გადაწყვეტილება №24648/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2025
№ დოკუმენტი 24648/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24648/2/2025

20 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "--------" (ს/ნ "--------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,14.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "--------"-ის 25.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24648/2/2025).

 

დავის საგანი:

1. შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატი;

2. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ შესყიდულ სმფ-ებს შორის გამოვლენილი სხვაობით

გამოწვეული დარიცხვა;

3. მარნის მშენებლობისას ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებისთვის გადახდილი თანხის

გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ივლისის №002-148 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 421 940.10 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 268 177.11

მიწის გადასახადი (სასოფლო) – 90

საშემოსავლო გადასახადი - 266 467.11

ქონების გადასახადი - 1 620

ჯარიმა - 108 642.60

საურავი - 45 120.39

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8626 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №16480 ბრძანება და 16 ივლისის №002-148 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 421 940.10 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 13 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 9 ოქტომბრის №22034 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 29.10.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 22.11.2024 წლის №24212/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 ოქტომბრის №22034 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით (ქონების გადასახადი), დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატი ფაქტების აღწერა გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა. მეწარმის მიერ არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერა, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. მომჩივნის მიერ არ არის დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. შემოწმების მიერ განხორციელდა ანალიზი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე. დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული სსა-ს მონაცემები, ასევე მეწარმის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები. ანალიზის შედეგად, სსა-სა და ბანკის ამონაწერში არსებული მონაცემები აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს. კერძოდ, რეალიზაციის სხვაობამ 2021 წელს შეადგინა 69 436 ლარი, 2022 წელს - 487 966 ლარი, ხოლო 2023 წელს - 531 351 ლარი. ასევე, 2023 წლის 29 მაისის №11700 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი 131 396 ლარის დანაკლისი ასახულ იქნა 2023 წლის ერთობლივ შემოსავალში. 2021 წლის დეკლარირებული ფასნამატია 6.7%, 2022 წლის - 1.9%, 2023 წლის - 4.8%, ხოლო შემოწმებით გამოვლინდა შემდეგი ფასნამატები წლების მიხედვით: 2021 წელს - 16.2%, 2022 წელს - 30.9%, ხოლო 2023 წელს - 24.8%. 2024 წლის 15 აპრილის №8469 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის კუთვნილი სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც დადგენილმა სმფ-ების ფაქტობრივმა ნაშთმა საბაზრო ფასით შეადგინა 26 715 ლარი, ხოლო თვითღირებულებამ - 22 005 ლარი. 2023 წლის საბოლოო სმფ-ის ნაშთი გაანგარიშდა ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე დადგენილი ინვენტარიზაციის ფასნამატის გათვალისწინებით (21.4%). აღნიშნულ სხვაობაში გათვალისწინებულია 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარი. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 79-ე, მე-80, 81-ე, მე100, 102-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, მეწარმე არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ რეალიზაციის სწორად დათვლის შემთხვევაში ვერ იქნება ასეთი განსხვავებული ფასნამატები. ასევე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს ბანკში გახსნილი აქვს რამდენიმე ანგარიში, საიდანაც იყენებს მეწარმის ანგარიშს რეალიზაციისთვის, ხოლო სხვა ანგარიშებს პირადი მიზნებისთვის. ბანკის ამონაწერებში გარდა რეალიზაციით მიღებული თანხებისა არის პირადი ჩარიცხვები და გადარიცხვები. მიუთითებს, რომ შემმოწმებლებმა აღნიშნული თანხები ჩაუთვალეს როგორც ხორცის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის შედეგები არასწორად არის წარდგენილი და ამ მიზეზით გამოვლინდა დანაკლისი. მართალია თავის დროზე სრულყოფილად ვერ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია შემმოწმებლისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე შეძლებს სრულად წარადგინოს მის ხელთ არსებული ყველა საბუღალტრო დოკუმენტაცია აღრიცხული სახით, რის შედეგადაც მტკიცდება, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი არასწორია. აღნიშნული ასევე შეეხება დეკლარირებულ და შესყიდულ სმფ-ებს შორის გამოვლენილი სხვაობით გამოწვეულ დარიცხვას. ასევე აღსანიშნავია, რომ ინდ. მეწარმეს შემოსავალში ჩაუთვალეს პირადი ჩარიცხვები, რომელიც მას მიღებული ჰქონდა როგორც ფიზიკურ პირს და არ იყო დაკავშირებული პროდუქციის რეალიზაციასთან.

