გადაწყვეტილება №19068/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19068/2/2023
6.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს-----------ა (ს/ნ -------------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს-----------ას 10.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19068/2/2023).
დავის საგანი:
1. საქონლის (ოფთალმოლოგიური მიკროსკოპის) სეს ესნ კოდის არასწორი განსაზღვრით იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება;
2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 27.12.2021 წლის №40991 ბრძანება;
2. საბაჟო დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №002-442 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 23.02.2023 წლის №3405 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
353 019 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 133 754
ჯარიმა - 133 754
საურავი - 85 511
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის სახელზე №11114/C-5352 (5.03.2018წ.) საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 20.12.2021 წლის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა174-21-10 აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 27.12.2021 წლის №40991 ბრძანება და 28.12.2021 წლის №002-442 საგადასახადო მოთხოვნა. ამასთან, აღნიშნული აქტები და საქმის სხვა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით 31.12.2021 წლის №21-10/154089 წერილით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
საბაჟო დეპარტამენტის 20.12.2021 წლის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა174-21-10 აქტი, 27.12.2021 წლის №40991 ბრძანება და 28.12.2021 წლის №002-442 საგადასახადო მოთხოვნა 14.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.06.2022 წლის №14522 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 21.06.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 3.11.2022 წლის №16900/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 9.06.2022 წლის №14522 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 23.02.2023 წლის №3405 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის შედეგად, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტებით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.02.2023 წლის №3405 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საქონლის (ოფთალმოლოგიური მიკროსკოპის) სეს ესნ კოდის არასწორი განსაზღვრით იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
5.03.2018 წლის №11114/C-5352 საბაჟო დეკლარაციით გაფორმდა გერმანიიდან შემოტანილი 3 ერთეული ოფთალმოლოგიური ხელსაწყო (საქონლის ჯამური საბაჟო ღირებულება - 743 079.4 ლარი). დეკლარირების დროს, საქონელი კლასიფიცირდა 9018 50 900 00 სეს ესნ კოდში. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული საქონლის იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისაგან. გადამხდელის მიერ დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტების და ღია წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, თანდართულ ინვოისში მითითებული სამივე საქონელი (1. -----------------; 2. ----------------------------; 3. -----------------------) წარმოადგენს ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელ ქირურგიულ მიკროსკოპს და შესაბამისი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“ თანახმად, კლასიფიცირდება 9011 10 900 00 სეს ესნ კოდში.
საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტისთვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, 9011 10 900 00 სასაქონლო კოდში გაფორმებული/გასაფორმებელი საქონელი იბეგრება დღგის 18%-იანი განაკვეთით. შესაბამისად, საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ საქონლის სეს ესნ კოდის არასწორმა განსაზღვრამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით (შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ნაწილით) გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით 133 754 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის შედეგად, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტებით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტები დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უნდა იქნეს ბათილად ცნობილი (გაუქმებული) შემდეგი არგუმენტების საფუძველზე:
საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმებით კომპანიაზე დამატებით თანხების დარიცხვა მოხდა 2018 წელს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურით შემოტანილი ოფთალმოლოგიური სამედიცინო ხელსაწყოების სეს ეს კოდის კლასიფიკაციის შეცვლის შედეგად. კერძოდ, კომპანიის სახელზე 5.03.2018 წლის №11114/C -5352 საბაჟო დეკლარაციით გაფორმდა გერმანიიდან შემოტანილი 3 (სამი) ერთეული ოფთალმოლოგიური ხელსაწყო: 1. -------------------------------; 2. ---------------------------; 3. ---------------------------. დეკლარირების დროს საქონელი კლასიფიცირდა 9018 50 90000 სეს ეს კოდში, რაც არ ექვემდებარებოდა დღგ-ით დაბეგვრას ამ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმებით ხსენებული საქონელი დაკლასიფიცირდა 9011 10 90000 სეს ესნ კოდით და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. კომპანიაზე ასევე დარიცხულია ჯარიმა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და საურავი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე.
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ დეკლარირების დროს მოქმედი საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებდა შემდეგ რეგულაციებს: საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 9018–9022 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი და მიწოდება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ 9018 50 სასაქონლო კოდით გათვალისწინებულია „ოფთალმოლოგიური ინსტრუმენტები და მოწყობილობები, დანარჩენი“. რაც შეეხება 9011 10 სასაქონლო კოდს, აღნიშნული კოდით გათვალისწინებულია „სტერეოსკოპული მიკროსკოპები“.
