ბრძანება N 6555
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6555
25 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ის (ს/ნ --------------)
(მის.: ------------------------------)
2026 წლის 13 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 მარტის სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ --------------) 2026 წლის 13 თებერვლის №------/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №028-32 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს, კერძოდ, დადგენილ ფასნამატს. მიუთითებს, რომ საწარმო საქმიანობის აღრიცხვას ახორცილებს საბუღალტრო პროგრამა ორისში, მაგარამ აუდიტორისთვის ვერ მოხერხდა სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება საპატიო მიზეზების გამო. მიუთითებს, რომ შემოწმების გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული მინუსიანი ფასნამატი. აცხადებს, რომ 26 დოკუმეტური რეალიზაციიდან 6 უარყოფითი სალდოთი არის. ასევე, ზემოაღნიშნული პრიციპით არის დაანგარიშებული თავისუფალ ზონაში მიწოდებაც, ანუ ფასნამატის დადგენისას არ არის გათვალისწინებული უარყოფითი სალდოიანი ოპერაცია. აღნიშნულს ადასტურებს, რომ ორგანიზაციას 24-ჯერ მაინც აქვს დარღვეული განბაჟების ვადები და გადახლი აქვს 1000-1000 ლარიანი ჯარიმები, გამომიდინარე იქედან, რომ ვერ მოახერხა რეალიზაცია განბაჟების ვადებამდე. მოხდა მათი თითქმის თვითღირებულებითა და რიგ შემთხვევაში, ზარალით რეალიზაცია. უარყოფითი სალდო გამოწვეულია ასევე ტრანსპორტირების დროს გაუთვალისწინებელი შემთხვევებით, რომლებმაც გამოიწვია დამატებითი ხარჯები. ითხოვს, ფასნამატის დათვლისას სრულად იქნეს გამოყენებული დოკუმენტური რეალიზაცია.
2. დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შემოწმების დროს არ იქნა სრულად გათავალისწინებული ძველი კრედიტორული დავალიანება, რაზეც შეუძლიათ შედარების აქტების წარმოდგენა. შემოწმების დროს ვერ მოხერხდა ამ აქტის წარმოდგენა რადგან ევროპაში დასვენების დღეები იყო. ასევე, შემოწმების დროს არ იქნა გათვალისწინებული სამივლინებო ხარჯები (აუდიტორისთვის მიწოდებულია მივლინების ბრძანებები), მიუხედვად იმისა, რომ მივლინების ხარჯები პირდაპირ კავშირშია შეძენებთან და ეკონომიურ საქმიანობასთან. მივლინების ხარჯები არსებითია,გამომიდინარე იქიდან, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხშირად იმყოფება საზღვარგარეთ, რათა მოახდინოს შეძენა და ტრანსპორტირება. ასევე, არ იყო გათვალისწინებული წინასწარ შეძენილი რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება (რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლოა ვინ კოდებით), რომლის ტრანსპორტირებაც მოხდება მას შემდეგ, რაც აქ რეალური მყიდველი გამოჩნდება. ითხოვს, კრედიტორული დავალიანების, სამივლინებო ხარჯებისა და წინასწარ შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ივნისის №13203 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 დეკემბრის №28653 ბრძანება და ამავე თარიღის №028-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 136 346 ლარი, მათ შორის გადასახადი 69 851 ლარი, ჯარიმა 59 205 ლარი და საურავი 7 289 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს ---- (ს.ნ -----) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 9 სექტემბრიდან, ამავე პერიოდიდანაა რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებების (სატვირთო, მისაბმელი, ტრაქტორი, მიკროავტობუსი) საზღვარგარეთ შეძენა და შემდგომ ადგილობრივ ბაზარზე ან თავისუფალ ზონაში რეალიზაცია (კომპანიას აქვს როგორც დასაბეგრი, ასევე, გათავისუფლებული ოპერაციები). გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად (პროგრამაში არ არის ასახული ყველა ოპერაცია). შემოწმებით ანალიზი ჩაუტარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, სხვადასხვა უწყებიდან მიღებულ ინფორმაციას და გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, შედეგად დგინდება, რომ საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები არ არის აღრიცხული სრულყოფიალად. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინვოისების, საბანკო გადარიცხვების და საბაჟო დოკუმენტაციის ანალიზით განისაზღვრა საწარმოს მიერ საზღვარგარეთ შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია ხდება სამი მეთოდით - ადგილობრივ ბაზარზე (გამბაჟებული), რეექსპორტის რეჟიმით და საქართველოს გარეთ მიწოდებით (თავისუფალ ზონაში რეალიზაცია). ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული სატვირთოების ნაწილის რეალიზაცია ხდება დოკუმენტურად. შემოწმებით გაანალიზდა დოკუმენტურად რეალიზებული სატვირთოების ფასნამატი რაც შეადგენს 11,7%, აღნიშნული ფასანამატი გავრცელდა ისეთ სატრანსპორტო საშუალებებზე რომელიც რეალიზებულია ფიზიკურ პირებზე და გადასახადის გადამხდელმა ვერ შეძლო რეალიზაციის დოკუმენტის წარდგენა. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, შემოწმების შედეგად გაიზარდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით, ასევე, გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტი/რეექსპორტის და საქართველოს გარეთ მიწოდებით მიღებული შემოსავლების ოდენობა (გათვისუფლებული ბრუნვა). გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275 მუხლის შესაბამისად.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განისაზღვრა სალაროს ნაშთი. საწარმოში ჩატარებული ფულადი სახსრების განსაზღვრის პროცედურით 2025 წლის 19 ივნისის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და ასევე, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებული მეთოდური მითითების (დანართი N9) შესაბამისად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. შემოწმებით, აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საწარმოს საქართველოსს აგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთან, გადამხდელის პროგრამაში არ არის ასახული ყველა ოპერაცია და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.
