გადაწყვეტილება №19495/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19495/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 24.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19495/2/2023).
დავის საგანი:
1. რეალიზაციის საკომპენსაციო თანხებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის №006-564 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.03.2023 წლის №5734 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 89 383 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 53 422
დღგ - 6 593
მოგების გადასახადი - 8 823
საშემოსავლო გადასახადი - 38 006
ჯარიმა - 26 711
საურავი - 9 250
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა ---------- ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის №006-564 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.03.2023 წლის №5734 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. რეალიზაციის საკომპენსაციო თანხებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ გააჩნია, დებიტორ-კრედიტორები არ ჰყავს და გადასახადის გადამხდელის განმარტებით, 2020 წლის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, უძრავი ქონების რეალიზაციის საკომპენსაციო თანხები ჩაითვალა მიღებულ შემოსავლად, ხოლო გაწეულ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული სესხის თანხა 120 000 ლარის ოდენობით. მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ იყო განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა, რის გამოც ვერ შეძლეს სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება შემოწმებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო საკითხის დამატებით შესწავლას და გამოთქვამს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის მზაობას.
სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ აღნიშნულ თანხაზე სესხის ხელშეკრულება წარდგენილი არ ყოფილა. ასევე, აღნიშნული თანხა არც ბუღალტრულად ყოფილა სესხად აღრიცხული, შესაბამისად, არც საპროცენტო ხარჯია გაანგარიშებული. ამავე ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივნის არგუმენტაცია
არამართლზომიერია შემოსავლების სამსახურის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება შემოსავლების გაანგარიშებისას და ასევე, ხანდაზმული პერიოდის გამოყენება. თავდაპირველად,შემოსავლების სამსახურის მიერ შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 2021 წლის მაისამდე საანგარიშო პერიოდები, თუმცა შემდგომ აუდიტორმა გადასახადების გაანგარიშებისას გაითვალისწინა 2018 წლის ოპერაციები, რაც წინააღმდეგობაშია საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე5, მე-6 და მე-7 ნაწილებთან. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დამატებით ერთი წლით გაგრძელება ვერ მოხდება. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და ხანდაზმული პერიოდის გათვალისწინება გაანგარიშებისას, არამართლზომიერია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. უძრავი ქონების რეალიზაციის საკომპენსაციო თანხები ჩაითვალა მიღებულ შემოსავლად, ხოლო გაწეულ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ გააჩნია, ხოლო დებიტორკრედიტორების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, მართებულია.
მომჩივნის არგუმენტი, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია ხანდაზმული პერიოდის გამოყენებით საფუძველს მოკლებულია ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგად ხანდაზმული პერიოდისთვის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არ არის. კომპანიას უფიქსირდება უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო საკომპენსაციო თანხის გატანა დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, ასევე არ ფიქსირდება საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთის განსაზღვრა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის შემოწმება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ამასთან, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული სესხის თანხა 120 000 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის 23.03.2023 წლის №5734 ბრძანებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 23.03.2023 წლის №5734 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 26 711 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის №006- 564 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 9 250 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არ გააჩნდა განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა, საიდანაც შეძლებდა სრულყოფილი ინფორმაციის ამოღებასა და მიწოდებას აუდიტორებისთვის, მაქსიმალურად თანამშრომლობდა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან და დროულად აწვდიდა მოთხოვნილ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერი გადამხდელის განმარტებას. შესაბამისად, ითხოვს მოეხსნას ჯარიმა და საურავი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. რეალიზაციის საკომპენსაციო თანხებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. უძრავი ქონების რეალიზაციის საკომპენსაციო თანხები ჩაითვალა მიღებულ შემოსავლად, ხოლო გაწეულ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ გააჩნია, ხოლო დებიტორკრედიტორების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, მართებულია. მომჩივნის არგუმენტი, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია ხანდაზმული პერიოდის გამოყენებით საფუძველს მოკლებულია ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგად ხანდაზმული პერიოდისთვის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არ არის. კომპანიას უფიქსირდება უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო საკომპენსაციო თანხის გატანა დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, ასევე არ ფიქსირდება საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთის განსაზღვრა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის შემოწმება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 275.