ბრძანება N 9888
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9888
04.05.2023
ი/მ ---ის (ს/ნ ---)
( მის.: ---) 2022 წლის 16 დეკემბრის და 2023 წლის 24 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 აპრილის სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) 2022 წლის 16 დეკემბრის №77347/1/2022 და 2023 წლის 24 იანვრის №78438/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ნოემბრის №006-512 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას და ითხოვს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავლის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ავტომობილების როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაშლილად და ნაწილებად რეალიზებულად ჩათვლას. აღნიშნავს, რომ ნაწილები გამოყენებული იყო სხვა ჩამოყვანილი დაზიანებული ავტომობილების გასამართად, რომლებიც გადამხდელს უკვე რეალიზებული აქვს, შესაბამისად არ მომხდარა ავტონაწილების ხელმეორედ რეალიზაცია. ამასთან, მიუთითებს, რომ გაურკვეველია, ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის შემდგომ (გადამხდელს ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული ბრუნვა დეკლარირებული ჰქონდა ერთობლივ შემოსავალში, როგორც დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა), განხორციელებული ანგარიშგების სისწორე, რადგან სრულად არ არის შემცირებული გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობა, მაგრამ გაზრდილია გაურკვეველი თანხით დღგ-ით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს მეორადი ავტონაწილების რეალიზაციაზე. ასევე, არ ეთანხმება საბუთებით რეალიზებული საქონლის შემთხვევაში შემოწმების შედეგად აღიარებულ შემოსავალს და ითხოვს, გაანგარიშებაში ფაქტობრივ სასაქონლო-ზედნადებებში მითითებული გასაყიდი ფასის გათვალსიწინებას, ხოლო თვითღირებულების გაანგარიშება განხორციელდეს საშუალო შეწონილი ფორმულით.
4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს 2021 წლის საბოლოო ნაშთის დამატებით შესწავლას და ხარჯების გათვალისწინებას. ამასთან, მიუთითებს, რომ ფაქტების სწორი ინტერპრეტირების შედეგად უნდა განხორციელდეს ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი შედეგების შესწავლა, მათ შორის დანაკლისის შესაძლო გამოვლენის ჭრილშიც.
5. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 მაისის №12849 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 16 ნოემბრის №28843 ბრძანება და ამავე თარიღის №006-512 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 209 504 ლარი, მათ შორის, გადასახადი 125 090 ლარი, ჯარიმა 55 930 ლარი, საურავი 28 483 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა იაპონია/კორეიდან მსუბუქი ავტომობილის იმპორტი/რეექსპორტი (99%) და მსუბუქი ავტომობილის ნაწილების იმპორტი/ადგილობრივი რეალიზაცია. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და წარმოდგენილი აქვს იმპორტირებული საქონლის შეძენა/ტრანსპორტირების ინვოისები, იჯარის ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 25 მარტის №8678 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სმფ-ების ფაქტობრივი აღწერა და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა აუდიტის დეპარტამენტში.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადამხდელის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე დაკორექტირდა წლიური საშემოსავლო გადასახადის მონაცემები, კერძოდ: ერთობლივი შემოსავლების გაანგარიშებისას, იმის გათვალისწინებით, რომ მსუბუქი ავტომობილების 99% რეალიზებულია პირველადი დოკუმენტის გამოყენებით, შემოწმება დაეყრდნო აღნიშნულ მონაცემებს, ხოლო ნაწილების შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და ვერ ხდება საქონლის მოძრაობის ანალიზი, შემოწმების მიერ, ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციისა და პირველადი შესყიდვის დოკუმენტაციის მონაცემებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (რპთ), რაზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი 46%. ამასთან, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რეექსპორტის რეჟიმში მოქცეული და შემდგომში დაშლილი მანქანებიც (რომლებზეც რეალურად არ განხორციელებულა რეექსპორტი) შემოწმებით მიჩნეულ იქნა ნაწილების რეალიზაციად. აღნიშნული გარემოებების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში ერთობლივი შემოსავალი სალდირებულად გაიზარდა 390 465 ლარით. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით დაკორექტირდა სმფ-ების შესყიდვის ღირებულება და სხვა ხარჯები, შედეგად ჯამში ხარჯები სალდირებულად გაიზარდა 3 032 ლარით. ამასთან, შემოწმების მიერ გამოყენებული აუდირებული ფასნამატის, სმფ-ების შესყიდვის, გადამხდელის მიერ აღიარებული შემოსავლების (დეკლარირებული) და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 25 მარტის №8678 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ების ფაქტობრივი აღწერის მონაცემების საფუძველზე დაკორექტირდა 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციაში დაფიქსირებული სმფ-ების საბოლოო ნაშთი, კერძოდ შემოწმებით ნაცვლად 215 362 ლარისა, სმფ-ების საბოლოო ნაშთი განისაზღვრა 131 787 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
მსუბუქი ავტომობილის ნაწილების შემთხვევაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებიდან და შეფასებიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები საანგარიშო პერიოდების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისათვის.
