გადაწყვეტილება №20174/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20174/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20174/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 5.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20174/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების გაანგარიშება;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №232-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14714 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 348 264 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 208 258

დღგ - 106 153

მოგების გადასახადი - 309

საშემოსავლო გადასახადი - 101 796

ჯარიმა - 105 624

საურავი - 34 382

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ძირითადად სამშენებლო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გაწევა - სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გზით.

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №232-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14714 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების გაანგარიშება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის ძირითადი შემსყიდველია -----ს მუნიციპალიტეტი. შესამოწმებელ პერიოდში მომსახურება ასევე გაწეულია სსიპ „-----“-სთვის, სსიპ „-----“-ისთვის და სს „-----“-სთვის. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (მ.შ. ავანსი) შეადგენს - 170 328 ლარს, ხოლო შემოწმებით განსაზღვრული - 794 820 ლარს. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს 51 175 ლარი, ხოლო გადახდილი - 6 193 ლარი. დეკლარირებული ხელფასი და ფიზიკურ პირებზე წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები ჯამურად შეადგენს მხოლოდ 550 ლარს (საშემოსავლოს გარეშე). გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან, წარმოდგენილია მხოლოდ ბანკში გახსნილი ანგარიშებიდან ცნობები და საბანკო ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან. 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით ნაღდი ფულის ნაშთი თვის ბოლოსთვის შეადგენდა 0 ლარს. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელს სალარო და შესაბამისად სალაროში ნაღდი ფული არ გააჩნია. საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების გათვალისწინებით და 73-ე მუხლის საფუძველზე, სააღრიცხვო დოკუმენტაციის არარსებობისას, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული განკარგვადი თანხების დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების, საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის გათვალისწინებით, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის ან/და სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, მიღებულია განკარგვადი თანხა 407 186 ლარი, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის, აგრეთვე, განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის გამო, აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე (არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პირი) გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა მხოლოდ ბანკში გახსნილი ანგარიშებიდან ცნობები და საბანკო ამონაწერები. ამასთან, 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით ნაღდი ფულის ნაშთი თვის ბოლოსთვის შეადგენდა 0 ლარს. აგრეთვე, გადამხდელთან ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის მიხედვით გადამხდელს სალარო და შესაბამისად სალაროში ნაღდი ფული არ გააჩნია.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ გაანგარიშებული განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებამ არ გაითვალისწინა გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა, შესაბამისად აქვს ხარჯი, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტებიც აუდიტის დეპარტამენტისთვის ვერ იქნა მიწოდებული. დღეის მდგომარეობით, მომწოდებელ კომპანიებთან მიმდინარეობს კომუნიკაცია, რათა გამოუწერონ სასაქონლო ზედნადებები და საგადსახადო ანგარიშ-ფაქტურები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიაჩნია, რომ დარიცხული თანხები შეუსაბამოდ დიდია და საჭიროებს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლას და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემცირებას/კორექტირებას. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და 105-ე მუხლზე და ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის/მტკიცებულებათა გათვალისწინებით დარიცხული თანხები საჭიროებს კორექტირებას/გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებით დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული განკარგვადი თანხების დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების, საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის გათვალისწინებით, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის ან/და სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, მიღებულია განკარგვადი თანხა, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის, აგრეთვე, განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის გამო, ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე (არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პირი) გაცემულ ხელფასად.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 105 624 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №232- 4 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 34 382,68 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებულ იქნას დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების გაანგარიშება;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (მ.შ. ავანსი) შეადგენს - 170 328 ლარს, ხოლო შემოწმებით განსაზღვრული - 794 820 ლარს. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს 51 175 ლარი, ხოლო გადახდილი - 6 193 ლარი. დეკლარირებული ხელფასი და ფიზიკურ პირებზე წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები ჯამურად შეადგენს მხოლოდ 550 ლარს (საშემოსავლოს გარეშე). გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან, წარმოდგენილია მხოლოდ ბანკში გახსნილი ანგარიშებიდან ცნობები და საბანკო ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან. 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით ნაღდი ფულის ნაშთი თვის ბოლოსთვის შეადგენდა 0 ლარს. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელს სალარო და შესაბამისად სალაროში ნაღდი ფული არ გააჩნია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის ან/და სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, მიღებულია განკარგვადი თანხა 407 186 ლარი, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის, აგრეთვე, განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის გამო, აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე (არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პირი) გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

2. საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 105 624 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №232- 4 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 34 382,68 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(1)(3), 73(5"ა")(9"ბ"), 101(1), 154(1"ა"), 275(2), 272(1), 269(7).