ბრძანება N 15281

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.07.2026
№ დოკუმენტი 15281
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15281

07 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------------ის“ (ს/ნ --------------)

(ფაქტ. მის.: ---------------------------;

იურ. მის.: -----------------------------)

2026 წლის 17 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 25 ივნისის და 2 ივლისის სხდომებზე (ოქმი №56; №58) განიხილა შპს „--------------ის“ (ს/ნ --------------) 2026 წლის 17 ივნისის №102933/1/2026 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მაისის №002-58 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს სალაროდან გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილულია 2 630 906 ლარი, რომელიც ბუღალტრულად გატარებულია 3160 ანგარიშზე, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული ვალდებულების ნაშთის შემცირების გზით, თუმცა მისივე განმარტებით, აღნიშნული ანგარიში განკუთვნილი იყო დამფუძნებლის მიმართ შესამოწმებელ პერიოდამდე დაგროვებული დავალიანების დასაფარად და ასევე, ზემოაღნიშნული ანგარიშიდან ხდებოდა ყველა ხარჯის გაწევა, რაც ეკონომიკურ საქმიანობას უკავშირდებოდა. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შესაძლოა საგადასახადო დოკუმენტის მიუღებლობის გამო საწარმოს ბუღალტერი გატანილი თანხების აკუმულირებას ახდენდა ზემოაღნიშნულ ანგარიშზე.

დამატებით, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საწარმოს ბალანსზე ირიცხება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელიც გამოიყენება ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად, მაგრამ საწვავის ხარჯის დოკუმენტაცია სრულად არ არის მიღებული და მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ასევე, განმარტავს, რომ ბუღალტრულ პროგრამაში დებიტორზე მითითებულია, რომ დაიფარა დავალიანება, თუმცა ადგილი არ ჰქონია აღნიშნულ შემთხვევას და ბუღალტრულ პროგრამაში, ინფორმაციული დანაკლისის გამო, მოხდა დებიტორული მოთხოვნის დაფარვა, რომელიც ასევე 3160 ანგარიშზე იქნა გადატანილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საკითხის ხელახალ შესწავლას მისი მონაწილეობით და შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დარიცხული გადასახადების შემცირებას. 2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 თებერვლის №3854 და 31 მარტის №7301 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 14 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 18 მაისის №10930 ბრძანება და ამავე თარიღის №002-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 223 664 ლარი, მათ შორის, გადასახადი 663 947 ლარი, ჯარიმა 332 768 ლარი და საურავი 226 949 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „--------------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის სახეს წარმოადგენს კერძო პირებისა და მუნიციპალური დაწესებულებების დაცვა დისტანციურად. საწარმო აგრეთვე ახორციელებს დაცვის სისტემის (სიგნალიზაციის სისტემების და კამერების) სამონტაჟო სამუშაოებს. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილია ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხები (ნაწილი განაღდებულია ბანკომატიდან და ნაწილი გადარიცხულია დირექტორის პირად ანგარიშზე) გადასახადის გადამხდელის მიერ დაკვალიფიცირებულია სალაროში მიღებულ თანხებად. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული სალაროს ნაშთი პერიოდების მიხედვით მცირდება დირექტორზე/დამფუძნებელზე ----------ზე (პ/ნ ---------) გადახდილი თანხით 2 630 906 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა ბუღალტრულად გატარებულია 3160 ანგარიშზე შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული ვალდებულების ნაშთის შემცირების გზით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ის სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა არსებული ნაშთის მდგომარეობის სიზუსტეს. შემოწმებით შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები და ფინანსური ანგარიშგებები. საწარმოს ფინანსური მდგომარეობით, საწარმოს აქტივების, კაპიტალის და ვალდებულებების გათვალისწინებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ვალდებულების საწყისი ნაშთი არარეალურია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სალაროდან გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა --------ის (პ/ნ ------------) ხელფასად.

შედეგად, საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 154-ე მუხლის თანახმად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხები მომჩივნის მიერ დაკვალიფიცირებულია სალაროში მიღებულ თანხებად. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული სალაროს ნაშთი პერიოდების მიხედვით მცირდებოდა დირექტორზე/დამფუძნებელზე გადახდილი თანხით - 2 630 906 ლარის ოდენობით, რომელიც ბუღალტრულად გატარებული იყო 3160 ანგარიშზე, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული ვალდებულების ნაშთის შემცირების გზით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ის სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა არსებული ნაშთის მდგომარეობის სიზუსტეს. საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, საწარმოს აქტივების, კაპიტალის და ვალდებულებების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ვალდებულების საწყისი ნაშთი იყო არარეალური. შესაბამისად, სალაროდან გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საწყისი ნაშთის არსებობასთან დაკავშირებული რაიმე სახის არგუმენტაცია/მტკიცებულება არ გააჩნდა. ამას გარდა, საწვავის ხარჯის და დებიტორული დავალიანების დაფარვის საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი შედარების აქტები, საწვავის ხარჯის უწყისები, ავტო-სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია და სხვა. დამატებით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა 60 103 ლარის საწვავის შეძენა, რომელიც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სრულად იქნა გათვალისწინებულ გამოსაქვით ხარჯებში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს სალაროდან გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.ითხოვს სადავო საკითხის ხელახალ შესწავლას მისი მონაწილეობით,შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დარიცხული გადასახადების შემცირებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №3854 და №7301 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №10930 ბრძანება და №002-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 223 664 ლარი, მათ შორის, გადასახადი 663 947 ლარი, ჯარიმა 332 768 ლარი და საურავი 226 949 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილია ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ დაკვალიფიცირებულია სალაროში მიღებულ თანხებად. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული სალაროს ნაშთი პერიოდების მიხედვით მცირდება დირექტორზე/დამფუძნებელზე გადახდილი თანხით 2 630 906 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა ბუღალტრულად გატარებულია 3160 ანგარიშზე შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული ვალდებულების ნაშთის შემცირების გზით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ის სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა არსებული ნაშთის მდგომარეობის სიზუსტეს. შემოწმებით შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები და ფინანსური ანგარიშგებები. საწარმოს ფინანსური მდგომარეობით, საწარმოს აქტივების, კაპიტალის და ვალდებულებების გათვალისწინებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ვალდებულების საწყისი ნაშთი არარეალურია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სალაროდან გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე/დამფუძნებელზე გადახდილ ხელფასად. შედეგად, საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 154-ე მუხლის თანახმად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 269(1.7); 275(2, 21, 22)