2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყვისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც მითითებულია, რომ აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილი გადამხდელის მიმართ გამოყენებული აქვს მხოლოდ ბინის რეალიზაციით მიღებულ ნამეტთან მიმართებაში, მაგრამ არ აქვს გამოყენებული მსუბუქი ავტომობილის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის ნამეტის დაბეგვრის შემთხვევაზე. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არსებობს საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წერილი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ინდივიდუალური მეწარმის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. შედეგად ითხოვს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავლის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5%- იანი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით, იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს 2019 წლის საწყის ნაშთად დაფიქსირებული ჰქონდა შესამოწმებელ პერიოდში გასაყიდი საქონლის 80 % და ჯგუფების მიხედვით ვერ ხდებოდა აღნიშნული საწყისი ღირებულების გაშიფრა და შეუძლებელი იყო შემდგომში დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის დაკავშირება შეძენებთან (ზოგადი დასახელება) შემოწმებით გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი. ამასთან, 2019-2020 წლებში, საწყის ნაშთად გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ დეკლარირებული საწყისი ნაშთი მათივე წარმოდგენილი ნაწილებისა და მანქანების გამიჯვნის საფუძველზე, ამას დაემატა შეძენები გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის დოკუმენტაციების მიხედვით და გამოაკლდა საბოლოო დეკლარირებული ნაშთი. 2021 წელს, იმის გათვალისწინებით რომ 2021 წლის 25 მარტს ჩატარდა ინვენტარიზაცია, რპთ-ის გაანგარიშება მოხდა ორ ნაწილად:
1. საწყის ნაშთად მიჩნეულ იქნა 2020 წლის საბოლოო დეკლარირებული ნაშთი და საბოლოო ნაშთად ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული ფაქტობრივი ნაშთი.
2. საწყის ნაშთად მიჩნეულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული ფაქტობრივი ნაშთი (აუდირებული ფასნამატით ჩამოგროსილი) და საბოლოო დეკლარირებულ ნაშთს გამოკლებული პირველ ნაწილში დამატებით რეალიზებული საქონელი (უკვე დაბეგრილის მეორედ დაბეგვრა, რომ არ მოხდეს). გადამხდელის მიერ დაშლილი მანქანების დღგ-ით დაბეგვრის პოზიციასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილებაში დაფიქსირებული პოზიციის მიხედვით, აღნიშნული მანქანების დაშლა და რეალიზაცია განხორციელდა ნაწილებად. შესაბამისად აღნიშნული დაიბეგრა დღგ-ით, როგორც ნაწილების რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები განსახილველ სადავო საკითხებთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად: 1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას და ითხოვს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავლის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ავტომობილების როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაშლილად და ნაწილებად რეალიზებულად ჩათვლას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს მეორადი ავტონაწილების რეალიზაციაზე.
4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს 2021 წლის საბოლოო ნაშთის დამატებით შესწავლას და ხარჯების გათვალისწინებას.
5. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. შემოწმების მიერ, ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციისა და პირველადი შესყიდვის დოკუმენტაციის მონაცემებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (რპთ), რაზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი 46%.
მსუბუქი ავტომობილის ნაწილების შემთხვევაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებიდან და შეფასებიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები საანგარიშო პერიოდების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5%- იანი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2, მე-3 და მე-4, მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები განსახილველ სადავო საკითხებთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304; 136 (3); 2 (2) ; 49; 61; 73 (5); 2021 წლამდე მოქმედი 160;161.
158; 159;163;164; 43 (4); 80;81;82; 100; 101; 102;105;106; 43 (4); 269; 270.