გადაწყვეტილება №20848/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.12.2023
№ დოკუმენტი 20848/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20848/2/2023

05 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 17.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20848/2/2023).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2023 წლის №006-280 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21291 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 259 632.54 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 148 425

დღგ - 74 446

საშემოსავლო გადასახადი - 73 979

ჯარიმა - 73 570

საურავი - 37 637.54

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სიგარეტით ვაჭრობა მარნეულში, ბაზრის ტერიტორიაზე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 28 მაისიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 22.06.2023 წლის №14408 ბრძანება და ამავე თარიღის №006-280 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21291 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ, ბუღალტრულ პროგრამა „ორისის“ და დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის.

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხდებოდა საქონლის ჩამოწერები თითოეული ოპერაციის მიხედვით. ბუღალტრული პროგრამა ვერ ასახავდა რეალიზებული საქონლის მოძრაობას. შესაბამისად, არ ხდებოდა ოპერაციის დაწყება-დასრულებაზე კონტროლი. გამოვლინდა არსებითი სხვაობა დეკლარირებულ ფასნამატსა (0.12%) და დოკუმენტურ ფასნამატებს (1.5%) შორის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის საგადასახადო კოდექსის 49- ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი.

გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების რაოდენობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. საქონლის (სიგარეტის) თვითღირებულებაზე 2020, 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში გავრცელდა იმავე ტერიტორიაზე, იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი 1.5%. სხვა საქონელზე, რომელიც მთლიანი შეძენის 0.7%-ია (ჩიფსი, სუხარი, თუთუნის გილზა, შესახვევი ქაღალდი და ა.შ.) გავრცელდა 12%, 10%, 67% აუდირებული ფასნამატი კატეგორიების შესაბამისად.

შედეგად, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე, 160- ე მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 161-ე (2021 წლამდე მოქმედი) და 159-ე, 160-ე (2021 წლიდან მოქმედი) მუხლებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე, შესაბამისი წლების მიხედვით, იმავე ტერიტორიაზე იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელება.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

თამბაქოს პროდუქტები შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე, პროდუქციაზე ფასნამატი განსაზღვრულია 0.12.5%-ით. საქონლის რეალიზაცია ხდება ბითუმად, შესაბამისად, რეალიზებული საქონლის ფასნამატი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე დაბალია საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე, ასევე ზემოთაღნიშნული ფასნამატი გამოწვეულია არსებული კონკურენციით. შემოწმებას წარუდგინა საბუღალტრო პროგრამა ,,ორისი“, სადაც დაფიქსირებულია ყოველდღიური პროდუქციის მიღება შემოსავლის აღიარება, საქონლის ნაშთების ამსახველი ცხრილი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, როგორც რაოდენობრივი ისე თანხობრივი კუთხით.

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ვინაიდან საქმიანობიდან გამომდინარე არ არის გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები:

1. საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს პროდუქტებით;

2. არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი (არ არის გათვალისწინებული /შედარებითი მეთოდით რეალიზებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებები);

3. არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი (არ არის გათვალისწინებული ქრონომეტრაჟი) (იხ. დანართი ზედნადებები)).

გამოვლენილი საქონლის რეალიზაციის თანხით გაიზარდა მისაღები შემოსავალი. დღგ-ის ჭრილში შემოწმებით მიღებული დამატებით დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების პროპორციულად, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომელიც შესაბამის პერიოდში დაიბეგრა საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის გამო, შემოწმების შედეგად კომპანიას დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების შედეგები ექვემდებარება კორექტირებას. შემოწმების მიერ ზემოთაღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინება, გამოიწვევს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას. აქედან გამომდინარე, ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მის მიერ წარდგენილი არგუმენტაციისა და დოკუმენტაციის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ბუღალტრულ პროგრამა „ორისის“ ასლის და სხვა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. არ ხდებოდა საქონლის ჩამოწერები თითოეული ოპერაციის მიხედვით. ბუღალტრული პროგრამა ვერ ასახავდა რეალიზებული საქონლის მოძრაობას. შესაბამისად, არ ხდებოდა ოპერაციის დაწყება-დასრულებაზე კონტროლი. შემოწმებით გამოვლინდა არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ დეკლარირებულ ფასნამატსა (0.12%) და შემოწმების მიერ დადგენილ დოკუმენტურ ფასნამატებს (1.5%) შორის, შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების რაოდენობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. საქონლის (სიგარეტის) თვითღირებულებაზე 2020, 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში გავრცელდა შემოწმების მიერ იდენტიფიცირებული, იმავე ტერიტორიაზე, იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი 1.5%. სხვა საქონელზე, რომელიც მთლიანი შეძენის 0.7%-ია (ჩიფსი, სუხარი, თუთუნის გილზა, შესახვევი ქაღალდი და ა.შ.) გავრცელდა 12%, 10%, 67% აუდირებული ფასნამატი კატეგორიების შესაბამისად.

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტს, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ვინაიდან, საქმიანობიდან გამომდინარე არ არის გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები:

1. საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს პროდუქტებით;

2. არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი (არ არის გათვალისწინებული /შედარებითი მეთოდით რეალიზებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებები).

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი (100%) ------ (პ/ნ -----) შპს „-----“-ის დაფუძნებამდე ფლობდა და მართავდა იდენტური საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიას შპს „------“-ს (ს/ნ -----) (საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით), ორივე კომპანიას სალარო აპარატი რეგისტრირებული აქვს ერთი და იმავე მისამართზე, კერძოდ, ქ. ------, -----ს №---, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. შპს ----- (ს/ნ -----) შემოწმებულია, აღარ საქმიანობს, თუმცა შპს „------“-ის საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, საქმიანობას აგრძელებს შპს „------“.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს შესაბამის არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი ფასნამატის შეცვლის (შემცირების) საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დადგენილი ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.

 

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება

ფაქტების აღწერა

ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, ასევე არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც კომპანიის სალაროში უნდა ყოფილიყო. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა გაცემული დივიდენდები და მიმდინარე ხარჯების ანაზღაურებისთვის აფიქსირებდა დამფუძნებლის შენატანებს, რაც ფიქსირდებოდა დავალიანებად.

შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია იხილეთ პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ვინაიდან, შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთი კომპანიის სალაროში არ აღმოჩნდა, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხდებოდა საქონლის ჩამოწერები თითოეული ოპერაციის მიხედვით. ბუღალტრული პროგრამა ვერ ასახავდა რეალიზებული საქონლის მოძრაობას. შესაბამისად, არ ხდებოდა ოპერაციის დაწყება-დასრულებაზე კონტროლი. გამოვლინდა არსებითი სხვაობა დეკლარირებულ ფასნამატსა (0.12%) და დოკუმენტურ ფასნამატებს (1.5%) შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, ასევე არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც კომპანიის სალაროში უნდა ყოფილიყო. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა გაცემული დივიდენდები და მიმდინარე ხარჯების ანაზღაურებისთვის აფიქსირებდა დამფუძნებლის შენატანებს, რაც ფიქსირდებოდა დავალიანებად. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დადგენილი ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.

ვინაიდან, შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთი კომპანიის სალაროში არ აღმოჩნდა, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა")(9"ბ"), 158(1), 159(1"ა"), 163(1)(2), 164(1), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ").

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა").