გადაწყვეტილება №22934/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22934/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 19.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22934/2/2024).
დავის საგანი:
1. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება;
2. დაკისრებული სანქციისგან (საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №021-127 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7288 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 309 275 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 204 406
ჯარიმა - 102 203
საურავი - 2 666
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა „----------“ საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია ეა---------- №---------- დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №33667 ბრძანება და №021-127 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7288 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №021-127 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7288 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება
ფაქტების აღწერა
„----------“ 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა---------- №----------) საფუძველზე. აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული საქონლის (უძრავი ქონება) მიწოდება, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულია დღგისგან ჩათვლის უფლებით. შემოწმების მიერ დაკორექტირდა „----------“ მიერ 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი თანხა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
/შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 175-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და 81-ე ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, განმარტავს, რომ აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2020 წლის 3 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა (ამავე დროს არის დღგ-ის გადამხდელი პირი) შპს „----------“ ოცდაათი ერთეული უძრავი ქონება, აღნიშნული ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაიხადა უძრავი ქონების ღირებულების საფასური 1 340 000 (მილიონ სამას ორმოცი ათასი) ლარი, რომელიც მოიცავდა სახელმწიფოსთვის განკუთვნილ ყველა გადასახადს. ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე, ვინაიდან გამყიდველი ასევე იყო დღგ-ის გადამხდელი, 2021 წლის 17 იანვარს გამოწერა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---------- №----------, რომელიც მისი მხრიდან დადასტურდა 2021 წლის 18 იანვარს.
2021 წლის 23 აპრილს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გამოიცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) №12274, რის საფუძველზეც დაინიშნა მისი საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ხოლო 2022 წლის 6 აპრილს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამანეტის მიერ გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) №8599, რის საფუძველზეც მოხდა 2021 წლის 23 აპრილს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამანეტის №12274 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება.
მიუხედავად ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა, 2023 წლის 27 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №33293 ბრძანებით დაინიშნა კამერალური საგადასახადო შემოწმება ხელმეორედ, რომლის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2023 წლის 28 დეკემბრის №33667 ბრძანება და №021-127 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე დარიცხულმა თანხამ შეადგინა სულ 309 275 ლარი, რომლითაც გადასახადის სახით დაერიცხა 204 406 ლარი, ჯარიმა 102 203 ლარი და საურავი 2 666 ლარი.
აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამყიდველი შპს „----------“ გათავისუფლებული იყო დღგის ჩათვლისაგან. აღნიშნულ ქმედების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს შემდეგი გარემოებების გამო, კერძოდ:
2020 წლის 3 დეკემბერს, როგორც უკვე აღნიშნა, შეიძინა 30 ერთეული უძრავი ქონება შპს „----------“. მხარეებს შორის 2020 წლის 3 დეკემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველ ნაწილში პირდაპირ არის მითითებული, რომ საგნის ღირებულება მოიცავს ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ-ს. ასევე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილში წერია, რომ მყიდველმა სრულად შეასრულა ვალდებულება და გადაიხადა ნასყიდობის ღირებულების საფასური სრულად. ვინაიდან, ორივე მხარე იყო დღგ-ის გადამხდელი გამყიდველმა (შპს „----------“) გამოწერა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რასაც თავის მხრივ დაეთანხმა მყიდველი, გაუგებარია რატომ არის გამყიდველი გათავისუფლებული დღგ-ისგან ან/და თუ გათავისუფლებული იყო, რატომ გამოწერა დღგის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კოდექსი სახელმძღვანელოა ადმინისტრაციული უწყებებისთვის, მათ შორის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვისაც. მოცემული ქეისის შემთხვევაში სახეზეა კანონის უხეში დარღვევა შესაბამისი ადმინისტრაციული უწყების მხრიდან. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი აქვს კეთილსინდისიერი შემძენის და გადასახადის გადამხდელის ორმაგად დაზარალებას.
მომჩივანი ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ სახეზეა საგადასახდო ორგანოს მხრიდან კანონის უხეში დარღვევა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და რომ ვინაიდან ორივე მხარე, როგორც გამყიდველი, ასევე მყიდველი, რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, შესაბამისად, სრული უფლება ქონდა, ჩაეთვალა გამყიდველის მიერ გამოწერილი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (ეა---------- №----------) გათვალისწინებული დღგ, კანონი პირდაპირ არეგულირებს დღგ-ის ჩათვლის პროცედურებს, კერძოდ, წარმოეშვა ჩათვლის უფლება იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც მოხდა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერა გამყიდველის მხრიდან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კანონმდებლობით, ჩათვლის გაუქმება და მითუმეტეს გადასახადის და სანქციების დარიცხვა მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერს (შპს ----------) გაუუქმდებოდა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც არ მომხდარა და შესაბამისად ამ საფუძვლით, გასაუქმებელია მის მიმართ მიღებული არაკანონიერი გადაწყვეტილება დღგ-ის და სანქციების დარიცხვის შესახებ.