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო მოთხოვნა №002-148 და ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის ბრძანება №27813.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა. მეწარმის მიერ არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერა, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სსა-სა და ბანკის ამონაწერში არსებული მონაცემები აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს. კერძოდ, რეალიზაციის სხვაობამ 2021 წელს შეადგინა 69 436 ლარი, 2022 წელს - 487 966 ლარი, ხოლო 2023 წელს - 531 351 ლარი. შემოწმებით გამოვლინდა შემდეგი ფასნამატები წლების მიხედვით: 2021 წელს - 16.2%, 2022 წელს - 30.9%, ხოლო 2023 წელს - 24.8%. 2024 წლის 15 აპრილის №8469 ბრძანების საფუძველზე ინვენტარიზაციით დადგენილმა სმფ-ების ფაქტობრივმა ნაშთმა საბაზრო ფასით შეადგინა 26 715 ლარი, ხოლო თვითღირებულებამ - 22 005 ლარი. ამასთან, 2023 წლის საბოლოო სმფ-ის ნაშთი გაანგარიშდა ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გათვალისწინებით (21.4%). აღნიშნულ სხვაობაში გათვალისწინებულია 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ შესყიდულ სმფ-ებს შორის გამოვლენილი სხვაობით გამოწვეული დარიცხვა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებში (მეწარმის მიერ ვერ იქნა გაშიფრული დეკლარირებული სხვა გამოქვითვები). მომჩივნის მიერ წარდგენილ იქნა ძირითადი საშუალებების შესყიდვის აქტები და ზეპირსიტყვიერად ითხოვა აღნიშნულის სრულად გამოქვითვა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით ხარჯები გაზრდილია 55 352 ლარით. ასევე, გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ შესყიდულ სმფ-ებს შორის. კერძოდ, დეკლარირებულთან შედარებით 1 637 ლარით ნაკლები სმფ-ებია შესყიდული, რის საფუძველზეც მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, მომჩივანი ითხოვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დამატებით შესწავლას. მეწარმე მიიჩნევს, რომ არასწორად არის გამოანგარიშებული გამოსაქვითი ხარჯები და დასაზუსტებელია ოდენობა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებში (მეწარმის მიერ ვერ იქნა გაშიფრული დეკლარირებული სხვა გამოქვითვები). მომჩივნის მიერ წარდგენილ იქნა ძირითადი საშუალებების შესყიდვის აქტები და ზეპირსიტყვიერად ითხოვა აღნიშნულის სრულად გამოქვითვა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით ხარჯები გაზრდილია 55 352 ლარით. ასევე, გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ შესყიდულ სმფ-ებს შორის. კერძოდ, დეკლარირებულთან შედარებით 1 637 ლარით ნაკლები სმფ-ებია შესყიდული, რის საფუძველზეც მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და გადასახადის გადამხდელს მისცა შესაძლებლობა, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამასთან, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

