გადაწყვეტილება №81401/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.09.2023
№ დოკუმენტი 81401/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№81401/1/2023

05 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 31.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №81401/1/2023).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 22.12.2022 წლის №18001/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2023 წლის №261-11 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 339 435 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 162 143

დღგ - 82 376

საშემოსავლო გადასახადი - 76 908

ქონების გადასახადი - 2 859

ჯარიმა - 84 979

საურავი - 92 313

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო/სარემონტო მასალებით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:

1. შემოწმებით დადგინდა, რომ მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებული აქვს სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოუყენებელ, შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა. ასევე, დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში ვლინდება სხვაობა. შემოწმებისას გათვალისწინებულ იქნა საწვავის შეძენის დროს გადახდილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, რომელიც გადამხდელს ნაწილობრივ ჰქონდა ჩათვლილი. შემოწმებისას, საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის გათვალისწინებით, 2021 წლის მაისის თვის დღგ-ის ჩასათვლელი თანხებიდან ამოღებულ იქნა 2018 წელს შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა 2 444.6 ლარის ოდენობით.

2. მეწარმეს ძირითადი საშუალების მშენებლობაზე გაწეული დანახარჯები დაბეგრილი აქვს დღგით, კერძოდ: ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც შეძენილი აქვს 2020 და 2021 წლებში და გამოყენებულია ძირითადი საშუალების მშენებლობისთვის, გადამხდელს დაბეგრილი აქვს იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც მოხდა შეძენილი საქონლის გამოყენება. ამასთან, გადამხდელს არ ჰქონდა ჩათვლილი კუთვნილი დღგ. შესაბამისად, შემოწმებისას გათვალისწინებულ იქნა დანახარჯების შესაბამისი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

3. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს საკუთრებაში არსებულ ფართში. გადამხდელი არ აწარმოებს ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას. მეწარმე საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით, აფიქსირებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციის დაბალ ფასნამატს, კერძოდ: 2019 წელს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 6.34%-ს; 2020 წელს 9.1%-ს, რაც ისეთი ეკონომიკური საქმიანობისთვის, როგორიცაა სამშენებლო/სარემონტო მასალებით ვაჭრობა, მნიშვნელოვნად დაბალია. მეწარმე სასაქონლომატერიალური-ფასეულობების რეალიზაციას ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატით, საბანკო ანგარიშებით და სასაქონლო ზედნადებებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით შედგა საქონლის მოძრაობის ცხრილი შემოწმების მთელ პერიოდზე. საქონელი დაჯგუფდა 27 კატეგორიად, საწყისი და საბოლოო ნაშთების პერიოდების მიხედვით, დადგენისთვის შემოწმება დაეყრდნო გადამხდელის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებს, ხოლო რეალიზებული (პირველადი დოკუმენტების გარეშე) მატერიალური ფასეულობების ფასნამატად გამოყენებულ იქნა თავად მეწარმის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმებით ფასნამატი დადგინდა შემდეგი წესით: თითოეული საქონლის ჯგუფში არსებულ ერთ კონკრეტულ შეძენილ საქონელს შეუდარდა იმავე პერიოდში არსებული რეალიზებული დოკუმენტური საქონლის ფასი, რა დროსაც გამოვლინდა ფასნამატი, ხოლო გამოვლენილი ფასნამატი გავრცელდა მთლიან ჯგუფზე წლის ჭრილში და იმ საქონელზე, რომელიც არის დოკუმენტების გარეშე რეალიზებული.

ზემოაღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ცხრილის მიხედვით გამოვლინდა შემოსავლის ზრდა, გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით, კერძოდ დღგ-ის ნაწილში 2019 წელს გაზრდილი შემოსავალი შეადგენს 280 260 ლარს, 2020 წელს 212 819 ლარის, 2021 წელს 158 267 ლარს, 2022 წლის იანვრის თვეში 491 ლარს. შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალები გადანაწილდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის (1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის) გათვალისწინებით, მეწარმეს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა. ასევე, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. კერძოდ: 2019 წელს გაზრდილი შემოსავალი შეადგენს 280 260 ლარს, ხოლო 2020 წელს 145 685 ლარს. შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი აისახა მეწარმის ერთობლივ შემოსავალში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 15.07.2022 წლის №18763 ბრძანება და №261-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.09.2022 წლის №25134 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მიჩნეულ იქნა მართებულად, მაგრამ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა,შემოსავლების სამსახურის 30.09.2022 წლის №25134 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 22.12.2022 წლის №18001/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს:

1. პირველი სადავო (2 444.6 ლარის დღგ-ის ჩათვლის) საკითხის საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის დამატებით შესწავლა. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დღგ-ში (ჩათვლის შემცირების შედეგად) დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

