ბრძანება N 25460

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.10.2023
№ დოკუმენტი 25460
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25460

13 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----- - ის “ (ს/ნ "-----")

(მის.: "-----")

2023 წლის 7 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა შპს „------ - ის “ (ს/ნ "-----") 2023 წლის 7 აგვისტოს №82891/1/2023 და №82892/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №259-27 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილ დანაკლისზე გავრცელებული საშუალო საბაზრო ფასის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს დღგ-ში. განმარტავს, რომ მის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში გასაყიდი ერთეულის ფასი არის მაღალი მაშინ, როდესაც მიწოდება ხდება ტრანსპორტირების მომსახურების ჩათვლით. სხვა შემთხვევაში გასაყიდი ფასი ბევრად ნაკლებია. მომჩივანი ითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას და გამოვლენილ დანაკლისზე გავრცელებული საბაზრო ფასის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №3100 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ - ის “ (ს/ნ "-----") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის 16 თებერვლის ჩათვლით პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 11 ივლისის №16739 ბრძანება და ამავე თარიღის №259-27 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 47 349 ლარი, მათ შორის, გადასახადი 26 892 ლარი, ჯარიმა 9 945 ლარი, საურავი 10 512 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „------- - ის “ (ს/ნ "-----") ძირითად საქმიანობა არის ღორღოვანი კარიერების დამუშავება და მოპოვებული მასალის რეალიზაცია. შპს „--------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 1 ივლისს. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი "------"-სა და "------"-ის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ორ ლიცენზიას, რომელთა თანახმადაც, ახორციელებდა ქვიშა-ხრეშის მოპოვებით სამუშაოებს. შემოწმების პროცესში საწარმომ წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და შემოწმების მიერ მოთხოვნილი სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელთა ანალიზისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად შემოწმების მიერ აწყობილი იქნა საქონლის მოძრაობა, რის საფუძველზეც გამოვლინდა 8135.43 მ3 სასაქონლო-მატერიალური მარაგი, რომელიც გადამხდელის მიერ აღრიცხულ საქონლის საბოლოო ნაშთში არ იღებდა მონაწილეობას და რეალიზებული ჰქონდა დოკუმენტის გარეშე. 1მ3 საქონლის საშუალო საბაზრო ფასი, შპს „------ - ის “ (ს/ნ "-----") შესამოწმებელი პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციების მიხედვით, შეადგენს 24 ლარს. შემოწმების მიერ, აღნიშნული ღირებულება გავრცელებული იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ, გამოვლენილ სმფ-ის რაოდენობაზე. მიღებული შემოსავალი გადანაწილდა პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ვინაიდან, დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემს, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლის შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად, შემოწმების მიერ გამოვლენილი, დამატებით მიღებული შემოსავლის თანხით შემცირებული იქნა დამფუძნებლის შენატანი. კერძოდ, 2023 წლის 16 თებერვალს (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს) დამფუძნებლის შენატანის ნაშთი საწარმოში იყო 411 669 ლარი, ხოლო დამატებით გამოვლენილი სმფ-ის რეალიზაციით მიღებული შემოსავალია 193 015 ლარი. შესაბამისად, დამფუძნებლის შენატანის საბოლოო ნაშთი შეადგენს 218 654 ლარი.

საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ), ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას, ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე,საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გამოვლინდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული 8135.43 მ 3 სასაქონლო-მატერიალური მარაგი. შემოწმებით, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა დოკუმენტური რეალიზაციების მიხედვით დადგენილი საშუალო საბაზრო ფასი 24 ლარი, მიღებული შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად, პერიოდების მიხედვით, რის საფუძველზეც გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა გადასახადი.

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად გამოვლენილ საქონელზე დოკუმენტური რეალიზაციების მიხედვით დადგენილი საშუალო საბაზრო ფასის გავრცელება და აღნიშნული პრინციპით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------- - ის “ (ს/ნ "-----") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილ დანაკლისზე გავრცელებული საშუალო საბაზრო ფასის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს დღგ-ში.

მომჩივანი ითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას და გამოვლენილ დანაკლისზე გავრცელებული საბაზრო ფასის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ორ ლიცენზიას და ახორციელებდა ქვიშა-ხრეშის მოპოვებით სამუშაოებს. საწარმომ წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და შემოწმების მიერ მოთხოვნილი სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელთა ანალიზისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად შემოწმების მიერ აწყობილი იქნა საქონლის მოძრაობა, რის საფუძველზეც გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური მარაგი, რომელიც გადამხდელის მიერ აღრიცხულ საქონლის საბოლოო ნაშთში არ იღებდა მონაწილეობას და რეალიზებული ჰქონდა დოკუმენტის გარეშე.

ვინაიდან, დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემს, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლის შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად, შემოწმების მიერ გამოვლენილი, დამატებით მიღებული შემოსავლის თანხით შემცირებული იქნა დამფუძნებლის შენატანი.საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),136(3),159,160,161,163,164.