გადაწყვეტილება №20135/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20135/2/2023
09 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 3.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20135/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით დადგენილი ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №086-57 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13372 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 837 299 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 530 060
დღგ - 309 776
საშემოსავლო გადასახადი - 220 284
ჯარიმა - 265 030
საურავი - 42 209
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 19.01.2021 წლიდან 22.07.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 22.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
შემოწმების პროცესში გადამხდელთან სრულყოფილი კომუნიკაცია ვერ დამყარდა. გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრა (გადამხდელი მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო 2.09.2022 წელს დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 400 ლარით). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესწავლილია გადამხდელის მიერ საქონლის შეძენის და რეალიზაციის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სულ 2 143 883 ლარის პროდუქცია (დღგ-ის ჩათვლით). შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 616 144 ლარს. შემოწმებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით/დოკუმენტაციით გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის დადგენა ვერ მოხერხდა. ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით შემოსავლების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ გამოყენებულია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი, რაც გავრცელებულია შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ შეძენილ სმფ-ებზე (ბოსტნეული 36.32%, ხილი 25.51%, ლობიო 15.56%). შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს სულ 2 337 196 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმებით მიღებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა, სულ 1 721 052 ლარი, შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სალაროს ნაშთის შესახებ, ასევე ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით ელექტრონული დოკუმენტებით დადასტურებული ხარჯების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადამხდელს სალაროში უნდა გააჩნდეს ნაღდი ფულის ნაშთი სულ 881 137 ლარის ოდენობით. ფულის ნაშთის განკარგვის ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების შესახებ გადამხდელის მხრიდან ინფორმაცია არ წარდგენილა. შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით ჩაითვალა, რომ გადამხდელის სალაროს ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 0 ლარს. შემოწმებით დადგენილი საწარმოს ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით სულ 1 101 421 ლარი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2022 წლის №32885 ბრძანება და ამავე თარიღის №086- 57 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 23.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13372 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერად განხორციელდა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფასნამატს არ ეთანხმება ვინაიდან, შესყიდული ხილ-ბოსტნის 15%-20% სულ ფუჭდებოდა და ნაგავში იყრებოდა, რისი მარტივი მაგალითია ნებისმიერი ხილ-ბოსტნის მაღაზია, სადაც ვადაგასული ხილ-ბოსტანი იყიდება პირობით ფასში (50 თეთრად ან 1 ლარად) და თუ ვერ გაიყიდა ხდება გადაყრა. შეუძლებელია ამ ოდენობის ფასნამატით რეალიზაცია როცა კონკურენცია მაღალია და ახლოს უამრავი მაღაზიაა.
რაც შეეხება დოკუმენტების არ წარდგენას, შეუძლია წარმოადგინოს რასაც მოსთხოვენ, ხოლო აქამდე არ წარადგინა რადგან არ იცოდა და ასევე, ნერვიულობდა. ითხოვს სადავო დარიცხვის მოხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი (შემოწმების პროცესში სრულყოფილი კომუნიკაცია ვერ დამყარდა) ბუღალტრული აღრიცხვა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრა (გადამხდელი მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო 2.09.2022 წელს დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 400 ლარით). ასევე, გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სალაროს ნაშთის შესახებ და ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ.
მომჩივანი მიუთითებს, რომ შესყიდული ხილ-ბოსტნის 15%-20% სულ ფუჭდებოდა და ნაგავში იყრებოდა, შეუძლებელია შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატით საქონლის რეალიზაცია, როცა კონკურენცია მაღალია და ახლოს უამრავი მაღაზიაა. რაც შეეხება დოკუმენტების არ წარდგენას, შეუძლია წარმოადგინოს რასაც მოსთხოვენ.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით შემოსავლების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატის გამოყენება და შემოწმებით დადგენილი საწარმოს ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა მართებულია. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით დადგენილი ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი (შემოწმების პროცესში სრულყოფილი კომუნიკაცია ვერ დამყარდა) ბუღალტრული აღრიცხვა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრა (გადამხდელი მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო 2.09.2022 წელს დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 400 ლარით. ასევე, გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სალაროს ნაშთის შესახებ და ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ. მომჩივანი მიუთითებს, რომ შესყიდული ხილ-ბოსტნის 15%-20% სულ ფუჭდებოდა და ნაგავში იყრებოდა, შეუძლებელია შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატით საქონლის რეალიზაცია, როცა კონკურენცია მაღალია და ახლოს უამრავი მაღაზიაა. რაც შეეხება დოკუმენტების არ წარდგენას, შეუძლია წარმოადგინოს რასაც მოსთხოვენ.
გადაწყვეტილება
საბჭოს იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით შემოსავლების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატის გამოყენება და შემოწმებით დადგენილი საწარმოს ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა მართებულია. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 279(1);