ბრძანება N 10489

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.05.2023
№ დოკუმენტი 10489
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10489

10 მაისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------- “ (ს/ნ „------- “ )

(მის.: „------- “ )

2022 წლის 27 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №17243/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------- “ (ს/ნ „------- “ ) 2022 წლის 27 იანვრის №67351/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის №081-381 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფ/პ „------- “ - სთან გაფორმებული უძრავი ქონების წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ნასყიდობის თანხის გადახდის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ „------- “ - ზე გაფორმებული იყო წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება. მყიდველს სურდა, რომ თანხა გადაეხადა ნაღდი ანგარიშსწორებით და მიეღო ცნობა ფართის ღირებულების გადახდის დასადასტურებლად. კომპანიამ გაამზადა აღნიშნული ცნობა იმ პირობით, რომ „------- “ შეიტანდა სალაროში შესაბამის თანხას. ფიზიკურმა პირმა თანხა არ გადაიხადა, რის გამოც ცნობა დარჩა წინარე ხელშეკრულებაზე დართული, მიუთითებს, რომ კომპანიას არ გადაუცია ფართზე საკუთრების უფლება, დღეის მდგომარეობით მყიდველს არ გადაუხდია თანხა და არც იურისტს არ გადაუცია გადახდის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნულიდან გამომდინარე თვლის, რომ არასწორად, უსაფუძლოდ დაერიცხა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი, დღგ და შესაბამისი სანქციები. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანიას დაბეგვრის ვალდებულება წარმოექმნება მყიდველის მიერ ფართის ღირებულების გადახდის დაწყებიდან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 ივლისის №24047 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“ (ს/ნ „------- “ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 23 დეკემბრის №40369 ბრძანება და ამავე თარიღის №081-381 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 176 759 ლარი, მათ შორის გადასახადი 110 543 ლარი, ჯარიმა 53 742 ლარი და საურავი 12 474 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 27 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 ივნისის №16152 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 ივნისის №16152 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 27 ოქტომბრის №17243/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №17243/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია:

„საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სადავო გარემოებების მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც უძრავი ქონების მიწოდებად განხილვის საფუძველზე დღგ-ის დარიცხვისა და რეალიზაციის თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულად მიჩნევის ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს ფ/პ „------- “ - ზე (პ/ნ „------- “ ), 2020 წლის 29 ივლისს გაფორმებული ჰქონდა უძრავი ქონების წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება (საცხოვრებელი ფართი 41.30 კვ.მ.). გადასახადის გადამხდელის პირველადი დოკუმენტების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 15 იანვარს ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირზე საწარმოს მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მყიდველს სრულად ჰქონდა დაფარული უძრავი ქონების ღირებულება, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღნიშნული ოპერაცია არ იყო ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოსავალში. საგადასახადო შემოწმების მიერ, საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის სანაცვლოდ მისაღები თანხა, ჩაითვალა საწარმოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბინების რეალიზაციიდან მიღებული საკომპენსაციო თანხები სალდირებულად დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს „------- “ -სთან გაფორმებული აქვს უძრავი ქონების წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული ცნობის მიხედვით დადგენილია, რომ მყიდველს სრულად აქვს დაფარული უძრავი ქონების ღირებულება, თუმცა, გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ „------- “ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება -სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს გაფორმებული ჰქონდა უძრავი ქონების წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება,მყიდველს სრულად ჰქონდა დაფარული უძრავი ქონების ღირებულება, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღნიშნული ოპერაცია არ იყო ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოსავალში.საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის სანაცვლოდ მისაღები თანხა, ჩაითვალა საწარმოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, ბინების რეალიზაციიდან მიღებული საკომპენსაციო თანხები სალდირებულად დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159(1 "ა"),163(1).160(5),164(1),101,154.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია 48(1)