გადაწყვეტილება №17921/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.12.2022
№ დოკუმენტი 17921/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17921/2/2022

15.12.2022

გადაწყვეტილება

მომჩივანი: "--------" (პ/ნ -------- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "---------- -ის " 4.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17921/2/2022).

დავის საგანი:

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 30.08.2022 წლის №EL180625 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 30.08.2022 წლის №69401075248 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 26.09.2022 წლის №24523 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 10 260 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

20.08.2022 წელს რეისით „------- -------- "-------ის" საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა მომჩივანი, რომელიც საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის განმახორციელებელი პირის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალებისა და ამ სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის ან/და მგზავრთა შესახებ წინასწარი ინფორმაციის ანალიზის შედეგად ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს. ამასთანავე, აღნიშნული მგზავრის კუთვნილ ბარგზე, მასში არსებული ერთგვაროვანი საქონლის გათვალისწინებით, დატანილ იქნა საბაჟო ორგანოს წითელი სტიკერი „ბარგი ექვემდებარება დათვალიერებას“.

საბაჟო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ზეპირი გამოკითხვის (ინტერვიუირების) შემდეგ მომჩივანი გადამისამართდა რენტგენული ინსპექტირების სისტემით (სკანერი) დათვალიერებისათვის განკუთვნილ ზონაში, სადაც დასმულ შეკითხვაზე „გადააადგილებდა თუ არა ოქროს სამკაულებს“, აღნიშნულმა მგზავრმა განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ ის ოქროს ნაკეთობები, რაც ეკეთა.

ხელბარგის რენტგენული ინსპექტირების სისტემის (სკანერის) გამოყენებით დათვალიერების შედეგად სკანერის მონიტორზე გამოიკვეთა სავარაუდოდ ოქროს ნივთების გამოსახულება და საბაჟო კონტროლის შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გადამისამართდა დეკლარირებისთვის განკუთვნილ ოთახში, სადაც მის კუთვნილ ხელჩანთაში აღმოჩნდა ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონით – 145.66 გრ, 16 ერთეული (6 ცალი ბეჭედი, 2 კულონი, 1 სამაჯური, 1 ყელსაბამი და 6 წყვილი საყურე)).

სასაქონლო ექსპერტიზის შედეგად (ექსპერტის დასკვნა №007157/2022) აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 10 260 ლარი.

საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად შემოტანისთვის, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 30.08.2022 წლის №EL180625 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის საბაჟო ღირებულების 100%-ის ოდენობით – 10 260 ლარი.

საბაჟო სამართალდარღვევის საქონელი დაილუქა №0713337 წებოვანი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, №69401075248 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმით ჩამორთმეულ იქნა საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.09.2022 წლის №24523 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს დასმულ შეკითხვაზე „გადააადგილებდა თუ არა ოქროს სამკაულებს“, მომჩივანმა განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ ის ოქროს ნაკეთობები, რაც ეკეთა. ეჭვის საფუძველზე მისი ხელბარგის სკანერზე დათვალიერებისას სკანერის მონიტორზე გამოიკვეთა სავარაუდოდ ოქროს ნივთების გამოსახულება. მისი კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერებისას კი აღმოჩნდა 10 260 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები. შესაბამისად დასტურდება, რომ მომჩივანი გადააადგილებდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილ საქონელს, რაც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

№69401075248 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანების (დანართი №2) პირველი მუხლის პირველ, მე-5 პუნქტზე, ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე.

მომჩივნის მოთხოვნაზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი სისტემატიურად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე, მათ შორის საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით და მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების თაობაზე. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების წინაპირობა გახდა ამ უკანასკნელის „რისკის პროფილით“ საბაჟო კონტროლზე აყვანა, რის გამოც გადამისამართდა ხელბარგის სკანერზე. მებაჟე - ოფიცრის მიერ შედგენილ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია, რომ „მებაჟის კითხვაზე გადააადგილებდა თუ არა იგი ოქროს ნივთებს, უპასუხა, რომ ჰქონდა მხოლოდ რაც სხეულზე ეკეთა და ასევე ჩანთაში მხოლოდ ბიჟუტერია.

მგზავრის ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული ოქროს სამკაულები 145.66 გრ.

