გადაწყვეტილება №21021/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21021/2/2023
22 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ს“ 10.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21021/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. შეძენილ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-277 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №22800 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 674 333 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 377 372
დღგ - 174 872
მოგების გადასახადი - 202 500
ჯარიმა - 188 686
საურავი - 108 275
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა მძიმე ტექნიკით მომსახურების გაწევა. ასევე, უფიქსირდება მძიმე ტექნიკით მომსახურების შეძენა და ბალასტის, ქვიშა-ხრეშის, ღორღის შეძენა-რეალიზაცია. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 5 ივნისიდან, ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №42012 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 5 ივნისიდან 2021 წლის 1 დეკემბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33744 ბრძანება და №001-277 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 674 333 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 1 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 18 სექტემბრის №22800 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია. შემოწმების პროცესში მომჩივანი არ თანამშრომლობდა შემმოწმებლებთან. შესაბამისად, არ არის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია, ასევე ბანკის ცნობები და ამონაწერები, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პირველადი დოკუმენტაცია და გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებები დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების, ასევე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის თაობაზე. საწარმოს არ უფიქსირდება მძიმე ტექნიკის საკუთრებაში ფლობა. შემოწმების პროცესში განხორციელდა მესამე პირებისაგან ინფორმაციის გამოთხოვა შპს „-----ს“ მიერ მიღებულ და გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის №092181121004 საქმეზე საწარმოს ხელმძღვანელი პირების მიერ ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახურიდან მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (მათ შორის, საბანკო ამონაწერები), ასევე მიღებული პირველადი დოკუმენტაციის/ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მძიმე ტექნიკით მომსახურებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 225 512 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) და ქვიშა-ხრეშის და ბალასტის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 545 312 (დღგ-ის ჩათვლით) ლარს. შედეგად, ჯამში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 526 122 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები ჯამში შეადგენს 1 489 021 ლარს. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების შედეგად დამატებით დღგით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 37 101 ლარი. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და განმარტავს, რომ შემოწმებით გამოვლენილი სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერად განხორციელდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელის მხრიდან იყო სრული ჩართულობა შემოწმების პროცესში და მოთხოვნისამებრ აწვდიდნენ ყველა სახის მონაცემებს. ანგარიშ-ფაქტურების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით შემმოწმებელს არ მიუმართავს მომჩივნისთვის, ერთობლივი ჩართულობით მოახდენდნენ ყველა სახის დოკუმენტაციის მოძიებას.
შემოწმების პროცესში არ უთქვამთ უარი თანამშრომლობაზე და დროულად აწვდიდნენ მოთხოვნილ დოკუმენტებს. სხვა ინფორმაციის თუ დოკუმენტაციის მოთხოვნა შემოწმებისას არ მომხდარა. შემმოწმებელი არ თანამშრომლობდა მომჩივანთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საკითხი განხილულ იქნას ერთობლივად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია, ბანკის ცნობები და ამონაწერები, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პირველადი დოკუმენტაცია და მომჩივნის ახსნა-განმარტებები დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების, ასევე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის თაობაზე. კომპანიას არ უფიქსირდება მძიმე ტექნიკის საკუთრებაში ფლობა. საგადასახადო ორგანოს მიერ მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, პირველადი დოკუმენტების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მძიმე ტექნიკით მომსახურებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 225 512 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) და ქვიშა-ხრეშის და ბალასტის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 545 312 (დღგ-ის ჩათვლით) ლარს. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 526 122 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შეადგენს 1 489 021 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა მართლზომიერად დაიბეგრა დღგ-ით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ არაერთხელ დაუკავშირდნენ საწარმოს წარმომადგენლებს, თუმცა მოთხოვნის მიუხედავად მომჩივანს არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია. კომპანია დაჯარიმებულია ინფორმაციის წარუდგენლობისთვის.
ამასთან, მომჩივანს არც დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტირებული დასაბუთება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შეძენილ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მძიმე ტექნიკით მომსახურებაზე მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ჯამში 1 102 619 ლარის (დღგ-ის ჩათვლით), რაზეც შესაბამის პერიოდებში განხორციელებულია დღგ-ის ჩათვლა 168 196 ლარის ოდენობით. რაც შეეხება შემოსავალს, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მძიმე ტექნიკით მომსახურებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 225 512 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა აღნიშნული ხარჯების გაწევის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მათ შორის, ხელშეკრულებები, ფორმა 2-ები და მიღება-ჩაბარების აქტები).
საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული მომსახურების იდენტიფიცირება, დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებასთან კავშირი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება, აღნიშნულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯი ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და შესაბამის პერიოდში მოქმედი 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით, გაუქმდა ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 97-ე, 982 , მე-2, 173-ე, 174-ე, 175- ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მძიმე ტექნიკით მომსახურებაზე მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ჯამში 1 102 619 ლარის (დღგ-ის ჩათვლით), რაზეც შესაბამის პერიოდებში განხორციელებულია დღგ-ის ჩათვლა 168 196 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მძიმე ტექნიკით მომსახურებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 225 512 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). მომჩივნის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი აღნიშნული ხარჯების გაწევის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მათ შორის, ხელშეკრულებები, ფორმა 2-ები და მიღება-ჩაბარების აქტები). აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ შემცირებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, ხოლო გადახდილი თანხა განხილულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ამასთან, მომჩივანს არც დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტირებული დასაბუთება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. შეძენილ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია. შემოწმების პროცესში მომჩივანი არ თანამშრომლობდა შემმოწმებლებთან. შესაბამისად, არ არის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია, ასევე ბანკის ცნობები და ამონაწერები, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პირველადი დოკუმენტაცია და გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებები დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების, ასევე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის თაობაზე. საწარმოს არ უფიქსირდება მძიმე ტექნიკის საკუთრებაში ფლობა. შემოწმების პროცესში განხორციელდა მესამე პირებისაგან ინფორმაციის გამოთხოვა მომჩივნის მიერ მიღებულ და გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებით. საგამოძიებო სამსახურიდან მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (მათ შორის, საბანკო ამონაწერები), ასევე მიღებული პირველადი დოკუმენტაციის/ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მძიმე ტექნიკით მომსახურებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 225 512 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) და ქვიშა-ხრეშის და ბალასტის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 545 312 (დღგ-ის ჩათვლით) ლარს. შედეგად, ჯამში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 526 122 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები ჯამში შეადგენს 1 489 021 ლარს. შემოწმების შედეგად დამატებით დღგით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 37 101 ლარი. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მძიმე ტექნიკით მომსახურებაზე მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ჯამში 1 102 619 ლარის (დღგ-ის ჩათვლით), რაზეც შესაბამის პერიოდებში განხორციელებულია დღგ-ის ჩათვლა 168 196 ლარის ოდენობით. რაც შეეხება შემოსავალს, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მძიმე ტექნიკით მომსახურებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 225 512 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა აღნიშნული ხარჯების გაწევის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მათ შორის, ხელშეკრულებები, ფორმა 2-ები და მიღება-ჩაბარების აქტები). გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული მომსახურების იდენტიფიცირება, დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებასთან კავშირი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება, აღნიშნულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯი ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გაუქმდა ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი. ასევე, დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9"ბ"), 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1), 97(1"ბ"), 982(1"ბ"), 174(1), 175(1"ა").
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა"), 173(1), 174(1"ა")(2"ა.ა").