ბრძანება N 22039
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22039
09 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 31 ივლისის საჩივრების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 აგვისტოსა და 19 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №86 და №101) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 31 ივლისის №91125/1/2024 და №91124/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივლისის №006-348 საგადასახადო მოთხოვნასთან, ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ივლისის №011-2460 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებასა და 18 ივლისის №2024/011- 2460/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს (37%) და სალაროს ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ შპს „-------“ მიერ 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდებში შეძენილი სხვადასხვა სახის ხორც-პროდუქტი რეალიზებულია არა მხოლოდ საცალოდ, არამედ დოკუმენტურად, რასაც ადასტურებს შპს „-------“ მიერ არაერთ კომპანიაზე გაწერილი სასაქონლო ზედნადებები. მიუთითებს, რომ დოკუმენტურ რეალიზაციაზე მყიდველებისგან თანხის მიღება ხდება როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. ფასნამატთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძირითადად ხდება საბითუმო რეალიზაცია და ფასნამატი მერყეობს 6-დან 10%-მდე და მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში ფიქსირდება 24%. ასევე, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ითხოვს იჯარით აღებულ მიწაზე საწყობისა და ფერმის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების სრულად გათვალისწინებას.
დამატებით აცხადებს, რომ ორჯერ მოხდა ერთიდაიმავე საქონლის რეალიზაციაზე გადასახადის დარიცხვა. კერძოდ, მიუთითებს, რომ შპს „-------“ გაყიდა დიდი ოდენობის სასაქონლო ნაშთი, რომელიც თავადვე დაადეკლარირა მაისის თვის დეკლარაციაში, თუმცა აღნიშნული ნაშთის რეალიზაცია შემოწმებამ (შესამოწმებელი პერიოდი 01.01.2021-01.03.2024მდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 27 მაისის ჩათვლით პერიოდი) არ გაითვალისწინა და თავიდან დაბეგრა, რის გამოც ორჯერ მოხდა ერთიდაიმავე საქონლის რეალიზაციაზე გადასახადის დარიცხვა და ბარათზე აისახა, როგორც აღიარებული ისე აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, გადამხდელს სურდა დადეკლარირებული თანხის შემცირება, რაც ვერ შეძლო, ვინაიდან მაისის თვე მოხვდა შესამოწმებელ პერიოდში. ამდენად, ითხოვს 2024 წლის მაისის თვის კორექტირებული დღგს დეკლარაციის გათვალისწინებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირების საფუძველზე გაწეული მომსახურების საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებად განხილვას და აუდირებულ/მესამე მხარესთან გადამოწმებული გადაზიდვის მომსახურების ღირებულების გავრცელებას. აცხადებს, რომ შპს „-------“ არ ეწევა სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურებას და მისთვის უცნობია, იმ კომპანიების ვინაობა, თუ ვინ იყენებდა მისი ავტომობილის ნომერს. ერთეულ შემთხვევებში ავტომობილი ათხოვა ნაცნობს მისი პირადი მიზნებისთვის, თუმცა არ მომხდარა ამის სანაცვლოდ კომპანიის მხრიდან რაიმე ოდენობის თანხის მიღება.
3. მომჩივანი არ ეთანხმება დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებას შორის სხვაობის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ შპს „-------“ აქვს შპს „-------“ მიმართ დავალიანება, რომელიც გახდა პრობლემური და დღეის მდგომარეობით აღნიშნულ კომპანიასთან მიმდინარეობს დავა, რაზეც წარმოადგენს დავის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ივლისის №011-2460 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებასა და 18 ივლისის №2024/011-2460/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს. აცხადებს, რომ მან ორივე გაასაჩივრა 30 დღის ვადაში და გაუგებარია, რატომ მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტმა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 მაისის №12091 და 17 ივნისის №14070 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 27 მაისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 4 ივლისის №15795 ბრძანება და ამავე თარიღის №006–348 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძელზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 350 843 ლარი, მათ შორის გადასახადი 224 787 ლარი, ჯარიმა 111 922 ლარი და საურავი 14 134 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „-------“ საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით. საწარმოს საქმიანობის ადგილი არის ქალაქ თბილისსა და ბათუმში. საწარმო ყიდულობს საქონელს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, იმპორტის გზით და შემდგომ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტის გარეშე. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“. გადამხდელთან 2024 წლის 27 მაისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა საწარმოს ფაქტობრივი ნაშთი 60 218 ლარის ოდენობით. საწარმოს 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა სახის ხორცპროდუქტები, რომლის რეალიზაცია ხორციელდებოდა დოკუმენტის გარეშე. შემოწმების ჯგუფმა იხელმძღვანელა ინვენტარიზაციის შედეგებით და დაიანგარიშა შემოწმების პერიოდის ბოლოსთვის არსებული სმფ-ის ნაშთი, ასევე, საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რპთ. აღნიშნულ რპთ-ზე შემოწმებამ გაავრცელა ხორცპროდუქტების აუდირებული ფასნამატი (37%) და დაანგარიშდა საწარმოს მიერ დამატებით მიღებული შემოსავლები. ასევე, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდებოდა საკუთარი კაპიტალი 581 426 ლარის ოდენობით, რომელთან დაკავშირებითაც შემოწმების პროცესში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა არაპირდაპირ დათვლილი თანხების შემცირება საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის, 49-ე, 159-ე, 101-ე, 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშებული დამატებით დადგენილი შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით და ვინაიდან დამატებით დადგენილი შემოსავლების აღრიცხვა არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდებოდა, შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება შპს „-------“ გარდა, გადაზიდვის მომსახურებას უწევდა სხვადასხვა პირს. აღნიშნული მომსახურებისგან მიღებული თანხები საწარმოს მიერ არ იყო აღრიცხული ბუღალტრულ აღრიცხვაში. გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებით, გადამხდელს დამატებითი წერილობითი ახსნაგანმარტება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, შემოწმების ჯგუფის მიერ გამოყენებული იქნა სხვადასხვა მიმართულებებზე აუდირებული და მესამე მხარესთან გადამოწმებული გადაზიდვის მომსახურების ღირებულებები. ასევე, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდებოდა საკუთარი კაპიტალი 581 426 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ჯგუფის მიერ გაანგარიშდა საწარმოს მიერ გაწეული მომსახურებების სრული ღირებულება, რომელიც დაიბეგრა დღგით, ხოლო საწარმოს მიერ მიღებულ ფულზე ჩაითვალა, რომ საწარმოს დამფუძნებელმა შეიმცირა საკუთარი კაპიტალი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“. აღნიშნული პროგრამის ანალიზის შედეგად, საწარმოს მომწოდებელზე - შპს „-------“-ზე (ს/ნ -------) სალაროდან გადახდილი ჰქონდა საქონლის შეძენის ღირებულება. მეორე მხარისგან ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდებოდა კრედიტორული დავალიანება 87 251 ლარის ოდენობით. გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდებოდა დებიტორული დავალიანება - შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ წარმოუდგენია აღნიშნული დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, აღნიშნული დავალიანებების სხვაობები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივლისის №006- 348 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ივლისის №011-2460 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებასა და 18 ივლისის №2024/011-2460/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელთან 2024 წლის 27 მაისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა საწარმოს ფაქტობრივი ნაშთი 60 218 ლარის ოდენობით. საწარმოს 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა სახის ხორცპროდუქტები, რომლის რეალიზაცია ხორციელდებოდა დოკუმენტის გარეშე. შემოწმების ჯგუფმა იხელმძღვანელა ინვენტარიზაციის შედეგებით და დაიანგარიშა შემოწმების პერიოდის ბოლოსთვის არსებული სმფ-ის ნაშთი, ასევე, საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რპთ. აღნიშნულ რპთ-ზე შემოწმებამ გაავრცელა ხორცპროდუქტების აუდირებული ფასნამატი (37%) და დაანგარიშდა საწარმოს მიერ დამატებით მიღებული შემოსავლები.