ბრძანება N 21633
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21633
08 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (პ/ნ ---------)
(მის.:---------)
2025 წლის 2 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 და 25 სექტემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №78, №81) განიხილა შპს „------“
(ს/ნ -------) 2025 წლის 2 აგვისტოს №97302/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის №085-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს, რომ შეძენილი საწვავს ღირებულება გათვალისწინებულ იქნეს დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობების განსაზღვრა მოხდეს მათი მონაწილეობით.
2.მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმებამ არაპირდაპირ გაითვალისწინა შეძენილი საწვავის ღირებულება მათ მიერ წარდგენილი ცხრილების საფუძველზე, თუმცა მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის. მიუთითებს, რომ აღნიშნულ ცხრილში შეცდომები იყო დაშვებული საწვავის ფასში და განვლილ მანძილებში და ითხოვს საკითხის დამატებით გავლას მათი მონაწილეობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 მაისის №8731 და 27 ივნისის №13785 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 13 დეკემბრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2025 წლის პირველი მაისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 7 ივლისის №15347 ბრძანება და ამავე თარიღის №085-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 122 651 ლარი, მათ შორის გადასახადი 627 131 ლარი, ჯარიმა 291 098 ლარი და საურავი 204 420 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენდა ტრანსპორტით მომსახურება, კერძოდ კონსოლიდირებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღება და -------- მუნიციპალიტეტის სკოლების ტრანსპორტით მომსახურება. კომპანიას არ ჰყავდა საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები და მცირე მეწარმეები უწევდნენ მას აღნიშნულ მომსახურებას. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ჰქონდა 3 265 802 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების შედეგად, მოხდა კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული მომსახურების და მის მიერ შესრულებული ტენდერების ანალიზი. გარდა ამისა, დამუშავდა გადამხდელის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. ასევე, შესწავლილ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინფორმაცია, მათ შორის საბანკო ამონაწერები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ------ ა/რ ----- სამინისტროსგან ჩარიცხული ჰქონდა თანხები, რომლებიც არ იყო დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. ამასთანავე, შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ამონაწერისა და სახელმწიფო ტენდერების საიტზე არსებული მონაცემების მიხედვით, გადამხდელი 2022 წლის 24 მარტიდან გადასცდა 100 000 ლარიან ზღვარს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2022 წლის 24 მარტიდან. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე და 159-ე მუხლების შესაბამისად პირს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275 მუხლების შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ დირექტორს საბანკო ანგარიშიდან საქვეანგარიშოდ გატანილი ჰქონდა თანხები. შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა საწვავის ხარჯი არაპირდაპირი მეთოდით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებებით და სატენდერო დოკუმენტებით. სხვაობა საქვეანგარიშოდ გატანილ თანხებსა და შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ საწვავის ხარჯს შორის დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახდი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 18 სექტემბერს 12:20 სთ-ზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 25 სექტემბერს 11:30 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენდა ------- მუნიციპალიტეტის სკოლების ტრანსპორტით მომსახურება. კომპანიას არ ჰყავდა საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები და მცირე მეწარმეები უწევდნენ მას აღნიშნულ მომსახურებას. შემოწმების შედეგად, მოხდა კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული მომსახურების და მის მიერ შესრულებული ტენდერების ანალიზი. გარდა ამისა, დამუშავდა გადამხდელის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ჩარიცხული ჰქონდა თანხები, რომლებიც არ იყო დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში და ამასთანავე, კომპანია 2022 წლის 24 მარტიდან გადასცდა 100 000 ლარიან ზღვარს. საგადასახადო შემოწმებით საწარმოს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2022 წლის 24 მარტიდან და დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდებოდა შეძენილ საწვავზე მიღებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად ვერ მოხდებოდა შეძენილ საწვავზე გადახდილი დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ დირექტორს საბანკო ანგარიშიდან საქვეანგარიშოდ გატანილი ჰქონდა თანხები, რასაც მისი განმარტებით საწვავის შესაძენად აძლევდა მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებს. აღნიშნული ფაქტი, დაადასტურეს მომსახურების გამწევმა პირებმაც სატელეფონო საუბრით. შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა საწვავის ხარჯი არაპირდაპირი მეთოდით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებებით და სატენდერო დოკუმენტებით. სხვაობა საქვეანგარიშოდ გატანილ თანხებსა და შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ საწვავის ხარჯს შორის დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს, რომ შეძენილი საწვავს ღირებულება გათვალისწინებულ იქნეს დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობების განსაზღვრა მოხდეს მათი მონაწილეობით.
2. მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენდა სკოლების ტრანსპორტით მომსახურება. კომპანიას არ ჰყავდა საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები და მცირე მეწარმეები უწევდნენ მას აღნიშნულ მომსახურებას.გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ჩარიცხული ჰქონდა თანხები, რომლებიც არ იყო დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში და ამასთანავე, კომპანია 2022 წლის 24 მარტიდან გადასცდა 100 000 ლარიან ზღვარს. საგადასახადო შემოწმებით საწარმოს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2022 წლის 24 მარტიდან და დაერიცხა დღგ.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:165(1,2);159(1);163(1,2):164(1);168(1);73(5,9);101(1);154(1)