ბრძანება N 30142
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 30142
04 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის” (ს/ნ---)
(მის.: ---) 2023 წლის 31 ოქტომბრის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა შპს „---ის” (ს/ნ---) №183501/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №006-514 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის ბრძანებები და შესაბამისად, არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
კერძოდ:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიასთან არსებული დებიტორული დავალიანების საწარმოს მიერ მიღებულად და დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. განმარტავს, რომ მხარეებს მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში აკავშირებთ ეკონომიკური ურთიერთობა, რაც დგინდება როგორც შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით, ასევე, ბუღალტრული ჩანაწერების მეშვეობითაც. დებიტორული დავალიანების არსებობა კი გამომდინარეობს სავაჭრო ურთიერთობიდან. აცხადებს, რომ შპს „---ის” (ყოფ. ---ის“) (ს/ნ ---) მიერ ხორციელდება მომსახურების გაწევა, ხოლო ---“-ის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება. არარეზიდენტი კომპანიის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება ცვალებადია და რიგ შემთხვევაში 4,5 მილიონ დოლარსაც აღწევს, თუმცა აღნიშნული დავალიანების დაფარვა ხორციელდება ყოველთვიურად და 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 767 989 ლარს, რაზედაც 2022 წლის 28 ივლისს გაფორმებულია ურთიერთშედარების აქტი.
გადასახადის გადამხდელი ასევე, მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ურთიერთშედარების აქტისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების საფუძველზე, საწარმოს არარეზიდენტ კომპანიასთან არსებული დებიტორული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაცია არასწორია.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან არსებული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხის სახით განაცემად განხილვას. აცხადებს, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირი არ აღიარებს მის მიმართ არარეზიდენტი საწარმოს არსებულ მოთხოვნას და შესაბამისად, უარს აცხადებს აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე შპს „---ნ“ (ყოფ. ----) მიმართებაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, არარეზიდენტი ფიზიკური პირის ვალდებულება ---ის მიმართ არ დადასტურდა და სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის გადაცემა ----ის მიერ ვერ მოხდებოდა შპს „---თვის“ (ყოფ. შპს „---თვის“). ხსენებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ყოფ. შპს „---ის“) მოთხოვნა და გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა ---ის სასარგებლოდ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, განუხილველად იქნა დატოვებული შპს „---გის“ სარჩელი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის” (ყოფ. შპს „---ის“) (ს/ნ ---) საჩივრები.
კერძოდ: „1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/ყოველმხრივ გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ. 2022 წლის 28 ივლისს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №4259 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის გადაწყვეტილებითაც საჩივარი მე-2 სადავო საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 აგვისტოს №20114 ბრძანებით საჩივარი მე-2 სადავო საკითხის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ს“ (ყოფ. შპს „---ის“) (ს/ნ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან არსებული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად კვალიფიკაციის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 06 მარტის №4259 და 2023 წლის 15 აგვისტოს №20114 ბრძანებების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/ყოველმხრივ გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ. 2022 წლის 28 ივლისს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი/ყოველმხრივ გამოკვლეული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ 2022 წლის 28 ივლისს გაფორმებული ურთიერთ შედარების აქტი), რის შედეგადაც საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების სათანადო საფუძვლები არ გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას, კერძოდ:
მომჩივანი განმარტავს, რომ მხარეებს მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში აკავშირებთ ეკონომიკური ურთიერთობა, რაც დგინდება როგორც შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით, ასევე, ბუღალტრული ჩანაწერების მეშვეობითაც. დებიტორული დავალიანების არსებობა კი გამომდინარეობს სავაჭრო ურთიერთობიდან. აცხადებს, რომ შპს „---ის“ მიერ ხორციელდება მომსახურების გაწევა, ხოლო „---“-ის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება. არარეზიდენტი კომპანიის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება ცვალებადია და რიგ შემთხვევაში 4,5 მილიონ დოლარსაც აღწევს, თუმცა აღნიშნული დავალიანების დაფარვა ხორციელდება ყოველთვიურად და 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 767 989 ლარს, რომლის რეალურობას ადასტურებს მხარეთა შორის 2022 წლის 28 ივლისს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი.
მომჩივანი აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, არარეზიდენტი ფიზიკური პირის ვალდებულება ----ის მიმართ არ დადასტურდა და სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის გადაცემა ---ის მიერ ვერ მოხდებოდა შპს „---თვის” (ყოფ. შპს „---ს“). ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, განუხილველად იქნა დატოვებული შპს „---ის“ სარჩელი. შესაბამისად, მომჩივანი აღნიშნავს, რომ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან არსებული დებიტორული დავალიანების საწარმოს მიერ მიღებულად და ანგარიშვალდებულ პირზე უპროცენტო სესხის სახით განაცემად განხილვა დაუსაბუთებელია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, საქმის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის” (ყოფ. შპს „---ის“) (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, საქმის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის ბრძანებები და შესაბამისად, არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 06 მარტის №4259 და 2023 წლის 15 აგვისტოს №20114 ბრძანებების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/ყოველმხრივ გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ. 2022 წლის 28 ივლისს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი/ყოველმხრივ გამოკვლეული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ 2022 წლის 28 ივლისს გაფორმებული ურთიერთ შედარების აქტი), რის შედეგადაც საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების სათანადო საფუძვლები არ გამოვლინდა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 9); 101; 982.