ბრძანება N 14577

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.06.2023
№ დოკუმენტი 14577
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N14577

26.06.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს --------ის (ს/ნ --------)

(მის.: ---------)

2023 წლის 10 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ ------) 2023 წლის 10 მაისის №80911/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის №005-42 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ ნედლეულის ნაშთს, შესაბამისად, არ ეთანხმება აღნიშნულ მონაცემსა და ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობის რეალიზებულად განხილვას და მიღებული შემოსავლის შესაბამისად, დარიცხულ დღგ-ის, საშემოსავლო და მოგების გადასახადს. მომჩივნის განმარტებით, შემოწმების აქტში დაფიქსირებული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას და შეუძლია წარმოადგინოს შესყიდული ნედლეულის ჩამოწერის დეტალური გაშიფვრა ნაწარმოები პროდუქციის მიხედვით და ასევე, ინფორმაცია რეალიზებული ნედლეულის შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 იანვრის №163 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 4 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 აპრილის №8143 ბრძანება და ამავე თარიღის №005-42 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 245 393 ლარი, მათ შორის, გადასახადი 130 770 ლარი, ჯარიმა 65 385 ლარი და საურავი 49 238 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოწმების მიერ განხორციელდა შეძენილი ძირითადი საქონლის (ფქვილი, შაქარი, მარგარინი) მოძრაობის ანალიზი, შეძენის და წარმოებაში გახარჯვის შესაბამისად (სასაქონლო ზედნადებებში ასახული თითოეული სახეობის ნაწარმის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების შესაბამისად). აგრეთვე, გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნული ქონების საწყისი და საბოლოო მარაგების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისად, და ინფორმაცია გადამხდელის მიერ დეკლარირებული საქონლის დანაკლისის შესახებ. აღნიშნული ანალიზით დადგენილ იქნა, რომ შესამოწმებელი პერიოდების ბოლოსთვის მოცემული დასახელების საქონლის ნაშთი უნდა შეადგენდეს: ფქვილი - 32520 კგ-ით მეტს, ხოლო შაქარი - 18133 კგ-ით მეტს. შემოწმებით გამოვლენილი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობები, რომლებიც არ ფიქსირდება სმფ-ების ნაშთში და არ არის დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვებში, განხილულ იქნა წარმოებად რეალიზების სასაქონლო ზედნადებებში ასახული საქონლის სახეობების მიხედვით მთლიან დეკლარირებულ ბრუნვაში მათი პროპორციის გათვალისწინებით, სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასის შესაბამისად საანგარიშო თვეების მიხედვით და აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 304 553 ლარის ოდენობით, რაზეც გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ, ხოლო მიღებული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე (დამფუძნებელზე) გაცემულ დივიდენდად (საწარმოს დირექტორის მიერ წარმოდგენილი განმარტების გათვალისწინებით). ამავე წერილის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის გათვალისწინებით, გაცემული დივიდენდის კუთვნილი მოგების გადასახადით დაბეგვრისას მოგების გადასახადის ჩასათვლელ თანხაში გათვალისწინებული იქნა 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი (11 550 ლარი), შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2012-2016 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციების მონაცემების შესაბამისად). ამასთან, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე პირველი ნაწილის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ განხორციელდა შეძენილი საქონლის მოძრაობის ანალიზი და გამოვლინდა სხვაობები საქონლის ფაქტობრივ და შემოწმებით დადგენილს შორის. აღნიშნული სხვაობები განხილულ იქნა წარმოებად რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში ასახული საქონლის სახეობების მიხედვით მთლიან დეკლარირებულ ბრუნვაში მათი პროპორციის გათვალისწინებით, ზედნადებებში დაფიქსირებული ფასის შესაბამისად საანგარიშო თვეების მიხედვით. ხოლო რეალიზაციიდან მისაღები/მიღებული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე (დამფუძნებელზე) გაცემულ დივიდენდად, დირექტორის ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, ხოლო მოგების გადასახადის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აღნიშნავს, რომ შესყიდული ნედლეულის ჩამოწერის დეტალურ გაშიფვრას და ინფორმაციას რეალიზებული ნედლეულის შესახებ წარმოადგენს მოგვიანებით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.შპს „-------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. , რომლის შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი და გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში - დარიცხული თანხების შესახებ.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61-ე, 73-ე, 136-ე, 98-ე, 159-ე, 160, 161-ე, 275-ე მუხლები.