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, სადაც აღნიშნავს, რომ შპს „-------“ სს „თიბისი ბანკისგან“ აღებული ჰქონდა სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ თანადაფინანსებული არაერთი სესხი. სასესხო დოკუმენტებიდან ნათლად იკითხება რა სახის და რა ოდენობის დანახარჯები გასწია საწარმომ, რათა აეშენებინა საწყობი და ფერმა, სადაც სამომავლოდ შეძლებდა ეკონომიკური საქმიანობის წარმოებას. განმარტავს, რომ გაწეული დანახარჯებიდან მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა შემოწმებამ, რის გამოც საწარმოს დირექტორზე ხელფასად დაკვალიფიცირდა არაგონივრულად დიდი ოდენობის თანხა. საჩივრებზე თანდართულია აუდიტორული დასკვნები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. ამასთან, საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რპთ-ზე ხორცპროდუქტების აუდირებული ფასნამატის გაანგარიშება, რამაც გამოიწვია დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების შედეგად მიღებული აღურიცხველი ფულადი შემოსავლები, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. თუმცა, საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება გადამხდელის არგუმენტს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას მოითხოვა 2024 წლის მაისის თვის კორექტირებული დღგ-ს დეკლარაციის გათვალისწინება და არ მოხდა მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენა დაუშვებელია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს/საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების/შეტყობინების ჩაბარებიდან ან ამ გადაწყვეტილების/შეტყობინების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად განთავსებიდან ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება შპს „-------“ გარდა, გადაზიდვის მომსახურებას უწევდა სხვადასხვა პირს. აღნიშნული მომსახურებისგან მიღებული თანხები საწარმოს მიერ არ იყო აღრიცხული ბუღალტრულ აღრიცხვაში. გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებით, გადამხდელს დამატებითი წერილობითი ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, შემოწმების ჯგუფმა გადაზიდვის ღირებულების განსაზღვრისას გამოიყენა სხვადასხვა მიმართულებებზე აუდირებული და მესამე მხარესთან გადამოწმებული გადაზიდვის მომსახურების ღირებულებები, რომელიც დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირების საფუძველზე გაწეული მომსახურების საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებად განხილვა და გადაზიდვის ღირებულების განსაზღვრა, რომელიც აღებული იქნა სხვადასხვა მიმართულებებზე აუდირებული და მესამე მხარესთან გადამოწმებული გადაზიდვის მომსახურების ღირებულებიდან მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საწარმოს მომწოდებელზე - შპს „-------“-ზე (ს/ნ -------) სალაროდან გადახდილი ჰქონდა საქონლის შეძენის ღირებულება. მეორე მხარისგან ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდებოდა კრედიტორული დავალიანება 87 251 ლარის ოდენობით. ასევე, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდებოდა დებიტორული დავალიანება - შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ წარმოუდგენია აღნიშნული დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებებს შორის არსებული სხვაობა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 17 სექტემბრის №011-5416 ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაუქმდა ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ივლისის №011-2460 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, აღნიშნული ბრძანების შესაბამისად შედგენილი ყადაღის აქტი და შპს „-------“ ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს დავის საგანი, შესაბამისად სახეზეა ამ ნაწილში საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. ამდენად, შპს „------- (ს/ნ -------) საჩივრები აღნიშნულ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივლისის №006-348 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან, კერძოდ, დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ივლისის №011-2460 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებასა და 18 ივლისის №2024/011-2460/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტთან დაკავშირებით, დარჩეს განუხილველი;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი და სალაროს ნაშთის ოდენობა;
2. კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირების საფუძველზე გაწეული მომსახურების საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებად განხილვა;
3. დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებას შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საწარმოს შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა სახის ხორცპროდუქტები, რომლის რეალიზაცია ხორციელდებოდა დოკუმენტის გარეშე. შემოწმების ჯგუფმა იხელმძღვანელა ინვენტარიზაციის შედეგებით და დაიანგარიშა შემოწმების პერიოდის ბოლოსთვის არსებული სმფ-ის ნაშთი, ასევე, საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რპთ. აღნიშნულ რპთ-ზე შემოწმებამ გაავრცელა ხორცპროდუქტების აუდირებული ფასნამატი და დაანგარიშდა საწარმოს მიერ დამატებით მიღებული შემოსავლები. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაზიდვის მომსახურებას უწევდა სხვადასხვა პირს. აღნიშნული მომსახურებისგან მიღებული თანხები საწარმოს მიერ არ იყო აღრიცხული ბუღალტრულ აღრიცხვაში. შემოწმების ჯგუფის მიერ გაანგარიშდა საწარმოს მიერ გაწეული მომსახურებების სრული ღირებულება. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
3. გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდებოდა დებიტორული დავალიანება. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ წარმოუდგენია აღნიშნული დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, აღნიშნული დავალიანებების სხვაობები, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაევალოს, განახორციელოს საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება; დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;