ბრძანება N 246

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.01.2024
№ დოკუმენტი 246
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 246

12იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---) (მის.: ---) 2024 წლის 5 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის გამართულ სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №86474/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №001-274 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აწარმოებდა ბუღალტერიას, არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები, ხოლო საწარმოს მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილი სხვაობა თვეების მიხედვით, არარსებითია. აღნიშნავს, რომ დასაბეგრი თანხის გაზრდა გამოწვეულია შესამოწმებელი პერიოდის სიდიდით, ხოლო გამოვლენილი სხვაობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა საქონლის წუნი, დანაკარგები და ა.შ. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვირტუალურ სალაროს ნაშთზე განსაზღვრულ ვალდებულებებს და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივლისის №18367 და 22 სექტემბრის №23246 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის პირველ აგვისტომდე. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 7 დეკემბრის №30674 ბრძანება და ამავე თარიღის №001-274 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 85 949 ლარი, მათ შორის გადასახადი 51 887 ლარი, ჯარიმა 25 919 ლარი და საურავი 8 143 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

● შპს „---ს“ (ს/ნ ---) ეკონომიკური საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ჭურჭლით და ტექნიკით. საწარმო საქმიანობს ქ. ----. №----ში მდებარე იჯარით აღებულ ფართში, ხოლო ფართის ნაწილი გაცემულია ქვეიჯარით (ქვეიჯარის ხელშეკრულება გამოთხოვილ იქნა როგორც საწარმოსგან, ასევე მესამე პირისგან). საწარმოს მიერ საქონლის როგორც შეძენა, ასევე რეალიზაცია ხორციელდება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. მის მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, რომელიც შეადგენს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 20%-ს. წერილობით მოწოდებულია ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო სასაქონლო ნაშთების და დოკუმენტური ფასნამატის შესახებ. გადამხდელის განმარტებით, ფასნამატი შეადგენს 10-15%-ს. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი აგვისტოს №18810 ბრძანებით, შპს „---ს“ ფაქტიურ მისამართზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციით აღრიცხული სმფ-ების ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა 107 184.8 ლარი საბაზრო ფასით (არაა დაფიქსირებული პირვანდელი ღირებულება). გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალებზე მიწერილი შეძენის დოკუმენტის მონაცემები არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. ამასთან, მხოლოდ მცირე დასახელების საქონლის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფასნამატის დადგენის მიზნით, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. შემოწმების მიერ გამოყვანილია დოკუმენტური ფასნამატი კონკრეტულ საქონელზე, დოკუმენტურად შეძენილი საქონლის და სარეალიზაციო ფასების შეპირისპირებით, საშუალო ფასნამატმა შეადგინა 30%. შემოწმების მიერ გამოყენებული ზემოაღნიშნული დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რომელიც პერიოდებზე გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი წილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● შემოწმების მიერ გაანგარიშებული იქნა ფულის მოძრაობა შემდეგნაირად: რეალიზაციის თანხას დაემატა ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები და გამოაკლდა სხვადასხვა დოკუმენტური ხარჯი. საწარმოს მიერ წერილობით მოწოდებულია ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო ნაშთების დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ, რომელიც ასევე გამოთხოვილი იქნა მესამე პირებისგან. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის №17957 („სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“) ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა. სალაროში ნაღდი ფულის ოდენობამ შეადგინა 215 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 103-ე მუხლების, ასევე „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით (შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით), ფულის მოძრაობის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი 27 355 ლარი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორის ფ/პ ---ის (პ/ნ ---) მიერ მიღებულ ხელფასად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო პირის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები შეადგენდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 20%-ს. განხორციელებული ინვენტარიზაციით საწარმოს სმფ-ების ფაქტიურმა ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 107 184.8 ლარი, ამასთან, გადამხდელის მიერ ინვენტარიზაციის მასალებზე დაფიქსირებული სმფ-ების შეძენის დოკუმენტის მონაცემები არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს (შემოწმებით მხოლოდ მცირე დასახელების საქონლის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი წილის შესაბამისად. ასევე, გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სალაროში ნაღდი ფულის ოდენობამ შეადგინა 215 ლარი.

შემოწმების მიერ ფულის ნაშთის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ საქონლის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალი, ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, გადამხდელის მიერ მოწოდებული შესამოწმებელი პერიოდის საწყისი/საბოლოო ნაშთების, დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც განსაზღვრული ფულის ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ხელფასად. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო პირის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები შეადგენდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 20%-ს, ამასთან, მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა მარლთზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის პირველ აგვისტომდე. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 7 დეკემბრის №30674 ბრძანება და ამავე თარიღის №001-274 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 85 949 ლარი, მათ შორის გადასახადი 51 887 ლარი, ჯარიმა 25 919 ლარი და საურავი 8 143 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5 ,9); 159; 163; 164; 101; 154.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასხადო კოდექის შემდეგ ნორმებს: 160; 161.