საგადასახადო შემოწმების აქტით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი ინვოისების, საბანკო გადარიცხვების და საბაჟო დოკუმენტაციის ანალიზით განისაზღვრა საწარმოს მიერ საზღვარგარეთ შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. ხოლო ფასნამატის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია დოკუმენტურად რეალიზებული სატვირთოების, მიკროავტობუსების და ტრაქტორის საერთო ფასნამატი, რაც შეადგენს 11,7% (საშუალო შეწონილი ფასნამატი). აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა ყველა ტიპის სატვირთოს, მისაბმელის მიკროავტობუსის რეალიზაციის შემთხვევებში, როცა სატრანსპორტო საშუალებები რეალიზებულია ფიზიკურ პირებზე და გადასახადის გადამხდელმა ვერ შეძლო რეალიზაციის დოკუმენტის წარდგენა. ფასნამატის გაანგარიშებისას, მათ შორის, გათვალისწინებულია რამდენიმე ისეთი შემთხვევა, როდესაც სატვირთოების რეალიზაცია განხორციელდა თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად. შესაბამისად, შემოწმების შედეგად გაიზარდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით, ასევე, გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტი/რეექსპორტის და საქართველოს გარეთ მიწოდებით მიღებული შემოსავლების ოდენობა (გათვისუფლებული ბრუნვა).
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების თანახმად, მივლინება არის დამქირავებლის ბრძანებით ან/და დავალებით დაქირავებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე ქვეყნის ფარგლების გარეთ. ხოლო მუდმივი სამუშაო ადგილი არის ტერიტორია, სადაც დაქირავებული, შრომითი ხელშეკრულების ან ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრული სამუშაო დროის პერიოდში (ფიქსირებულ სამუშაო საათებში) დამქირავებელს უსრულებს სამუშაოს, რომელიც რეგულარულ და არაერთჯერად ხასიათს ატარებს.
ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის მივლინებისას:
ა) მივლინების სადღეღამისო და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვროს თანახმად დანართი №1-ისა, რომლებიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად;
ბ) მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) ბილეთის ღირებულებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების დროს არ იქნა გათვალისწინებული სამივლინებო ხარჯები (აუდიტორისთვის მიწოდებულია მივლინების ბრძანებები). მიუხედვად იმისა, რომ მივლინების ხარჯები პირდაპირ კავშირშია შეძენებთან და ეკონომიურ საქმიანობასთან. მივლინების ხარჯები არსებითია, გამომიდინარე იქიდან, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხშირად იმყოფება საზღვარგარეთ, რათა მოახდინოს საქონლის შეძენა და და ტრანსპორტირება.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ძველი კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებასთან დაკავშირებით მომჩივნის პოზიცია დაუსაბუთებელია, ხოლო მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების მიხედვით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების მიხედვით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს, კერძოდ, დადგენილ ფასნამატს.ითხოვს, ფასნამატის დათვლისას სრულად იქნეს გამოყენებული დოკუმენტური რეალიზაცია.
2.დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შემოწმების დროს არ იქნა სრულად გათავალისწინებული ძველი კრედიტორული დავალიანება, რაზეც შეუძლიათ შედარების აქტების წარმოდგენა.ითხოვს, კრედიტორული დავალიანების, სამივლინებო ხარჯებისა და წინასწარ შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13203 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №28653 ბრძანება და №028-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 136 346 ლარი, მათ შორის გადასახადი 69 851 ლარი, ჯარიმა 59 205 ლარი და საურავი 7 289 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმებით ანალიზი ჩაუტარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, სხვადასხვა უწყებიდან მიღებულ ინფორმაციას და გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, შედეგად დგინდება, რომ საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები არ არის აღრიცხული სრულყოფიალად. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინვოისების, საბანკო გადარიცხვების და საბაჟო დოკუმენტაციის ანალიზით განისაზღვრა საწარმოს მიერ საზღვარგარეთ შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია ხდება სამი მეთოდით - ადგილობრივ ბაზარზე (გამბაჟებული), რეექსპორტის რეჟიმით და საქართველოს გარეთ მიწოდებით (თავისუფალ ზონაში რეალიზაცია). ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული სატვირთოების ნაწილის რეალიზაცია ხდება დოკუმენტურად. შემოწმებით გაანალიზდა დოკუმენტურად რეალიზებული სატვირთოების ფასნამატი რაც შეადგენს 11,7%, აღნიშნული ფასანამატი გავრცელდა ისეთ სატრანსპორტო საშუალებებზე რომელიც რეალიზებულია ფიზიკურ პირებზე და გადასახადის გადამხდელმა ვერ შეძლო რეალიზაციის დოკუმენტის წარდგენა. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, შემოწმების შედეგად გაიზარდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით, ასევე, გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტი/რეექსპორტის და საქართველოს გარეთ მიწოდებით მიღებული შემოსავლების ოდენობა (გათვისუფლებული ბრუნვა). გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275 მუხლის შესაბამისად.
ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განისაზღვრა სალაროს ნაშთი. საწარმოში ჩატარებული ფულადი სახსრების განსაზღვრის პროცედურით 2025 წლის 19 ივნისის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და ასევე, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებული მეთოდური მითითების (დანართი N9) შესაბამისად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. შემოწმებით, აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საწარმოს საქართველოსს აგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ხოლო,მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ძველი კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებასთან დაკავშირებით მომჩივნის პოზიცია დაუსაბუთებელია, ხოლო მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების მიხედვით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 101(1); 154(1 „ა“.2„ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);