3. მარნის მშენებლობისას ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებისთვის გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, მარნის მშენებლობის დროს მეწარმეს მომსახურება გაუწია ორმა ფიზიკურმა პირმა (დღგ-ის გადამხდელად არ არიან რეგისტრირებული), ჯამში 30 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფიზიკური პირების მომსახურებები მომჩივანს არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული განაცემი დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მარნის მშენებლობაზე ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს ინდ. მეწარმის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ ქმედებას. აღნიშნული მარნის მშენებლობა განხორცილებულია "-------"-ს პროექტის ფარგლებში, როგორც ფიზიკური პირის მიერ და შესაბამისად, არც საგადასახადო აგენტის ფუნქცია არ უნდა შეესრულებინა მომჩივანს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებისთვის გადახდილი თანხა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ მარნის მშენებლობაზე ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს ინდ. მეწარმის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ ქმედებას. აღნიშნული მარნის მშენებლობა განხორცილებულია "-------"-ს პროექტის ფარგლებში, როგორც ფიზიკური პირის მიერ და შესაბამისად, არც საგადასახადო აგენტის ფუნქცია არ უნდა შეესრულებინა მომჩივანს.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ მარანი გამიზნული იყო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის. მეწარმემ თვითონ წარადგინა დოკუმენტები გახარჯული თანხების შესახებ, რაც გათვალისწინებულია ხარჯებში. ამასთან, ხელშეკრულება თანადაფინანსების შესახებ გაფორმებულია ა(ა)იპ „------- სა “ და ი/მ "--------"-ს შორის.

ასევე, აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურმა, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებით შეისწავლა/გამოიკვლია სადავო საკითხი, თუმცა არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო მოთხოვნა და ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის ბრძანება.

2.მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

3.მომჩივანი აღნიშნავს,რომ მარნის მშენებლობაზე ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს ინდ. მეწარმის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ ქმედებას. აღნიშნული მარნის მშენებლობა განხორცილებულია აწარმოე საქართველოს პროექტის ფარგლებში, როგორც ფიზიკური პირის მიერ და შესაბამისად, არც საგადასახადო აგენტის ფუნქცია არ უნდა შეესრულებინა მომჩივანს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. ანალიზის შედეგად, სსა-სა და ბანკის ამონაწერში არსებული მონაცემები აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს. კერძოდ, რეალიზაციის სხვაობამ 2021 წელს შეადგინა 69 436 ლარი, 2022 წელს - 487 966 ლარი, ხოლო 2023 წელს - 531 351 ლარი. ასევე, 2023 წლის 29 მაისის №11700 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი 131 396 ლარის დანაკლისი ასახულ იქნა 2023 წლის ერთობლივ შემოსავალში. 2021 წლის დეკლარირებული ფასნამატია 6.7%, 2022 წლის - 1.9%, 2023 წლის - 4.8%, ხოლო შემოწმებით გამოვლინდა შემდეგი ფასნამატები წლების მიხედვით: 2021 წელს - 16.2%, 2022 წელს - 30.9%, ხოლო 2023 წელს - 24.8%. 2024 წლის 15 აპრილის №8469 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის კუთვნილი სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც დადგენილმა სმფ-ების ფაქტობრივმა ნაშთმა საბაზრო ფასით შეადგინა 26 715 ლარი, ხოლო თვითღირებულებამ - 22 005 ლარი. 2023 წლის საბოლოო სმფ-ის ნაშთი გაანგარიშდა ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე დადგენილი ინვენტარიზაციის ფასნამატის გათვალისწინებით (21.4%). აღნიშნულ სხვაობაში გათვალისწინებულია 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის 3 შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარი. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2. გამოვლინდა სხვაობა გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებში.მომჩივნის მიერ წარდგენილ იქნა ძირითადი საშუალებების შესყიდვის აქტები და ზეპირსიტყვიერად ითხოვა აღნიშნულის სრულად გამოქვითვა. შედეგად, სსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით ხარჯები გაზრდილია 55 352 ლარით. ასევე, გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ შესყიდულ სმფ-ებს შორის. კერძოდ, დეკლარირებულთან შედარებით 1 637 ლარით ნაკლები სმფ-ებია შესყიდული, რის საფუძველზეც მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

3.გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, მარნის მშენებლობის დროს მეწარმეს მომსახურება გაუწია ორმა ფიზიკურმა პირმა,ჯამში 30 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფიზიკური პირების მომსახურებები მომჩივანს არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული განაცემი დაიბეგრა სსკ-ის 154-ე მუხლის საფუძველზე. მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

2.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

3.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

80,102,105,154.