გადაწყვეტილება №21353/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21353/2/2023
19 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ9.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 19.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21353/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;
2. ნაშთად არსებული განკარგვადი თანხის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.08.2023 წლის №001-196 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26933 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 259 456 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 157 412
დღგ - 72 131
საშემოსავლო გადასახადი - 85 281
ჯარიმა - 78 437
საურავი - 23 607
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა კოსმეტიკის და ჰიგიენის ნაწარმით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 30.08.2023 წლის №21319 ბრძანება და №001-196 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26933 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანი გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 1 ნოემბრიდან. უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით. შესაბამისად, საქონლის აღრიცხვა/ჩამოწერა არ ხორციელდება სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კომპანიამ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ინფორმაცია სმფების ნაშთების შესახებ ჯამურად, თანხობრივი შედეგები ყოველი წლის ბოლოსთვის, რის გათვალისწინებაც მოხდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დათვლის დროს. საცალოდ გაყიდული პროდუქციის ფასნამატის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატები კატეგორიების მიხედვით. შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის.
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი რედაქციის 159-ე მუხლის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახური დაეყრდნო საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით. შესაბამისად, საქონლის აღრიცხვა/ჩამოწერა არ ხორციელდება სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ მოხდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის დეტალური შესწავლა რათა ერთმანეთისგან გამიჯნულიყო დასაბეგრი და გათავისუფლებული საქონელი. რაც შეეხება ფასნამატის გაანგარიშებას, წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი (საშუალო შეწონილი მეთოდით მიღებული).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, ვინაიდან, შემოწმების მიერ ვერ იდენტიფიცირდა საცალოდ გაყიდული პროდუქციის ფასნამატი, მართლზომიერია საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე კატეგორიების მიხედვით გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის დაუსწრებლად, შესაბამისად მოსმენილი იქნა მხოლოდ შემმოწმებლების არგუმენტები, რაზეც საპასუხო არგუმენტების წარდგენის საშუალება არ მიეცა. რითაც გადამხდელი აღმოჩნდა არა თანასწორ პირობებში და დაირღვა მისი უფლებები, რომ დაეცვა პოზიცია. ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საყოფაცხოვრებო საქონლით საბითუმო ვაჭრობა. შემოწმების შედეგად საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. საწარმო საბუღალტრო აღრიცხვას ორისის პროგრამით ახორციელებს და შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა მათ მიერ მოთხოვნილი ყველა სახის დოკუმენტაცია. არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულ გაანგარიშების შედეგებს. კერძოდ: არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულ გაანგარიშების შედეგებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებათა გამო:
1. ობიექტი წარმოადგენს საბითუმო ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრე ობიექტს, საქონლის რეალიზაცია ხდება საბითუმო ვაჭრობით. ძირითად დოკუმენტებით ხდება რეალიზაცია, რომელიც შეადგენს 80%-ს. სარეალიზაციო ფასები ფიქსირებულია და დოკუმენტით რეალიზებული საქონლის და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასები არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. საწარმო თვითღირებულების სმფ-ის აღრიცხვა- ჩამოწერისთვის იყენებს აღრიცხვის საშუალო შეწონილ მეთოდს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დოკუმენტური რეალიზაციის გაანგარიშებისას დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მოხდა რამდენიმე შეძენა-რეალიზაციის არასწორი დაკავშირება. შემოწმების შედეგად ფასნამატი ჯგუფების მიხედვით, განსხვავებულია და არ უდრის საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულ ფასნამატს. საქონლის რეალიზაცია ხდება საბითუმო ვაჭრობით, შემოწმებამ მათ მიერ გამოყვანილი ფასნამატი მიუყენა, როგორც უდოკუმენტოდ გაყიდულს ასევე დოკუმენტებით გაყიდულ საქონელს. რითაც არასამართლიანად გაიზარდა, როგორც დღგ-ით, ასევე საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. არამართლზომიერია მათი გაანგარიშებული ფასნამატი, რადგან მათ მიერ დამუშავებულია დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის მხოლოდ 10%. საიდანაც გამიოიყვანეს ფასნამატი, თუნდაც დოკუმენტების 80% დაემუშავებინათ და გაეანალიზებინათ მიიღებდნენ ფასნამატის სულ სხვა რეალურ ოდენობას. მეწარმე საქონელს იძენს ადგილობრივი ბაზრიდან და ახდენს მცირეოდენი ფასნამატით მის რეალიზაციას, ხოლო შემოწმების მიერ გამოყვანილი ფასნამატი ბევრად აღემატება იმპორტიორების მიერ იმავე ფასებში გაყიდული საქონლის ფანამატს. შემოწმების მიერ გაანგარიშებული ფასნამატის ანალიზი მოკლებულია ყოველგვარ რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს, მსჯელობებს და დასკვნებს. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებით წარმოდგენილი იქნება ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელშიც სრულად იქნება შეყვანილი ყველა დოკუმენტალური რეალიზაცია შესაბამისად შეპირისპირებული თვითღირებულების ფასთან, რაც იქნება მტკიცებულება იმისა, რომ რეალური ფასნამატი ბევრად ნაკლებია შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატთან.