მიუთითებს საგადასახადო კოდექსი 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 187-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ადგილი არ ჰქონია დოკუმენტების გაყალბებას, არ შემდგარა ფიქტიური გარიგება ან უსაქონლო ოპერაცია. ყველა უძრავი ქონება, რომელიც მყიდველმა შეიძინა გამყიდველისგან ირიცხება ან/და ირიცხებოდა საჯარო რეესტრში მყიდველის საკუთრებად. ასევე, აუდიტის სამსახურს, ერთის მხრივ აქვს პოზიცია, რომ შპს „----------“ არ იყო უფლებამოსილი გამოეწერა, ხოლო მას მოეხდინა დღგ-ის ჩათვლა, ხოლო მეორეს მხრივ, ჯერ არ აქვს გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა---------- №----------) გაუქმების თაობაზე. ერთის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ შპს „----------“ გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისგან, დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა---------- №----------) უკანონოა და ითხოვს ჩათვლილი თანხის, ჯარიმისა და საურავის გადახდას, ხოლო მეორეს მხრივ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა---------- №----------), რომლის საფუძველზეც მოახდინა დღგ-ის ჩათვლა, დღემდე არ არის გაუქმებული. დღეის მდგომარეობითაც სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის მოქმედი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ- ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტებია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და 81-ე ნაწილების თანახმად:
79. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;
ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;
გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა შპს „----------“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული უძრავი ქონების მიწოდება, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, საგადასახადო შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი დღგ.
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს ქმედებას და აღნიშნავს, რომ 2020 წლის 3 დეკემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეისყიდა 30 ერთეული უძრავი ქონება შპს „----------“, ვინაიდან, ორივე მხარე იყო დღგ-ის გადამხდელი გამყიდველმა გამოწერა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო მყიდველმა ჩაითვალა გამოწერილი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (ეა---------- №----------) გათვალისწინებული დღგ, ჩათვლის გაუქმება და მითუმეტეს გადასახადის და სანქციების დარიცხვა მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამომწერს (შპს „----------“) გაუუქმდებოდა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც არ მომხდარა. ერთის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ შპს „----------“ გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისგან, დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა---------- №----------) უკანონოა და ითხოვს ჩათვლილი თანხის, ჯარიმისა და საურავის გადახდას, ხოლო მეორეს მხრივ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა---------- №----------), რომლის საფუძველზეც მოახდინა დღგ-ის ჩათვლა, დღემდე არ არის გაუქმებული და დღეის მდგომარეობითაც სადავო ანგარიშ-ფაქტურა არის მოქმედი.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციებზე დამატებით აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელმა შეიძინა უძრავი ქონებები, გადაამოწმა იყო თუ არა გამყიდველი დღგ-ის გადამხდელი, გადაიხადა თანხა, რომელიც მოიცავდა ყველა გადასახადს და ქონება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განახორციელა დღგ-ის ჩათვლა, მაგრამ შემოწმების შედეგად გაუქმდა მიღებული ჩათვლა, რის გამოც ზიანდება კეთილსინდისიერი შემძენი და გადამხდელი. ის რომ გამყიდველს არ ქონდა უფლება გამოეწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მათთვის ცნობილი გახდა 2023 წელს სექტემბერში და მანამდე აღნიშნული ცნობილი არ იყო არათუ მათთვის, ასევე საგადასახადო ორგანოსათვის. როგორც მათთვის ცნობილი გახდა მიმდინარეობს შპს „----------“ (გამყიდველი) შემოწმება, მაგრამ დღეის მდგომარეობით სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაუქმებული არ არის საგადასახადო ორგანოს მიერ.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული ოპერაცია შპს „----------“ დაბეგრილი აქვს თავის დროზე და გადასახადი გადახდილი, მაგრამ შემოწმება ეხლა გადაანგარიშების ეტაპზეა და მას უმცირდება დარიცხული თანხები, რადგან მერიიდან მიღებული ინფორმაციით მასზე ვრცელდება შეღავათი, სადავო ოპერაციის ფარგლებში იგი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. აღნიშნული მათთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც შპს „----------“ სადავოდ გადახადა საკითხი და ითხოვა გადახდილი თანხების შემცირება, სწორედ ამის საფუძველზე მოხდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ინფორმაციის გამოთხოვა მერიისგან.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს სხდომაზე მხარეთა მოსმენისა და პოზიციების გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერთან (შპს „----------“) მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება განხორციელებულ კონკრეტულ ოპერაციაზე დარიცხვის კანონიერებაზე და საჩივრის განხილვის ეტაპზე შემოწმება დასრულებული არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად (შპს „----------“ საგადასახადო შემოწმების შედეგების გათვალისწინებით) უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
2. დაკისრებული სანქციისგან (საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა 102 203 ლარი და განესაზღვრა საურავი 2 666.46 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ ის არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და შემძენი, მის მიერ მოხდა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება და ჩათვლა, მისთვის უცნობი იყო იმ გარემოების შესახებ, რომლითაც მას არ ჰქონდა შპს „----------“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით ჩათვლის მიღების უფლება და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, „----------“ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №021-127 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლზე, 272-ე მუხლზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ არის კეთილსინდისიერი შემძენი და გადასახადის გადამხდელი, მის მიერ მოხდა გამყიდველის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება და კანონის სრული დაცვით მოახდინა მისი ჩათვლა. მისთვის დღემდე ბუნდოვანია რის საფუძველზე შპს „----------“ არ ჰქონდა დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება.
მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობი იყო ის გარემოება, რომ არ ქონდა შპს „----------“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის ჩათვლის უფლება, ასევე უცნობი იყო საგადასახადო ორგანოებისთვის. როგორც უკვე აღნიშნა, დღემდე არ არის ბრძანება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა---------- №----------) გაუქმების თაობაზე, რითაც დადგინდებოდა, რომ შპს „----------“ არასწორად გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და ჯარიმის გამოყენება სრულიად მიუღებელია. მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როცა მიღებული ჩათვლა გამოყენებულიც არ არის მის მიერ და აქტის შედგენამდე გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა 190 000 ლარზე მეტი იყო. მისთვის უცნობი იყო და არა მარტო მისთვის, ასევე აუდიტის დეპარტამენტისთვისაც უცნობი იყო, რომ დღგ-ის ჩათვლის უფლება არ ქონდა მყიდველს, რასაც ადასტურებს თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 მაისის წერილი (№----------, ადრესატი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი). წერილით დგინდება, რომ გამყიდველი ბუნდოვანი ადმინისტრაციული აქტით (№1986) შეყვანილია დღგისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულთა ნუსხაში.
მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ჰიპოთეტურადაც კი, რომ დავუშვათ, მყიდველს ჰქონდა ვალდებულება გადასახადის გადახდაზე, აღნიშნულის თაობაზე მყიდველი 2023 წლის 28 დეკემბრამდე საერთოდ არ იყო ინფორმირებული.
აუდიტის დეპარტამენტის ქმედებით გამოდის, რომ შპს „----------“ წარმომადგენლობამ დააზარალა უძრავი ქონების შეძენით და უწევს ორჯერ უფრო მეტი თანხის გადახდა, ვიდრე ეს გათვალისწინებული არის მოქმედი კანონით.
აუდიტის დეპარტამენტის ქმედებამ მიაყენა კეთილსინდისიერ შემძენს და გადასახადის გადამხდელს ორმაგი ფინანსური ზიანი. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, დაუშვებელია კეთილსინდისიერი სუბიექტის დაზარალება უსამართლოდ. საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.
დაკისრებული ჯარიმა, ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდა 2024 წლის 26 იანვარს შემოსავლების სამსახურში და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7288 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი და გაუქმდა მხოლოდ დარიცხული ჯარიმა 102 203 ლარის ოდენობით და არა სანქცია სრულად. თუმცა მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კვლავ უკანონოა და უსამართლო შემდეგი გარემოებების გამო:
რამდენადაც ცნობილია, ჯერ არ დასრულებულა შპს „----------“ დავის პროცესი და შემოსავლების სამსახური ორივე მხარეს, როგორც მას, ასევე შპს „----------“ სთხოვს თანხის გადახდას. სტატუსი რამდენადაც გაარკვია ჯერ არ შეცვლილა. შესაბამისად, ისმის კითხვა, როგორ უნდა მოითხოვოს თანხის დაბრუნება, როდესაც შპს „----------“ მხრიდან ბრალეული ქმედება ჯერჯერობით დადგენილი არ არის. უკანონო ქმედებას ამ შემთხვევაში ახორციელებს შემოსავლების სამსახური. უკანონო ქმედება გამოიხატება მის მოთხოვნაში, რის თანახმადაც, ორივე გადასახადის გადამხდელისგან ითხოვს დღგ-ის გადახდას. მისგან, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელისგან სრულიად უსაფუძვლოდ ითხოვს თანხის გადახდას და მასთან ერთად აკისრებს საურავის გადახდას.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ითხოვს საჩივრის სრულად დაკმაყოფილებას.
