია არ არის სრულყოფილად გამოყენებული), გავრცელდა დოკუმენტური საშუალო ფასნამატი, ხოლო ისეთ საქონელზე, რომელზეც არ არსებობდა ადგილობრივ ბაზარზე დოკუმენტური რეალიზაცია, გავრცელდა იმპორტირებული საქონლის საშუალო ფასნამატი. ისმის ლოგიკური კითხვა, რატომ მიანიჭა შემმოწმებელმა უპირატესობა ადგილობრივ ბაზარზე გამოწერილ საბუთს და რატომ სრულად არ გამოიყენა იმპორტირებული საქონლის ფასნამატი, რომელიც ასევე არის დოკუმენტური. ის, რომ შემოწმების აქტით დადგენილი პრინციპი ფასნამატის გავრცელების არის არასწორი დგინდება თვით შემოწმების აქტითაც, რომლითაც იმპორტირებული საქონლის ფასნამატი გავრცელებულია ნაწილ საქონელზე, ბუნებრივია ისმის ლოგიკური კითხვა თუ შემმოწმებელი თვლიდა, რომ იმპორტირებული საქონლის ფასნამატი არ უნდა გაევრცელებინა საცალო რეალიზაციაზე, მაშინ საქონლის ნაწილზე რატომ გაავრცელა. ასევე ის საკითხი, რომ სადავო დარიცხვა არის არასწორი და ექვემდებარება გადაანგარიშებას დასტურდება თუნდაც შემდეგი მაგალითით: კერძოდ, 28.10.2021 წელს საწარმოს მიერ მიღებულია მანდარინი 23 500 კგ, სასაქონლო ზედნადებით რეალიზებულია 5 200 კგ, ჩეკებით რეალიზებულია 4 262 კგ, რაც დასტურდება პროგრამულად და შემოსულია 8 180 ლარი დღგ-ის ჩათვლით. 2021 წლის ოქტომბერში მხოლოდ მანდარინის რეალიზაცია აქვს საწარმოს განხორციელებული და ჩეკებით დგინდება მისი გასაყიდი ფასი - 1,57 ლარი. (სასაქონლო ზედნადებით ერთ შემთხვევაში ერთეულის ფასი შეადგენს - 1 ლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 1,8 ლარს) შემმოწმებელს ჩეკებით რეალიზებული აქვს რატომღაც (სავარაუდოდ, მექანიკური შეცდომის შედეგად) 18 000 კგ. გაურკვეველია, საიდან აიღო ეს მონაცემები შემმოწმებელმა, რადგან პროგრამულად 7211 ანგარიშზე ჩამოწერილია მხოლოდ 4 262 კგ. ითხოვს, გაუქმდეს შემოსავლებს სამსახურის 22.05.2023 წლის №11292 ბრძანება.
12.10.2023 წელს №21049/2/2023 კორესპონდენციით დამატებით წარმოადგინა რეალიზებული საქონლის ჩაშლილი ცხრილი რეალიზებული საქონლის მიხედვით და მიუთითა, რომ აღნიშნული ცხრილით სრულად არის დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები და შესაბამისად, არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არანაირი საფუძველი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლი პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების დროს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით ვერ დგინდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაოდენობა და სარეალიზაციო ფასი, ხოლო მომჩივანი საკითხის განხილვისას მიუთითებს იმპორტის დროს დაფიქსირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე, ფიზიკურ პირებთან გაფორმებულ დოკუმენტებზე და ინფორმაციას წარმოადგენს ექსელის ცხრილის სახით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ჩამოწერებს ახორციელებს თვის ბოლოს რაოდენობრივად, რის შედეგადაც ვერ ხერხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი.
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასები, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის არ არსებობის შემთხვევებში გამოყენებულია იმპორტირებული საქონლის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი, საბჭო აღნიშნავს, რომ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები განსაზღვრულია მართლზომიერად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების დროს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით ვერ დგინდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაოდენობა და სარეალიზაციო ფასი, ხოლო მომჩივანი საკითხის განხილვისას მიუთითებს იმპორტის დროს დაფიქსირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე, ფიზიკურ პირებთან გაფორმებულ დოკუმენტებზე და ინფორმაციას წარმოადგენს ექსელის ცხრილის სახით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ჩამოწერებს ახორციელებს თვის ბოლოს რაოდენობრივად, რის შედეგადაც ვერ ხერხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი. იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასები, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის არ არსებობის შემთხვევებში გამოყენებულია იმპორტირებული საქონლის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი. .
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები განსაზღვრულია მართლზომიერად
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა“)