ექსპერტის დასკვნის №------- თანახმად საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 10 260 ლარი“. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 20.08.2022 წლის საბაჟო სამართალდარღვევას N ELI80625 ოქმის საფუძველზე "--------" შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10 260 ლარის ოდენობით საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისათვის. მასვე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის N69401075248 აქტით ჩამოერთვა კუთვნილი საიუველირო ნივთები, ბიჟუტერია.

არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიდგომას საბაჟო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. როგორც საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, ისე საქონლის ჩამორთმევის დოკუმენტი მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას, შემოიფარგლება მხოლოდ ნორმის ფორმალური განმარტებით და ყურადღების მიღმაა დარჩენილი მთელი რიგი ისეთ ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა შესწავლა სამართალდარღვევის სუბიექტად არ აქცევდა რიგით მგზავრს. საქონლის როგორც საბაჟო ღირებულება, ისე მისი არასამეწარმეო დანიშნულებით საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანსპორტირება ათავისუფლებს მას საბაჟო ვალდებულებისგან.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული წარმოების დამფუძნებელ ნორმას წარმოადგეს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადმოტანისათვის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, თუმცა ასევე ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს და ადგენს საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევებს, როდესაც ნივთი პირადი საკუთრებაა, განკუთვნილია მხოლოდ პირადი სარგებლობის ან საყოფაცხოვრებო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის და მისი მახასიათებლები ან ოდენობა არ მიანიშნებს მის სამეწარმეო მიზნით შემოტანაზე (საბაჟო კოდექსის 180-ე მუხლი).

ნიშანდობლივია, რომ საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლებულია მგზავრი პირადი ბარგის შემოტანისას. საბაჟო კოდექსის 190-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება მგზავრის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ სეს ესნ-ის 28-ე–97-ე ჯგუფებით (გარდა სეს ესნ-ის 3824 90 980 01 კოდისა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 4 კილოგრამამდე საერთო წონის საქონლის შემოტანა, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 71-ე ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი დასახელების პროდუქტები: მარგალიტი ბუნებრივი ან კულტივირებული, ძვირფასი ან ნახევრადძვირფასი ქვები, ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონები, და მათი ნაწარმი, ბიჟუტერია და მონეტები.

(სეს ესნ) 71-ე ჯგუფში 7113 სასაქონლო პოზიციაში ტერმინი ,,საიუველირო ნაწარმი’’ და „ბიჟუტერია“ განმარტებულია, როგორც: ა) ნებისმიერი წვრილმანი პირადი სამკაული (ძვირფასი ქვებითა ან მათ გარეშე) (მაგალითად, ბეჭდებს, სამაჯურებს, ყელსაბამებს, გულსაბნევებს, ქინძისთავებს, საყურეებს, საათის ძეწკვებს, ბრელოკებს, კულონებს, ჰალსტუხის ქინძისთავებს, საკინძებს, რელიგიურ ან სხვა მედლებსა და ნიშნებს,); დაბ) პირადი მოხმარების ნაკეთობები, ჩვეულებრივ ჯიბით, ქალის ხელჩანთით ან სხეულზე სატარებელით (მაგალითად, პორტსიგარებს, საბურნუთეებს, საპუდრეებს, ძეწკვიან საფულეებს, კოლოფებს ტაბლეტებისათვის და კრიალოსნებს). ამ საკანონმდებლო დათქმის თანახმად 30 დღეში ერთხელ პირს აქვს უფლება პირადი ბარგით სასაზღვრო ზონაში შემოიტანოს 30 კილოგრამამდე წონის 500 ლარამდე ღირებულების ნებისმიერი წვრილმანი პირადი სამკაული და პირადი მოხმარების ნაკეთობები ბიჟუტერიის სახით, რომლის დეკლარირების ვალდებულება მას არ ეკისრება, შესაბამისად საბაჟო გადასახადისგან თავისუფლება, თუ მისი ოდენობა არ მიანიშნებს მის სამეწარმეო მიზნით შემოტანაზე.

მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ პრეზუმფციულია დათქმა, რომ პირი საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლებულია არასამეწარმეო დანიშნულებით პირადი სარგებლობის ან საყოფაცხოვრებო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის საჭირო ნივთის ხელბარგით შემოტანისას.

