გადაწყვეტილება №18728/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18728/2/2023
31.03.2023
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,31.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 27.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18728/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. ინვენტარიზაციით გამოვლენილი აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №042-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №252 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 73 516 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 26 959
ჯარიმა - 44 606
საურავი - 1 951
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 7 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №17468 ბრძანება და №042-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №252 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობა უფიქსირდება 2021 წლის ივლისის თვიდან. დეკლარირებული ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 4 092 548 ლარს, საიდანაც 28%-ს შეადგენს დოკუმენტური რეალიზაცია. პირველადი დოკუმენტაციის და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით გაირკვა, რომ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2.1%-ს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 4 მაისის №11343 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და დადგენილმა ფასნამატმა ბენზინზე შეადგინა 7.3%, ხოლო დიზელზე 6.95%. აღნიშნული ფასნამატები აგრეთვე შესაბამისობაშია, ურთიერთდამოკიდებულ საწარმოში, იმავე ავტოგასამართ სადგურებზე გამოყენებულ აუდირებულ ფასნამატებთან. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია/არ აქვს წარდგენილი საქონლის მოძრაობის ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო წარდგენილი საწვავის აღრიცხვის ჟურნალებით დაფიქსირებული საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასები არსებითად შეუსაბამოა. კერძოდ, აღებულია წლის საშუალო ფასები, რაც იწვევს იმას, რომ კალენდარული წლის დასასრულისკენ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები არსებითად ნაკლებია თვითღირებულებაზე, ასევე დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასზე. არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზით შეუძლებელი გახდა საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასების, მიღებული შემოსავლების/დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. შესაბამისად, საცალოდ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრის მიზნით, შემოწმებით გამოყენებულ იქნა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, საანგარიშო პერიოდების (თვეების) მიხედვით საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი სახეობის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი. კერძოდ, ბენზინზე 7.3%, ხოლო დიზელზე 6.95%. შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა) დეკლარირებული დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49- ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე.
შემოსავლების სამსახურს მიიჩნია, რომ საცალოდ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, განმარტავს, რომ საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე მართლზომიერი და მიზანშეწონილია შემოწმების მიერ 2022 წლის 4 მაისის №11343 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი შესაბამისი სახეობის ფასნამატის გავრცელება უახლოეს/მომიჯნავე პერიოდებზე (2021 და 2022 წლები). აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არასწორად მიაჩნია, რადგან აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის თანახმად, დაცული აქვს პირობა რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, ოღონდ არა ელექტრონულად. გაუგებარია ციტატა შემოწმების აქტიდან: „გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია/არ აქვს წარმოდგენილი საქონლის მოძრაობის ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვა“, ასევე „ხოლო წარმოდგენილი საწვავის აღრიცხვის ჟურნალებით დაფიქსირებული საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასები არსებითად შეუსაბამოა, კერძოდ აღებულია წლის საშუალო ფასები, რაც იწვევს იმას, რომ კალენდარული წლის დასასრულისკენ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები არსებითად ნაკლებია თვითღირებულებაზე, ასევე დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასზე. არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზით შეუძლებელია საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასების, შესაბამისად მიღებული შემოსავლების დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა“ რაც არასწორია, რადგან ელექტრონული საბუღალტრო აღრიცხვა არ აქვს, ხოლო შემმოწმებლებს თავი არ შეუწუხებიათ ქაღალდების ქექვით და არაპირდაპირი მეთოდით დაარიცხეს გადასახადი და შესაბამისად ჯარიმასაურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საწვავის აღრიცხვის ჟურნალებით დაფიქსირებული საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასები არსებითად შეუსაბამოა, კერძოდ, აღებულია წლის საშუალო ფასები, რაც იწვევს კალენდარული წლის დასასრულისკენ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასების არსებითად ნაკლებობას თვითღირებულებაზე, ასევე დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასზე. არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზით შეუძლებელი გახდა საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასების, შესაბამისად მიღებული შემოსავლების/დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა.
