გადაწყვეტილება №20783/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20783/2/2023
12 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------ (ს/ნ -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ს 7.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20783/2/2023).
დავის საგანი:
საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 23.05.2023 წლის №EL210529 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ივნისის №13076 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა- 1 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
2023 წლის 23 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტი „------ს“ კონტროლის ზონაში, ------ს რესპუბლიკის მხრიდან შემოსული მომჩივნის ფიზიკური და მისი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „------“ – 200 ღერი (10 კოლოფი) და სიგარეტი „------“ – 200 ღერი (10 კოლოფი), რომლებიც აღმოაჩნდა სხეულზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“.
მომჩივნის ქმედება ჩაითვალა საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად შემოტანად, რაზეც საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის №EL210529 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
სანქციის სახით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე სიგარეტი „------“ - 200 ღერი (10 კოლოფი) და სიგარეტი „-------“ – 200 ღერი (10 კოლოფი) შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69601086831 ოქმი. ჩამორთმეული საქონელი დაილუქა №G6073807 საბაჟო ლუქით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „------ს“ ადმინისტრაციულ შენობაში.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ივნისის №13076 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ოქმში მოყვანილი ფაქტი არის სწორი. ------ში გადადის სამკურნალოდ. ყიდულობს ჩიყვის წამლებს. ეს იყო პირველი შემთხვევა. მან ვერ დაითვალა 30 კალენდარული დღე. არის პენსიონერი და რეპრესირებულის შვილი. ჰყავს სტუდენტი შვილი, ასევე პატიმარი მეუღლე და ცხოვრობს სხვის ბინაში. ითხოვს დახმარებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 23.05.2023 წელს, ------ს რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში შემოსვლისას მომჩივანს აღმოაჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი (სიგარეტი) აქციზური მარკის გარეშე.
გასათვალისწინებელია, რომ მომჩივანი ხშირად (2023 წლის იანვრიდან 61 შესვლა/გასვლა) გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე. მას 2020 – 2022 წლებში უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, სხვადასხვა დასახელების სიგარეტის შემოტანის 9 ფაქტი, რა დროსაც მასზე გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199- ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი (08/06/2019; 22/07/2019; 02/11/2019; 20/02/2020; 18/02/2020; 22/04/2022; 22/05/2022; 25/06/2022; 23/11/2022; 11/01/2023; 05/03/2023; 08/04/2023). ასევე, 2020- 2022 წლებში უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სიგარეტის კანონმდებლობის დარღვევით შემოტანის 2 (ორი) ფაქტი - 12/03/2020; 23/07/2022, რა დროსაც სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული იქნა 1 000 ღერი (50 კოლოფი) სიგარეტი.
ამგვარად, ვინაიდან შემოტანილი საქონლის რაოდენობა აღემატებოდა საგადასახადო კოდექსის 199- ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ ოდენობას, მომჩივანს ჰქონდა აღნიშნული საქონლის დეკლარირების ვალდებულება, რაც არ შეუსრულებია.
საბჭოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მომჩივანი აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მომჩივნის შეცდომით. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, მომჩივნის ფიზიკური და მისი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, რომლებიც აღმოაჩნდა სხეულზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“. მომჩივნის ქმედება ჩაითვალა საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად შემოტანად, რაზეც საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის №EL210529 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ივნისის №13076 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(3), 163(11).