გადაწყვეტილება №20804/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20804/2/2023
22 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 11.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20804/2/2023).
დავის საგანი:
1. ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლის, ასევე ავანსის სახით მიღებული თანხების ჩართვა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში;
2. მიწის მესაკუთრესთან გაფორმებული ბარტერული ხელშეკრულების, სამშენებლო მომსახურების გრძელვადიან კონტრაქტად განხილვა და შედეგად დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №081-279 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20665 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 569 792,93 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 262 278
დღგ - 227 817
მოგების გადასახადი - 7 565
საშემოსავლო გადასახადი - 26 682
ქონების გადასახადი - 214
ჯარიმა - 171 013
საურავი - 136 501,93
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ქ. ------ში, -----ს ქ. №----ში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 2 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №32406 ბრძანება და ამავე თარიღის №081-279 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20665 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლის, ასევე ავანსის სახით მიღებული თანხების ჩართვა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 858 953 ლარს, ხოლო შემოწმებით (ნასყიდობის ხელშეკრულებებით) შეადგენს - 2 066 001 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში კომპანია ახდენდა მის საკუთრებაში არსებული ფართების გასხვისებას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში. ასევე, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული აქვს ავანსები, რაც არ არის სრულად დაბეგრილი.
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მიწოდებული აქვს სულ 26 ერთეული ბინა და 16 ერთეულ ბინაზე გაფორმებულია განვადება. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის ბალანსზე ირიცხება სულ 13 ერთეული ბინა, რომელთაგან 452.3 კვ.მ წარმოადგენს მიწის გამყიდველზე მიწის სანაცვლოდ გადასაცემ ფართებს.
შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით მიღებული თანხები, ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ჩაირთო დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 1 207 048 ლარით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 858 953 ლარს, ხოლო შემოწმებით (ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე) შეადგენს - 2 066 001 ლარს. 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში კომპანია ახორციელებდა ფართების გასხვისებას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში, ასევე, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული აქვს ავანსები, რაც არ არის დაბეგრილი სრულად. შემოწმებით შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით მიღებული თანხები, ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ჩართული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის რეალიზაცია შეადგენდა 858 953 ლარს (დღგ-ის გარეშე), შემოწმებით დაფიქსირებული 2 066 001 ლარის ნაცვლად. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ბინების გადაცემას (რეალიზაციას) ადგილი არ ჰქონია, რადგან გაუქმდა აღნიშნული ხელშეკრულებების ნაწილი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამასა და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით უფიქსირდებოდა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული ავანსები, რაც არ ჰქონდა დაბეგრილი სრულად, შესაბამისად, შემოწმებით დაბეგვრას დაექვემდებარა ავანსის სახით მიღებული თანხები. ასევე, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნისთვის გაურკვეველია, დავების განხილვის საბჭომ რატომ არ იმსჯელა დღგ-ის ნაწილში დამატებით დარიცხვისთვის 18 პროცენტიანი ბრუნვის ხელოვნურად გაზრდისა და დამატებით დღგ დარიცხვის საკითხებზე.
ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საშუალო სამშენებლო ორგანიზაციები ხშირად ხდებიან უკანონო ზეწოლის ობიექტი. ამის თქმის უფლებას აძლევს ის, რომ მომჩივანი 2018-2022 წლებში ორჯერ ჩატარებული გასვლითი საგადასახადო შემოწმებებიდან არცერთხელ დოკუმენტებზე დაყრდნობით არ შედგენილა შემოწმების აქტი. ხშირად ირღვევა მეწარმე სუბიექტის მიმართ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნები. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემულ შემთხვევაში გადასახადების დამატებით დარიცხვისთვის, არ გაითვალისწინა ყველა ფაქტი და გარემოებები. უფლება არ აქვს გადაწყვიტოს იმ გარემოებებზე და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ან შესწავლილი. ასეთ პირობებში სადავო ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მე-60 (პრიმა) მუხლით ითვლება ბათილად. აღნიშნულიდან გამომდინარე ბოლო შემოწმების 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე პერიოდზე შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი ბათილად უნდა გამოცხადებულიყო რაც მის შემთხვევაში არ განხორციელებულა. უფრო მეტიც საერთოდ იგნორირებულია მომჩივნის პირველადი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები.
შემოწმების დაწყებამდე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი იყო 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე პერიოდში მომჩივნის მიერ საბუღალტრო მონაცემების მიხედვით ბინების რეალიზაციის შესახებ მონაცემების მათ მიერ დაწესებული ფორმის მიხედვით, რაც ორგანიზაციამ გაგზავნა დროულად, სხვა მონაცემებთან ერთად ელექტრონული ფორმით.
აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად გაეგზავნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ბინების შესახებ მონაცემები, რომლის მიხედვით სულ ამ პერიოდში განსხვავებულ 44 ერთეული ბინა, აქედან 26 ბინა 3 კორპუსიდან. ამ ბინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით 1 395 350 ლარი, რასაც დაემატება მომავალი მესაკუთრეებიდან 2017 წლიდან მიღებული ავანსები 224 410 ლარი. ამგვარად, შემოსავლები შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 1 619 760 ლარს ანუ დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა მთლიანად არის 1 372 678 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ დეკლარირებული და დაბეგრილია 858 953 ლარი, დასაბეგრი რჩება 513 725 ლარი, რომლის 18 პროცენტი შეადგენს 92 470 ლარს.
