გადაწყვეტილება №19269/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19269/2/2023
05.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (პ/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 5.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------------- 30.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19269/2/2023).
დავის საგანი:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის
გამო;
2. საგადასახადო შემოწმების დანიშვნა და შემოწმების ვადის გაგრძელება;
3. საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის მართლზომიერება;
4. ქონების ნუსხის წარუდგენლობისთვის დაკისრებული ჯარიმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 სექტემბრის №40258 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 ოქტომბრის №43518 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №071-1 საგადასახადო მოთხოვნა;
4. აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 19 დეკემბრის №52998 ბრძანება;
5. აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 19 თებერვლის №4697 ბრძანება;
6. აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 27 მარტის №9948 ბრძანება;
7. ადმინისტრირების დეპარტამენტის 2015 წლის 9 მაისის №022-2015-041338 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;
8. აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 29 მაისის №18704 ბრძანება;
9. აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნა;
10. ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 9 თებერვლის №AA612930 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
11. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანება.
დარიცხული თანხა: აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნით - 268 650 ლარი.
მათ შორის:
დღგ: გადასახადი - 65 730; ჯარიმა - 51 123; საურავი - 48 792
საშემოსავლო გადასახადი: ძირითადი - 48 584; ჯარიმა - 24 292; საურავი - 30 128 ჯარიმა (ოქმით) – 400
პროცედურული გარემოებები
მომჩივანმა მის მიმართ გამოცემულ აქტებზე საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში, რაზეც გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანება, რაც 2023 წლის 30 მარტს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №071-1 და 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნები 2022 წლის 20 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე და 301-ე მუხლებზე. - აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №071-1 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს 2014 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №50968 ბრძანება და ამავე თარიღის №071-1 საგადასახადო მოთხოვნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით ჩაბარდა იურიდიულ მისამართზე (------- რაიონი, სოფ. -----) 2014 წლის 12 დეკემბერს.
აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანება და ამავე თარიღის №071-5 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ (2015 წლის 25 ივნისს და 2015 წლის 24 ივლისს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, მისამართზე - ქ. ----------, თუმცა ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. 2015 წლის 18 სექტემბერს განხორციელდა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2015 წლის 8 ოქტომბერს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2022 წლის 15 სექტემბერს საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით გამოკითხულ იქნა მომჩივანი 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტთან და აღნიშნული აქტის საფუძველზე გამოცემულ 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანებასა და №071-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. იმავე დღესვე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განხორციელდა 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტისა და აღნიშნული აქტის საფუძველზე გამოცემული 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანებისა და №071-5 საგადასახადო მოთხოვნის საგამოძიებო მოქმედების გზით დათვალიერება, რა დროსაც მეწარმე გაეცნო საგადასახადო შემოწმების მასალებს სრულად, მათ შორის, 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანებას და №071-5 საგადასახადო მოთხოვნას. ყოველივე აღნიშნულზე შედგენილი იქნა 2022 წლის 15 სექტემბრის დათვალიერების ოქმი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრები წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2022 წლის 20 დეკემბერს, 26 დეკემბერს, 2023 წლის 10 იანვარს და 8 თებერვალს.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრების ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები 2014 წლის 9 დეკემბრის №071-1 და 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართია ---------------. აღნიშნულ მისამართზე 2014 წელს გაეგზავნა №071-1 საგადასახადო მოთხოვნა, №50968 ბრძანება და საგადასახადო შემოწმების აქტი. ეს დოკუმენტაცია გაგზავნილი იქნა მომჩივნის იურიდიულ მისამართზე და ამ დოკუმენტაციის იურიდიულ მისამართზე გაგზავნას იმპერატიულად ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლი.
