ბრძანება N 15200
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15200
28 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 27 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 ივნისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის №22102/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 27 ივნისის №109480/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №081-83 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, კომპანიის მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლობას, არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ შემოწმებას წარუდგინა ხორცპროდუქტების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და საქონლის მიმწოდებლების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები. განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტაციით დასტურდებოდა კომპანიის მიერ ხარჯის გაწევა და გამოკითხული პირები არ უარყოფდნენ საქონლის მიწოდების ფაქტს. მომჩივანი მიუთითებს, რომ მიწოდებული საქონლიდან უნდა გამიჯნულიყო დოკუმენტურად შეძენილი საქონლის რაოდენობა, ხოლო დარჩენილი, დოკუმენტების გარეშე შეძენილი საქონლის მიმართ გაწეული ხარჯი არაპირდაპირი მეთოდით მაინც უნდა გათვალისწინებულიყო.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №35822 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 6 დეკემბრის №081-376 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 13, 18, 20 იანვრის და 15 ოქტომბრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილულ იქნეს ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №35822 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 4 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა 900 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 30 მაისის №081-83 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2023 წლის 27 ივნისს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32235 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32235 ბრძანებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის №22102/2/2024 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32235 ბრძანება და საჩივარი, პირველი დავის საგნის აღსრულების ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის №22102/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„აღნიშნულიდან და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მომჩივნის მიერ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით წარდგენილია დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შემოსავლების სამსახურის 17.11.2021 წლის №35822 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს ევალებოდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული დავალება მოიცავდა ხარჯის გათვალისწინებას არაპირდაპირი მეთოდით (25-% იანი რენტაბელობიდან გამომდინარე), გარდა იმ ხარჯის გაწევის ნაწილში, რა ნაწილშიც ფიზიკურმა პირებმა საგამოძიებო სამსახურში დეტალურად ვერ დაადასტურეს განცხადებებში დაფიქსირებული ინფორმაცია მიწოდებული საქონლის ზუსტი რაოდენობის და ღირებულების შესახებ, ამასთან, რეალიზაციის ამსახველი პირველადი დოკუმენტი ან ჩანაწერი არ მოეპოვებოდათ და რა ნაწილშიც საგამოძიებო სამსახურის მიერ არ იქნა დადასტურებული დოკუმენტის სიყალბე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას, კერძოდ საბჭოს მიერ მითითებულ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის მიერ ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან დაკავშირებით.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შემდგომ, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა მხარეებს შორის გაფორმებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები. გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი იყო მხოლოდ სხვადასხვა ფიზიკური პირების განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, კომპანია იძენდა ხორცს და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტს. წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოიკითხა აღნიშნული პირები, რომელთა ნაწილმაც დეტალურად ვერ დაადასტურა განცხადებებში დაფიქსირებული ინფორმაცია მიწოდებული საქონლის ზუსტი რაოდენობის და ღირებულების შესახებ. ამასთან, არც ერთ პირს რეალიზაციის ამსახველი პირველადი დოკუმენტი ან ჩანაწერი არ მოეპოვებოდა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არ არსებობდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმების შემდგომ კომპანიამ მოიძია თითქმის ყველა მომწოდებელი და მათი ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებებით დადასტურდა, თუ რა ოდენობის და ღირებულების საქონელი მიაწოდეს შპს „----------“. ამასთან, მომჩივანმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამსახურში აღნიშნულმა პირებმა გამოკითხვისას დაადასტურეს მიწოდება, მაგრამ მათგან ნაწილმა ზუსტად ვერ გაიხსენა აღნიშნული მიწოდების დეტალები, რაზე დაყრდნობითაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული წარდგენილი დოკუმენტაცია. ამასთან, იმ ნაწილში, რაზეც კომპანიამ ვერ წარადგინა ხარჯის გაწევის დოკუმენტები უნდა გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის №22102/2/2024 გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ დავალება მოიცავდა ხარჯის გათვალისწინებას არაპირდაპირი მეთოდით (25-% იანი რენტაბელობიდან გამომდინარე), გარდა იმ ხარჯის გაწევის ნაწილში, რა ნაწილშიც ფიზიკურმა პირებმა საგამოძიებო სამსახურში დეტალურად ვერ დაადასტურეს განცხადებებში დაფიქსირებული ინფორმაცია მიწოდებული საქონლის ზუსტი რაოდენობის და ღირებულების შესახებ, ამასთან, რეალიზაციის ამსახველი პირველადი დოკუმენტი ან ჩანაწერი არ მოეპოვებოდათ და რა ნაწილშიც საგამოძიებო სამსახურის მიერ არ იქნა დადასტურებული დოკუმენტის სიყალბე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კომპანიის მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის №22102/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კომპანიის მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის №22102/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმების შემდგომ კომპანიამ მოიძია თითქმის ყველა მომწოდებელი და მათი ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებებით დადასტურდა, თუ რა ოდენობის და ღირებულების საქონელი მიაწოდეს მომჩივანს. ამასთან, მომჩივანმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამსახურში აღნიშნულმა პირებმა გამოკითხვისას დაადასტურეს მიწოდება, მაგრამ მათგან ნაწილმა ზუსტად ვერ გაიხსენა აღნიშნული მიწოდების დეტალები, რაზე დაყრდნობითაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული წარდგენილი დოკუმენტაცია. ამასთან, იმ ნაწილში, რაზეც კომპანიამ ვერ წარადგინა ხარჯის გაწევის დოკუმენტები უნდა გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის №22102/2/2024 გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ დავალება მოიცავდა ხარჯის გათვალისწინებას არაპირდაპირი მეთოდით (25-% იანი რენტაბელობიდან გამომდინარე), გარდა იმ ხარჯის გაწევის ნაწილში, რა ნაწილშიც ფიზიკურმა პირებმა საგამოძიებო სამსახურში დეტალურად ვერ დაადასტურეს განცხადებებში დაფიქსირებული ინფორმაცია მიწოდებული საქონლის ზუსტი რაოდენობის და ღირებულების შესახებ, ამასთან, რეალიზაციის ამსახველი პირველადი დოკუმენტი ან ჩანაწერი არ მოეპოვებოდათ და რა ნაწილშიც საგამოძიებო სამსახურის მიერ არ იქნა დადასტურებული დოკუმენტის სიყალბე.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კომპანიის მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის №22102/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 982; 304(21).