გადაწყვეტილება №24227/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24227/2/2024
23 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 31.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24227/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. შემოწმების შედეგად დადგენილი სალაროში განკარგვადი თანხის, 306 462 ლარის, სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა;
3. დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2024 წლის №083-28 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.10.2024 წლის №22068 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 210 193.7 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 137 830
დღგ - 61 215
საშემოსავლო გადასახადი - 76 615
ჯარიმა - 68 916
საურავი - 3 447.70
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით და ლითონის ბიჟუტერიით (ბავშვის ორეული, ქუდი, მაისური, შარვალი, ქურთუკი, საცურაო კოსტუმი, ბავშვის და ქალის ფეხსაცმელი, თმის სამაგრი ა.შ.).
აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2024 წლის №15608 და 7.08.2024 წლის №18314 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 22.02.2023 წლიდან 1.07.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 7.08.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 19.08.2024 წლის №18991 ბრძანება და ამავე თარიღის №083-28 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 18.09.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.10.2024 წლის №22068 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. ინვენტარიზაციის განმახორციელებელმა პირებმა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ შეძლეს (დირექტორი არ იმყოფება საქართველოში). აღნიშნულიდან გამომდინარე, მიჩნეულია რომ ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (12.06.2024 წლისათვის) საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. ასევე, საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი მიჩნეულია ნულის ტოლად.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთის მითითებულ ვადაში წარუდგენლობისათვის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.07.2024 წლის №----- სამართალდარღვევის ოქმით გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით, დაჯარიმდა 400 ლარით, ხოლო ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის, აუდიტის დეპარტამენტის 30.07.2024 წლის №--- სამართალდარღვევის ოქმით გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარი.
საგადასახადო ორგანო შემოწმებისას დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს და საარქივო სამმართველოდან მიღებულ საბაჟო დოკუმენტაციას. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 534 396 ლარს და დოკუმენტური რეალიზაცია უფიქსირდება 2 200 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში (22.02.2023 წლიდან 1.07.2024 წლამდე) სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი იმპორტირებული აქვს -----დან 524 665 ლარის ოდენობით. ასევე, უფიქსირდება 12 365 ლარის ადგილობრივი შეძენა (დღგ-ის გარეშე). გადასახადის გადამხდელს 2023 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი, 31.12.2023 წლის მდგომარეობით, 64 754 ლარი. 2023 წლის საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს 135 282 ლარის (დღგ-ის გარეშე) სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი.
შემოწმების შედეგად გავრცელებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი სახეობების მიხედვით.
შემოწმების შედეგად განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 62.84%-ს. საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით და შეადგინა ნული ლარი.
სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ მონაცემებს შორის, საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას არ ეთანხმება, რადგან ორგანიზაცია აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას პროგრამა „ინფო ბუღალტერში“ და ხდება პროდუქციის ჩამოწერა ყოველდღიურად, ასევე სრულად არის წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია, რაზეც შიდა აუდიტი თითქმის ყოველდღიურად ტარდება კომპანიაში.
საგადასახადო ორგანოს მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამოღებული თითოეული ქვითრის მიხედვით ჩამოიწეროს საქონელი მყისიერად, რაც რთულია არსებული პირობებიდან გამომდინარე, ამიტომ ხორციელდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვიანობა/ჩამოწერა ყოველი დღის ბოლოს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, რადგან ორგანიზაცია აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას პროგრამა „ინფო ბუღალტერში“ და სრულად ახდენს პროდუქციის ჩამოწერას ყოველდღიურად. საგადასახადო ორგანო ითხოვს, რომ საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამოღებული თითოეული ქვითრის მიხედვით ჩამოიწეროს საქონელი მყისიერად, რაც რთულია არსებული პირობებიდან გამომდინარე, ამიტომ ხორციელდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვიანობა/ჩამოწერა ყოველი დღის ბოლოს.
მომჩივნის წარმომადგენელს ეცნობა საჩივრის ზეპირი განხილვის შესახებ, თუმცა მონაწილეობის სურვილი არ გამოუთქვამს.
მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს მიერ 20.11.2024 წლის №-----21-14 წერილით წარმოდგენილია ინფორმაცია, რომელშიც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში „ინფო ბუღალტერი“ არასრულყოფილად არის აღრიცხული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კომპანიის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა. საწარმოში დაინიშნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების პროცედურა. ინვენტარიზაციის განმახორციელებელმა პირებმა კომპანიის წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ შეძლეს (საწარმოს დირექტორი, არ იმყოფება საქართველოში). აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის სალაროს და სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 274 793 ლარს. დღგ-ით დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 534 396 ლარს. იმპორტირებული აქვს 524 665 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ადგილობრივ ბაზარზე შეძენები შეადგენს 12 365 ლარს. განხორციელებული აქვს 2 200 ლარის დოკუმენტური რეალიზაცია. შემოწმების შედეგად, განხორციელდა ნაშთად რიცხული სმფ-ების სახეობების მიხედვით აუდირებული ფასნამატით რეალიზაცია. საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 62,84%-ს.
მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ დოკუმენტს/მტკიცებულებას.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის და საგადასახადო ორგანოს პოზიციას, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შესაბამისად საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, მომჩივნის მიერ, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შემოწმების შედეგად დადგენილი სალაროში განკარგვადი თანხის, 306 462 ლარის, სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად დადგენილი რეალიზაციიდან შემოსავალი შეადგენს 874 497 ლარს (1 031 906 ლარს დღგ-ის ჩათვლით). კომპანიას განხორციელებული აქვს რეალიზაცია ფიზიკურ პირებზე დოკუმენტის გარეშე. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მხოლოდ 2 200 ლარს. შემოსავალი სრულად ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება ჩაითვალა არარეზიდენტი მომწოდებლისათვის ანაზღაურებულად. შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის განხორციელების თარიღისათვის საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში არ ერიცხება, ნულის ტოლია. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს სალაროში განკარგვადი თანხა 306 462 ლარი (აგროსილი 383 078 ლარი) მიჩნეულია სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.
შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 154-ე და 101-ე მუხლებით, აღნიშნული განაცემი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. აგრეთვე, მომჩივნის მიერ მე-2 სადავო საკითხში დაფიქსირებულ პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებაზე, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებისას შემოწმების მიერ სრულად იქნა ანაზღაურებულად ჩათვლილი არარეზიდენტი მომწოდებლისათვის იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის ბუღალტერი თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელთან და სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ბანკის ამონაწერები, ცნობა ბანკებში არსებული ანგარიშების შესახებ, იჯარის ხელშეკრულება, ექსელში გაკეთებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, ბუღალტრული პროგრამა „ინფო ბუღალტერი“, ახსნა-განმარტებითი ბარათი), რაც იქნა მოთხოვნილი, გაგზავნილი დროულად მეილზე, 10.07.2024 წლიდან 29.07.2024 წლამდე პერიოდში ეტაპობრივად, მაგრამ საწარმოს მაინც დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების შედეგად სალაროს ნაშთმა შეადგინა 306 462 ლარი (აგროსილი 383 078 ლარი). სალაროს ნაშთის დაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული იმპორტიდან (------ რესპუბლიკა) შემოტანილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებზე გადახდილი 193 286 დოლარი (დაახლოებით 524 259 ლარი). იმპორტზე (----) გადახდილი თანხა ხდებოდა ხელზე, ნაღდი ანგარიშსწორებით. -----ი არსებული საწარმოები, საიდანაც კომპანია აწარმოებდა შესყიდვებს არ აძლევდნენ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამიტომაც არ არსებობს იმპორტზე გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მომჩივანი ითხოვს გადაიხედოს და შემოწმდეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი სალაროს ნაშთი, რადგან კომპანიის გაანგარიშებით ბუღალტრულად სალაროს ნაშთი 1.07.2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 0 ლარს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიის ბუღალტერი თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელთან და სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გაგზავნილი აქვს მეილზე. რაც შეეხება, შემოწმების შედეგად განსაზღვრულ სალაროს ნაშთს, არ არის გათვალისწინებული იმპორტიდან (-------- რესპუბლიკა) შემოტანილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებზე გადახდილი 193 286 დოლარი (დაახლოებით 524 259 ლარი). იმპორტზე (------) გადახდილი თანხა ხდებოდა ხელზე, ნაღდი ანგარიშსწორებით. -----ში არსებული საწარმოები, საიდანაც კომპანია აწარმოებდა შესყიდვებს არ აძლევდნენ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამიტომაც არ არსებობს იმპორტზე გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს მიერ 20.11.2024 წლის №------21-14 წერილით წარმოდგენილია ინფორმაცია, რომელშიც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს ჯარიმა დაეკისრა მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის გამო. კერძოდ გადამხდელმა ცნობა სს -------ბანკიდან და სს ----- ბანკიდან ანგარიშების შესახებ და სს ------ის დოლარის ანგარიშიდან ამონაწერი სრულ შესამოწმებელ პერიოდზე წარადგინა ელექტრონულად 12.08.2024 წელს (შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ). რაც შეეხება, სალაროს ნაშთს, სრულად არის გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის ღირებულება 524 663 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 68 916 ლარი, მათ შორის დღგ-ში 30 608 ლარი და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადში 38 308 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს, რომ ორგანიზაცია არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, ითხოვს ჯარიმა შეუმცირდეს ზემოთ აღნიშნული საკითხების გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს ჯარიმისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული ჯარიმისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. შემოწმების შედეგად დადგენილი სალაროში განკარგვადი თანხის, 306 462 ლარის, სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა;
3. დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №15608 და №18314 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 22.02.2023 წლიდან 1.07.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №18991 ბრძანება და №083-28 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №22068 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან,არ არსებობს დაკისრებული ჯარიმისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(4.5.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1 და მე-2); 164(1); 269(7);