ანუ, 2014 წელს შემოსავლების სამსახურმა სწორად გააგზავნა ეს დოკუმენტაცია მეწარმის მისამართზე, მაგრამ აქედან 6-7 თვეში მიღებული დოკუმენტები გააგზავნა შეგნებულად არასწორ მისამართზე: ქ. -------- ეს მისამართი მომჩივანს არასოდეს არ ჰქონია, ეს მისამართი არასოდეს არ ყოფილა მისი არანაირი ადგილსამყოფელის მისამართი, არც სამუშაო ადგილი და ა.შ. ეს მოხდა განზრახ, შეგნებულად, რომ შემდეგ ეთქვათ, რომ 2-ჯერ გაგზავნეს აქტები და ვინაიდან არ ჩაბარდა ამიტომ მოხდა მისი გამოქვეყნებაო, რაც ასევე კანონის დარღვევით განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურმა 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნა, 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი და 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანება გააგზავნა არასწორ მისამართზე შეგნებულად, რომ ის მეწარმეს არ ჩაბარებოდა და სამართლებრივი დავა არ დაეწყო. ეს არის განზრახი ქმედება, რომ შემდეგ ეთქვათ, რომ ეს დოკუმენტაცია გააგზავნეს 2-ჯერ, როგორც საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა და ის არ ჩაბარდა და ამიტომ გამოაქვეყნეს. თუკი შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის დეკემბერში იცოდა გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართი და 2014 წლის დოკუმენტები გააგზავნეს სწორად ამ მისამართზე და ისინი ჩაბარდა, როგორი დასაჯერებელია, რომ აქედან (2014 წლის დეკემბრიდან) 6-7 თვეში შემოსავლების სამსახურმა არ იცოდა მომჩივნის იურიდიული მისამართი. მათ ვალდებულებას წარმოადგენდა ამონაწერის ნახვა სამეწარმეო რეესტრიდან, სადაც მკაფიოდ წერია იურიდიული მისამართი და როგორც 2014 წლის დეკემბრის თვეში გააგზავნეს ამ მისამართზე შესაბამისი დოკუმენტაცია, იქ შეეძლოთ გაეგზავნათ 2015 წლის ზემოთხსენებული აქტები, რაც მათ შეგნებულად, განზრახ არ გააკეთეს. შემოსავლების სამსახური არ განმარტავს, თუ რატომ არ იქნა 2015 წელს მეწარმის მიმართ შედგენილი 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნა, 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი და 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანება იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი, როცა ეს მისამართი მომჩივნის სამეწარმეო ამონაწერში მითითებული იყო და სწორედ იქ გაგზავნას ავალდებულებდა მათ კანონი, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლი.
შემოსავლების სამსახურმა საჩივრების განხილვისას ზემოთხსენებული ფაქტები ვერ გაამართლა და ვერანაირი გამოსავალი ვერ უპოვა იმ გარემოებას, რომ თუ 2014 წელს იურიდიულ მისამართზე სწორად გაიგზავნა მასალები და ის ჩაბარდა, რა იყო ხელისშემშლელი 2014 წლის დეკემბრიდან 6-7 თვეში, 2015 წელს მიღებული დოკუმენტების შეგნებულად არასწორ მისამართზე გაგზავნის. აღნიშნული არგუმენტების შესწავლას და კითხვებზე პასუხების გაცემას შემოსავლების სამსახურმა აუარა გვერდი და 2023 წლის 24 მარტს მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი, ერთმანეთთან თანხვედრაში არ მყოფი და წინააღმდეგობრივი, უკანონო ბრძანება №5915. 2015 წლის 22 ივნისის №071- 5 საგადასახადო მოთხოვნის, 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის და 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანების ჩაბარება გაამართლა შემოსავლების სამსახურმა და დადასტურებულად ჩათვალა სრულიად უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი გარემოებებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში წარედგინა ბრალი 2022 წლის 24 ნოემბერს. შესაბამისად, ამ დღეს ჩაბარდა ინფორმაციის გაცვლის ოქმით სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომელშიც მოთავსებული იყო 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნა, 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი და 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანება სხვა დოკუმენტაციასთან ერთად. აღნიშნული აქტები გახდა მეწარმისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი. მომჩივანს ეს აქტები 2022 წლის 24 ნოემბრამდე არ უნახავს, არ ჩაბარებია (არ გადასცემია) და მათ არ გაცნობია და აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი სახის მტკიცებულება არ არსებობს.
2022 წლის 24 ნოემბრიდან მეწარმეს წარმოეშვა საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი 30 დღიანი გასაჩივრების ვადა. გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული აქტები სხვა აქტებთან ერთად გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში და ამ სამსახურს საჩივარი გაეგზავნა 2022 წლის 20 დეკემბერს და 2022 წლის 23 დეკემბერს, ანუ მომჩივანმა ეს აქტები გაასაჩივრა საგამოძიებო ორგანოს მიერ მათი ჩაბარებიდან 26-ე დღეს და 29-ე დღეს (ეს მასალები ჩაბარდა 2022 წლის 24 ნოემბერს და საჩივრები შემოსავლების სამსახურში გააგზავნა 2022 წლის 19 და 23 დეკემბერს). შესაბამისად, დაცული იქნა საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი 30 დღიანი გასაჩივრების ვადა. ამ გარემოებასთან დაკავშირებით საჩივრის განმხილველი ორგანო ვერაფერს ვერ განმარტავს, რადგან გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა მომჩივნის მიერ დაცულია და ეს დადასტურებული ფაქტია. ამდენად, შემოსავლების სამსახური ამ გარემოებაზე საერთოდ არ საუბრობს მის 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანებაში, რაც ასევე უკანონო, ტენდენციური და უსამართლო ფაქტია.
შემოსავლების სამსახური თავის 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანებაში უკანონოდ, კანონის უხეში დარღვევით 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის და 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანების გასაჩივრების 30 დღიან ვადას თვლის 2022 წლის 15 სექტემბრიდან და ის ეყრდნობა გამომძიებლის მიერ შედგენილ დათვალიერების ოქმს და განმარტავს, რომ 2022 წლის 15 სექტემბერს თითქოს მომჩივანი გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს და აქედან 30 დღიან ვადაში საჩივარი არ შეუტანია. თუ გამომძიებელმა ამ აქტების გაცნობა გააკეთა იმ მიზნით, რომ ის დალოდებოდა მეწარმე მათ გაასაჩივრებდა თუ არა კანონით დადგენილ 30 დღიან ვადაში, მაშინ მას უნდა დაეცვა საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოთხოვნა და ეს დოკუმენტები უნდა ჩაებარებინა (გადაეცა) გადასახადის გადამხდელისთვის. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დადგებოდა ამ აქტების გასაჩივრების 30 დღიანი ვადის დინება. რაც შეეხება აქტების გაცნობას, რაც რეალურად არ მომხდარა, ამ გაცნობას საერთოდ არ ითვალისწინებს ზემოთხსენებული მუხლი. შემოსავლების სამსახურის ამ განმარტებით დარღვეულია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები და ეს განმარტება ეწინააღმდეგება კანონს, ვიანიდან კანონის იმპერატიული მოთხოვნაა (საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილი) ის, რომ ზემოთხსენებული აქტების გასაჩივრების საფუძველს პიროვნებას წარმოუშობს არა მათი გაცნობა, რაც ისედაც არ მომხდარა რეალურად, არამედ მათი ჩაბარება (გადაცემა).