ამ ნივთების ჩამონათვალში შედის ყველა სახის საიუველირო ნაკეთობა (ძვირფასი ლითონი, ბიჟუტერული ნაწარმი). არასამეწარმეო დანიშნულებით საიუველირო ნაწარმის ხელბარგით შემოტანისას არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი არ ფლობდეს ინფორმაციას მის ქიმიურ შემადგენლობასა და საბაზრო ფასზე, რაც გამორიცხავს პირის ბრალეულ პასუხისმგებლობას საბაჟო სამართალდარღვევაში. მეტიც, სხვადასხვა დროსა და ვითარებაში შეძენილი, ნაჩუქარი, მემკვიდრეობით მიღებული საიუველირო ნაწარმის ქიმიური შემადგენლობა და თვითღირებულება ხშირ შემთხვევაში არცაა ცნობილი მესაკუთრისათვის და მეტიც საიუველირო საქონლის შემადგენლობის, თვითღირებულების, საბაზრო და სარეალიზაციო ფასის ცოდნა ქმნის პრეზუმფციას, რომ საქონლის შემოტანა ხორციელდება სამეწარმეო დანიშნულებით.

შემოსავლების სამსახურის 26.09.2022 წლის №24523 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით მომჩივნის პოზიციაზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს“.

ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს დისკრეციული უფლებამოსილებით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი).

მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, და განმარტავს, რომ ერთადერთი საფუძველი, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივრის განხილვისას მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კერძო და საჯარო ინტერესთა თანაფარდობის საკითხი გადაწყვიტა "--------" კანონით დაცული ინტერესის საწინააღმდეგოდ და საბაჟო პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლა იგი, იყოს ის რომ „მომჩივანი სისტემატიურად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე, მათ შორის საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით და მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების თაობაზე“.

ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთება ემყარება მხოლოდ მის მოსაზრებას, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე მათ შორის საჰაერო ტრანსპორტითაც სუბიექტის ხშირი მოძრაობა გამორიცხავს სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებას. ადმინისტრაციული ორგანოს ამ პრეზუმფციული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ სუბიექტს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფი საზღვარზე შემოაქვს დიდი ოდენობით კონტრაბანდული საქონელი შესაძლოა მოქმედებს სამართლებრივი შეცდომის არეალში, სწორედ ვერ შეაფასოს ქმედების სამართლებრივი არსი და ამ ქმედებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგი, თუ ეს უკანასკნელი იშვიათად მოძრაობს სახელმწიფი საზღვარზე, რაც სრული აბსურდია.

გამოდის, რომ კეთილსინდისიერი მოქალაქის მიმართ, რომელიც მხოლოდ პირადი დანიშნულებით მრავალჯერ ნახმარი, ამორტიზებულ, არაერთხელ გადაკეთებული (ყველა ბეჭედი არის ზომაში გადიდებული) სამკაულის შემოტანისას, როდესაც მანამდე ის საბაჟო სამართალდარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა, არის საქართველოს რეზიდენტი, მაგრამ დადასტურებული ფაქტია, რომ ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა არ შეგვიძლია გავათავისუფლოთ პასუხისმგებლობისგან მხოლოდ იმის გამო, რომ ხშირად მგზავრობს საჰაერო ტრანსპორტით.

დისკრეციული უფლებამოსილებით აღმჭურველი ნორმის ამგვარი არასწორი ინტერპრეტაცია და მითუფრო არასწორი გამოყენება პრაქტიკაში პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც „თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემისას“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ საკანონმდებლო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ ადმინისტრაციულმა ორგანომ შემოგვთავაზა მხოლოდ მის წარმოსახვაზე დაფუძნებული ლოგიკა - „თუ მოძრაობს შეცდომა გამორიცხულია“ და ყურადღების მიღმა დატოვა უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: 1."--------"ხშირად მოძრაობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, მათ შორის საჰაერო ტრანსპორტით და ის არც ერთხელ არ გამხდარა საბაჟო სამართალდარღვევის სუბიექტი; 2."--------" საქართველოს რეზიდენტი პირია და ის არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ეკონომიკური დანიშნულებით 6 საიუველირო ნაწარმის იმპორტი არ განუხორციელებია; 3."-------" მიმართ ადმინისტრაციული წარმოება წარიმართა არსებითი დარღვევებით, კერძოდ მხარეს არ მიეცა საშუალება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაცნობოდა ექსპერტიზის დასკვნას. სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის დასკვნითი ნაწილი, მაშინ როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკით ექსპერტიზის დასკვნა დაუშვებელი მტკიცებულებაა თუ დასკვნის კვლევითი ნაწილი არასრულყოფილია, ეჭვს იწვევს ექსპერტთა კვალიფიკაცია, ანდა სადაოა კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგია.

