გადაწყვეტილება №24266/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24266/2/2024
25 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი/მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----ის 8.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24266/2/2024).
დავის საგანი:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო;
3. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 23 იანვრის №2023/011-26/1 აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
2. მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივლისის ID:---- გადაწყვეტილება;
3. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №20391 ბრძანება;
4. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ოქტომბრის №22298 ბრძანება;
5. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №22600 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 318 206 ლარი.
სადავო საკითხები:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო
ფაქტების აღწერა
ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 23 იანვრის №2023/011-26/1 აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2024 წლის 3 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 21 ოქტომბრის №22600 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №22600 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე, 301-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო აქტს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 9 თებერვალს, ხოლო საჩივრები შემოსავლების სამსახურში წარდგენილია გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2024 წლის 3 ოქტომბერს. მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 53-ე, 185-ე, 186- ე, 96-ე, 101-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა უხეშად დაარღვია კანონით დადგენილი პროცედურები და გადაწყვეტილება მიიღო საკითხის შესწავლის გარეშე და ზეპირ განხილვაზე არ გამოიძახა საჩივრის ავტორი.
გადასახადის გადამხდელს ერიცხება 10 უძრავი ქონება, რომლის ღირებულება შემოსავლების სამსახურის შეფასებითაც (საკმაოდ პესიმისტური) კი 5 431 000 ლარს შეადგენს, რომელიც წლებია დაყადაღებულია შემოსავლების სამსახურის მიერ, 7 000 ლარის დავალიანების გამო და მომჩივანს არ აქვს საშუალება გაყიდოს 10-დან თუნდაც ერთი ქონება და დაფაროს როგორც საგადასახადო დავალიანება, ასევე აურაცხელი სხვა ვადაგასული ვალდებულებები, რომელსაც ვერ ფარავს შემოსავლების სამსახურის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების გამო.
25.07.2024 წელს შემოსავლების სამსახურის მიერ აღიარებულ კატეგორიაში გადატანილ იქნა 2022 წლიდან სასამართლოს განხილვაში მყოფი და სადავო შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 ივლისის №012-7 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა. ვალის მართვის დეპარტამენტის 26.09.2024 წლის №21-17/72557 წერილის თანახმად, 26.09.2024 წლის მდგომარეობით, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელის კუთვნილ 4 უძრავ ქონებაზე - ს/კ ----, ს/კ ---, ს/კ --- და ს/კ ----. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 238-ე, 241-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა აღიარებული და აუღიარებელი დავალიანების უზრუნველსაყოფად საკმარისად მიიჩნია მეწარმის კუთვნილი 4 უძრავი ქონება - ს/კ ---, ს/კ ----, ს/კ --- და ს/კ ---.
შემოსავლების სამსახურმა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა მხოლოდ გადასახადის გადამხდელის კუთვნილ 4 უძრავ ქონებაზე (ს/კ ---) გაავრცელა, რადგან იგი სრულად უზრუნველყოფდა საგადასახადო ორგანოს ინტერესების დაცვას. გაუგებარია რა სამართლებრივი საფუძვლით არის დაყადაღებული უძრავი ქონებები ს/კ ----. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა და აღიარებული და აუღიარებელი დავალიანებების უზრუნველსაყოფად საკმარისად მიიჩნია მომჩივნის კუთვნილი 4 უძრავი ქონება - ს/კ ----. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის კუთვნილი 6 უძრავი ქონების (ს/კ ----) დაყადაღება უკანონოა და წარმოადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის ბრძანებით სასამართლომ 9.01.2023 წლის №011-26, 10.01.2023 წლის №011-26/1 და 10.01.2023 წლის №2023/011-26/1 ბრძანებები ძალადაკარგულად/იურიდიული ძალის არმქონედ ცნო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის ბრძანებით სასამართლომ შემოსავლების სამსახურს უარი უთხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივანმა 16.07.2024 წლის ID: ---, შტრიხკოდი: ---- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა დავალიანების ჩამოწერა. 19.07.2024 წლის ID: ---, შტრიხკოდი:--- წერილით უარი ეთქვა დავალიანების ჩამოწერაზე იმ მოტივით, თითქოსდა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები, რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.