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლი განმარტავს და მნიშვნელობას ანიჭებს პირის მიმართ გამოცემული დოკუმენტის მისთვის ჩაბარებას, გადაცემას და არა გაცნობას და განსაზღვრავს აღნიშნულის პირობებს. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმპერატიულად დადგენილია, რომ - „პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის
ვადაში“. კანონის აღნიშნული მოთხოვნაა პირისთვის საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარება და სწორედ ჩაბარება წარმოშობს მისი გასაჩივრების ვადის დინებას და არა გაცნობა. სიტყვა ჩაბარება კი ქართულად ნიშნავს პირისთვის კონკრეტული დოკუმენტების უშუალოდ ფიზიკურად გადაცემას. შემოსავლების სამსახურს 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანებაში მკაფიოდ აქვს მითითებული, რომ მეწარმე თითქოს გაეცნო 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნას, 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტს და 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანებას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მათი გასაჩივრების 30 დღიან ვადას თვლის 2022 წლის 15 სექტემბრიდან და ვადას მიიჩნევს გასულად. აქ ისმის კითხვა, თუ შემოსავლების სამსახური ზემოთხსენებული დოკუმენტების ჩაბარებად მიიჩნევს 2015 წელს მათ არასწორ მისამართზე გაგზავნას და შემდეგ მათ გამოქვეყნებას, მაშინ რატო აპელირებს 2022 წლის 15 სექტემბრის პროცესებზე. ანუ, შემოსავლების სამსახური თავად დაიბნა და ვერ დაადგინა და ვერ დააზუსტა რომელი გარემოება დაესახელებინა და რომელ გარემოებას დაეყრდნო იგი და რის საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებული ეს განმარტება არის უკანონო, უსამართლო, ის არღვევს საგადასახადო კოდექსის 44-ე და 299-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ვინაიდან აღნიშნული მუხლებით დადგენილია და მათი იმპერატიული მოთხოვნაა საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონკრეტულად პირისთვის ჩაბარება (რაც დოკუმენტის ფიზიკურად გადაცემას ნიშნავს ქართულად) და სწორედ ამ გადაწყვეტილებების პირისთვის ჩაბარებას (ფიზიკურად გადაცემას) მიიჩნევს კანონი ამ აქტების გასაჩივრების 30 დღიანი ვადის დინების დაწყების საფუძვლად და არა გაცნობას.
რაც შეეხება თავად 2022 წლის 15 სექტემბრის დათვალიერების ოქმს, ამ ოქმის ბოლოში გაკეთებულია ჩანაწერი, რომ ზემოთხსენებული დოკუმენტების გაცნობა არ ანიჭებს მეწარმეს მათი გასაჩივრების უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე, საერთოდ გაუგებარია რას ნიშნავს ეს ჩანაწერი. და თუ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ამ დოკუმენტების გასაჩივრების უფლება, მაშინ შემოსავლების სამსახური მისი 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანებით რატომ თვლის, რომ ამ დოკუმენტაციის გასაჩივრების 30 დღიანი ვადა სწორედ ამ დათვალიერების ოქმის თარიღიდან დაიწყო? შემოსავლების სამსახურის ეს ბრძანება არის აბსურდი, გაუგებრობა, მათი განმარტებები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან.
საჩივრის განხილვისას, მომჩივანი ითხოვს, გამოთხოვილ იქნას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან 2022 წლის 15 სექტემბერს შედგენილი დათვალიერების ოქმი და ამ ოქმის მეორე გვერდზე შემოწმდეს ერთ-ერთი აბზაცი, სადაც წერია, რომ მომჩივანს ამ ოქმში მოხსენიებული დოკუმენტების გაცნობა არ ანიჭებს მათი გასაჩივრების უფლებამოსილებას. საერთოდ გაუგებარია თუ რას ნიშნავს ეს ჩანაწერი, ან გამომძიებელი რა უფლებამოსილია კონკრეტულ პირს შეუზღუდოს რომელიმე აქტის გასაჩივრების უფლება. ან თუ შემოსავლების სამსახურმა საჩივრების განხილვისას 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის და 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანების ჩაბარების თარიღად მიიჩნია 2015 წელი, როცა ის გამოქვეყნდა, მაშინ რა შუაშია 2022 წლის 15 სექტემბერი და მაშინ ამ თარიღიდან რატომ უთვლის ამ აქტების გასაჩივრების 30 დღიან ვადას? ან გამომძიებელს რა უფლებამოსილება გააჩნდა მომჩივნისთვის აეკრძალა და შეეზღუდა აქტების გასაჩივრების კანონით დადგენილი უფლებამოსილება?
გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საგადასახადო მოთხოვნა, საგადასახადო შემოწმების აქტი და ბრძანება ერთობლიობაში განიხილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად და ისინი ერთად ქმნიან კონკრეტული ფაქტის დადგენის ან არ დადგენის გარემოებას. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ ასევე დარღვეულია 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის და 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანების გამოქვეყნების წესი იმით, რომ შემოსავლების სამსახურმა 2015 წლის 18 სექტემბერს გამოაქვეყნა მხოლოდ 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნა და არ გამოაქვეყნა საგადასახადო შემოწმების აქტი და ბრძანება №22078, რაც ასევე კანონის უხეში დარღვევაა და ამ დარღვევით მისი გამოქვეყნება №071-5 საგადასახადო მოთხოვნის და მისი შედეგების ბათილობის საფუძველია.
ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია ის გარემოება, რომ საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა ის, რომ მეწარმეს შემოსავლების სამსახურის ზემოთხსენებული აქტები რომ გაესაჩივრებინა, ისინი უნდა ჩაბარებოდა, გადაცემოდა ფიზიკურად და სწორედ მათი ჩაბარების ფაქტია მათი გასაჩივრების უპირობო საფუძველი და სწორედ ამ აქტების ჩაბარება იწვევს მათი გასაჩივრების 30 დღიანი ვადის დინების დაწყებას და არა მათი გაცნობა. თუმცა, მომჩივანი მათ არ გაცნობია და საერთოდ არ იცის რაზე მოაწერინეს ხელი. გადასახადის გადამხდელს ეს აქტები მთელი სისხლის სამართლის მასალებთან ერთად ჩაბარდა (გადაეცა) 2022 წლის 24 ნოემბერს, რომლის შემდეგაც წარმოეშვა მათი გასაჩივრების 30 დღიანი ვადა, მომჩივანმა ეს ვადა გამოიყენა და ეს აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში 26-ე და 29-ე დღეს, ანუ დაიცვა კანონით დადგენილი ვადა. საჩივრები გაგზავნილი აქვს 2022 წლის 19 დეკემბერს და 2022 წლის 23 დეკემბერს.
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახური 2023 წლის 20 იანვარს №21-04/3642 წერილით მიმართავს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და ამ წერილში პირდაპირ წერს, რომ საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნაა, რომ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამავე წერილით შემოსავლების სამსახური საგამოძიებო სამსახურს პირდაპირ წერს, რომ გთხოვთ გვაცნობოთო ი/მ -------------ეს გადაეცა/ჩაბარდა თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებიო. ანუ ამ წერილში თავად შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლისთვის გადამწყვეტია დოკუმენტის პირისთვის გადაცემა, ჩაბარება და არა გაცნობა.
მეწარმეს 2022 წლის 15 სექტემბერს არანაირი სახის დოკუმენტი არ გადასცემია, არ ჩაბარებია და ასევე მათ არ გაცნობია. ოქმს ხელი მოაწერინეს მისი წაკითხვის გარეშე, ისე რომ მისი შინაარსი არ იცოდა. ეს დოკუმენტები არ ჩაბარებია, არ გადასცემია, რაც ამ დათვალიერების ოქმითვე დასტურდება. უპირველესი მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის სწორედ ამ დოკუმენტების ჩაბარება/გადმოცემაა და მხოლოდ ეს ფაქტი წარმოშობს მათი გასაჩივრების უფლებამოსილებას, რაც არ მომხდარა. გაცნობა კი ამ აქტების გასაჩივრების უფლებამოსილების წარმომშობი გარემოება არაა, ვინაიდან ზემოთხსენებული მუხლი დოკუმენტის გაცნობას საერთოდ არ ითვალისწინებს. ესაა უმნიშვნელოვანესი კანონიერი არგუმენტი და ფაქტი, რასაც შემოსავლების სამსახური არ ითვალისწინებს და არ აქცევს ყურადღებას, რის შედეგადაც იქნა მის მიერ 2023 წლის 24 მარტს უკანონო და დაუსაბუთებელი, უსამართლო ბრძანება №5915 მიღებული. მომჩივნის მოთხოვნაა ამ ბრძანების ბათილად ცნობა.
