ბრძანება N 30149

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.12.2023
№ დოკუმენტი 30149
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 30149

04 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 29 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 29 ოქტომბრის საჩივარი №84446/1/2023, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ოქტომბრის №006-478 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება დირექტორისგან ავტომობილის საბაზრო ფასზე მაღალ ფასად შეძენის ოპერაციის მოგების გადასახადი დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემოწმების შედეგები ეფუძნება იმგვარ გარემოებებს, ფაქტებს, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შემმოწმებელი არ ურთავს აუდიტის აქტს რაიმე ანგარიშს, როგორც მის მიერ დადგენილი ღირებულების მტკიცებულებას. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასი განისაზღვრება კომპეტენტური (სერთიფიცირებული) პირის მიერ კონკრეტულ პერიოდში საბაზრო კვლევის შედეგად მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, რაც არ არის აქტში წარმოდგენილი და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მტკიცება, რომ საწარმოს მიერ ავტომობილის შეძენის მომენტში საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 202 211 ლარის ოდენობით, რაც მიახლოებით 59 000$-ს შეადგენს, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და მიუღებელია სამართლებრივი თვალსაზრისით.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საწესდებო კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ ნაშთები წარმოქმნილი იყო 2020 წლამდე, კომპანიას არ ჰქონდა აღნიშნული დოკუმენტაციის შენახვის ვალდებულება. 2016 წლის წლიური მოგების გადასახადის დეკლარაციაში, რომელიც წარმოდგენილია 2017 წლის 14 აპრილს (დაზუსტებული დეკლარაცია), მითითებულია, რომ კაპიტალი შეადგენს 101 042.89 ლარს. მიუხედავად იმის, რომ შემმოწმებელმა გაანალიზა წინა წლის დეკლარაციები, აღნიშნულ გარემოებას მნიშვნელობა არ მიანიჭა. ამასთან, დარიცხვა აგებულია იმ მტკიცებაზე, რომ კომპანიას ზარალი ვერ ექნებოდა, რასთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიას, რომელიც 2016 წლამდე ანაწილებდა პერმანენტულად დივიდენდს, 2016 წლის შემდეგ აღარ გაუნაწილებია, რაც იმის ინდიკატორია, რომ კომპანიაში მოგება არ განერიდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში. ამრიგად, დარიცხვა დაუსაბუთებელია და ეფუძნება ვარაუდებს. შედეგად, გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14094 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის და დირექტორისგან შეძენილი ავტო-სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 13 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 29 სექტემბრის №24144 ბრძანება და 2 ოქტომბრის №006-478 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 260 531 ლარი, მათ შორის, გადასახადი 162 680 ლარი, ჯარიმა 81 340 ლარი და საურავი 16 511 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „----------“ საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების რემონტი. შემოწმებისთვის წარმოდგენილია საბუღალტრო პროგრამა „ორისი“. 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში საწარმომ ურთიერთდამოკიდებული პირისგან (დირექტორისგან) შეიძინა ავტომობილი 323 180 ლარად, თანხა გადახდილია სალაროდან 2022 წლის მარტის და აპრილის საანგარიშო პერიოდში. აღნიშნული ავტომობილი დირექტორის მიერ შეძენილია ----------, აუქციონის წესით 53 500 აშშ დოლარად (166 566 ლარად). შემოწმების პროცესში გაანალიზდა ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიური ავტომობილების საბაზრო ღირებულება და დადგინდა, რომ გარიგების ღირებულება მკვეთრად განსხვავდება ავტომობილის საბაზრო ფასისგან. საწარმოს მიერ ავტომობილის შეძენის მომენტში საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 202 211 ლარის ოდენობით, რაც გაანგარიშდა ავტომობილების გაყიდვების ელექტრონული პორტალიდან მსგავსი/იდენტური საქონლის საშუალო საბაზრო ფასების მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმების მიერ გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადამხდელის განმარტებით მომსახურების გაწევა ძირითადად ხორციელდება იურიდიულ პირებზე, ანგარიშსწორება ხდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ფორმით. საწარმო ერთ შემთხვევაში ყიდულობს და ყიდის მსუბუქ ავტომობილს. შემოწმების პროცესში წარმოდგენილია საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, აღნიშნული პროგრამის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ 2020 წლის დასაწყისში ფიქსირდება საწყისი საწესდებო კაპიტალი 650 000 ლარის ოდენობით, ასევე სხვადასხვა პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი (მაგ: 2023 წლის 28 იანვრის მდგომარეობით სალაროს ნაშთი შეადგენს 479 828 ლარს). გადამხდელმა სალაროს არაგონივრული ნაშთი დააკვალიფიცირა კაპიტალის შემცირებად და გაიტანა თანხა დაბეგვრის გარეშე. შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალი შემცირებულია 648 700 ლარით. საწესდებო კაპიტალის ბუღალტრული საკრედიტო ნაშთის ნაწილობრივ დამაბალანსებლად, დებეტში დაფიქსირებულია ზარალი 394 750 ლარის ოდენობით, რომლის სისწორე/რეალობაც არ დგინდება შემოწმებით, რადგან საწარმო ყოველწლიურად მოგებაზე იყო წლიური მოგების დეკლარაციებით და შემდგომი პერიოდის სააღრიცხვო მონაცემების ანალიზით. საგადასახადო შემოწმების ბრძანების გამოცემამდე აუდიტის დეპარტამენტში განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების სატესტო რეჟიმში შესწავლა. აღნიშნულ ეტაპზე გადამხდელმა დამატებით ხელფასის სახით გასცა 83 364 ლარი (დაბეგრა სადავო თანხის მხოლოდ ნაწილი). საწარმოს ახსნა-განმარტების მიხედვით უფიქსირდება 11 დაქირავებული თანამშრომელი, გაცემული ხელფასი დეკლარირებულია მხოლოდ 2020 წლის მაისიდან 2021 წლის მაისამდე საანგარიშო პერიოდში, თუმცა აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და ეკონომიკური აქტივობა დასტურდება უწყვეტად 2020-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში. გადამხდელმა ვერ წარმოადგინა კაპიტალში თანხის ფორმირების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაზედაც დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემოწმების მიერ გაანალიზდა საწარმოს რეგისტრაციის დღიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების წარდგენილი დეკლარაციები და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც არ დგინდება 2020 წლის პირველი იანვრისთვის საწყისი საწესდებო კაპიტალის არსებობის საჭიროება/მიზნობრიობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან საწესდებო კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილ თანხებსა და გადამხდელის მიერ დამატებით დეკლარირებულ თანხებს შორის სხვაობა 565 336 ლარი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით: ი) სხვა შემთხვევაში – სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ განმარტებაზე, რომ ავტომობილის ღირებულებაზე გავლენას ახდენს როგორც აუქციონის ფასი, ისე თანმდევი კომერციული ხარჯები, აღდგენის ღირებულება, ავტომობილის კომპლექტაცია და სხვა. მსგავსი შეფასება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს, ხოლო ყველა ხარჯის გათვალისწინებით, აუქციონის ფასის და აღდგენის ღირებულების მიხედვით, ავტომობილის ღირებულებამ შესაძლოა განბაჟების გარეშე 100000$-ს გადააჭარბოს. საწარმომ კი უკვე განბაჟებული 95000 $-ად შეიძინა. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა ასევე არ გაითვალისწინა მიწოდებული ინფორმაცია ავტომანქანის ქარხნული ---------- კომპლექტაციის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთი და იგივე წლოვანების ავტომობილის ფასი კომპლექტაციის მიხედვით შესაძლოა 2-ჯერ და მეტად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ასევე, არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლისთვის უკვე წარდგენილი მასალები და ძირითადი სავაჭრო პლატფორმების ლინკები (ავტომანქანის კომპლექტაციის ლინკის ჩათვლით), რომლებზე დაყრდნობითაც საკმარისად დასტურდება საწარმოს მიერ შესყიდვის ფასის 95000$ (შესაბამისი კურსით ლარში 323180 ლარი) საბაზროსთან შესაბამისობა. გადამხდელი მიუთითებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დამატებით წარმოადგენს დამოუკიდებელი სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ მომზადებულ შეფასების ანგარიშს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დირექტორზე გადახდილ თანხებსა და ავტომობილის საბაზრო ფასს შორის სხვაობა დააკვალიფიციროს ხელფასად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ:

