გადაწყვეტილება №27159/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.07.2026
№ დოკუმენტი 27159/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27159/2/2026

23 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 15.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27159/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23116 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2025 წლის №001-259 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6111 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 291 111,06 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 165 486,61

დღგ - 72 876,97

საშემოსავლო გადასახადი - 92 609,64

ჯარიმა - 87 848,98

საურავი - 37 775,47

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე პერიოდი.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №001-132 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23116 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რეალიზებული ბინების ღირებულების გაზრდის და მიღებული შემოსავლის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. მტკიცებულება საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდილი ჩეკის გაუქმების შესახებ/ფიქსაციის აქტი). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ერთი ბინის ღირებულების ორჯერ დაბეგვრის ფაქტი, უზრუნველყოს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შეძენილი სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია ბინების სარემონტო დანახარჯებთან დაკავშირებით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23116 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2025 წლის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტით ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) – 1 001 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი შემცირდა - 723 ლარით, ხოლო ჯარიმა შემცირდა - 278 ლარით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გადაწყვეტილებაში მითითებული პირველი საკითხის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები (ჩეკის ფიქსაციის აქტი) წარმოდგენილი და განხილული იყო როგორც შემოწმების ეტაპზე, ისე შემოსავლების სამსახურში დავების განხილვის ეტაპზე. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა 37 ბინის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციები და დასაბეგრი ბრუნვა დადგინდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თარიღებიდან, თანხებიდან და ასევე, ავანსად მიღებული თანხებიდან და თარიღებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია ერთი ბინის ორჯერ დაბეგვრის ფაქტს. გარდა ამისა, არც შემოწმების და არც გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ შედარების აქტები ან/და მყიდველებისგან მოწოდებული სხვა დამოწმებული ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა, რომელიც დაადასტურებდა გადახდილი თანხების და გადახდის პერიოდების შესახებ ზუსტ მონაცემებს. შეძენილი სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ დავების ეტაპზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია: მყიდველებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, სხვადასხვა ბინების ფოტოები და ფორმა №2-ები. აღნიშნული ინფორმაცია ნაწილობრივ წარმოდგენილი და განხილული იქნა, როგორც შემოწმების ასევე შემოსავლების სამსახურის დავების ეტაპზე და შესწავლის შედეგად არ მოხდა მათი გათვალისწინება არც საგადასახადო შემოწმების და არც გადაანგარიშების ეტაპზე შემდეგ გარემოებათა გამო: წარმოდგენილ მიღებაჩაბარებებში მყიდველები (მყიდველის ოჯახის წევრები) მიუთითებდნენ, რომ ბინა შეიძინეს გარემონტებულ მდგომარეობაში, თუმცა თითოეულ ბინაზე გაწეული ზუსტი დანახარჯი აღნიშნული ინფორმაციით ვერ დგინდება. ამასთან, პდფ და ექსელის ფორმატში წარმოდგენილ ფორმა №2-ებში თითოეულ ბინაზე მიკუთვნებული რემონტის ხარჯი რადიკალურად განსხვავდება. შესაბამისად დაუსაბუთებელია მყიდველის მიერ მიღება-ჩაბარებაში მითითებული „გარემონტებული მდგომარეობა“ რას გულისხმობს. გამოგზავნილი ფოტოებიდან კი ვერ დგინდება შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული 37 ბინიდან თუ რომელს ეკუთვნის აღნიშნული ფოტომასალა.

აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 24.11.2025 წლის №001-259 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6111 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-10 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის გაანგარიშებასთან და სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, მომჩივანი აცხადებს, რომ სადავო საკითხების შესწავლა დავალებული იყო მომჩივნის მონაწილეობით, რაც არ შესრულდა. აგრეთვე, მიუთითებს, რომ 2024 წლის აპრილის თვის ოპერაციები იყო სულ 3 ხელშეკრულების ფარგლებში, რაც კომპანიის მიერ აღრიცხული და დეკლარირებული იყო, თუმცა ამ სამი ოპერაციის მონაცემები არეული იყო ერთმანეთში, რამაც შემმოწმებლების დაბნევა გამოიწვია და აუდიტორებმა ერთი ბინის ღირებულება 40 312 ლარით გაზარდეს, ხოლო მეორე ბინის ღირებულება არ შეამცირეს 40 023 ლარით (ეს თანხა იანვარში გადაიტანეს), რამაც გამოიწვია ერთიდაიგივე თანხის ორჯერ დაბეგვრა. აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში წარმოდგენილია ოპერაციების მხარეების წერილობით განმარტებები და მიიჩნევს, რომ საკითხი ხელახლა უნდა გადაანგარიშდეს. ამასთან, სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევასთან დაკავშირებით მომჩივანი აცხადებს, რომ მომჩივნისათვის გაუგებარია შემოწმებამ ბინის გარემონტების ფაქტი გახადა სადავოდ, თუ ვერ დაადგინა თითოეული ბინის რემონტზე გახარჯული მასალის ოდენობა/ღირებულება, თუმცა მათ შეეძლოთ არაპირდაპირი მეთოდით დაეთვალათ მასალის გახარჯვა თითო ბინაზე კვადრატულობის მიხედვით და დადგინდებოდა, რომ კომპანიას რეალიზაციისთვის მასალა აღარ დარჩებოდა. მიუთითებს, რომ საჩივრებზე თანდართულია ოპერაციების მხარეების წერილობითი, ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები, იმის მითითებით თუ რა მდგომარეობაში შეიძინეს ბინები კომპანიისგან, ასევე, კომპანიასა და ხელოსნებს (მცირე მეწარმეებს) შორის გაფორმებული და შესაბამისი წესით დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტები მათ მიერ თითოეულ ბინაზე გაწეულ მომსახურებაზე, საკადასტრო კოდებისა და იმის მითითებით, თუ რომელ ბინაზე რა სახის სამუშაოები ჩაატარდა. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანია შეძენილ მასალას არც ყიდის და არც სარემონტო მომსახურებას ეწევა და ითხოვს მის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების შესაბამისად მოხდეს დარიცხული თანხების შემცირება.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის და სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მისი არგუმენტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივარზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილვის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო შემოწმებით ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას სულ 1 001 ლარით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემცირდა მხოლოდ იმ ბინების რეალიზაციის დღგ, რომელთა ღირებულებაც შემოწმებას ჰქონდა არასწორად გაზრდილი და არა გადამხდელის მიერ დეკლარირებული, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების ბრძანებით აღნიშნულ ნაწილში დავალებული იყო, რომ შემცირება მომხდარიყო შემოწმების მიერ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, რითიც ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხები განხილული იყო დამატებით გაწეულ მომსახურებად და შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემცირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23116 ბრძანების აღსრულების საფუძველზე შემცირდა მხოლოდ მიზერული თანხა, პრაქტიკულად არ მოხდა დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6111 ბრძანებით საჩივარი ერთ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს მის გაუქმებას.

შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23116 ბრძანება მოიცავდა 3 დავალებას, პირველ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს პირდაპირ დაევალა დარიცხვის შემცირება, ხოლო მეორე და მესამე ნაწილში ხელახლა შესწავლა და გადაანგარიშება. კერძოდ:

1. შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23116 ბრძანების მიხედვით: პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ამ ნაწილში დღგ-ის ბრუნვა შემცირებულია 4 020 ლარით, ხოლო დღგ - 723 ლარით. აუდიტორებს ეთხოვათ მიეცათ ინფორმაცია გადაანგარიშების დეტალებზე, რომ ზუსტად გაეგო რომელ ბინაზე რამდენი შემცირდა დღგ-ის ბრუნვა და შესაბამისად დღგ. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ აუდიტორებმა გადაანგარიშების ეტაპზე შეამცირეს მხოლოდ იმ ბინების რეალიზაციის დღგ, რომლის ღირებულებაც შემოწმებით ჰქონდათ არასწორად გაზრდილი (ასეთი სულ 3 ბინაა: -------, ------- და -------), ხოლო იმ ბინების რეალიზაციის დღგ, რომლის ღირებულებაც გადასახადის გადამხდელს ჰქონდა არასწორად გაზრდილი დეკლარაციით (ანუ ზედმეტად ჰქონდა დეკლარირებული) და რომელიც შემოწმების აქტით არ იყო შემცირებული - არც გადაანგარიშების ეტაპზე შეამცირა აუდიტმა

ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული იყო დოლარში გამოხატული ფასებით ბინების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის პრინციპი და დავალება დასაბეგრი ბაზის სწორედ ამ პრინციპით გადათვლას ეხებოდა - გადაანგარიშების ეტაპზე უკლებლივ ყველა ბინის რეალიზაციის შესაბამისი დღგ უნდა გამოთვლილიყო სწორედ ამ პრინციპით. შემოსავლების სამსახურის მიერ ამ პრინციპის დადგენა (რაც დავების საბჭოს მიერ ძალაში დარჩა) საკმარისი საფუძველია, რომ ამ საკითხზე კონკრეტული მითითება მიეცეს აუდიტის დეპარტამენტს.

შესაბამისად, ამ ნაწილში არასრულად არის შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღსრულებული და საკითხი ხელახლა უნდა დაბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტში გადასაანგარიშებლად კონკრეტული მითითებით.

შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23116 ბრძანების მიხედვით: პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. მტკიცებულება საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდილი ჩეკის გაუქმების შესახებ/ფიქსაციის აქტი). ხოლო ამ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ერთი ბინის ღირებულების ორჯერ დაბეგვრის ფაქტი, უზრუნველყოს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ვადაში წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა საკითხის ხელახლა არ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით!

აუდიტორის მიერ თავიდან მოწოდებულ ექსელის ცხრილში ერთი ბინის (-------) თანხა დაბეგრილია ავანსის სახით. კერძოდ, 2024 წლის აპრილის ხელშეკრულების ნასყიდობის თანხა დაბეგრილია 2024 წლის იანვარში - როგორც ავანსი, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია. ვინ გადაიხდის ერთი ბინის ფასს 3 თვით ადრე და თან ხელშეკრულების გარეშე? ეს ხომ არარეალურია?

გადაანგარიშების დასკვნაში ისევ ფიგურირებს ავანსი. კერძოდ, აუდიტის დასკვნის მიხედვით, „საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა 37 ბინის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციები და დასაბეგრი ბრუნვა დადგინდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თარიღებიდან, თანხებიდან და ასევე, ავანსად მიღებული თანხებიდან და თარიღებიდან გამომდინარე“. ანუ ამ კუთხით არაფერი შეცვლილა, რაც გასასწორებელია.

რაც შეეხება თანხების ორჯერ დაბეგვრას, როგორც აუდიტის დეპარტამენტში, ასევე დავის განხილვისას მითითებული იყო, რომ აპრილის თვის ოპერაციები (სულ 3 ხელშეკრულება: -------, ------- და -------) აღრიცხული და დეკლარირებული იყო კომპანიის მიერ, თუმცა ამ სამი ოპერაციის მონაცემები არეული იყო ერთმანეთში, რამაც აუდიტორების დაბნევა გამოიწვია (ეს არევა სწორდებოდა აპრილის თვის დეკლარაციით, რადგან სამივე ოპერაცია ამ თვის დეკლარაციაში აისახა ჯამურად, თუმცა რადგან აუდიტმა თითო ოპერაციის სისწორე გაიარა და თან ერთი ოპერაცია იანვარში გადაიტანა, ეს არევა ვეღარ გასწორდა და დარიცხვა გამოიწვია).