2. მომჩივანი დღგ-ის ჩათვლის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისაგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 22.12.2022 წლის №18001/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2023 წლის №9611 ბრძანება და №261-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის დასკვნაში არ იქნა გათვალისწინებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული საკითხი, კერძოდ მის მიერ 2021 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩასათვლელ ნაწილში ასახული დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების სისწორე, (ანგარიშ-ფაქტურების ასლები თან ერთვის საჩივარს) ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია 2018 წლის მაისის თვის ოპერაციებზე და ჩათვლა განხორციელდა 2021 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში. აქედან გამომდინარე, მისი მოთხოვნაა აღდგენილი იქნას ჩასათვლელი დღგ-ის თანხები და მოხდეს დამატებით დარიცხული დღგ-ის შემცირება სანქცია-საურავებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:

თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის (1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქცია) 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის შესაბამის ვადაში წარმოდგენილ შემდეგ დეკლარაციაში:

ე.ა) მატერიალური (მათ შორის, კომპიუტერით ამობეჭდილი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 საანგარიშო პერიოდის მიხედვით ან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით);

ე.ბ) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში.

საგადასახადო კოდექსის (1.01.2021 წლიდან მოქმედი რედაქცია) 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დავების განხილვის საბჭოს 22.12.2022 წლის №18001/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს:

1. პირველი სადავო (2 444.6 ლარის დღგ-ის ჩათვლის) საკითხის საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის დამატებით შესწავლა. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დღგ-ში (ჩათვლის შემცირების შედეგად) დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

2. მომჩივანი დღგ-ის ჩათვლის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისაგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 22.12.2022 წლის №18001/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2023 წლის №----------21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლის უფლება წარმოეშვა 2018 წლის მაისის თვეში, შესაბამისად მეწარმეს 2018 წლის მაისის პერიოდის ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული 2 444.6 ლარი უნდა ჩაეთვალა საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის მაისის თვეში ან 2018 წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში. აგრეთვე, შემოწმებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე. აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, შემმოწმებლისთვის შეუძლებელია, 2021 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი, 2018 წლის მაისის თვის დღგ-ის 2 444,6 ლარის გადატანა, 2018 წლის მაისის თვის დეკლარაციაში ან 2018 წლის, წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში. შესაბამისად, 2022 წლის 30 ივნისით შედგენილი შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამ ნაწილში დარჩა უცვლელი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნულ ნორმებზე, საქმეში არსებულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში 2018 წლის მაისის პერიოდის დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული 2 444.6 ლარი დღგ-ის ჩათვლას ექვემდებარება 2018 წლის საანგარიშო პერიოდში.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 22.12.2022 წლის №18001/2/2022 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დღგ-ის ჩათვლის (2 444.6 ლარი) ასახვა 2018 წლის საანგარიშო პერიოდში და შემოწმების აქტის მიხედვით, დღგში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება), ასევე, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს ამ ნაწილში დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისაგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2023 წლის №261-11 საგადასახადო მოთხოვნა;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. მომჩივანი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისაგან;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დავების განხილვის საბჭოს 22.12.2022 წლის №18001/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2023 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლის უფლება წარმოეშვა 2018 წლის მაისის თვეში, შესაბამისად მეწარმეს 2018 წლის მაისის პერიოდის ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული 2 444.6 ლარი უნდა ჩაეთვალა საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის მაისის თვეში ან 2018 წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში. აგრეთვე, შემოწმებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე. აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, შემმოწმებლისთვის შეუძლებელია, 2021 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი, 2018 წლის მაისის თვის დღგ-ის 2 444,6 ლარის გადატანა, 2018 წლის მაისის თვის დეკლარაციაში ან 2018 წლის, წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში. შესაბამისად, 2022 წლის 30 ივნისით შედგენილი შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამ ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო შემთხვევაში 2018 წლის 5 მაისის პერიოდის დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული 2 444.6 ლარი დღგ-ის ჩათვლას ექვემდებარება 2018 წლის საანგარიშო პერიოდში. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 22.12.2022 წლის №18001/2/2022 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დღგ-ის ჩათვლის (2 444.6 ლარი) ასახვა 2018 წლის საანგარიშო პერიოდში და შემოწმების აქტის მიხედვით, დღგში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება), ასევე, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს ამ ნაწილში დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისაგან.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 178(დ); 269(7);

(2021 წლამდე მოქმედი): 161(1„ა“); 174(1); 175(1„ა“„ბ“);