დავების განხილვის სამსახურის რეკომენდაცია
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ უცნობი იყო ის გარემოება, რომ არ ქონდა შპს „----------“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლის უფლება, დღემდე არ არის ბრძანება საგადასახადო ანგარიშფაქტურის (ეა---------- №----------) გაუქმების თაობაზე, რითაც დადგინდებოდა, რომ შპს „----------“ არასწორად გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით გაუქმდა მხოლოდ დარიცხული ჯარიმა და არა სანქცია სრულად. არის კეთილსინდისიერი მყიდველი და გადამხდელი, სრულიად უსაფუძვლოდ ეკისრება საურავის გადახდა.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს ამ გადაწყვეტილების გამოცემის პერიოდისათვის სადავო საგადასახადო ვალდებულებაზე დაკისრებული (წარმოშობილი) საურავისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7288 ბრძანება;
3. პირველი სადავო საკითხის ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს ამ გადაწყვეტილების გამოცემის პერიოდისათვის სადავო საგადასახადო ვალდებულებაზე დაკისრებული (წარმოშობილი) საურავისგან;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება;
2. დაკისრებული სანქციისგან (საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელს დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული უძრავი ქონების მიწოდება, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, საგადასახადო შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი დღგ. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს ქმედებას და აღნიშნავს, რომ 2020 წლის 3 დეკემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეისყიდა 30 ერთეული უძრავი ქონება კომპანიისგან, ვინაიდან, ორივე მხარე იყო დღგ-ის გადამხდელი გამყიდველმა გამოწერა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო მყიდველმა ჩაითვალა გამოწერილი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით გათვალისწინებული დღგ, ჩათვლის გაუქმება და მითუმეტეს გადასახადის და სანქციების დარიცხვა მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამომწერს (კომპანიას) გაუუქმდებოდა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც არ მომხდარა. ერთის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ კომპანია გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისგან, დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უკანონოა და ითხოვს ჩათვლილი თანხის, ჯარიმისა და საურავის გადახდას, ხოლო მეორეს მხრივ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველზეც მოახდინა დღგ-ის ჩათვლა, დღემდე არ არის გაუქმებული და დღეის მდგომარეობითაც სადავო ანგარიშ-ფაქტურა არის მოქმედი. საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციებზე დამატებით აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელმა შეიძინა უძრავი ქონებები, გადაამოწმა იყო თუ არა გამყიდველი დღგ-ის გადამხდელი, გადაიხადა თანხა, რომელიც მოიცავდა ყველა გადასახადს და ქონება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განახორციელა დღგ-ის ჩათვლა, მაგრამ შემოწმების შედეგად გაუქმდა მიღებული ჩათვლა, რის გამოც ზიანდება კეთილსინდისიერი შემძენი და გადამხდელი. ის რომ გამყიდველს არ ქონდა უფლება გამოეწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მათთვის ცნობილი გახდა 2023 წელს სექტემბერში და მანამდე აღნიშნული ცნობილი არ იყო არათუ მათთვის, ასევე საგადასახადო ორგანოსათვის. როგორც მათთვის ცნობილი გახდა მიმდინარეობს კომპანიის (გამყიდველი) შემოწმება, მაგრამ დღეის მდგომარეობით სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაუქმებული არ არის საგადასახადო ორგანოს მიერ. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული ოპერაციაკომპანიის დაბეგრილი აქვს თავის დროზე და გადასახადი გადახდილი, მაგრამ შემოწმება ეხლა გადაანგარიშების ეტაპზეა და მას უმცირდება დარიცხული თანხები, რადგან მერიიდან მიღებული ინფორმაციით მასზე ვრცელდება შეღავათი, სადავო ოპერაციის ფარგლებში იგი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. აღნიშნული მათთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ სადავოდ გადახადა საკითხი და ითხოვა გადახდილი თანხების შემცირება, სწორედ ამის საფუძველზე მოხდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ინფორმაციის გამოთხოვა მერიისგან.
2. მომჩივანი აღნიშნავს, რომ უცნობი იყო ის გარემოება, რომ არ ქონდა კომპანიისგან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლის უფლება, დღემდე არ არის ბრძანება საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაუქმების თაობაზე, რითაც დადგინდებოდა, რომ კომპანიამ არასწორად გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით გაუქმდა მხოლოდ დარიცხული ჯარიმა და არა სანქცია სრულად. არის კეთილსინდისიერი მყიდველი და გადამხდელი, სრულიად უსაფუძვლოდ ეკისრება საურავის გადახდა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ მხარეთა მოსმენისა და პოზიციების გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერთან მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება განხორციელებულ კონკრეტულ ოპერაციაზე დარიცხვის კანონიერებაზე და საჩივრის განხილვის ეტაპზე შემოწმება დასრულებული არ არის, საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად (კომპანიის საგადასახადო შემოწმების შედეგების გათვალისწინებით) უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. ასევე მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს ამ გადაწყვეტილების გამოცემის პერიოდისათვის სადავო საგადასახადო ვალდებულებაზე დაკისრებული (წარმოშობილი) საურავისგან.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
(2021 წლამდე მოქმედი): 173; 174;