აუდიტორებს აპრილის ერთი ოპერაცია იანვარში რომ არ გადაეტანათ და აპრილის ოპერაციებზე (სულ 3 ოპერაციაა) კომპანიის ბუღალტრის ახსნა-განმარტება, რომ გაეთვალისწინებინათ (მონაცემების არევასთან დაკავშირებით), აპრილის თვეში კომპანიის მიერ დეკლარირებულსა და წესით დასადეკლარირებელ თანხას შორის მცირე სხვაობა გამოვიდოდა და დარიცხვაც მიზერული იქნებოდა.

სანაცვლოდ კი, მონაცემების არევის გამო, აუდიტორებმა ერთი ბინის ღირებულება 40 312 ლარით გაზარდეს, რაც დაბეგრეს დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მეორე ბინის ღირებულება არ შეამცირეს 40 023 ლარით (თანაც ეს თანხა იანვარში გადაიტანეს), რამაც სწორედ ერთი და იგივე თანხის ორჯერ დაბეგვრა გამოიწვია, თან ორი გადასახადით - რაც ასევე გასასწორებელია.

აუდიტის დასკვნაში ამ ეპიზოდზე წერია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შედარების აქტები ან/და მყიდველებისგან მოწოდებული სხვა დამოწმებული ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა, რომელიც დაადასტურებდა გადახდილი თანხების და გადახდის პერიოდების შესახებ ზუსტ მონაცემებს. საგულისხმოა, რომ კომპანიას სამივე მყიდველის მიღება ჩაბარების აქტები ჰქონდა წარდგენილი აუდიტორებთან (გადახდილი თანხის მითითებით), ხოლო თუ მათ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი ესაჭიროებოდათ გადაანგარიშების ეტაპზე, ეთქვათ და წარდგენილი იქნებოდა. ამიტომ, შემოსავლების სამსახურში ბოლო დავის ეტაპზე წარდგენილია კომპანიის ბუღალტრის ახსნა-განმარტება და 2024 წლის აპრილის თვის ოპერაციების (სამიდან ორის) მხარეების წერილობითი განმარტებები (ნოტარიულად), გადახდილი თანხის ოდენობის და გადახდის თვის მითითებით, რაც საკმარისი საფუძველია, რომ ამ საკითხზე კონკრეტული მითითება მიეცეს აუდიტის დეპარტამენტს.

შესაბამისად, ამ ნაწილში არ არის შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღსრულებული და საკითხი ხელახლა უნდა დაბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტში გადასაანგარიშებლად კონკრეტული მითითებით.

შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23116 ბრძანების მიხედვით: მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია ბინების სარემონტო დანახარჯებთან დაკავშირებით). ამ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მოცემულ ვადაში წარდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის დავალება - საკითხის ხელახლა შესწავლა არ მომხდარა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით!

აუდიტის დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილ მიღება-ჩაბარებებში მყიდველები (მყიდველის ოჯახის წევრები) მიუთითებდნენ, რომ ბინა შეიძინეს გარემონტებულ მდგომარეობაში, თუმცა თითოეულ ბინაზე გაწეული ზუსტი დანახარჯი აღნიშნული ინფორმაციით ვერ დგინდება. ამასთან, პდფ და ექსელის ფორმატში წარმოდგენილ ფორმა №2-ებში თითოეულ ბინაზე მიკუთვნებული რემონტის ხარჯი რადიკალურად განსხვავდება. შესაბამისად დაუსაბუთებელია მყიდველის მიერ მიღება-ჩაბარებაში მითითებული „გარემონტებული მდგომარეობა“ რას გულისხმობს. გამოგზავნილი ფოტოებიდან კი ვერ დგინდება შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული 37 ბინიდან თუ რომელს ეკუთვნის აღნიშნული ფოტომასალა.

გაუგებარია აუდიტორები ბინის გარემონტების ფაქტს ხდიან სადავოდ თუ ბინის გარემონტების ფაქტს არ ხდიან სადავოდ მაგრამ ვერ ადგენენ თითო ბინის რემონტზე რამდენი მასალა/ფული დაიხარჯა? იქნებ განმარტონ რომელია საეჭვო და ასევე რა სახის მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, რომ დარწმუნდნენ სიმართლეში.

