გადაწყვეტილება №28164/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.10.2026
№ დოკუმენტი 28164/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28164/2/2026

28 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „-------“-ის 25.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28164/2/2026).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №007-238 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.06.2026 წლის №12694 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 40 203.21 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 25 076

ჯარიმა - 9 682

საურავი - 5 445.21

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2023 წლის №16997 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2020 წლიდან 11.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 12.09.2023 წლის №22123 ბრძანება და ამავე თარიღის №007-238 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.10.2023 წლის №26130 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, მომჩივანმა რამდენჯერმე (7.12.2023წ., 4.03.2024წ., 23.04.2024წ., 12.06.2024წ., 2.10.2024წ., 15.11.2024წ.) მიმართა ვალისა მართვის დეპარტამენტს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და შეთავაზებული პირობებით შემოსავლების სამსახურის მიერ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა საგადასახადო შეთანხმების გაფორმება.

მომჩივანმა 11.03.2026 წელს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 8.04.2026 წლის №8426 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №007-238 საგადასახადო მოთხოვნასთან და საგადასახადო შეთანხმებასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8426 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 30.04.2026 წლის №27152/2/2026 (რეგ. 11.05.2026წ. 03/33750) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №007-238 საგადასახადო მოთხოვნაზე და დავის განახლებაზე, ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

შემოსავლების სამსახურის 10.06.2026 წლის №12694 ბრძანებით საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №007-238 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახურის 10.06.2026 წლის №12694 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2023 წლის №16997 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2020 წლიდან 11.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

- გადასახადის გადამხდელი ახორციელებს სესხის სახით გაცემული თანხის სანაცვლოდ საპროცენტო სარგებლის მიღებას, ასევე სესხად გაცემული ფულადი სახსრების უზრუნველყოფას ახორციელებს თანხის მსესხებელი პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, ნასყიდობაგამოსყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე. შემოწმებამ მოახდინა გადასახადის გადამხდელის მიერ გაფორმებული ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებების ანალიზი და კონკრეტულ ოპერაციებზე მისაღები სარგებლის განსაზღვრისთვის დაეყრდნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

- მომჩივანს 2020 წელს რეალიზებული აქვს ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მის საკუთრებაში გადასული უძრავი ქონება, ასევე დგინდება, რომ 2022 წელს ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებით გასხვისებული აქვს უძრავი ქონება, რომლის გამოსყიდვის ვალდებულებაც არ შეასრულა გადასახადის გადამხდელმა.

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 308-ე მუხლზე, 299-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და საჩივრის განხილვის დროს დადგენილ გარემოებაზე, რომ პირი ახორციელებს სესხის სახით გაცემული თანხის სანაცვლოდ საპროცენტო სარგებლის მიღებას და სესხად გაცემული ფულადი სახსრების უზრუნველყოფას ახდენს მსესხებელი პირის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონებით, ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე. შემოწმებამ მოახდინა გადამხდელის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზი და კონკრეტული ოპერაციებზე მისაღები სარგებლის განსაზღვრისთვის დაეყრდნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამასთან, პირს რეალიზებული აქვს ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მის საკუთრებაში გადასული უძრავი ქონება, ასევე ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გასხვისებული აქვს უძრავი ქონება, რომლის უკან გამოსყიდვაც არ მომხდარა. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს, მის მიერ მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე, განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის განახლების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ისეთი გარემოებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით უსაფუძვლოდ ეთქვა უარი ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო, 12.09.2023 წლის №007-238 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებასა და წარმოების განახლებაზე.

საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „ი“, „კ“, „მ“, „ნ“, „პ“ ქვეპუნქტებზე, 271-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და საჩივარში შესაბამისი მტკიცებულებებზე მითითებით საგადასახადო ორგანოს აცნობა, რომ მას ეკონომიკური საქმიანობა - ფულის სარგებლით გასესხება, არასდროს განუხორციელებია. მას და სხვა პირებს შორის დადებული მოჩვენებით და თვალთმაქცური გარიგებით შეინიღბა ბიცოლამისის მიერ წარმოებული ეკონომიკური საქმიანობა. ბიცოლამ და მისმა ოჯახის წევრებმა, შვილებმა ჩაიდინეს დანაშაული. მათი ოჯახი, როგორც სოციალურად დაუცველი, წლების განმავლობაში იღებდა შემწეობას, მაშინ როცა ოჯახი თითქოსდა მის მიერ დადებული გარიგების საფუძველზე იღებდა შემოსავალს - ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. მისი განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება ფინანსურ პოლიციაში, რომელმაც რეაგირებისთვის მისი საჩივარი გაუგზავნა პროკურატურას.

შემოსავლების სამსახურმა არ შეასრულა საგადასახადო კოდექსის ზემოხსენებული მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებები, შესაბამისად აქტი ეფუძნება შეუსწავლელ და გაურკვევლ მასალებს, რაც წარმოადგენს აქტის ბათილად ცნობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძველს.

აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების ბათილად ცნობას და შემოსავლების სამსახურმა მოახდინოს რეაგირება საჩივარში მითითებულ ფაქტებზე.

გარდა იმისა, რომ მომართავს საბჭოს, ასევე მიმართავს საქართველოს პროკურატურას იმ პირების (მოხელეების) პასუხისგებაში მიცემის მიზნით, რომელიც არ ასრულებენ თავის ვალდებულებას არ რეაგირებენ იმ ფაქტზე, რომ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახი, რომელიც იღებდა ფინანსურ დახმარებას, მისი გამოყენებით ეწეოდა საქმიანობას (მოატყუეს, რომ მისი ბიძაშვილი, რომელზეც გაცემული იყო მინდობილობა, გადაიხდიდა კანონით გათვალისწინებულ გადასახადს) და იღებდა შემოსავალს. ამ სამართალდარღვევების შესახებ ცნობილია შემოსავლების სამსახურის მოხელეებისთვის, მაგრამ არ ახდენენ რეაგირებას. ამიტომ მიმართავს პროკურატურას და ითხოვს შესაბამის რეაგირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს აცნობა, რომ მას ეკონომიკური საქმიანობა - ფულის სარგებლით გასესხება, არასდროს განუხორციელებია. მას და სხვა პირებს შორის დადებული მოჩვენებით და თვალთმაქცური გარიგებით შეინიღბა მისი ნათესავების მიერ წარმოებული ეკონომიკური საქმიანობა. მათი ოჯახი, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლებიც წლების განმავლობაში იღებდნენ შემწეობას, თითქოსდა მის მიერ დადებული გარიგების საფუძველზე იღებდნენ შემოსავალს - ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნულ ფაქტზე მისი განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება.

შემოსავლების სამსახური გასაჩივრებულ ბრძანებაში მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ისეთი გარემოებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

საბჭო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებაში იგულისხმება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არსებობდა სადავო ადმინისტრაციული აქტის მიღების მომენტში, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო მომჩივანმა არ იცოდა, ან არ შეეძლო სცოდნოდა მისი არსებობის შესახებ. ამასთან, აღნიშნული გარემოება უნდა იყოს ისეთი არსებითი ხასიათის, რომ მისი არსებობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით და მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2023 წლის №16997 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2020 წლიდან 11.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 12.09.2023 წლის №22123 ბრძანება და ამავე თარიღის №007-238 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.10.2023 წლის №26130 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 11.03.2026 წელს კვლავ საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 8.04.2026 წლის №8426 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №007-238 საგადასახადო მოთხოვნასთან და საგადასახადო შეთანხმებასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და საქმეში არსებულ მასალებზე მითითებით არკვევს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №007-238 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26130 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო 8.04.2026 წლის №8426 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით სადავოა აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №007-238 საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელთან აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ შემოწმების შედეგებზე გამოცემული 25.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, 12.09.2023 წლის №22123 ბრძანება და ამავე თარიღის №007-238 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურში გასაჩივრდა ორჯერ, რაზეც გამოიცა შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26130 და 8.04.2026 წლის №8426 ბრძანებები.

ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის („-------“) მიმართ იმავე დავის საგანზე (აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №007-238 საგადასახადო მოთხოვნა), იმავე ორგანოს (შემოსავლების სამსახური) მიერ მიღებული (24.10.2023 წლის №26130 და 8.04.2026 წლის №8426 ბრძანებები) გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის ამ ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების ბათილად ცნობას და მათ მხრიდან რეაგირებას.

2.მომჩივნის არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელი ახორციელებს სესხის სახით გაცემული თანხის სანაცვლოდ საპროცენტო სარგებლის მიღებას, ასევე სესხად გაცემული ფულადი სახსრების უზრუნველყოფას ახორციელებს თანხის მსესხებელი პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, ნასყიდობაგამოსყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე. შემოწმებამ მოახდინა გადამხდელის მიერ გაფორმებული ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებების ანალიზი და კონკრეტულ ოპერაციებზე მისაღები სარგებლის განსაზღვრისთვის დაეყრდნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. - მომჩივანს 2020 წელს რეალიზებული აქვს ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მის საკუთრებაში გადასული უძრავი ქონება, ასევე დგინდება, რომ 2022 წელს ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებით გასხვისებული აქვს უძრავი ქონება, რომლის გამოსყიდვის ვალდებულებაც არ შეასრულა გადასახადის გადამხდელმა. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლით.

2.აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2023 წლის №16997 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2020 წლიდან 11.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა 11.03.2026 წელს კვლავ საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 8.04.2026 წლის №8426 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №007-238 საგადასახადო მოთხოვნასთან და საგადასახადო შეთანხმებასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით და მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის ამ ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება მართებულია.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

308,301.