შემმოწმებელმა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ხელოვნურად გაზარდა 1 207 048 ლარით. შედეგად დამატებით დაერიცხა 217 269 ლარი, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება და ითხოვს საბჭოსგან აღნიშნული უსამართლობის აღმოფხვრას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი, ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა (858 953 ლარი), ნაკლებია შემოწმებით დადგენილზე (2 066 001 ლარი).
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში კომპანიას ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული აქვს ავანსები, რაც არ ჰქონდა დაბეგრილი სრულად. შემოწმების შედეგად ავანსის სახით მიღებული თანხები, ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ჩართულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმების საფუძველი.
2. მიწის მესაკუთრესთან გაფორმებული ბარტერული ხელშეკრულების, სამშენებლო მომსახურების გრძელვადიან კონტრაქტად განხილვა და შედეგად დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვის გაზრდა
ფაქტების აღწერა
მიწის ნაკვეთი, რომელზეც კომპანია ახორციელებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, ეკუთვნოდა ფიზიკურ პირებს, რომლებთანაც გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საწარმო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მიწის გამყიდველებს გადასცემს საცხოვრებელ ბინებს და საცხოვრებელ ბინებთან ერთად საკომპენსაციო თანხას.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიწის მფლობელისთვის გადასაცემი რჩება 452.3 კვ.მ ფართის ბინები, რომელთა ღირებულება არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო და არ დასრულდა მათი დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში, შპს „------სა“ და ფ/პ -----თან დადებული ხელშეკრულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 144-ე და 309-ე მუხლების შესაბამისად განხილულია სამშენებლო მომსახურების გრძელვადიან კონტრაქტად. დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდი, ხოლო რაც შეეხება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის ოდენობას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კომპანიის მიერ მიწის გამყიდველის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში (გადასაცემი ფართების ნაწილში) გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი, რაც განისაზღვრა კალენდარული წლისთვის ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით (ფაქტობრივად გაწეული ფინანსური ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით). აღნიშნულის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა სულ 58 587 ლარით (2019 წელს - 4 518 ლარი; 2020 წელს - 53 820 ლარი; 2021 წელს - 249 ლარი). გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი, ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
2. მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 2018 წლამდე მოქმედი რედაქციის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.
შემოწმებით დადგენილია, რომ კომპანია მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მიწის მესაკუთრეებს გადასცემს საცხოვრებელ ბინებს და საცხოვრებელ ბინებთან ერთად საკომპენსაციო თანხას. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიწის მფლობელისთვის გადასაცემი რჩება 452.3 კვ.მ ფართის ბინები, რომელთა ღირებულება არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო და არ დასრულდა მათი დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში, შემოწმების შედეგად აღნიშნული ოპერაცია განხილულია სამშენებლო მომსახურების გრძელვადიან კონტრაქტად. დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდი, ხოლო რაც შეეხება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის ოდენობას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კომპანიის მიერ მიწის გამყიდველის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში (გადასაცემი ფართების ნაწილში) გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი, რაც განისაზღვრა კალენდარული წლისთვის ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით (ფაქტობრივად გაწეული ფინანსური ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით).
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას/არგუმენტს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლის, ასევე ავანსის სახით მიღებული თანხების ჩართვა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში;
2. მიწის მესაკუთრესთან გაფორმებული ბარტერული ხელშეკრულების, სამშენებლო მომსახურების გრძელვადიან კონტრაქტად განხილვა და შედეგად დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 858 953 ლარს, ხოლო შემოწმებით (ნასყიდობის ხელშეკრულებებით) შეადგენს - 2 066 001 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში კომპანია ახდენდა მის საკუთრებაში არსებული ფართების გასხვისებას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში. ასევე, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული აქვს ავანსები, რაც არ არის სრულად დაბეგრილი. შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით მიღებული თანხები, ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ჩაირთო დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 1 207 048 ლარით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
2. მიწის ნაკვეთი, რომელზეც კომპანია ახორციელებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, ეკუთვნოდა ფიზიკურ პირებს, რომლებთანაც გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საწარმო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მიწის გამყიდველებს გადასცემს საცხოვრებელ ბინებს და საცხოვრებელ ბინებთან ერთად საკომპენსაციო თანხას. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიწის მფლობელისთვის გადასაცემი რჩება 452.3 კვ.მ ფართის ბინები, რომელთა ღირებულება არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო და არ დასრულდა მათი დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში, შპს -სა და ფ/პ -თან დადებული ხელშეკრულება განხილულია სამშენებლო მომსახურების გრძელვადიან კონტრაქტად. დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდი, ხოლო რაც შეეხება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის ოდენობას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კომპანიის მიერ მიწის გამყიდველის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში (გადასაცემი ფართების ნაწილში) გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი, რაც განისაზღვრა კალენდარული წლისთვის ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით (ფაქტობრივად გაწეული ფინანსური ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით). აღნიშნულის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა სულ 58 587 ლარით (2019 წელს - 4 518 ლარი; 2020 წელს - 53 820 ლარი; 2021 წელს - 249 ლარი). გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 16(1)(2), 14(1).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა")(6).