გადაწყვეტილება №21033/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21033/2/2023
22 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 10.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21033/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №006-344 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 სექტემბრის №23152 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 297 235 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 188 245
დღგ - 127 284
საშემოსავლო გადასახადი - 60 897
ქონების გადასახადი - 64
ჯარიმა - 92 709
საურავი - 16 281
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ძაღლის და კატის საკვებით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33658 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 2 ივლისიდან 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმო აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, თუმცა სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით შეუძლებელია რეალური საგადასახადო ვალდებულებების დადგენა, რადგან საქონლის ჩამოწერა საცალო რეალიზაციაში ხდება ჯამურად ინვენტარიზაციის შედეგის მიხედვით. ამასთან, საცალო რეალიზაცია არ იდენტიფიცირდება და შესაბამისობაში არ მოდის საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკებსა და გამოწერილ ჩგდ-ებთან. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ არაერთხელ არის დაჯარიმებული ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შემოსავალი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კომპანიის მიერ სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ და იმპორტირებულ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (სულ 3 კატეგორია). საწარმოს დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის 66%-ია. შემოწმების შედეგად გამიჯნული იქნა დოკუმენტური და საცალო რეალიზაციის რპთ. შესაბამისად, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი შესაბამისი წლების მიხედვით. საბოლოოდ დადგინდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
საწარმოს შემოსავლის გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რომლის შედეგადაც გაიზარდა გადასახადის გადამხდელის შემოსავალი. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში საბანკო მონაცემების დამუშავების შედეგად უფიქსირდება სხვადასხვა გადარიცხვები, რომელიც წარმოადგენდა პირად ხარჯებს. აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად.
კომპანიის მიერ უცხოელ მომწოდებლებზე გადახდილ თანხებზე, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც შემოწმების პროცესში არ იქნა წარდგენილი, №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, ხარჯად დაკვალიფიცირდა გაცხადებული ხარჯის 75%, ხოლო სხვაობის თანხა ჩაითვალა მიღებულ ფულად სარგებლად. გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად განისაზღვრა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენდა 7 405 ლარს. აღნიშნულის და კომპანიის მიერ სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი დამატებით რეალიზაციიდან მიღებული ფული ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საანგარიშო პერიოდის ბოლოს. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №16450 ბრძანება და №006-344 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 297 235 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 1 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 სექტემბრის №23152 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით პროდუქციის დაზიანების ან/და დაბალი ხარისხის შესახებ ინფორმაცია შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ შემოწმების პერიოდში გადამხდელს არ წარუდგენია არანაირი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, გარდა თავისივე წარმომადგენლის წერილობით განმარტებისა, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინება.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დისტრიბუციით გაყიდულ პროდუქციაზე მიმდინარეობს აღრიცხვა და 1610 ანგარიშის ბარათზე აღრიცხულია პროდუქცია ნომენკლატურით. კომპანია არ არის დაჯარიმებული უსაბუთოდ მოძრაობისთვის. აღნიშნული ჯარიმა დაწერილია ქვეზედნადების დაგვიანებით გამოწერის გამო, როცა დისტრიბუციის საბუთი ატვირთული იყო.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის დარიცხვა და აღიარდეს, რომ შესაძლებელია ბაზარზე შესვლის და გამტკიცების პერიოდში საწარმო გავიდეს ზარალზე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი შემოტანა არ შეესაბამებოდა საქართველოს ბაზრის მოთხოვნებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ კომპანია აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, თუმცა სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით შეუძლებელი იყო რეალური საგადასახადო ვალდებულებების დადგენა, რადგან საქონლის ჩამოწერა საცალო რეალიზაციაში ხდებოდა ჯამურად ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით. ამასთან, საცალო რეალიზაცია არ იდენტიფიცირდება და შესაბამისობაში არ მოდის საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკებსა და გამოწერილ ჩგდ-ბთან. გადასახადის გადამხდელი არაერთხელ არის დაჯარიმებული სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაზე. შემოწმების მიერ, საწარმოს სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ და იმპორტირებულ საქონელს მიენიჭა კატეგორიები. ვინაიდან კომპანიის დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის 66%-ია, შემოწმებამ გამიჯნა დოკუმენტური და საცალო რეალიზაციის რპთ. საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი შესაბამისი წლების მიხედვით. შედეგად, დადგინდა მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საბანკო მონაცემების დამუშავების შედეგად დაფიქსირებული გადარიცხვები, რომელიც წარმოადგენდა პირად ხარჯებს, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად. გარდა აღნიშნულისა, ხარჯად დაკვალიფიცირდა კომპანიის მიერ უცხოელ მომწოდებლებზე გადახდილი იმ თანხების 75%, რომელთა დამადასტურებელი დოკუმენტაციაც შემოწმების პროცესში არ იქნა წარდგენილი, ხოლო სხვაობის თანხა (25%) ჩაითვალა მიღებულ ფულად სარგებლად. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, კომპანიის სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებისა და შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული თანხების გათვალისწინებით დადგინდა ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საანგარიშო პერიოდის ბოლოს.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არაერთხელ არის გაფრთხილებული და დაჯარიმებული განმეორებით, ზედნადების არასწორად გამოწერისა და მის გარეშე საქონლის ტრანსპორტირებაზე. შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტი, რომ დისტრიბუციის ზედნადებები აღირიცხებოდა, ხოლო ჯარიმა უბრალოდ დაგვიანებით დოკუმენტის გამოწერაზე დაიწერა და აღნიშნული არგუმენტის გამო უნდა მოხდეს დარიცხული გადასახადების ბათილად ცნობა, შემოწმებისთვის გაუგებარი და ალოგიკურია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის დარიცხვა და აღიარდეს, რომ შესაძლებელია ბაზარზე შესვლის და გამტკიცების პერიოდში საწარმო გავიდეს ზარალზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, თუმცა სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით შეუძლებელია რეალური საგადასახადო ვალდებულებების დადგენა, რადგან საქონლის ჩამოწერა საცალო რეალიზაციაში ხდება ჯამურად ინვენტარიზაციის შედეგის მიხედვით. ამასთან, საცალო რეალიზაცია არ იდენტიფიცირდება და შესაბამისობაში არ მოდის საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკებსა და გამოწერილ ჩგდ-ებთან. გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ არაერთხელ არის დაჯარიმებული ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებაზე.დადგინდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
საწარმოს შემოსავლის გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რომლის შედეგადაც გაიზარდა გადამხდელის შემოსავალი. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში საბანკო მონაცემების დამუშავების შედეგად უფიქსირდება სხვადასხვა გადარიცხვები, რომელიც წარმოადგენდა პირად ხარჯებს. აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად.
კომპანიის მიერ უცხოელ მომწოდებლებზე გადახდილ თანხებზე, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც შემოწმების პროცესში არ იქნა წარდგენილი,ხარჯად დაკვალიფიცირდა გაცხადებული ხარჯის 75%, ხოლო სხვაობის თანხა ჩაითვალა მიღებულ ფულად სარგებლად.შემოწმებით გამოვლენილი დამატებით რეალიზაციიდან მიღებული ფული ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საანგარიშო პერიოდის ბოლოს. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),101,154,159,160,161,163,164.