აუდიტის დეპარტამენტი 30.03.2023 წლის №------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს იჯარით აქვს აღებული 3 ავტოგასამართი სადგური „--------“ -ში და სოფ.„--------“ -ში. შესამოწმებელ პერიოდში ფაქტობრივი ეკონომიკური საქმიანობა უფიქსირდება 2021 წლის ივლისის თვიდან, ხოლო აღნიშნულ პერიოდამდე, მხოლოდ იმავე ავტოგასამართ სადგურებზე ანალოგიურ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ), რომლის დამფუძნებლად და დირექტორად რეგისტრირებულია „ N1 --------“ - მომჩივანის დირექტორის „N2--------“ -ის დედა. შპს „„--------“ “-ის საკონტაქტო მონაცემებში მითითებულია N2 -ის მეილი და ტელეფონის ნომერი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შპს „------“ ასევე შემოწმებულია და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდით 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე ფასების ფიქსაციის საფუძველზე გაანგარიშებული ფასნამატით, რომელიც შეადგენდა 7%-ს. აღნიშნული ფასნამატი არსებითად შესაბამისობაშია 2022 წლის 4 მაისის №11343 ბრძანებით ჩატარებულ მომჩივანის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატთან, რომელმაც ბენზინზე შეადგინა 7.3%, ხოლო დიზელზე 6.95% და რომელიც გამოყენებულ იქნა შემოწმებით 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების განსასაზღვრად. რაც შეეხება აღრიცხვას და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლებს, სწორედ იმის საფუძველზე, რომ დეტალურად იქნა შესწავლილი, ჩაუტარდა ანალიზი წარდგენილ აღრიცხვის მატერიალურ ჟურნალებს და გამოირკვა, რომ წარმოდგენილი საწვავის აღრიცხვის ჟურნალებით დაფიქსირებული საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასები არსებითად შეუსაბამოა, კერძოდ აღებულია წლის საშუალო ფასები (სავარაუდოდ ერთბაშადაა შევსებული და მორგებული ჩეკებსა და ნაშთებზე), რაც იწვევს იმას, რომ კალენდარული წლის დასასრულისკენ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები არსებითად ნაკლებია თვითღირებულებაზე, ასევე დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასზე, გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. აღნიშნული შეუსაბამობებს ამყარებს აგრეთვე ის გარემოება, რომ 2-ჯერ მოხდა 2021 და 2022 წლებში ფასების და ფასნამატების შემოწმება და დაფიქსირდა ერთმანეთთან თითქმის იდენტური და დეკლარირებულისგან არსებითად შეუსაბამო ფასნამატები.
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მაგრამ არ უთითებს, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს მტკიცებულებებს/ინფორმაციას, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, არ წარმოადგენს არგუმენტს, თუ არა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისა, რა კონკრეტული მეთოდის, გაანგარიშების და მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნევს შესაძლებელად გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების დადგენას მართლზომიერად.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტებისაგან განსხვავებული გარემოებები, კვლავაც აღნიშნავს, რომ აღრიცხვა აქვს, მაგრამ ელექტრონულად რადგან არ ქონდა ნაწარმოები, არსებული დოკუმენტაცია შემმოწმებელს არ უნახია, ისე დაარიცხა გადასახადის გადამხდელს არაპირდაპირი მეთოდით, რაც არასწორად მიაჩნია. მაგრამ, კვლავაც არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტს, ინფორმაციას და არ მიუთითებს მტკიცებულებაზე, რაც მის პოზიციას გაამყარებდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. ინვენტარიზაციით გამოვლენილი აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 4 მაისის №11343 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და განისაზღვრა საქონლის ნაშთები 5 მაისის მდგომარეობით. მასალები შედეგის გამოყვანის მიზნით გადაგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში. კომპანიის პირველადი დოკუმენტაციის და საწვავის აღრიცხვის ჟურნალების ანალიზით განისაზღვრა ბუღალტრული ნაშთები საქონლის სახეობების მიხედვით. შედეგად, დიზელის ნაწილში ფაქტობრივმა ნაშთმა შეადგინა 75 193 ლიტრი, ხოლო ბუღალტრულმა 58 311 ლიტრი, გამოვლინდა აღურიცხველობა 16 882 ლიტრის ოდენობით. აღურიცხველი საქონლის საბაზრო ფასი შეადგენს 67 163 ლარს. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 33 581 ლარით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ და მე2 ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ნავთობპროდუქტების სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურასთან დაკავშირებით, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ აღნიშნულ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მიტანის ადგილად მითითებულია „------“, სადაც მომჩივანს ობიექტი, მათ შორის ავტოგასამართი სადგური არ გააჩნია, ამასთან, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება ან რაიმე დოკუმენტაცია არც ინვენტარიზაციისთვის და არც შემოწმებისთვის არ წარუდგენია და შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო საკითხთან დაკავშირებით აღმოაჩინა, რომელიც აღარ ახსოვდა, რადგან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რომ შენახვაზე ქონდა 16 320 ლიტრი დიზელის საწვავი. წარმოადგენს დანართის სახით ხელშეკრულებას შენახვაზე და ნავთობპროდუქტების სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურას. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.
შემოსავლების სამსახურში განხილვის დროს წამოიჭრა საკითხი სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დასრულების ადგილის თაობაზე, რაზეც აღნიშნა, რომ ის მისამართი რომელიც წერია მასში არის შემნახველის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მისამართი. აღნიშნულზე დამატებით წარმოადგენს შემნახველი პირის რეგისტრაციის მონაცემებს, რომელიც, თან არქონის გამო, მაშინ ვერ წარადგინა. სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მე-7 გრაფაში ტრანსპორტირების დასრულების მისამართი არ წერია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.
