გადაწყვეტილება №22578/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22578/2/2024
16 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 16.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22578/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
3. სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმა;
4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №125-48 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.02.2024 წლის №3982 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 68 524,46 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 35 007
დღგ - 23 821
მოგების გადასახადი - 29
საშემოსავლო გადასახადი - 11 113
ქონების გადასახადი - 44
ჯარიმა - 30 681
საურავი - 2 836,46
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 22.09.2022 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №125-48 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.02.2024 წლის №3982 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების პროცესში გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაცია.
საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადასახადის გადამხდელს არ აქვს საბუღალტრო პროგრამა. შეძენის და რეალიზაციის ანალიზის საფუძველზე, დაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისი კატეგორიის მიხედვით. შემოწმებით მთლიანი შესყიდვა დაიყო 8 კატეგორიად და თითოეულ კატეგორიაზე გავრცელებულ იქნა შესაბამისი კატეგორიის დოკუმენტურად დადგენილი ფასნამატი. გადამხდელს გაზრდილი ბრუნვიდან გამომდინარე დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერად განხორციელდა დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება და მისი თითოეულ კატეგორიაზე გავრცელება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას აქვს საბუღალტო აღრიცხვა, რომელსაც აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა ფინაში, რომლითაც შესაძლებელი იყო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, რის გამოც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. ასევე კომპანიას აქვს დოკუმენტური რეალიზაცია და მხოლოდ საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატის განსაზღვრა არასწორია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვითხოვთ არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული თანხების სრულად შემცირებას. იმ შემთხვევაში თუ არაპირდაპირი მეთოდით უნდა განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი ბრძანებით №22708 „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“-ს დანართი №10 „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მონაცემებით, საცალო რეალიზაცია გავრცელდეს საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული, დოკუმენტური ფასნამატი და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატი, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლა და დარიცხული თანხების შემცირება (კორექტირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს საბუღალტრო პროგრამა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებულია მომჩივნის დოკუმენტური ფასნამატი. საკონტროლო შესყიდვით დაფიქსირებული ფასნამატი გაცილებით მეტია დოკუმენტურ ფასნამატზე და არ იქნა გამოყენებული. მომჩივანს საბუღალტრო პროგრამა არ ჰქონდა და არ წარმოუდგენია შემოწმების დროს, კომუნიკაციისას განმარტა, რომ პროგრამა ახალი შეძენილი ჰქონდა და იყენებდა მხოლოდ სალაროსთან საქონელის სკანირების მიზნით და რადგან სრულყოფილი არ არის ვერ წარმოადგენდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა კატეგორიის მიხედვით გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე, ჩატარებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, დებიტორ-კრედიტორებიდან მიღებული ინფორმაცია. გაანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე ---------- (პ/ნ ----------) გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, აღნიშნული პრინციპით განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემები დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. საზოგადოებას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
სრულყოფილად არაა გაანგარიშებული ფული მოძრაობის ანგარიშგება და არაა გათვალისწინებული ყველა ხარჯი. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანებით №22708 „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“-ს დანართი N9 „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლა და დარიცხული თანხების შემცირება (კორექტირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ფულის ნაშთის გაანგარიშების დროს გათვალისწინებულია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები, ასევე გამოკლებულია კაპიტალში შეტანილი თანხაც გადამხდელის განცხადების შესაბამისად. ხარჯების ნაწილში შემოწმებით თანხა არ შემცირებულა. საგადასახადო დავის ეტაპებზე მომჩივანს გაანგარიშება, ცხრილი ან/და დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმებით გათვალისწინებულია წარდგენილი დოკუმენტები და ახსნა-განმარტება, საბჭო მიიჩნევს, რომ ფულის ნაშთი გაანგარიშებულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.09.2023 წლის №23490 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლინდა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ღირებულებით 26 378 ლარის ოდენობით, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 13 189 ლარით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში სადავო საკითხი მითითებული არ არის.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტების გარეშე შეძენები, რის გამოც არ ვეთანხმებით საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ 50% ჯარიმას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, თითოეული შეძენა შესწავლილია დეტალურად და გამოვლენილი იქნა ისეთი საქონელი, რომელიც საერთოდ არ აქვს შეძენილი არცერთი დოკუმენტის მიხედვით და გარკვეული კატეგორიის საქონელი შეძენილია თუმცა არა იმ რაოდენობით, რაც გააჩნდა ფაქტიურად. ინვენტარიზაციის შედეგების ნაწილში ფაქტობრივი აღწერის ცხრილი შედგენილი იყო მომჩივნის შენიშვნების გათვალისწინებით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 17 492 ლარი და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით 13 189 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №125-48 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 2 836,46 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში სადავო საკითხი მითითებული არ არის.
მომჩივნის არგუმენტაცია
იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდება დარიცხული ძირითადი გადასახადის შემცირება, გთხოვთ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი გაგვათავისუფლოთ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №125-48 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისაგან (ჯარიმა და საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
3. სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმა;
4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელს არ აქვს საბუღალტრო პროგრამა. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებულია მომჩივნის დოკუმენტური ფასნამატი. საკონტროლო შესყიდვით დაფიქსირებული ფასნამატი გაცილებით მეტია დოკუმენტურ ფასნამატზე და არ იქნა გამოყენებული. მომჩივანს საბუღალტრო პროგრამა არ ჰქონდა და არ წარმოუდგენია შემოწმების დროს, კომუნიკაციისას განმარტა, რომ პროგრამა ახალი შეძენილი ჰქონდა და იყენებდა მხოლოდ სალაროსთან საქონელის სკანირების მიზნით და რადგან სრულყოფილი არ არის ვერ წარმოადგენდა.
2. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ფულის ნაშთის გაანგარიშების დროს გათვალისწინებულია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები, ასევე გამოკლებულია კაპიტალში შეტანილი თანხაც გადამხდელის განცხადების შესაბამისად. ხარჯების ნაწილში შემოწმებით თანხა არ შემცირებულა. საგადასახადო დავის ეტაპებზე მომჩივანს გაანგარიშება, ცხრილი ან/და დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.
3. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, თითოეული შეძენა შესწავლილია დეტალურად და გამოვლენილი იქნა ისეთი საქონელი, რომელიც საერთოდ არ აქვს შეძენილი არცერთი დოკუმენტის მიხედვით და გარკვეული კატეგორიის საქონელი შეძენილია თუმცა არა იმ რაოდენობით, რაც გააჩნდა ფაქტიურად. ინვენტარიზაციის შედეგების ნაწილში ფაქტობრივი აღწერის ცხრილი შედგენილი იყო მომჩივნის შენიშვნების გათვალისწინებით.
4. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ყველა ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 286(4).