საგადასახადო ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე და 97-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ არ შეისწავლა გარემოებები და ისე გამოსცა დაუსაბუთებელი, შეუსწავლელი უარი. შემოსავლების სამსახურმა არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და უარი უთხრა მეწარმეს კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციაზე. მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილების შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 19.11.2024 წლის №107922-21-17 წერილით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ 2023 წლის 23 იანვრის №2023/011-26/1 აქტს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2023 წლის 9 თებერვალს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 13 მარტი (30-ე დღე არის არასამუშაო დღე - შაბათი), ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2024 წლის 3 ოქტომბერს.
შესაბამისად, დარღვეულია სადავო აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა. ამასთან, მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტაციას შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №22600 ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო
ფაქტების აღწერა
2024 წლის 3 სექტემბერს გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საჩივარი შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 15 ოქტომბრის №22298 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ოქტომბრის №22298 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-300, 301-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-15 მუხლზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 3 სექტემბერს წარდგენილია საჩივარი, რომლიდანაც არ ირკვევა მოთხოვნის არსი და არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი. ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის მე-15 მუხლის 21 პუნქტის მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 სექტემბრის №21-04/68777 წერილით, გადასახადის გადამხდელის საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 კალენდარული დღის ვადა.
აღნიშნული ხარვეზის წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, თუმცა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით შემოსავლების სამსახურში საჩივარი არ წარუდგენია. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი და საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, ხოლო მომჩივნის მიერ დადგენილ ვადაში არ არის გამოსწორებული აპარატის მიერ მითითებული ხარვეზი.
ამასთან, სახეზე არ არის საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებულ „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-15 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განახლების საფუძვლები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი. მომჩივნის არგუმენტაცია არ არის წარმოდგენილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ პროცედურულ მოთხოვნებს:
- საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი;
- საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად.
დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, მომჩივნის მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელოს ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ 2024 წლის 3 სექტემბერს გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საჩივარი შემოსავლების სამსახურში. საჩივრიდან არ ირკვეოდა მოთხოვნის არსი და არ ერთვოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 სექტემბრის №21-04/68777 წერილით, გადასახადის გადამხდელს საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განისაზღვრა 10 კალენდარული დღე. ხარვეზის წერილი მომჩივანს ჩაბარდა 2024 წლის 27 სექტემბერს, თუმცა ხარვეზის გამოსწორების მიზნით გადასახადის გადამხდელს არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ოქტომბრის №22298 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დარჩა განუხილველი.
მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტაციას შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ოქტომბრის №22298 ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
3. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ფაქტების აღწერა
2024 წლის 16 ივლისს გადასახადის გადამხდელმა განცხადებით (ID: ---) მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37- ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2024 წლის 19 ივლისის ID: --- გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება 2024 წლის 21 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 17 სექტემბრის №20391 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №106294-21-04 წერილით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №20391 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 27.09.2024 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 17.10.2024 წელი, ხოლო საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის მეშვეობით 7.11.2024 წელს.
შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა. ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია, რაც შეიძლება გამხდარიყო დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი 6 ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი მე-3 დავის საგნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო;
3. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.
ფაქტობრივი გარემოებები
ვალის მართვის დეპარტამენტის აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 21 ოქტომბრის №22600 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
2024 წლის 3 სექტემბერს გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საჩივარი შემოსავლების სამსახურში, რომელმაც საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
გადასახადის გადამხდელმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37- ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2024 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე.
გადაწყვეტილება
საჩივარი მე-3 დავის საგნის ნაწილში დარჩა განუხილველი; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 1, ე, ვ.