ბრძანება N 25302

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.12.2024
№ დოკუმენტი 25302
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25302

02 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 23 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 ნოემბრის (ოქმი №119) და 28 ნოემბრის (ოქმი №125) სხდომებზე განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 23 ოქტომბრის №92506/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ოქტომბრის №041-54 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. აცხადებს, რომ საწარმოს გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რაც წარდგენილი იქნა აუდიტის დეპარტამენტისთვის მოთხოვნისთანავე. გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტაციით სავსებით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ბუღალტრულ ჩანაწერებში შეიძლება საქონელბრუნვის მთელი ციკლისთვის თვალის დევნება, კერძოდ, ოპერაციის დაწყების (სასაქონლო მატერიალური მარაგების მიღების), მიმდინარეობის (გაყიდული პროდუქციის რეალიზაციის) და დასრულების (გაყიდული პროდუქციის ჩამოწერის) შესახებ. მიუთითებს, რომ მიმდინარე კონტროლის შედეგად საწარმოს მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი შესამოწმებელ პერიოდში არ გამოვლენილა. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ვინაიდან საგადასახადო კოდექსში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნავს, რომ გავრცელებული აუდირებული ფასნამატი 61% სახით არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან გადასახადის გადამხდელი სარგებლობდა მხოლოდ 9% ფასნამატით. აცხადებს, რომ გადამხდელმა არა თუ სარგებელი მიიღო, არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რასაც ადასტურებს ბუღალტრული აღრიცხვა და გადარიცხვები (საბანკო ამონაწერების მიხედვით), აგრეთვე ნაღდი ფულით დაფარულია კრედიტორული დავალიანება. გადასახადის გადამხდელი ითხოვს, შემოწმება დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს და მოხდეს აღნიშნული დარიცხვის ბათილად ცნობა. ამასთან, გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების თარიღისთვის არსებული საბუღალტრო ნაშთი 247 334 ლარის ოდენობით წარმოადგენს დანაკლისს და მხოლოდ ამ თანხაზე შეიძლება გავრცელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და არა არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ დასაბეგრ სიდიდეებზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის №14449 და 2 სექტემბრის №19701 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 3 თებერვლიდან 2024 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 3 ოქტომბრის №21684 ბრძანება და ამავე თარიღის №041-54 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 1 045 552 ლარი, მათ შორის, გადასახადი 658 400 ლარი, ჯარიმა 329 200 ლარი და საურავი 57 951 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „-------“ ახორციელებს ძირითადად ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის იმპორტსა და ადგილობრივ რეალიზაციას. საწარმოს, 2023 წლის 31 მარტიდან რეგისტრირებული აქვს საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელზეც ბრუნვები უფიქსირდება 2023 წლის აპრილის თვიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდებში. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც, რეალიზებულია 86 585 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის თანახმად, საწარმოს მიერ იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება შეადგენს 2 197 614 ლარს (დღგ-ის გარეშე). აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებში დეკლარირებული ბრუნვა კი - 2 152 526 ლარს. საგადასახადო შემოწმების პროცესში შპს „-------“ მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამის ასლი („ორისი“), სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად, თვის ბოლოს. ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერების თანახმად, სმფ-ის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგენს 205 221 ლარს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 29 ივლისის N17594 ბრძანების საფუძველზე, შპს „-------“ ობიექტში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 30 ივლისის მდგომარეობით, სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 0-ს. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა, რადგან გადასახადის გადამხდელს სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ღირებულების ერთი და იგივე საქონელი აქვს შეძენილი და როგორც შეძენის, ასევე, რეალიზაციის დოკუმენტებში კონკრეტული საქონელი არ იდენტიფიცირდება. დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებული ბრუნვის 4%-ს შეადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ჯგუფის მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები, კატეგორიების მიხედვით. აღნიშნულის თანახმად, საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 60.69%. შემოწმებით დადგინდა არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი პერიოდების მიხედვით, რაც შეადგენს სულ 3 446 188 ლარს (დღგ-ის გარეშე). შესაბამისად, შემოწმებით დადგენილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა სულ 3 532 772 ლარი.

ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და ინვოისების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საქონლის ღირებულება სრულად არ არის ანაზღაურებული, კერძოდ, კრედიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთი შეადგენს 247 334 ლარს. შემოწმების პროცესში პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, შესაბამისად, შემოწმებით, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანების თანახმად, ანაზღაურებულად ჩაითვალა დავალიანების 75%. შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგინა 1 639 836 ლარი, რაც, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანების დანართის N9 მიხედვით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე, 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2024 წლის 7 ნოემბერს 15:00 სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების პროცესში შპს „-------“ მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამის ასლი („ორისი“), სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად, თვის ბოლოს. ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერების თანახმად, სმფ-ის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგენს 205 221 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 30 ივლისის მდგომარეობით, გადამხდელის სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 0-ს. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა, რადგან გადასახადის გადამხდელს სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ღირებულების ერთი და იგივე საქონელი აქვს შეძენილი და როგორც შეძენის, ასევე, რეალიზაციის დოკუმენტებში კონკრეტული საქონელი არ იდენტიფიცირდება. დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებული ბრუნვის 4%-ს შეადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები კატეგორიების მიხედვით, რომლის საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 60.69% და აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.

ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და ინვოისების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საქონლის ღირებულება სრულად არ არის ანაზღაურებული, კერძოდ, კრედიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთი შეადგენს 247 334 ლარს. შემოწმების პროცესში პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, შესაბამისად, ანაზღაურებულად ჩაითვალა დავალიანების 75%. შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგინა 1 639 836 ლარი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი ახორციელებს ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის იმპორტსა და ადგილობრივ რეალიზაციას. მომჩივანის მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამის ასლი, სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად, თვის ბოლოს. ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებით და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ ემთხვევა ერთმანეთს. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა. შესაბამისად, შემოწმების ჯგუფის მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(7, 9); 101; 154; 159

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი ახორციელებს ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის იმპორტსა და ადგილობრივ რეალიზაციას. მომჩივანის მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამის ასლი, სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად, თვის ბოლოს. ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებით და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ ემთხვევა ერთმანეთს. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა. შესაბამისად, შემოწმების ჯგუფის მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159