გადაწყვეტილება №25035/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25035/2/2025
23 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 8.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25035/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23596 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 30.01.2025 წლის №1079 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის №5074 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 25 302.52 ლარი.
ფაქტების აღწერა
11.09.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება (სახ. №--------), რომლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირს და გადაადგილებული საქონლის მიმღებსაც წარმოადგენდა მომჩივანი.
ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტების (მ.შ. საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი №-------) მიხედვით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდა მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი (შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს) საერთო წონით 3 274.28 კგ, საერთო ღირებულებით 11 222 აშშ დოლარი.
საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო:
აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი (თამბაქოს ნაწარმი): სიგარეტი „-------“ – 10 200 ღერი (51 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 2 295 ლარი) და სიგარეტი „-------“ – 2 400 ღერი (12 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 504 ლარი), აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე;
ფულის სათვლელი ელექტრო მანქანა (2 ცალი, სეს ესნ-ის 8472 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 6 455 ლარი);
საკონდიტრო ნაწარმი (სეს ესნ-ის 1704 10 100 00, 1704 90 610 00 და 1704 90 650 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 17 266.83 ლარი);
პლასტმასის სათამაშოები (სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 16 048.52 ლარი).
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი იყო მხოლოდ სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი, დანარჩენი საქონელი (საერთო საბაჟო ღირებულებით 25 302.52 ლარი) ჩაითვალა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილად და ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები საბაჟო დეპარტამენტის 4.10.2023 წლის №21-10-11/78220 წერილით რეაგირებისთვის გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 28.03.2024 წლის №------- წერილით, საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მასალების შესწავლის შედეგად, მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №--------- საქმეზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით (აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე, რაზეც -------- საქალაქო სასამართლოს 27.03.2024 წელს გამოტანილი განაჩენით დამტკიცდა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და მომჩივანი ცნობილ იქნა დამნაშავედ მითითებული დანაშაულის ჩადენისათვის.
დასახელებული ფაქტების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არადეკლარირებული საქონლის შემოტანისთვის მომჩივანს არ დაეკისრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №9279 ბრძანებით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის (25 302.52 ლარი) ოდენობით.
დასახელებული საქონელი (გარდა აქციზური საქონლისა) 25.04.2024 წლის №------ საქონლის საბაჟო დეკლარაციით, მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №--------(3.10.2023წ.) დასკვნით განსაზღვრული სასაქონლო კოდებითა და საბაჟო ღირებულებით და გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.
საბაჟო დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №9279 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.06.2024 წლის №13857 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.09.2024 წლის №23367/2/2024 (რეგ. №03/70010; 18.09.2024წ.) გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.06.2024 წლის №13857 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 4 ოქტომბრის და პირველი ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №108 და №117) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.09.2024 წლის №23367/2/2024 (რეგ. №03/70010; 18.09.2024წ.) გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი. შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ მომჩივანმა 25.04.2024 წელს მიმართა საბაჟო დეპარტამენტს ნიმუშების სასაქონლო კოდის განსაზღვრის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით, რის შემდგომაც, საბაჟო დეპარტამენტმა გამოსცა 3 წინასწარი გადაწყვეტილება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც 5.11.2024 წლის №23596 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი კორექტირების (შემცირება) განხორციელება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23596 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 30.01.2025 წლის №1079 ბრძანება „ფიზიკური პირი ----- (-------, ს/ნ ------) საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ“ საბაჟო დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №9279 ბრძანებით დარიცხული თანხების კორექტირებაზე (შემცირებაზე) უარის თქმის თაობაზე.