3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღურიცხველობა 16 882 ლიტრის ოდენობით.
მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ 16 320 ლიტრი დიზელის საწვავი შესანახად ქონდა გადაცემული, წარმოადგენს დანართის სახით ხელშეკრულებას და ნავთობპროდუქტების სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას. ამასთან აღნიშნავს, რომ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დასრულების ადგილის გრაფაში მითითებული მისამართი არის შემნახველის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მისამართი.
აუდიტის დეპარტამენტი 30.03.2023 წლის №------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, ის რომ გადასახადის გადამხდელი ინახავდა სხვა პირის საწვავს იჯარის საფუძველზე, აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს განმარტება ან რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება არც ინვენტარიზაციისას და არც შემოწმებისთვის არ წარუდგენია, შესაბამისად არ მომხდარა მისი ნამდვილობის გადამოწმება და შემოწმების შედეგებში ასახვა. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის არგუმენტს, რომ ინახავდა სხვა პირის საწვავს იჯარის საფუძველზე, მის მიერ წარმოდგენილია ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლითაც „N3 -------“-ს (პ/ნ ---------) შეძენილი აქვს დიზელის საწვავი 16 320 ლიტრის ოდენობით, აღნიშნულ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მიტანის ადგილად მითითებულია „-------“, სადაც მომჩივანს ობიექტი, მათ შორის ავტოგასამართი სადგური არ გააჩნია. ამასთან, გადასახადის გადამხდელი, საჩივარზე დანართის სახით, წარმოადგენს შემძენის რეგისტრაციის ადგილის შესახებ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ საწვავი მიტანილია მესაკუთრის მისამართზე და არა მომჩივანის ობიექტზე. შესაბამისად ამ ნაწილში დარიცხული ჯარიმის კორექტირების საფუძველი არ არსებობს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ N3 -მა იყიდა დიზელის საწვავი და რადგან არ ქონდა შესანახი ჭურჭელი მიიტანა გადასახადის გადამხდელის ავტოგასამართ სადგურში და ჩაასხა მის ავზში შესანახად, რისთვისაც იხდიდა საფასურს თვეში 200 ლარს, აღნიშნულზე დადებულია ხელშეკრულება, რომელიც წარადგინა. აღნიშნულიდან 6 თვის შემდგომ, ინვენტარიზაციით გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა აღურიცხავი საწვავი. აღნიშნულ საწვავის შეძენაზე არსებობს სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც წარადგინა, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული. საგადასახადო ანგარიშფაქტურის მე-7 გრაფაში არ წერია მისამართი, მაგრამ ამავე დოკუმენტში, მეორე ადგილზე მე-16 გრაფში წერია მისამართი „ -------“, რომელიც „N3 -------“ -ის საცხოვრებელი ადგილია, ხოლო გადამზიდავის გრაფაში მითითებულია თვითონ N2 (გადასახადის გადამხდელი). ამასთან, საწვავის დროებით შენახვაზე წარადგინა ხელშეკრულება შემოსავლების სამსახურში და თანხის გადახდაც ხდებოდა, მაგრამ მომჩივანი არც ამჟამად არ წარმოადგენს მისი არგუმენტის დამადასტურებელ კონკრეტულ მტკიცებულებას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დამატებით აღნიშნა, რომ სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარდგენილი იქნა მომჩივნის მიერ მოგვიანებით, დავის წარმოების პროცესში, მანამდე არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია, აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებულია მიტანის ადგილი „-------“, რომელიც „N3 -------“ -ის მისამართია და აღნიშნული დასტურდება ასევე, მომჩივნის მიერ საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი პირის რეგისტრაციის თაობაზე ამონაწერიდან, რაც იმას ადასტურებს, რომ საწვავის მიტანის ადგილია მისი საცხოვრებელი ადგილი და არსად არ არის მითითებული მომჩივნის ავტოგასამართი სადგურის მისამართი. ხელშეკრულებაც, რაც ასევე წარადგინა მომჩივანმა დავის წარმოების პროცესში შემოსავლების სამსახურში, მისთვის ცნობილია, ხელშეკრულებაში წერია, რომ შენახვის საფასური თვეში არის 200 ლარი, მაგრამ არსად არ ჩანს, რომ ფული აქვს მიღებული საწვავის შენახვისათვის, არსად არ ჩანს არც ბანკში და არც აღრიცხვაში, მეორეც თუ უხდიდა, მომჩივანს თავად არ აქვს შემოსავალში აღრიცხული და დაბეგრილი.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.