შემოსავლების სამსახურმა 2022 წლის 19 დეკემბრის და 2022 წლის 23 დეკემბრის საჩივრები არ განიხილა და არ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება. 2015 წელს ეს დოკუმენტები მათ მიერ გაგზავნილი იქნა შეგნებულად არასწორ მისამართზე, ან გულგრილი დამოკიდებულებით იქნა ეს გაკეთებული, მაშინ როცა მათთვის ცნობილი იყო იურიდიული მისამართი და 6-7 თვის უკან მათ ამ იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი ჰქონდათ სხვადასხვა აქტები. ამდენად, მათ მიერ ამ დოკუმენტების როგორც გაგზავნა, ასევე გამოქვეყნება არის უკანონო და უსამართლო, რასაც საერთოდ არ მიაქცია ყურადღება შემოსავლების სამსახურმა და საერთოდ არ იმსჯელა მასზე საჩივრების განხილვის დროს.
2022 წლის 15 სექტემბერს კი მეწარმეს არანაირი სახის დოკუმენტი არ ჩაბარებია. შესაბამისად, არ წარმომშობია საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მათი გასაჩივრების უფლებამოსილება. აღნიშნული მუხლი კი დოკუმენტის გასაჩივრების უფლებამოსილების წარმოშობის საფუძვლად მიიჩნევს კონკრეტული დოკუმენტის პირისთვის ჩაბარებას (ფიზიკურად) გადაცემას და არა გაცნობას, რაც ისედაც არ მომხდარა.
მომჩივანი ითხოვს დეტალურად იქნას შესწავლილი საჩივარში მითითებული ყველა ფაქტი და აისახოს პასუხში. ასევე, განიმარტოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოთხოვნა, ვინაიდან ეს საკითხები დადგება ამ საქმის სასამართლოში გადასვლის შემდეგ.
კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ეს დოკუმენტები (2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნა, 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი და 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანება) სხვა დოკუმენტებთან ერთად ჩაბარდა 2022 წლის 24 ნოემბერს ინფორმაციის გაცვლის ოქმით, საიდანაც საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით წარმოეშვა მათი გასაჩივრების უფლებამოსილება. შესაბამისად, ამ ფაქტიდან დაიწყო ამ აქტების გასაჩივრების 30 დღიანი ვადის დინება, რომელიც მეწარმემ გამოიყენა, ჩაეტია ამ ვადაში და ისინი გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში მათი ჩაბარებიდან 26-ე დღეს - 2022 წლის 19 დეკემბერს და 29-ე დღეს - 2022 წლის 23 დეკემბერს.
ყველა ეს გარემოება, ფაქტი და არგუმენტები, რომელთაც წარმოადგენს საჩივარში და ასაბუთებს კანონიდან გამომდინარე, უნდა გაეთვალისწინებინა შემოსავლების სამსახურს და მას უნდა დაეკმაყოფილებინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნები ყველა ნაწილში სრულად, რაც არ გააკეთა და მიიღო სრულიად უკანონო ბრძანება. ამდენად, მათ მიერ 2023 წლის 24 მარტს გამოტანილი ბრძანება №5915 არის უკანონო, უსამართლო, დაუსაბუთებელი, წინააღმდეგობრივი, რომელიც ცნობილი უნდა იქნეს ბათილად ყველა ნაწილში.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანმა იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე 54-ე, 601 , 95-ე, 97-ე, 99-ე, 180-ე მუხლებით, ასევე საგადასახადო კოდექსის მე-4, 41-ე, 44-ე, 175-ე, 176-ე, 252-ე, 263-ე, 299-ე მუხლებით და ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაბარდა მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №32256-21-14 წერილით და საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი უწყისით დგინდება, რომ 2014 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2014 წლის 9 დეკემბრის №50968 ბრძანება და №071-1 საგადასახადო მოთხოვნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით ჩაბარდა გადასახადის გადამხდელის ძმას, იურიდიულ მისამართზე, 2014 წლის 12 დეკემბერს. საჩივარი აღნიშნული აქტების გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2022 წლის 20 დეკემბერს. შესაბამისად, დარღვეულია სადავო აქტების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 22 ივნისის №22078 ბრძანება და №071-5 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ (2015 წლის 25 ივნისს და 24 ივლისს) გაიგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, მისამართზე: ქ. ------------, თუმცა ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა (მიზეზი: არასრული მისამართი). 2015 წლის 18 სექტემბერს განხორციელდა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 15 სექტემბერს საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით გამოკითხულ იქნა ----------- 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტთან და მის საფუძველზე გამოცემულ 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანებას და №071-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. იმავე დღეს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განხორციელდა აღნიშნული დოკუმენტების საგამოძიებო მოქმედების გზით დათვალიერება, რა დროსაც მომჩივანი გაეცნო საგადასახადო შემოწმების მასალებს სრულად, მათ შორის, 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანებას და №071-5 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნულზე შედგა 2022 წლის 15 სექტემბრის დათვალიერების ოქმი. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2022 წლის 20 დეკემბერს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ --------რაიონის სასამართლომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება მიიჩნია აღიარებულად და დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულია სადავო აქტების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. შესაბამისად, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საგადასახადო შემოწმების დანიშვნა და შემოწმების ვადის გაგრძელება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 სექტემბრის №40258 ბრძანებით დაინიშნა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. ამავე დეპარტამენტის 2014 წლის 17 ოქტომბრის №43518, 2014 წლის 19 დეკემბრის №52998, 2015 წლის 19 თებერვლის №4697, 2015 წლის 27 მარტის №9948 და 2015 წლის 29 მაისის №18704 ბრძანებებით გაგრძელდა საგადასახადო შემოწმების ვადა.
აღნიშნული ბრძანებები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანებით, ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 51-ე, 262-ე და 263-ე მუხლებზე.
საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ი/მ ---------ის 2014 წლის 17 სექტემბრის №40258 საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების, 2014 წლის 17 ოქტომბრის №43518, 2014 წლის 19 დეკემბრის №52998, 2015 წლის 19 თებერვლის №4697, 2015 წლის 29 მაისის №18704 და 2015 წლის 27 მარტის №9948 საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანებები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 სექტემბრის №40258 ბრძანება კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ და 2014 წლის 17 ოქტომბრის №43518, 2014 წლის 19 დეკემბრის №52998, 2015 წლის 19 თებერვლის №4697, 2015 წლის 29 მაისის №18704 და 2015 წლის 27 მარტის №9948 ბრძანებები კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
3. საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრირების დეპარტამენტის 2015 წლის 9 მაისის №022-2015-041338 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები.
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანებით, ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 238-ე, 243-ე, მე-8 მუხლებზე და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გამოცემული საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2015 წლის 9 მაისის №022-2015-041338 ბრძანება მართლზომიერია. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა.
ამავე კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი - 150 434 ლარი, ჯარიმა - 75 415 და საურავი - 204 328 ლარი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ----------- რაიონულმა სასამართლომ მომჩივნის საგადასახადო დავალიანება მიიჩნია აღიარებულად და დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
4. ქონების ნუსხის წარუდგენლობისთვის დაკისრებული ჯარიმის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 9 თებერვლის №AA612930 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, ქონების ნუსხის წარუდგენლობისთვის, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 400 ლარით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანებით, ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 70-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე და 279-ე მუხლებზე.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2014 წლის 19 მაისის №071-15 ბრძანების საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
ამავე კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2014 წლის 19 მაისის №071-15 ბრძანების საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
უსაბუთებელია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო;
2. საგადასახადო შემოწმების დანიშვნა და შემოწმების ვადის გაგრძელება;
3. საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის მართლზომიერება;
4. ქონების ნუსხის წარუდგენლობისთვის დაკისრებული ჯარიმის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა მის მიმართ გამოცემულ აქტებზე საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში, რაზეც გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანება, რაც 2023 წლის 30 მარტს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არცერთ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდედს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:70;279;299;262;301;44