გადაწყვეტილება №24621/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24621/2/2025
10 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“-ის 17.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24621/2/2025).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 21.10.2024 წლის №23784/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 დეკემბრის №249-34 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 2 460 669.69 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 262 024
დღგ - 540 896
მოგების გადასახადი - 560 546
საშემოსავლო გადასახადი - 160 506
ქონების გადასახადი - 76
ჯარიმა - 710 181
საურავი - 488 464.69
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი, ასევე ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვა და რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივლისის №15635 და 2023 წლის 18 დეკემბრის №31778 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- საგადასახადო ორგანოს მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, ასევე მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ბუღალტრული პროგრამებში არსებული ინფორმაცია (1.01.2020 - 1.09.2022 - ორისი, 1.09.2022 - 1.06.2023 - ფინა). ბუღალტრული პროგრამა ორისის მიხედვით, სმფ-ის ნაშთები 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 804 579 ლარს, ხოლო 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით - 4 021 952 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია სმფ-ის შიდა ინვენტარიზაციის მასალები, რომლის მიხედვით, 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით სმფ-ის ნაშთი შეადგენს 1 662 384 ლარს, პროგრამა „ფინაშიც“ სმფ-ები 1 662 384 ლარის ოდენობით ფიქსირდება 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით. ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ არ ხდება საქონლის რაოდენობრივი აღრიცხვა სრულად. კერძოდ, არადოკუმენტური რეალიზაციის აღრიცხვა ხდება საკონტროლო-სალარო აპარატით ან/და ბანკში დაფიქსირებული ნავაჭრი თანხებიდან გამომდინარე. საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კოდექსის დადგენილი წესით ჩამოწერა და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, სმფ-ის ნაშთად გათვალისწინებულ იქნა გადასახადი გადამხდელის მიერ წარდგენილი და „ფინაში“ ასახული სმფ-ის ნაშთი (თვითღირებულებით 1 662 384 ლარი). საწარმოს მიერ სრულად არ არის დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის მოთხოვნები (ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის სწორად და სრულად აღრიცხვა) და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ: შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა ჯგუფებად (მაგ.: კონდიციონერი - 10%, სარეცხის მანქანები - 15%, ელექტრო ღუმელი - 33% და ა.შ), ბუღალტრულ პროგრამებს შორის სმფ-ების სხვაობაზე გავრცელდა კატეგორიების მიხედვით შემოწმების მიერ გამოვლენილი დოკუმენტური ფასნამატი. რაც შეეხება პროგრამა „ფინას“, 2022 წლის 1 სექტემბრიდან კონტროლი ოპერაციების დაწყება, მიმდინარეობა, დასრულებაზე განხორციელებულია კანონით დადგენილი ნორმების დაცვით. ამასთან, 2023 წლის 3 ივლისის №15611 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 3 ივლისს საწარმოს კუთვნილ ობიექტში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, გადასახადის გადამხდელს თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული არ ჰქონდა ფასმაჩვენებლები, რის გამოც დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით და საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, შეეფარდა გაფრთხილება (ოქმი №------). ინვენტარიზაციის შედეგად, სმფ-ს ნაშთმა, 2023 წლის 3 ივლისის მდგომარეობით, შეადგინა 2 222 424 ლარი, ხოლო შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა სმფ-ის ნაშთი, ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2023 წლის 31 მაისს. გამოვლენილ სმფ-ების სხვაობაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატები კატეგორიების მიხედვით (მაცივრები - 23%, ელექტრო ქურა - 54%, მიკროტალღური ღუმელი - 26% და სხვა. ჯამში საშუალოდ - 31%). ამასთან, რომელ ჯგუფზეც დოკუმენტური ფასნამატი ვერ გაანგარიშდა, გავრცელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატები ჯგუფების მიხედვით (საშუალოდ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატია 54,6%) და აღნიშნული გადანაწილდა დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე (ძვ. 161-ე მუხლი) მუხლის შესაბამისად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, კომპანიას არ აქვს ჩათვლილი საბაჟო დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, რომელიც შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩათვლებში, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად (18 296 ლარის ოდენობით).