2. ნაშთად არსებული განკარგვადი თანხის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. გაწეული ხარჯი განისაზღვრა საბანკო ამონაწერების მიხედვით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადახდილი თანხებით, ასევე საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მესამე პირებისგან მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა შპს „----------“ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ფარგლებში არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი 301 751.48 ლარის ოდენობით, ხოლო სალაროს ნაშთი - 40 924 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, სახელფასე განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ შემოწმებით ჩატარდა ანალიზი სესხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. შედეგად, კომპანიის ეკონომიკური საქმიანობისთვის სესხის საჭიროება არ დადასტურდა. ამასთან, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით სესხის მიღება არ ფიქსირდება. შესაბამისად, განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას სესხის თანხა არ იქნა ჩართული არც შემოსავალში და არც ხარჯში. 150 000 ლარის გათვალისწინება კი მოხდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული თანხა შეტანილია დაფუძნების პერიოდში. წინა პერიოდის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს ჰქონდა სესხის საჭიროება, რათა დაეწყო ეკონომიკური საქმიანობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო წარდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას, შემოწმებით ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას გათვალისწინებული არ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა არსებითი ფინანსური ხარჯი, მათ შორის კერძოდ, არ არის გათვალისწინებული იჯარაზე გადახდილი თანხები (54 000 ლარი) და სხვა ხარჯები, ასევე, შემოწმების მიერ დასაბეგრი თანხა გაზრდილია 100 000 ლარით, რომელიც მათი თქმით არის კრედიტორული დავალიანება 1.03.2023 მგომარეობით მომწოდებლების მიმართ, მათი თქმით აღნიშნული ინფორმაცია მომწოდებლებისგან იქნა გამოთხოვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და 96-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია მოითხოვს ადმინისტრაციული აქტის გამომცემის მიერ მეტ შესწავლას, მოკვლევას და ანალიზს, რაც მათ არ გაუკეთებიათ, მოითხოვა ამ მომწოდებლების დასახელება, რათა გაეგო რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ეს ინფორმაცია, მაგრამ აღნიშნულ ინფორმაციის მოწოდებაზე მიიღო უარი და არ იცის, საიდან და რატომ დაარიცხეს ეს თანხები. აუცილებელია კონკრეტულად ამ მომწოდებლებთან, ურთიერთშედარების აქტით დადასტურებულიყო აღნიშნული კრედიტორული დავალიანების ოდენობა. რადგან შესაძლებელია ამ თარიღში მისი მხრიდან თანხა იყოს გადარიცხული და მომწოდებელთან არ ყოფილიყო ასახული. რაც შემოწმების მიერ უნდა გადამოწმებულიყო მისი საბანკო და სალაროს ჩანაწერებში, რაც მათ მიერ არ მომხდარა.