საბაჟო დეპარტამენტის 30.01.2025 წლის №1079 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.03.2025 წლის №5074 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლზე, 35-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლზე, 213-ე მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 4.07.2024 წლის №-------, №-------, №------- წინასწარი გადაწყვეტილებებით საქონელი (პლასტმასის სათამაშო ბურგერი, რომელშიც მოთავსებულია კანფეტი, დაფასოებული პოლიეთილენის შეფუთვაში საცალო ვაჭრობისთვის; პლასტმასის სათამაშო მანქანა და დრაჟირებული კანფეტის კომპლექტი, საცალო ვაჭრობისთვის დაფასოებული; პლასტმასის სათამაშო ბურთი, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ტიპის სათამაშოები და კანფეტი, დაფასოებული მუყაოს შეფუთვაში საცალო ვაჭრობისთვის) კლასიფიცირებულ იქნა სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში, ამდენად, სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონლის გარდა სხვა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა განხორციელდა საბაჟო კონტროლისგან მალულად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ სადავო საქონლიდან აღებულ ნიმუშზე გამოცემულ წინასწარ გადაწყვეტილებებზე მომჩივნის მითითებასთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტმა სადავო აქტში განმარტა, შემდეგი: ინდმეწარმე „-------“ (ს/ნ --------) მომართვისა და წარდგენილი დოკუმენტების/ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 4.07.2024 წლის №-------, №---------, №---------წინასწარი გადაწყვეტილებებით საქონელი (პლასტმასის სათამაშო ბურგერი, რომელშიც მოთავსებულია კანფეტი, დაფასოებული პოლიეთილენის შეფუთვაში საცალო ვაჭრობისთვის; პლასტმასის სათამაშო მანქანა და დრაჟირებული კანფეტის კომპლექტი, საცალო ვაჭრობისთვის დაფასოებული; პლასტმასის სათამაშო ბურთი, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ტიპის სათამაშოები და კანფეტი, დაფასოებული მუყაოს შეფუთვაში საცალო ვაჭრობისთვის) კლასიფიცირებულ იქნა სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
მომჩივნის არგუმენტზე სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 5.112024 წლის №23596 ბრძანების აღსრულების მიზნით საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ 30.01.2025 წლის №1079 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაში სრულიად ხილულად ჰქონდა განთავსებული 3 სახეობის საქონელი:
1. პლასტმასის სათამაშოებში მოთავსებული საკონდიტრო ნაწარმი;
2. 2 ერთეული ფულის სათვლელი აპარატი;
3. 2 799 ლარის ღირებულების თამბაქოს ნაწარმი.
პირველ პუნქტში მითითებულ საქონელთან დაკავშირებით მომჩივანი განმარტავს, რომ თან ჰქონდა ინვოისი, რომელიც წარუდგინა საბაჟო დეპარტამენტს, დანარჩენ საქონელზე კი ინფორმაცია ზეპირსიტყვიერად მიაწოდა. შესაბამისად, ზოგადი დეკლარირების ვალდებულება პირნათლად შეასრულა. მიუხედავად ამისა, საბაჟო დეპარტამენტმა საქონელი მაინც მიიჩნია მალულად შემოტანილად. პირველ პუნქტში მითითებულ საქონელზე მალულად შემოტანის კვალიფიცირების საბაბად მიჩნეულია ინვოისში საკონდიტრო ნაწარმის კოდის მითითება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად საბაჟო დეპარტამენტმაც არასწორად განსაზღვრა საქონლის კოდი და დააკვალიფიცირა, როგორც ორი სხვადასხვა სახეობის საქონელი. მას შემდეგ, რაც მომჩივანმა აიღო ნიმუშები და მოითხოვა წინასწარი გადაწყვეტილებების გამოცემა, საბაჟო დეპარტამენტმა თვითონვე უარყო ის ფაქტი, რომ საქონელი უნდა დაკვალიფიცირებულიყო 2 სასაქონლო კოდით (საკონდიტრო ნაწარმის და პლასტმასის სათამაშოების) და მიანიჭა ერთი - პლასტმასის სათამაშოების კოდი.
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას აუცილებლად უნდა შეფასდეს ის, რომ ზოგადი დეკლარირებისას ხდება განცხადება საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის განზრახვის თაობაზე და საქონლის კოდი არ წარმოადგენს საბაჟო ორგანოსთვის აუცილებელ მისაწოდებელ ინფორმაციას. მხოლოდ ის გარემოება, რომ გამყიდველმა/ექსპორტიორმა ინვოისში ჩაწერა სასაქონლო კოდი, არ შეიძლება იმპორტიორს დაბრალდეს საბაჟო სამართალდარღვევად, კერძოდ, საბაჟო ორგანოსგან საქონლის მალულად შემოტანად. აქვე აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორს ექსპორტის საბაჟო დეკლარაციაშიც აღნიშნული კოდით ჰქონდა საქონელი დეკლარირებული (იხ. ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია, ინვოისი, CMR).
საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის წესი და ვადა, შემთხვევები, როდესაც საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ ხდება, აგრეთვე დეკლარირებისთვის საჭირო მონაცემების სხვა პირებისთვის მოთხოვნის წესი და შემთხვევები და აღნიშნული პირების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველის ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257-ე ბრძანებით „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-3 მუხლით განსაზღვრულია ზოგადი დეკლარაცის ფომები. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საქონლის შემოტანისას ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის წარდგენით:
ა) სატრანსპორტო დოკუმენტი;
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIRწიგნაკი;
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
ბ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის ზოგადი დეკლარირების
შემთხვევისა);
გ) საფოსტო გზავნილების დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილების ნუსხა – საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში;
დ) ATA წიგნაკი.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ჩამონათვალიდან ერთ-ერთი დოკუმენტიც კი საკმარისი იყო ზოგადი დეკლარირების ვალდებულების შესრულებისთვის, მოჩივანმა წარადგინა ორი - ინვოისი და სატრანსპორტო დოკუმენტი - CMR, თუმცა მხოლოდ ის გარემოებაც კი, რომ ინვოისში მითითებული სასაქონლო კოდი საბაჟო ორგანომ არასწორად მიიჩნია, საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მომჩივანი საქონლის მალულად შემოტანისთვის დაეჯარიმებინათ, რაც უკანონოდ მიაჩნია.
