ბრძანება N 31484

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.12.2023
№ დოკუმენტი 31484
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31484

14 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 2 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 2 ნოემბრის №84599/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №001-221 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილი თანხების ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ 2019 წლის 22 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება შპს ---ს და ---“-ს (შემდგომში - შპს ---) შორის, ---ის რესპუბლიკიდან არმატურის მოწოდებაზე საქართველოში. კომპანიის სალაროდან შპს „---ის“ წარმომადგენელზე გადახდილი იქნა 2019 წელს ჯამურად 300 000 აშშ დოლარი ავანსად, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მოწოდება და შემოთავაზებული იქნა სხვა პროდუქცია, რაზეც კომპანიამ განაცხადა უარი, რადგან მის რეალიზაციას ვერ მოახდენდა. აღნიშნული თანხის გადახდის მომენტში საწარმო იყო ახალი დაფუძნებული, საწარმოს დამფუძნებელმა ---მა პირადად მოიძია თანხები და შეიტანა საწარმოს კაპიტალში, რის შემდეგაც მოხდა შპს „---ზე“ თანხის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორების გზით. მიუთითებს, რომ თანხის მიმღები კომპანია აღიარებს საწარმოს მიმართ დავალიანებას და საჩივარზე წარმოადგენს შედარების აქტებს. ამასთან, გადამხდელი აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარებით მიღწეულია შეთანხმება ავანსის სანაცვლოდ ლითონის მილების მოწოდებაზე, რომლის იმპორტი განხორციელდება ეტაპოვრივად და ჯამურად 300 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონლს საწარმო მიიღებს 2024 წლის პირველ ნახევარში.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ავანსად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 მაისის №9969 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პეროდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 5 ოქტომბრის №24631 ბრძანება და ამავე თარიღის №001-221 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 502 011 ლარი, მათ შორის, გადასახადი 257 984 ლარი, ჯარიმა 131 012 ლარი და საურავი 113 015 ლარი.

 

სადავო საკითხებთან

დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, ამავდროულად გადამხდელი მონაწილეობას იღებს სახელმწიფო კომპანიების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ხანდაზმული პერიოდიდან საწარმოს უფიქსირდება 970 832 ლარის ზარალი და 1 049 457 ლარის საწყისი კაპიტალი. 2020-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში საწყისი კაპიტალის შემცირების ხარჯზე საწარმოდან გატანილია 1 015 039 ლარი. გადამხდელის მიერ ვერ დასტურდება საწყისი კაპიტალის და დაგროვილი ზარალის ნამდვილობა, შედეგად შემოწმებამ საწყისი კაპიტალი მიიჩნია არამართლზომიერად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემაში არსებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, შპს „---ს“ უფიქსირდება 48 043 ლარის ჩარიცხული თანხა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით აღნიშნული თანხა ჩაითვალა საკომპენსაციო თანხად და დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ხანდაზმული პერიოდიდან საწარმოს უფიქსირდება 970 832 ლარის ზარალი და 1 049 457 ლარის საწყისი კაპიტალი. 2020-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში საწყისი კაპიტალის შემცირების ხარჯზე საწარმოდან გატანილია 1 015 039 ლარი.

გადამხდელის მიერ ვერ დასტურდება საწყისი კაპიტალის და დაგროვილი ზარალის ნამდვილობა, შესაბამისად, შემოწმებამ საწყისი კაპიტალი მიიჩნია არამართლზომიერად. შედეგად, შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოდან კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილი თანხა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და საწარმოდან გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, პირის მიერ გადახდილი ანაზღაურება ჩაითვლება დასაბეგრ თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ანაზღაურების მიღების მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:

ა) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება;

ბ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების რაოდენობა/ მოცულობა;

გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების ღირებულება;

დ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით არ ეთანხმება საწარმოს ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ავანსად განხილვას და აღნიშნავს, რომ 2023 წლის 5 იანვარს შპს „---იმ“ საწარმოს ჩაურიცხა თანხა 101 296,42 ლარი. აღნიშნული პერიოდისთვის „---ის“ ჰქონდა დავალიანება 53253,01 ლარი და შესაბამისად, ზედმეტად ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 48 043,35 ლარი. აღნიშნული ზედმეტობის ჩარიცხვა მოხდა მათი მხრიდან შეცდომის დაშვების გამო და იგი არ წარმოადგენდა მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საკონპენსაციო თანხას.

შემოწმებისთვის მიწოდებულ იქნა 2023 წლის 31 მარტის თარიღით გაფორმებული შედარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს „---ის“ მთავარი ბუღალტერი და ადასტურებს რომ, აღნიშნული თანხა 48 043,45 ლარი არის ზედმეტად ჩარიცხული და დასაბრუნებელი თანხა. აღნიშნული ზედმეტობის არსებობის იდენტიფიცირება ორივე მხარის მიერ მოხდა რამოდენიმე თვის შემდეგ, მაშინ როდესაც შპს „---ს“ საწარმოს მიმართ ერიცხებოდა დავალიანება, შესაბამისად მოხდა თანხების გაქვითვა და საბანკო გადარიცხვები აღარ განხორციელებულა. შედეგად, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუქმებას. ამასთან, საჩივარზე თანდართული აქვს აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული შედარების აქტი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიღებული ანაზღაურება ჩაითვლება დასაბეგრ თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ანაზღაურება მიღების მომენტში აკმაყოფილებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ პირობებს, შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, გამოითხოვოს ინფორმაცია შპს „---დან“ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, გამოითხოვოს ინფორმაცია შპს „---ან“ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილი თანხების ხელფასად განხილვას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ავანსად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 5 ოქტომბრის №24631 ბრძანება და ამავე თარიღის №001-221 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 502 011 ლარი, მათ შორის, გადასახადი 257 984 ლარი, ჯარიმა 131 012 ლარი და საურავი 113 015 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154; 159; 163; 164.