ბრძანება N 864
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 864
23 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------ (ს/ნ -----)
(მის.: ---------)
2023 წლის 25 დეკემბრის და 2024 წლის 8 იანვრის
საჩივრების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა ფ/პ ------ს (ს/ნ -----) №219469/21, №716/21 და №976/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ნოემბრის №149-13 საგადასახადო მოთხოვნასთან და მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 3 ნოემბრის №149-895 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ წლიურ საშემოსავლო გადასახადში განხორციელბულ დარიცხვებს. განმარტავს, რომ ფიზიკურ პირზე 2020 წლის 27 თებერვალს გაასესხა თანხა უძრავი ქონების უზრუნველყოფით. ქონების მეპატრონემ 2020 წლის 11 მარტს (ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღეში) გადაწყვიტა მიწის გაყიდვა. კანონმდებლობის არ ცოდნის გამო ქონების უკან გამოსყიდვის ნაცვლად, მათ საჯარო რეესტრში ქონების გამოსყიდვის ნაცვლად გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება მესამე პირზე. შემოწმების მიერ არ იქნა აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული და ქონების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალზე დაარიცხეს საშემოსავლო გადასახადი. რეალურად 2020 წელს საპროცენტო შემოსავალმა შეადგინა 712 ლარი. აღნიშნულ წელს სხვა შემოსავალი არ ჰქონია. ამასთან, 2021 წლის დეკემბერში ფიზიკურ პირზე გაასესხა თანხა უძრავი ქონების უზრუნველყოფით. პირმა ერთი თვის პროცენტი 250 აშშ დოლარი გადაუხადა წინასწარ და საპროცენტო შემოსავალმა შეადგინა 774 ლარი, ხოლო აქტის მიხედვით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 9452 ლარი, რაც საკმაოდ დიდი ცდომილებაა. 2022 წლის 21 ივნისს აღნიშნულ პირს უკან გადაუფორმა ქონება, ვინაიდან, მან დაუბრუნა ძირი თანხა და 5 თვის საპროცენტო სარგებელი. აქტში კი სესხით მიღებული შემოსავალი დაფიქსირებულია 21 805 ლარი. ასევე განმარტავს, რომ მისი ნათესავი ცხოვრობს საზღვარგარეთ და ყოველ ჩამოსვლაზე უტოვებს გარკვეულ თანხას მისთვის ქონების შესაძენად. ზოგჯერ ნათესავების თხოვნის საფუძველზე ხდებოდა მათი გასესხება ნათესავებზე ყოველგვარი საპროცენტო სარგებლის გარეშე, ხოლო უზრუნველყოფის მიზნით ხდებოდა აღნიშნული პირებისგან ქონების გადაფორმება.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფიზიკური პირის ქონების გადასახადში განხორციელბულ დარიცხვებს. განმარტავს, რომ თუ შემოწმების მიერ სწორად იქნება გაანგარიშებული წლიური საშემოსავლო გადასახადი, აღმოჩნდება, რომ მისი შემოსავალი წლების მიხედვით არ აღემატება 40 000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე არ ექნება ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება.
. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ნოემბრის №149-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მასის №10987 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ------ს (ს/ნ -----) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 24 ნოემბრის №28919 ბრძანება და ამავე თარიღის №149-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 44 014 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 897 ლარი, ჯარიმა 10 312 ლარი, საურავი 9 805 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. საგამოძიებო სამსახურის და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ------- ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელი სესხის სანაცვლოდ ახდენდა უზრუნველყოფის საგანზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას, სესხის დაფარვის შემთვევაში უზრუნველყოფის საგანი უბრუნდებოდა ქონების მფლობელს (სესხის ამღებს), ან სხვა პირს. დაკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ ფიქსირდება ისეთი შემთხვევა, როდესაც სესხის ამღები პოულობს მესამე პირს, რომელზეც ხდება ქონების გასხვისება/რეალიზაცია და შემდეგ ანგარიშსწორება სესხის ამღებსა და სესხის გამცემ -------ს შორის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად ფ/პ ------ ვალდებული იყო საპროცენტო შემოსავალი აესახა ერთობლივ შემოსავალში და დაებეგრა შესაბამისი გადასახადებით. მის მიერ აღნიშნული საგადასახადო ვალდებულება შესრულებული არ არის. 2020 წლის მარტში ფიქსირდება ასევე 2020 წლის თებერვალში შეძენილი უძრავი ქონების, კერძოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნამეტით რეალიზაციის ფაქტი, საგადასახადო შემოწმებით მოხდა უძრავი ქონების რალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში ასახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.