- ბუღალტრულ პროგრამაში საწარმოს 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უფიქსირდება საწყისი კაპიტალის ნაშთი 214 425 ლარის ოდენობით, შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალი გაზრდილია 3 015 2185 ლარით და შემცირებულია 2 505 466 ლარით, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კაპიტალის ნაშთი ფიქსირდება 704 177 ლარი. შემოწმების შედეგად აღნიშნული კაპიტალის ნაშთით, 704 177 ლარით, შემცირდა პირველი საკითხიდან გამომდინარე დამატებით გამოვლენილი ფულადი სახსრები (4 444 503- 704 177=3 740 326 ლარი), ხოლო სხვაობა, დამფუძნებლის და 100%-იანი წილის მფლობელის - -----ის (პ/ნ ------) წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე, ჩაითვალა გაცემულ დივიდენდად და საგადასახადო კოდექსის 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №33073 ბრძანება და №249-36 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 2 617 461 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 23 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 6 მარტის №4951 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე შემოწმების მიერ გაანგარიშებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთსა და ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობა რეალიზებულად ჩაითვალოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 მარტის №4951 ბრძანება 2024 წლის 25 მარტს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2024 წლის 5 ივლისის №22680/2/2024 (რეგ. 18.07.2024წ. 03/----) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, ნაწილობრივ გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 მარტის №4951 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 15 აგვისტოს №18822 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც 23.08.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 21.10.2024 წლის №23784/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ დავის საგანთან დაკავშირებით:
ა) მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურ ფასნამატზე მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა;
გ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ორგანოს მიერ 2023 წლის 3 ივლისს ჩატარებულ ინვენტარიზაციასთან მიმართებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, კერძოდ, ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა განიხილოს დანაკლისად ინვენტარიზაციის ჩატარების და დანაკლისის აღმოჩენის მომენტში (ივლისის თვეში);
დ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
მე-2 დავის საგანთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველ დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 21.10.2024 წლის №23784/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2024 წლის დასკვნა, 20.12.2024 წლის №26740 ბრძანება და №249-34 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 351 530 ლარით.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს საქმიანობაა საყოფაცხოვრებო და ელექტრო საქონლის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. ამასთან, კომპანიას აქვს ადგილობრივი შეძენები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობები დასაბეგრ ბრუნვასთან მიმართებით, რასაც არ ეთანხმებიან.
გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს როგორც საცალოდ, ასევე საბითუმოდ, როგორც ზედნადებით, ასევე ზედნადების გარეშე. მომჩივანი სისტემატიურად აცხადებს აქციებს საქონელზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებების შეთავაზების გზით, ასევე ახდენს სასაქონლო ნაკრების შეთავაზებას თვის მომხმარებლებზე, რომელის გამოცხადებასაც ახდენს თავის “Facebook“ გვერდის საშუალებით. აქციები გრძელდება მინიმუმ 2 კვირა, რომლის დროსაც ხდება კონკრეტული სააქციო საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ დოკუმენტური რეალიზაციით დადგენილი ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდება აუდიტის მიერ კატეგორიების მიხედვით დადგენილი ფასნამატებისგან. დავების თითოეულ ეტაპზე აღნიშნავდნენ, რომ მომზადებული აქვთ ფასნამატის გაანგარიშების ალტერნატიული ცხრილი, სადაც გაშიფრულია ყველა მნიშვნელოვანი და მსხვილი კატეგორია, რომელიც გავლენას ახდენს გაანგარიშების სისწორეზე. გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს მიაწოდა დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, სადაც გაშიფრულია 21 მსხვილი და წვრილი კატეგორია. ზემოაღნიშნული კატეგორიები ემთხვევა აუდიტის დეპარტამენტის გაშიფრული კატეგორიების ჩამონათვალს. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დოკუმენტური ფასნამატის ცხრილი დაყოფილია 54 კატეგორიად, მომჩივნის მიწოდებული ცხრილიდან 20 კატეგორია ემთხვეოდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულ კატეგორიებს, რომელიც შეადგენს დოკუმენტური რეალიზაციის 98%-ს. აუდიტის დეპარტამენტის დამატებითი 34 კატეგორია იმდენად უმნიშვნელო ხვედრითი წილის არის, რომელსაც ვერანაირი მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნება საერთო შედეგზე, რადგან ამ 34 კატეგორიის ხვედრითი წილი მთლიან შეძენებში დაახლოებით 100 000 ლარია და თუ გავითვალისწინებთ კომპანიის ბრუნვას, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული იყო 13 000 000 ლარზე მეტი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების შედეგად დადგინდა 17 000 000 ლარამდე, ნათელია, რომ ვერანაირ საგრძნობ შედეგს ვერ გამოიღებდა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირებული პოზიცია უფრო გავს გადაანგარიშებაზე უარის თქმის მცდელობას, ვიდრე რეალურ მიზეზს. ამის საპასუხოდ მომჩივნის მიერ ხელახლა დამუშავდა დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციის ცხრილი, აუდიტის მიერ დამუშავებულ ცხრილში საქონელი დაყოფილ იყო 54 კატეგორიად, როგორც აღნიშნავს აუდიტის დეპარტამენტი. გადასახადის გადამხდელის მიერ დამუშავდა ცხრილი იმდაგვარად, რომ დაამთხვიეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაშიფრული კატეგორიების რაოდენობას, ასე რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ცხრილი უნდა მიიღოს აუდიტის დეპარტამენტმა და სიღრმისეულად შეისწავლოს და არ უგულებელყოს ისე, როგორც შესწავლის პირველ ეტაპზე.
მომჩივანი ითხოვს მისი უშუალო მონაწილეობით მოხდეს საჩივრის განხილვა, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის ხელახალი შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოხდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ძირითადი გადასახადისა და მასზე დარიცხული სანქციის შემცირების გზით.
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლებამოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას. ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის ბუნდოვანი განმარტებები.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა თანმდევი ნორმატიული აქტებით და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადისა და სანქციის (ჯარიმა-საურავი) სახით დარიცხული თანხების შემცირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 21.10.2024 წლის №23784/2/2024 გადაწყვეტილებით, პირველ დავის საგანთან დაკავშირებით:
- მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურ ფასნამატზე მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ორგანოს მიერ 2023 წლის 3 ივლისს ჩატარებულ ინვენტარიზაციასთან მიმართებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, კერძოდ, ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა განიხილოს დანაკლისად ინვენტარიზაციის ჩატარების და დანაკლისის აღმოჩენის მომენტში (ივლისის თვეში);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 დავის საგანთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველ დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნიდან ირკვევა, რომ:
- შემოწმების მიერ დავების პროცესში განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატის ცხრილის შესწავლა, გადაანგარიშების ფარგლებში მომჩივნის მიერ ხელახლა წარდგენილი ცხრილი გავლილ იქნა კომპანიის წარმომადგენელთან ერთად და შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ფასნამატის ცხრილში შეცვლილია ჯგუფები და ჯგუფებში არსებული საქონელი. აღნიშნულ ცხრილში წარმოდგენილია 21, ხოლო შემოწმების მიერ გამოვლენილია 52 ჯგუფი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში/ცხრილში არ განმარტავდა შემოწმების მიერ რა სახის შენიშვნები არ იყო გაკეთებული, გადაანგარიშების ფარგლებში საწარმოს წარმომადგენელმა ვერ წარადგინა ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებული არგუმენტები ან დასაბუთებული შენიშვნები, რომელიც შემოწმებას დაეხმარებოდა თავდაპირველ ცხრილთან მიმართებაში შესაბამისი ანალიზის განხორციელებაში. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
- საბჭოს 2024 წლის 21 ოქტომბრის №23784/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა, საგადასახადო ორგანოს მიერ 2023 წლის 3 ივლისს ჩატარებულ ინვენტარიზაციასთან მიმართებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა შემდეგნაირად: ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დანაკლისად ინვენტარიზაციის ჩატარების და დანაკლისის აღმოჩენის მომენტში. ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საწარმოს დღგ შეუმცირდა 165 369 ლარით, მათ შორის, გადასახადი - 110 246 ლარი, ჯარიმა - 55 123 ლარი; საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდა 57 057 ლარით, მათ შორის, გადასახადი - 38 038 ლარი, ჯარიმა - 19 019 ლარი; მოგების გადასახადი შეუმცირდა 201 377 ლარით, მათ შორის, გადასახადი - 134 251 ლარი, ჯარიმა - 67 126 ლარი. აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 72 272 ლარის ოდენობით. ამასთან, საწარმომ შესაბამის პერიოდში უნდა დაბეგროს ინვენტარიზაციით გამოვლენილი სმფ-ის დანაკლისი დღგ-ით, საგადასახადო კოდექსის 160-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად და მოგების გადასახადით, საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მათ მიერ ხელახლა დამუშავდა დოკუმენტური შეძენარეალიზაციის ცხრილი იმდაგვარად, რომ დაამთხვიეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაშიფრული კატეგორიების რაოდენობას. შესაბამისად, მომჩივნის მიერ წარდგენილი ცხრილი უნდა მიიღოს აუდიტის დეპარტამენტმა, სიღრმისეულად შეისწავლოს და არ უგულებელყოს იგი. გადასახადის გადამხდელი ითხოვს, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის ხელახალი შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოხდეს კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (მათ შორის, მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 დეკემბრის №249-34 საგადასახადო მოთხოვნა;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (მათ შორის, მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს №23784/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №15635 და №31778 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33073 ბრძანება და №249-36 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 2 617 461 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2 №4951 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. კეტძოდ: დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე შემოწმების მიერ გაანგარიშებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთსა და ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობა რეალიზებულად ჩაითვალოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №4951 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №22680/2/2024) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, ნაწილობრივ გააუქმა შემოსავლების სამსახურის №4951 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და ს №18822 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №23784/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.კერძოდ: მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურ ფასნამატზე მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები; დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა;
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ორგანოს მიერ 2023 წლის 3 ივლისს ჩატარებულ ინვენტარიზაციასთან მიმართებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, კერძოდ, ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა განიხილოს დანაკლისად ინვენტარიზაციის ჩატარების და დანაკლისის აღმოჩენის მომენტში (ივლისის თვეში); დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
დავების განხილვის საბჭოს №23784/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №26740 ბრძანება და №249-34 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 351 530 ლარით.კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (მათ შორის, მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“ ); 981;130; 136(1.3); 159; 174; 270(7) ;275; 291;