რაც შეეხება მეორე პუნქტში მითითებულ საქონელს - 2 ერთეულ ფულის სათვლელ მოწყობილობას, აღნიშნული საქონელი, ისევე როგორც საკონდიტრო ნაწარმი/პლასტმასის სათამაშოები, სრულიად ხილულად, ავტომანქანის სატვირთო ნაწილში იყო განთავსებული, რაზეც მომჩივანმა ინფორმაცია საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელს ზეპირსიტყვიერად მიაწოდა, შესაბამისად, გამორიცხულია საქონლის მალულად შემოტანის კვალიფიკაცია.
რაც შეეხება თამბაქოს ნაწარმის ნაწილში შეფარდებულ სანქციას, მომჩივანს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მიხედვით, დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რაც გამორიცხავს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას. ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპი განმტკიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლით და საბაჟო კოდექსით.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება დაეკისროს, თუ ამ საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენელი ქმედება იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. რომც ჩავთვალოთ, რომ მომჩივნის მიერ მალულად მოხდა თამბაქოს ნაწარმის შემოტანა, მას ამ სამართალდარღვევის შემადგენელი ქმედებისთვის უკვე დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
სადავო საკითხის იდენტურ შემთხვევასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაეს სასამართლოს, კერძოდ „საკანონმდებლო მოწესრიგება ერთმანეთისაგან განასხვავებს სამართალდარღვევის ჩადენის ორ ალტერნატიულ შესაძლებლობას - საბაჟო კონტროლის გვერდის ავლა და საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადმოტანა/გადატანა. საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის გადმოტანის ან გადატანის მიმართ პირის განზრახვა გამოხატულია შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საბაჟო გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, მათ გარეთ არსებული სივრციდან სახელმწიფო საზღვრის შიგნით ან, პირიქით, საზღვრებს შიგნიდან - გარეთ საქონლის უკანონო გადაადგილების სურვილში, მაშინ, როდესაც საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადაადგილების მიმართ არსებული განზრახვა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თუმცა მისგან ფარულად, საბაჟო კონტროლისათვის საქონლის გადაადგილების შემჩნევისათვის შემაფერხებელი გარემოებების შექმნის მცდელობით ვლინდება“
განსახილველ შემთხვევაში მომჩივანმა საზღვარი გადმოკვეთა საბაჟო გამშვების პუნქტის გავლით, საქონელი ფიზიკურად წარუდგინა საბაჟო ორგანოს, რაც გამორიცხავს შესაფასებელი ქმედების დაკვალიფიცირებას, როგორც საქონლის მალულად შემოტანას. მალულად საქონლის შემოტანა თეორიულადაც კი შეუძლებელია მიესადაგოს ჩადენილ ქმედებას, რადგან საქონელი განთავსებული იყო ავტომანქანის იმავე სატვირთო ნაწილში, სადაც იყო საკონდიტრო ნაწარმი (რომელიც საბაჟო ორგანომ წარდგენილად ჩათვალა და რომელზეც მალულად შემოტანისთვის არ დაუჯარიმებიათ). ბუნებრივია, რომ ერთ სათავსოში განთავსებული რამდენიმე სახეობის საქონლიდან, მხოლოდ ერთს ვერ წარუდგენდა საბაჟო ორგანოს კონტროლის მიზნებისთვის. ავტომანქანაში არანაირი სამალავი არ ჰქონია მოწყობილი, ყველა სახეობის საქონელი ხილულად იყო განთავსებული და საქონლის დამალვის მცდელობა აქ ჰქონია.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრებას, რათა გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები სადავო აქტებთან დაკავშირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23596 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი კორექტირების (შემცირება) განხორციელება.
შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23596 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 30.01.2025 წლის №1079 ბრძანება, სადაც მითითებულია შემდეგი:
„სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს საბაჟო დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №9279 ბრძანება, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168- ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის - 25 302.52 ლარის ოდენობით. პასუხისმგებლობის დაკისრებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 11.09.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით (სახ. №--------) შემოტანილ საქონელზე, რომლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირსა და მიმღებს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქე -------- (------), ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტებით საბაჟო ორგანოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი (საერთო წონით 3 274.28 კგ, საერთო ღირებულებით 11 222 აშშ დოლარი). საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას კი გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო:
აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი (თამბაქოს ნაწარმი): სიგარეტი „------“ – 10 200 ღერი (51 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 2 295 ლარი) და სიგარეტი „--------“ – 2 400 ღერი (12 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 504 ლარი), აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე;
ფულის სათვლელი ელექტრომანქანა (2 ცალი, სეს ესნ-ის 8472 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 6 455 ლარი);
საკონდიტრო ნაწარმი (სეს ესნ-ის 1704 10 100 00, 1704 90 610 00 და 1704 90 650 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 17 266.83 ლარი);
პლასტმასის სათამაშოები (სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 16 048.52 ლარი).
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტერმინი „საბაჟო კონტროლი“ გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს. დასახელებული კოდექსის 73-ე მუხლისა და 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტებით შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ, საქონლის ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენითა და საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის განთავსებით. აღნიშნულთან ერთად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 35- ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ „საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი“.
შესაბამისად, იმისათვის, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე საბაჟო ფორმალობები, საბაჟო კონტროლი და საბაჟო ზედამხედველობა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, მნიშვნელოვანია ვალდებული პირის მიერ საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულ იქნეს სასაქონლო კოდის შესახებ სწორი ინფორმაცია. სწორედ ამის გათვალისწინებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი პირს (მათ შორის, საბაჟო გამშვებ პუნქტში დოკუმენტების წარდგენაზე უფლებამოსილ პირს) ავალდებულებს, დეკლარაციაში, შეტყობინებაში, განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად, უზრუნველყოს, რომ დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი და შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. იქიდან გამომდინარე, რომ განსახილველ შემთხვევაში საბაჟო ორგანოსთვის საქონლის წარდგენა განხორციელდა მხოლოდ სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციით, დანარჩენი საქონელი (საერთო საბაჟო ღირებულებით 25 302.52 ლარი) ითვლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილად.
რაც შეეხება სადავო საქონლიდან აღებულ ნიმუშზე გამოცემულ წინასწარ გადაწყვეტილებებზე მომჩივნის მითითებას, საგულისხმოა, რომ ინდმეწარმე „-------- – ------“ (ს/ნ --------) მომართვისა და წარდგენილი დოკუმენტების/ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ – შემოსავლების სამსახურის 4.07.2024 წლის №--------, №--------, №-------- წინასწარი გადაწყვეტილებებით საქონელი (პლასტმასის სათამაშო ბურგერი, რომელშიც მოთავსებულია კანფეტი, დაფასოებული პოლიეთილენის შეფუთვაში საცალო ვაჭრობისთვის; პლასტმასის სათამაშო მანქანა და დრაჟირებული კანფეტის კომპლექტი, საცალო ვაჭრობისთვის დაფასოებული; პლასტმასის სათამაშო ბურთი, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ტიპის სათამაშოები და კანფეტი, დაფასოებული მუყაოს შეფუთვაში საცალო ვაჭრობისთვის) კლასიფიცირებულ იქნა სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონლის გარდა სხვა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა განხორციელდა საბაჟო კონტროლისგან მალულად, „ფიზიკური პირი ---------- საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ“ საბაჟო დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №9279 ბრძანება გამოცემულია სამართალდარღვევის კონკრეტულ ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების ან აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი“.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23596 ბრძანების აღსრულება საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული ბრძანების შესაბამისად. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23596 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს საბაჟო დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №9279 ბრძანება, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168- ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის - 25 302.52 ლარის ოდენობით. პასუხისმგებლობის დაკისრებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 11.09.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ საქონელზე, რომლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირსა და მიმღებს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქე, ინდ. მეწარმე, ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტებით საბაჟო ორგანოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი (საერთო წონით 3 274.28 კგ, საერთო ღირებულებით 11 222 აშშ დოლარი). საბაჟო ორგანოს მიერ კი გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო: აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი (თამბაქოს ნაწარმი) აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე; ფულის სათვლელი ელექტრომანქანა,საკონდიტრო ნაწარმი და პლასტმასის სათამაშოები.საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა განხორციელდა საბაჟო კონტროლისგან მალულად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23596 ბრძანების აღსრულება საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული ბრძანების შესაბამისად. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს; მე-5(2);6;13;163(1);168(1).