ა) შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები;

ე) დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მეე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელი მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ ანალიზით, 2020 წლის დასაწყისში საწარმოს უფიქსირდება საწყისი საწესდებო კაპიტალი 650 000 ლარის ოდენობით, ასევე სხვადასხვა პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი (მაგ: 2023 წლის 28 იანვრის მდგომარეობით სალაროს ნაშთი შეადგენს 479 828 ლარს). გადამხდელმა სალაროს არაგონივრული ნაშთი დააკვალიფიცირა კაპიტალის შემცირებად. შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალი შემცირებულია 648 700 ლარით. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი კაპიტალში თანხის ფორმირების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ გაანალიზდა საწარმოს რეგისტრაციის დღიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების წარდგენილი დეკლარაციები და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც არ დგინდება 2020 წლის პირველი იანვრისთვის საწყისი საწესდებო კაპიტალის არსებობის საჭიროება/მიზნობრიობა. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან საწესდებო კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილ თანხებსა და გადამხდელის მიერ დამატებით დეკლარირებულ თანხებს შორის სხვაობა 565 336 ლარი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილი თანხების ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დირექტორზე გადახდილ თანხებსა და ავტომობილის საბაზრო ფასს შორის სხვაობა დააკვალიფიციროს ხელფასად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება დირექტორისგან ავტომობილის საბაზრო ფასზე მაღალ ფასად შეძენის ოპერაციის მოგების გადასახადი დაბეგვრას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საწესდებო კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ განმარტებაზე, რომ ავტომობილის ღირებულებაზე გავლენას ახდენს როგორც აუქციონის ფასი, ისე თანმდევი კომერციული ხარჯები, აღდგენის ღირებულება, ავტომობილის კომპლექტაცია და სხვა. მსგავსი შეფასება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს, ხოლო ყველა ხარჯის გათვალისწინებით, აუქციონის ფასის და აღდგენის ღირებულების მიხედვით, ავტომობილის ღირებულებამ შესაძლოა განბაჟების გარეშე 100000$-ს გადააჭარბოს. საწარმომ კი უკვე განბაჟებული 95000 $-ად შეიძინა. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა ასევე არ გაითვალისწინა მიწოდებული ინფორმაცია ავტომანქანის ქარხნული კომპლექტაციის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთი და იგივე წლოვანების ავტომობილის ფასი კომპლექტაციის მიხედვით შესაძლოა 2-ჯერ და მეტად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ასევე, არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლისთვის უკვე წარდგენილი მასალები და ძირითადი სავაჭრო პლატფორმების ლინკები (ავტომანქანის კომპლექტაციის ლინკის ჩათვლით), რომლებზე დაყრდნობითაც საკმარისად დასტურდება საწარმოს მიერ შესყიდვის ფასის 95000$ (შესაბამისი კურსით ლარში 323180 ლარი) საბაზროსთან შესაბამისობა. გადამხდელი მიუთითებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დამატებით წარმოადგენს დამოუკიდებელი სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ მომზადებულ შეფასების ანგარიშს.

2. შემოწმების პროცესში გადამხდელი მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ ანალიზით, 2020 წლის დასაწყისში საწარმოს უფიქსირდება საწყისი საწესდებო კაპიტალი 650 000 ლარის ოდენობით, ასევე სხვადასხვა პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი (მაგ: 2023 წლის 28 იანვრის მდგომარეობით სალაროს ნაშთი შეადგენს 479 828 ლარს). გადამხდელმა სალაროს არაგონივრული ნაშთი დააკვალიფიცირა კაპიტალის შემცირებად. შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალი შემცირებულია 648 700 ლარით. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი კაპიტალში თანხის ფორმირების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ გაანალიზდა საწარმოს რეგისტრაციის დღიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების წარდგენილი დეკლარაციები და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც არ დგინდება 2020 წლის პირველი იანვრისთვის საწყისი საწესდებო კაპიტალის არსებობის საჭიროება/მიზნობრიობა. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან საწესდებო კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილ თანხებსა და გადამხდელის მიერ დამატებით დეკლარირებულ თანხებს შორის სხვაობა 565 336 ლარი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილი თანხების ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დირექტორზე გადახდილ თანხებსა და ავტომობილის საბაზრო ფასს შორის სხვაობა დააკვალიფიციროს ხელფასად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 981(1„ა.ბ“); 101(1); 154(1„ა“); 279(1).