კომპანიას ბინების მყიდველების (მათი ოჯახის წევრების) უმრავლესობის მიღება-ჩაბარების აქტები წარდგენილი ჰქონდა აუდიტორებთან (თითო ბინაზე დახარჯული მასალის მითითებით დანართში), ხოლო თუ მათ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი ესაჭიროებოდათ გადაანგარიშების ეტაპზე, ეთქვათ და წარდგენილი იქნებოდა. ამიტომ, შემოსავლების სამსახურში ბოლო დავის ეტაპზე წარდგენილია 10 ბინის შემძენების წერილობითი განმარტებები (ნოტარიულად), იმის მითითებით რა მდგომარეობაში შეიძინეს ეს ბინები კომპანიისგან (მოკლე აღწერა) და რამდენი გადაიხადეს ბინის შესაძენად.

კომპანიას აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი აქვს კომპანიასა და ხელოსნებს (მცირე მეწარმეებს) შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები მათ მიერ თითოეულ ბინაზე გაწეულ მომსახურებაზე, საკადასტრო კოდების მიხედვით. რაკი საჭირო იყო ამ დოკუმენტის ნოტარიულად წარდგენა, შემოსავლების სამსახურში ბოლო დავის ეტაპზე ასევე წარდგენილია კომპანიის კონტრაქტორების (ხელოსნების) წერილობითი განმარტება (ნოტარიულად), იმის მითითებით რომელ ბინაზე რა სახის სამუშაოები ჩაატარეს.

კომპანია შეძენილ მასალას არც ყიდის და არ სარემონტო მომსახურებას ეწევა ამ მასალით. შესაბამისად, შეძენილი მასალის რეალიზებულად ჩათვლა არასწორია, რადგან არ შეესაბამება რეალობას. თუკი აუდიტორები მაინც ვერ დარწმუნდნენ კომპანიამ თითო ბინის გაუმჯობესებაზე კონკრეტულად რა სახის და ღირებულების მასალა გახარჯა, ბოლო-ბოლო მათ შეეძლოთ არაპირდაპირი მეთოდით დაეთვალათ მასალის გახარჯვა თითო ბინაზე (კვადრატული მეტრის მიხედვით) და მივიდოდნენ დასკვნამდე, რომ კომპანიას რეალიზაციისთვის მასალა აღარ დარჩებოდა (მასალის ნაშთის გათვალისწინებით). ასევე უცნაურია ის ფაქტი, რომ კომპანია მაღაზია გორგიაში საბაზრო ფასად ნაყიდ მასალას 20%-იან ფასნამატს ამატებდა და ისე ყიდდა. სად ყიდდა? ვისზე? რა ფორმით? ან ამ (გაზრდილი) ფასით ვინ იყიდიდა ამ მასალას? როგორც მასალის რეალიზაციის ფაქტი, ასევე ფასნამატი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და ამ ნაწილში დარიცხვა სრულად გასაუქმებელია.

შესაბამისად, ამ ნაწილში არ არის შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღსრულებული და საკითხი ხელახლა უნდა დაბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტში გადასაანგარიშებლად კონკრეტული მითითებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;

ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23116 ბრძანებით, რეალიზებული ბინების ღირებულების გაზრდის და მიღებული შემოსავლის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2025 წლის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტით ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) – 1 001 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი შემცირდა - 723 ლარით, ხოლო ჯარიმა შემცირდა - 278 ლარით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შემცირებული იქნა ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23116 ბრძანების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23116 ბრძანებით, ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. მტკიცებულება საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდილი ჩეკის გაუქმების შესახებ/ფიქსაციის აქტი). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ერთი ბინის ღირებულების ორჯერ დაბეგვრის ფაქტი, უზრუნველყოს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შეძენილი სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია ბინების სარემონტო დანახარჯებთან დაკავშირებით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გადაწყვეტილებაში მითითებული პირველი საკითხის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები (ჩეკის ფიქსაციის აქტი) წარმოდგენილი და განხილული იყო როგორც შემოწმების ეტაპზე, ისე შემოსავლების სამსახურში დავების განხილვის ეტაპზე. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა 37 ბინის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციები და დასაბეგრი ბრუნვა დადგინდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თარიღებიდან, თანხებიდან და ასევე, ავანსად მიღებული თანხებიდან და თარიღებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია ერთი ბინის ორჯერ დაბეგვრის ფაქტს. გარდა ამისა, არც შემოწმების და არც გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ შედარების აქტები ან/და მყიდველებისგან მოწოდებული სხვა დამოწმებული ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა, რომელიც დაადასტურებდა გადახდილი თანხების და გადახდის პერიოდების შესახებ ზუსტ მონაცემებს. შეძენილი სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ დავების ეტაპზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია: მყიდველებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, სხვადასხვა ბინების ფოტოები და ფორმა №2-ები. აღნიშნული ინფორმაცია ნაწილობრივ წარმოდგენილი და განხილული იქნა, როგორც შემოწმების ასევე შემოსავლების სამსახურის დავების ეტაპზე და შესწავლის შედეგად არ მოხდა მათი გათვალისწინება არც საგადასახადო შემოწმების და არც გადაანგარიშების ეტაპზე შემდეგ გარემოებათა გამო: წარმოდგენილ მიღებაჩაბარებებში მყიდველები (მყიდველის ოჯახის წევრები) მიუთითებდნენ, რომ ბინა შეიძინეს გარემონტებულ მდგომარეობაში, თუმცა თითოეულ ბინაზე გაწეული ზუსტი დანახარჯი აღნიშნული ინფორმაციით ვერ დგინდება. ამასთან, პდფ და ექსელის ფორმატში წარმოდგენილ ფორმა №2-ებში თითოეულ ბინაზე მიკუთვნებული რემონტის ხარჯი რადიკალურად განსხვავდება. შესაბამისად დაუსაბუთებელია მყიდველის მიერ მიღება-ჩაბარებაში მითითებული „გარემონტებული მდგომარეობა“ რას გულისხმობს. გამოგზავნილი ფოტოებიდან კი ვერ დგინდება შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული 37 ბინიდან თუ რომელს ეკუთვნის აღნიშნული ფოტომასალა.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6111 ბრძანებით, ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის და სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მისი არგუმენტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივარზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6111 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23116 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23116 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტით ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გადაწყვეტილებაში მითითებული პირველი საკითხის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები (ჩეკის ფიქსაციის აქტი) წარმოდგენილი და განხილული იყო როგორც შემოწმების ეტაპზე, ისე შემოსავლების სამსახურში დავების განხილვის ეტაპზე. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა 37 ბინის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციები და დასაბეგრი ბრუნვა დადგინდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თარიღებიდან, თანხებიდან და ასევე, ავანსად მიღებული თანხებიდან და თარიღებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია ერთი ბინის ორჯერ დაბეგვრის ფაქტს. გარდა ამისა, არც შემოწმების და არც გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ შედარების აქტები ან/და მყიდველებისგან მოწოდებული სხვა დამოწმებული ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა, რომელიც დაადასტურებდა გადახდილი თანხების და გადახდის პერიოდების შესახებ ზუსტ მონაცემებს. შეძენილი სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ დავების ეტაპზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია: მყიდველებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, სხვადასხვა ბინების ფოტოები და ფორმა №2-ები. აღნიშნული ინფორმაცია ნაწილობრივ წარმოდგენილი და განხილული იქნა, როგორც შემოწმების ასევე შემოსავლების სამსახურის დავების ეტაპზე და შესწავლის შედეგად არ მოხდა მათი გათვალისწინება არც საგადასახადო შემოწმების და არც გადაანგარიშების ეტაპზე.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6111 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159; 163; 164;