განსახილველ შემთხვევაში, გაუგებარია საბაჟო ორგანოს მიერ სასაქონლო კოდის კლასიფიკაციის ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი. როგორც ზემოთ აღინიშნა, 9018 50 სასაქონლო კოდით გათვალისწინებულია „ოფთალმოლოგიური ინსტრუმენტები და მოწყობილობები, დანარჩენი“. შესაბამისად, ხსენებულ სასაქონლო კოდში სპეციალურად არის მითითება ოფთალმოლოგიურ ინსტრუმენტებზე და მოწყობილობებზე და მასში უდავოდ უნდა მოვიაზროთ ოფთალმოლოგიური მიკროსკოპები (მათ შორის ქირურგიაში გამოყენებული ოფთალმოლოგიური დანიშნულების მიკროსკოპები), რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ოფთალმოლოგიური მიმართულებით. განსახილველი საქონლის მწარმოებელი კომპანიის - --------ის (შემდგომში - -------) საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობის 24.12.2021 წლის წერილითაც დასტურდება, რომ ---------ის წარმოების -----------ას ხაზის მიკროსკოპები (----------, ----------------------) განეკუთვნება წმინდა სამედიცინო დანიშნულების ოფთალმოლოგიურ მიკროსკოპებს და მწარმოებლის საერთაშორისო სერტიფიკატში (CE) ეს მოწყობილობები შესულია ოფთალმოლოგიური აპარატურის ოჯახის ნუსხაში და გამოიყენება მხოლოდ ოფთალმოლოგიური მიმართულებით.
ამასთან, კომპანიის მიერ შერჩეული სასაქონლო კოდი მითითებულია ასევე გამომგზავნის ექსპორტის დეკლარაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა 5.03.2018 წლის №11114/C-5352 საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის კლასიფიკაციის ცვლილება და შედეგად კომპანიაზე დამატებით თანხების დარიცხვა, უკანონოა და ექვემდებარება გაუქმებას.
მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს კომპანიის საჩივარი უნდა დაეკმაყოფილებინა სრულად და არა ნაწილობრივ, კერძოდ უნდა გაეუქმებინა/ბათილად ეცნო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 27.12.2021 წლის №40991 ბრძანება და 28.12.2021 წლის №002-442 საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 ნაწილების მიხედვით:
2. საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:
ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;
ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.
9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები) მე-6 პუნქტის მიხედვით, იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია რომელიმე სასაქონლო პოზიციის სუბპოზიციებში ხორციელდება ასეთი სუბპოზიციების დასახელებების და სუბპოზიციებთან დაკავშირებული შენიშვნების, ასევე ზემოთ მოყვანილი წესების დებულებათა შესაბამისად, იმ პირობით, რომ მხოლოდ ერთსა და იმავე დონის სუბპოზიციებია შესადარისი. მოცემული წესის მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე შენიშვნები შესაბამისი კარისა და ჯგუფისთვის, თუ კონტექსტი არ მოითხოვს სხვაგვარად.
ამავე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 90-ე ჯგუფში განისაზღვრებოდა: ინსტრუმენტები და აპარატები ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, პრეციზიული, სამედიცინო ან ქირურგიული; მათი ნაწილები და საკუთნოები.
9011 მიკროსკოპები ოპტიკური რთული, მიკროფოტოგადაღების, მიკროკინოგადაღებისა ან მიკროპროეცირების მიკროსკოპების ჩათვლით:
9011 10 – სტერეოსკოპული მიკროსკოპები:
9011 10 900 00 – – დანარჩენი.
9018 ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები.
- აპარატურა ელექტროდიაგნოსტიკური (ფუნქციონალური დიაგნოსტიკური კვლევის ან ფიზიოლოგიური პარამეტრების კონტროლის აპარატურის ჩათვლით):
9018 50 - ოფტალმოლოგიური ინსრტრუმენტები და მოწყობილობები, დანარჩენი:
9018 50 900 00 -- ოპტიკური
საბაჟო დეპარტამენტის შეფასებით მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით და ღია წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, დადგინდა, რომ ინვოისში მითითებული საქონელი - 1. -------------------------; 2. -------------------; 3. -------------------------------- წარმოადგენს ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელ ქირურგიულ მიკროსკოპებს და კლასიფიცირდება 9011 10 900 00 სეს ესნ კოდში.
