ბრძანება N 1227
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1227
30.01.2023
შპს „----“-ის (ს/ნ -----)
(მის.: ------)
2022 წლის 30 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 იანვრის სხდომაზე (ოქმი№1) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) №157850/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ივლისის №081-115 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მისთვის გაურკვეველია თუ საიდან განსაზღვრა შემოწმებამ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 1 249 011 ლარის ოდენობით. მიუთითებს, რომ შემოწმების აქტს არ ახლავს გაანგარიშება და მოყვანილია მხოლოდ ციფრები. გადამხდელი აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის აქტით სმფ-ების ნაშთი 2022 წლის 9 ივნისის მდგომარეობით 0-ის ტოლია, ხოლო შემოწმებას საკითხი ფაქტიურად არ შეუსწავლია, რაც დგინდება საქონლის მოძრაობის ანალიზით. არ ეთანხმება ასევე გამოყენებულ ფასნამატს, მიუთითებს, რომ თამბაქოთი ვაჭრობის სფეროში ასეთი ფასნამატი აბსურდულია.
2.არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შედეგად,ჩატარებული ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად დარჩენილი თანხის დივიდენდად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმების აქტით არ იკვეთება ის ფაქტი, საწარმოს ფინანსური შედეგები იძლევა თუ არა დივიდენდის გაცემის შესაძლებლობას. მიუთითებს,რომ შემოწმების აქტში მოყვანილია მხოლოდ ციფრები,რომელთა დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია, რაც ეწინააღდმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მოთხოვნებს.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 მარტის №7327, 18 აპრილის № 9697 და 23 ივნისის № 15934 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება . შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 25 აპრილიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2022 წლის 9 ივნისის ჩათვლით საანაგრიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 1 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 11 ივლისის №18147 ბრძანება და ამავე თარიღის №081-115 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 451 107 ლარი, მათ შორის: გადასახადი 294 575 ლარი, ჯარიმა 147 287 ლარი, საურავი 9244 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-----„ გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 25 აპრილს, ხოლო დღგ-ის გადამხდელია 2021 წლის 22 თებერვლიდან. საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა, ძირითადად თამბაქოს ნაწარმით. შემოწმების პროცესში გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება სრულად არადოკუმეტურად და გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხორციელდება საქონლის ჩამოწერები საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით და არ ხდება ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. ამასთან, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 9 ივნისის №14426 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით 2022 წლის 9 ივნისისთვის კომპანიას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანიის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 9 ივნისის N14426 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებით და გამოიყვანა 2022 წლის 1 აპრილისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი. ასევე, შემოწმების პროცესში შეძენილი სმფ-ები დაიყო კატეგორიებად, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან დაანგარიშდა სალაროთი რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ფასნამატი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, მიღებული სხვაობებით, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ასევე, შემოწმების მიერ ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი (დებიტორ- კრედიტორების გათვალისწინებით) და დარჩენილი თანხა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე დაკვალიფიცირდა გაცემულ დივიდენდად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 130-ე მუხლების გათვალისწინებით დაექვემდებარა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის,გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ)ან შედარების მეთოდით სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზისსაფუძველზე,თუგადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს სგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საქონლის რეალიზაცია ხორციელდება სრულად არადოკუმეტურად და გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხორციელდება საქონლის ჩამოწერები დადგენილი წესით და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 9 ივნისის №14426 ბრძანებით ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით 2022 წლის 9 ივნისისთვის კომპანიას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანიის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 9 ივნისის N14426 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებით და გამოიყვანა 2022 წლის 1 აპრილისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი. ასევე, შემოწმების პროცესში შეძენილი სმფ-ები დაიყო კატეგორიებად, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან დაანგარიშდა სალაროთი რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ფასნამატი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელი აქტიურად იყო ჩართული შემოწმების პროცესში და მასთან განხილულია როგორც საქონლის, ისე ფულის მოძრაობის ცხრილები. ამასთან, 2022 წლის 27 ივნისს საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადამხდელს გაეგზავნა შეტყობინება საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი თანხის კვალიფიკაციის თაობაზე, რომლის მიხედვითაც გადამხდელი დაეთანხმა შემოწმებით დარიცხულ თანხებს და მოითხოვა შემოწმებით გამოვლენილი თანხის დივიდენდად განხილვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია მტკიცებულება,რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----- “-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2.არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შედეგად,ჩატარებული ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად დარჩენილი თანხის დივიდენდად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება სრულად არადოკუმეტურად და გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხორციელდება საქონლის ჩამოწერები საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით და არ ხდება ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე.შემოწმების პროცესში შეძენილი სმფ-ები დაიყო კატეგორიებად, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან დაანგარიშდა სალაროთი რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ფასნამატი. მიღებული სხვაობებით, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ასევე, შემოწმების მიერ ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და დარჩენილი თანხა, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე დაკვალიფიცირდა გაცემულ დივიდენდად და დაექვემდებარა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73,130,163,168.