საწარმოს დამფუძნებელს (რომელიც ასევე დირექტორია), კომპანიის დაფუძნების დღიდან საბრუნავი საშუალებებისთვის სხვადასხვა პერიოდში შეტანილი აქვს საწარმოში 490000 ლარი. რომელიც წარმოადგენს დამფუძნებლის უპროცენტო შენატანს საწარმოში, რაზეც საწარმოს გააჩნია მტკიცებულებები (ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლის ორდერები), შემოწმების მომენტში წარდგენილი იქნა, თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტები და ხელშეკრულებები შემმოწმებლებისთვის, აქედან 100000 ლარი დაბრუნებულია დირექტორისთვის, ხოლო 390000 ლარი ისევ არის საწარმოს ვალდებულება დირექტორის მიმართ. აღნიშნული სესხი გადამხდელს დეკლარირებული აქვს მოგების გადასახადის დეკლარაციაში და ბუღალტრულ ჩანაწერებში, ითხოვს აღნიშნული თანხის გათვალისწინება მოხდეს სალაროდან გასავლის ნაწილში, რადგან საწარმოს ფინანსური ხარჯები გაწეული იყო დამფუძნებლის შენატანით, დღეის მდგომარეობით აღნიშნული თანხები კომპანიის მხრიდან არ არის დაბრუნებული დამფუძნებლისთვის. ამ თანხიდან შემმოწმებლების მიერ სესხად ჩაითვალა მხოლოდ 150000 ლარი, ხოლო დანარჩენი სესხის თანხის გათვალისწინება არ მოხდა სალაროს გასავლის ნაწილში. გაუგებარია, თუ რატომ არ მოხდა დანარჩენი თანხის სესხად ჩათვლა შემმოწმებლების მიერ, რადგან ყველა დოკუმენტი იდენტურია და კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი. ის რომ შერჩევით მოხდეს ნაწილის გათვალისწინება და ნაწილი თანხის არ გათვალისწინება არამართებულია. შემმოწმებელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული თანხის სესხების საჭიროება საწარმოს არ ჰქონდა, შემოწმებას, რომ შეეტანა ყველა ხარჯი სალაროში თანხის მოძრაობის გაანგარიშების დროს, გაეანალიზებინა ასევე შეძენილი საქონლის მზარდი შეძენის ფაქტები, ნამდვილად დაინახავდა ამ თანხის სესხების საჭიროებას. ნაღდი ფულის გაანგარიშების შემთხვევაშიც აუდირებული ფასნამატის გათვალისწინებითაც, სალაროში არ რჩებოდა იმ ოდენობის ნაშთი, რაც საშემოსავლო გადასახადით არის დაბეგრილი. რაც იმას ნიშნავს, რომ არა დირექტორის შენატანი, საწარმოს საბრუნავი საშუალებებისთვის თანხა არ ექნებოდა. ამ შემთხვევაში დამფუძნებლის ინვესტიცია საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით.
აქედან გამომდინარე, შემოწმების აქტში ხელფასად დაფიქსირებული განაცემი არ შეიძლება ჩაითვალოს ხელფასად, არამედ უნდა ჩაითვალოს დამფუძნებელზე გაცემულ შემონატანის უკან დაბრუნებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა უნდა შემცირდეს დამფუძნებლის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით საწარმოში შეტანილი თანხით 390000 ლარით და დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ფინანსური ხარჯით. (წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამომდინარე, ითხოვს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.
მოითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის ხელახალი შესწავლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს უნდა განხორციელდეს მისი უშუალო მონაწილეობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26933 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;
2. ნაშთად არსებული განკარგვადი თანხის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანი გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 1 ნოემბრიდან. უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით. შესაბამისად, საქონლის აღრიცხვა/ჩამოწერა არ ხორციელდება სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
2. საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. გაწეული ხარჯი განისაზღვრა საბანკო ამონაწერების მიხედვით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადახდილი თანხებით, ასევე საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მესამე პირებისგან მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა მომჩივანთან განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ფარგლებში არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი 301 751.48 ლარის ოდენობით, ხოლო სალაროს ნაშთი - 40 924 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)