ბრძანება N 5849

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.03.2025
№ დოკუმენტი 5849
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5849

28 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 11 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 მარტის სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა ----- (პ/ნ ------) №94535/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №ELA048104 და 2025 წლის 12 თებერვლის №EL275897 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებები იყო შესაკეთებელი, რის გამოც დაირღვა მათი გამოცხადების ვადა. ასევე განმარტავს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია გამოცხადების ვადების დარღვევაზე სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის არსებობის შესახებ.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, ----- სახელზე განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება. კერძოდ:

2024 წლის 27 სექტემბერს განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების (ვინ კოდი: ------; სარეგისტრაციო ნომერი: ------) ზოგადი დეკლარირება და დეკლარირების ბოლო თარიღად განსაზღვრული ჰქონდა 2024 წლის 26 ნოემბერი.

2024 წლის 8 ოქტომბერს განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების (ვინ კოდი: --------; სარეგისტრაციო ნომერი: ---------) ზოგადი დეკლარირება და დეკლარირების ბოლო თარიღად განსაზღვრული ჰქონდა 2024 წლის 7 დეკემბერი.

გამომდინარე იქიდან, რომ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, ------- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1000 ლარის ოდენობით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით (№ELA048104 5.02.2025 და №EL275897 12.02.2025).

მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები 2025 წლის 12 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით გაფორმდა საბაჟო საწყობის პროცედურაში (№------, №--------).

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების წარდგენისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელთა ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საგულისხმოა, რომ მომჩივანს სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების მრავალი ფაქტი უფიქსირდება. ამასთან, იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო, წარსულშიც რამდენჯერმე არის დაჯარიმებული. შესაბამისად, მისთვის კარგად არის ცნობილი სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------ (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი, რომ მომჩივანის სახელზე განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება. გამომდინარე იქიდან, რომ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში რეექსპორტში დეკლარირება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

163(1);165