შესაბამისად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მხარეს არ გადასცემია ექსპერტიზის დასკვნა დაირღვა სამართლის (ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის) ფუნდამენტური შეჯიბრებითობის პრინციპი. მხარეს არ მიეცა თანაბარი შესაძლებლობა დაესაბუთებინა თავისი პოზიცია, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო, რომლსაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ წარმოებისას ეკისრება მტკიცების ტვირთი, ამ მტკიცების ტვირთის ნებაყოფლობით გადაკისრების შემთხვევაშიც კი არ მხარეს მოუსპო შესაძლებლობა დაემტკიცებინა ან უარეყო ფაქტები, წარედგინა თავისი პოზიცია; 4."-------" არ მიეცა შესაძლებლობა ჩაეტარებინა ალტერნატიული ექსპერტიზა საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69401075248 ოქმით ჩამორთმეულ საქონელზე, რასთან დაკავშირებითაც გადამხდელის პოზიცია დაფიქსირებულია წინა საჩივარში.

ნიშანდობლივია, რომ ექსპერტიზა არა მხოლოდ მატერიალური ფორმით არ გადაცემია მხარეს, არამედ არც მისი განუყოფელი ნაწილი - საექსპერტო კვლევის ობიექტის ფოტოილუსტრაცია საექსპერტო კვლევის ობიექტის წონით, ზომითა და სხვა მახასიათებლებით იდენტიკიკაციის მიზნით, რამაც გამორიცხა მხარის მიერ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების თეორიული შესაძლებლობაც კი, ხოლო მომავალში გამორიცხავს შესაძლებლობას ამტკიცოს მისი კუთვნილი ნივთების ავთენტიკურობა საექსპერტო კვლევის ობიექტში გამოკვლეულ საგნებთან.

5. ვინაიდან, მხარეს არ გადასცემია დასკვნა, არ მიეცა შესაძლებლობა ემტკიცებინა, რომ საექსპერტო კვლევის თითოეული ობიექტი განკუთვნილი იყო მხოლოდ პირადი საჭიროებისთვის, მრავალი წლის ნახმარია, ასახულია წარსულში გადაღებულ ფოტოსურათებში.

ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო საჩივრის განხილვისას ამოწმებს არა მხოლოდ კანონიერების, არამედ მიზანშეწონილობის საკითხსაც, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას შესაძლებელია ჩაენაცვლოს ზემდგომი ორგანოს დისკრეცია. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერების შემოწმებისას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო თავადაც იყენებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც შესაძლებელია შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თვლის, რომ შემოსავლების მხრიდან არ მომხდარა მტკიცებულებების სრულყოფილად შესწავლა და გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტების არასწორი ინტერპრეტირების შედეგად, რისი შედეგიცაა ის, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 20 აგვისტოს №EL180625 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საგადასახადო მოთხოვნით დაფიქსირდა ჯარიმა 10 260 ლარის ოდენობით.

ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ გადამხდელის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა სხდომა და საჩივრის განხილვა და გადამხდელის მიმართ ძალაში იქნა დატოვებული ჯარიმა 10 260 ლარის ოდენობით, რომლიც სრულად უნდა დაექვემდებაროს შემცირებას.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ითხოვს, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს "--------" საბაჟო სანქციისგან და ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 20.08.2022 წლის №EL180625 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ამავე თარიღის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69401075248 დოკუმენტი და შემოსავლების 26.09.2022 წლის №24523 ბრძანება, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს "--------" პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება ჯარიმის სახით დარიცხული თანხების შემცირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია

განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი

სხვა ინფორმაცია;

ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება

(ვიდეო- და აუდიოჩაწერა);

გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;

დ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში;

ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი დასტურდება საქმეზე წარმოდგენილია სადავო ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალით. მომჩივანიც არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას, რაც ასევე დაადასტურა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას და განმარტა, რომ ფაქტს არ ხდის სადავოდ უნდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს, რადგან პირველი შემთხვევა იყო და მანამდე არ ყოფილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის სუბიექტი, როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე გათავისუფლდეს აღნიშნული ჯარიმისგან

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მომჩივნის შეცდომით, ამდენად არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.