საჩივარში მითითებულია, რომ გაუგებარია საბაჟო ორგანოს მიერ სასაქონლო კოდის კლასიფიკაციის ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი. 9018 50 სასაქონლო კოდით გათვალისწინებულია „ოფთალმოლოგიური ინსტრუმენტები და მოწყობილობები, დანარჩენი“. შესაბამისად, ხსენებულ სასაქონლო კოდში სპეციალურად არის მითითება ოფთალმოლოგიურ ინსტრუმენტებზე და მოწყობილობებზე და მასში უდავოდ უნდა მოვიაზროთ ოფთალმოლოგიური მიკროსკოპები (მათ შორის ქირურგიაში გამოყენებული ოფთალმოლოგიური დანიშნულების მიკროსკოპები), რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ოფთალმოლოგიური მიმართულებით. განსახილველი საქონლის მწარმოებელი კომპანიის - -------ის (შემდგომში - ------) საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობის 24.12.2021 წლის წერილით დასტურდება, რომ -------ის წარმოების--------ას ხაზის მიკროსკოპები (-----------------, --------------) განეკუთვნება წმინდა სამედიცინო დანიშნულების ოფთალმოლოგიურ მიკროსკოპებს და მწარმოებლის საერთაშორისო სერტიფიკატში (CE) ეს მოწყობილობები შესულია ოფთალმოლოგიური აპარატურის ოჯახის ნუსხაში და გამოიყენება მხოლოდ ოფთალმოლოგიური მიმართულებით. ამასთან, კომპანიის მიერ შერჩეული სასაქონლო კოდი მითითებულია ასევე გამომგზავნის ექსპორტის დეკლარაციაში.
3.11.2022 წელს საბჭოს სხდომაზე საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 11114/C-5352 (5.03.2018წ.) საბაჟო დეკლარაციით სადავო საქონელი გაფორმდა, როგორც ოფთალმოლოგიური საოპერაციო მიკროსკოპი და კლასიფიცირდა 9018 50 900 00 სეს ესნ კოდში, მოხვდა მწვანე დერეფანში და გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში. აღნიშნულის შემდგომ საბაჟო ორგანომ იხელმძღვანელა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და დაინიშნა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება, რომლითაც დადგინდა, რომ სადავო საქონელი წარმოადგენს ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელ ქირურგიულ მიკროსკოპს და კლასიფიცირდება 9011 10 900 00 სეს ესნ კოდში. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სტრუქტურის, საერთაშორისო პრაქტიკის და ინტერპრეტაციის ძირითადი წესების შესაბამისად უპირატესობა კოდის განსაზღვრისას ენიჭება იმ კოდს, რომელშიც მითითებულია საქონლის კონკრეტული სახეობა (მიკროსკოპი), ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი საქონელი კლასიფიცირდება ზოგადი (ხელსაწყოები, მოწყობილობები, აპარატურა) სახეობის კოდით.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება დაეკისროს, თუ ამ საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენელი ქმედება იწვევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
შემოწმების აქტში მითითებულია და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმაც (3.11.2022 წელს საბჭოს სხდომაზე) განმარტა, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მასალები 31.12.2021 წლის №21-10/154089 წერილით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. აღსანიშნავია, რომ 13.01.2022 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულია №281/15-04-02 წერილი, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტს ეთხოვა საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოსათვის დაევალებინა №11114/C-5352 (5.03.2018წ.) საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით ჩაეტარებინა ექსპერტიზა და გაეცა შესაბამისი დასაბუთებული დასკვნა, ხოლო საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს - შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიეწოდებინა საკითხის შესწავლისათვის საჭირო სრული დოკუმენტაცია. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კი დასკვნის გადაგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით საბჭოს 3.11.2022 წლის №16900/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 9.06.2022 წლის №14522 ბრძანება და სამართლებრივი ნორმების, მხარეთა არგუმენტების, საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 23.02.2023 წლის №3405 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის შედეგად, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტებით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით (შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ნაწილით) გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით 133 754 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად საურავი 85 511 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
მომჩივნის არგუმენტაცია
თუ დავების განმხილველი ორგანო გაიზიარებს საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას სეს ეს კოდის კლასიფიკაციის ცვლილებაზე, სახეზე იქნება საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე11 ნაწილის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე კომპანიის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძვლები, რადგან ზემოთ აღნიშნული ნორმატიული საფუძვლები და ასევე ფაქტობრივი გარემოებები (დოკუმენტები) ცალსახად მიუთითებს, რომ -------- წარმოადგენს წმინდა სამედიცინო დანიშნულების ოფთალმოლოგიურ მიკროსკოპებს და მისი სეს ესნ კოდი არის 9018 50.
შემოსავლების სამსახურის მხრიდან განსახილველი ქონების კოდის შეცვლა დაეფუძნება სეს ესნ კოდების იმდენად ფართო ინტერპრეტაციას, რომლის განჭვრეტაც კომპანიის მხრიდან ვერ იქნებოდა შესაძლებელი.
ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს კომპანია დარიცხული ჯარიმისა და საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილშიც არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.