2. -------ს წარმოდგენილი არ აქვს ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციები. შემოწმებით მის მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა 2020 წელს შეადგინა 67065 ლარი, რის საფუძველზეც 2021 წელს წარმოექმნა 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარირების ვადლებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის №149-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო ამავე მუხლის მე3 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი და პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ------ გასცემს უზრუნველყოფილ სესხებს, შესაბამისად იგი ვალდებული იყო საპროცენტო შემოსავალი აესახა ერთობლივ შემოსავალში და დაებეგრა გადასახადით, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. ამასთან, 2020 წლის მარტში ფიქსირდება 2020 წლის თებერვალში შეძენილი უძრავი ქონების, კერძოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნამეტით რეალიზაციის ფაქტი. უძრავი ქონების რალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი გადამხდელის მიერ არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შემოწმებით გადამხდელის მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა 2020 წელს შეადგინა 67065 ლარი, რის საფუძველზეც 2021 წელს წარმოექმნა 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარირების ვადლებულება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 03 ნოემბრის №149-895 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ფ/პ ------ (ს/ნ -----) მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 03 ნოემბრის №149-895 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 7 ნოემბერს.
შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 24 დეკემბერსა და 2024 წლის 8 იანვარს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში არ აქვს მითითებული არგუმენტები საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შესახებ.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრების ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფ/პ ------ს (ს/ნ -----) საჩივრები მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 03 ნოემბრის №149- 895 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ------ს (ს/ნ -----) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ნოემბრის №149-13 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. ფ/პ ------ს (ს/ნ -----) საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 3 ნოემბრის №149-895 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ წლიურ საშემოსავლო გადასახადში განხორციელბულ დარიცხვებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფიზიკური პირის ქონების გადასახადში განხორციელბულ დარიცხვებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საგამოძიებო სამსახურის და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ მომჩივანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელი სესხის სანაცვლოდ ახდენდა უზრუნველყოფის საგანზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას, სესხის დაფარვის შემთვევაში უზრუნველყოფის საგანი უბრუნდებოდა ქონების მფლობელს (სესხის ამღებს), ან სხვა პირს. დაკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ ფიქსირდება ისეთი შემთხვევა, როდესაც სესხის ამღები პოულობს მესამე პირს, რომელზეც ხდება ქონების გასხვისება/რეალიზაცია და შემდეგ ანგარიშსწორება სესხის ამღებსა და სესხის გამცემს შორის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად მომჩივანი ვალდებული იყო საპროცენტო შემოსავალი აესახა ერთობლივ შემოსავალში და დაებეგრა შესაბამისი გადასახადებით. მის მიერ აღნიშნული საგადასახადო ვალდებულება შესრულებული არ არის. 2020 წლის მარტში ფიქსირდება ასევე 2020 წლის თებერვალში შეძენილი უძრავი ქონების, კერძოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნამეტით რეალიზაციის ფაქტი, საგადასახადო შემოწმებით მოხდა უძრავი ქონების რალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში ასახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. მომჩივანს წარმოდგენილი არ აქვს ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციები. შემოწმებით მის მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა 2020 წელს შეადგინა 67065 ლარი, რის საფუძველზეც 2021 წელს წარმოექმნა 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარირების ვადლებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 03 ნოემბრის №149- 895 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79"ა", 80(1), 81(1), 102(1"ბ""ვ"), 201(1"გ"), 202(5)(8), 205(12), 301"ე".