ბრძანება N 3256

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.02.2024
№ დოკუმენტი 3256
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3256

16 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

-------- (პ/ნ -------)

(მის.: ქ. ---------)

2024 წლის 15 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12), განიხილა --------ს (პ/ნ -----) №5740/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 10 ნოემბრის №21-10-20/88690 გადაწყვეტილებას და 2018 წლის 13 სექტემბრის №20010/614053, №20010/614063, №20010/614125 გამარტივებული საბაჟო დეკლარაციებით დარიცხულ თანხას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2018 წელს -------დან ჩამოვიდა და მოახდინა ჩვეულებრივ ნივთების დეკლარირება, ამ დროს საბაჟოზე მისთვის არ უთქვამთ, რომ რაიმე დამატებით იქნებოდა გადასახდელი. 2018 წლიდან 2023 წლამდე მისთვის არანაირი შეტყობინება არ გაუგზავნიათ, საიდანაც უნდა შეეტყო, რომ გადასახდელი ჰქონდა თანხა.

მომჩივანი მიუთითებს, რომ 2024 წელს ანგარიზე არსებული ყადაღით შეიტყო, რომ კრედიტორი იყო საბაჟო ორგანო და მასთან გააჩნდა პრობლემები. ნივთების შემოტანისას უნდა შეედგინათ შესაბამისი დოკუმენტი, რაც მისი განმარტებით არ მოხდა.

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მის მიერ გამოგზავნილ ნივთებზე გადახდილი აქვს თანხა, რაც აისახა კიდეც საბაჟო დეკლარაციებში და უთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 180-ე და 181-ე მუხლევის პირველ ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლისას მის მიერ პირადი საკუთრების შემოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო დეკლრაციებით დარიცხული თანხის ჩამოწერას და მისი გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წლის 13 სექტემბერს საფოსტო გადამზიდავის – შპს „--------ს“ (ს/ნ ------) მიერ -------ს (პ/ნ ------) კუთვნილი, №-------, ------- და №------ საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დარეგისტრირდა №-------, №------- და №------- საბაჟო დეკლარაციები. მითითებული დეკლარაციებისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ის მიერ განისაზღვრა „მწვანე დერეფანი“, შესაბამისად, საქონლის გაშვება განხორციელდა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.

2023 წლის 27 ოქტომბერს -------მ №181890/21-11 განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა 2018 წელს რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციებში (№-------; №-------; №------) ცვლილების შეტანა და დარიცხული იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლება. აღნიშნული განცხადების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 10 ნოემბრის №21- 10-20/88690 წერილით --------ს ეცნობა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის მიხედვით, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში და ვინაიდან გასული იყო მითითებული ვადა, უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

ამავე საკანონმდებლო აქტის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შესახებ სასამართლოს ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, რათა დეკლარანტმა შეასრულოს საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

დადგენილია, რომ 2018 წლის 13 სექტემბერს საფოსტო გადამზიდავის მიერ მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, დარეგისტრირდა №-------, №------- და №------- გამარტივებული საბაჟო დეკლარაციები. დადგენილია ასევე, რომ საბაჟო დეკლრაციები შევსებული იქნა მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციებში მითითებული ნომაცემების სისწორეს მომჩივანი დაეთანხმა ხელმოწერით, დეკლარაციებს განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“ და საქონლის გაშვება განხორციელდა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.

ვინაიდან, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ცვლილების შეტანა შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში, ხოლო --------მ 2023 წლის 27 ოქტომბერს მიმართა საბაჟო დეპარტამენტს რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციებში ცვლილების შეტანის მოთხოვნით (დარიცხული იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლება), საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 10 ნოემბრის №21-10-20/88690 გადაწყვეტილება, რომლითაც --------ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. -------- (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 10 ნოემბრის №21-10-20/88690 გადაწყვეტილება და 2018 წლის 13 სექტემბრის გამარტივებული საბაჟო დეკლარაციებით დარიცხული თანხა. საჩივრის ავტორი ითხოვს საბაჟო დეკლარაციებით დარიცხული თანხის ჩამოწერას და მისი გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2018 წლის 13 სექტემბერს საფოსტო გადამზიდავის მიერ მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაციები. მითითებული დეკლარაციებისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ის მიერ განისაზღვრა „მწვანე დერეფანი“, შესაბამისად, საქონლის გაშვება განხორციელდა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე. 2023 წლის 27 ოქტომბერს მომჩივანმა განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა 2018 წელს რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციებში ცვლილების შეტანა და დარიცხული იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლება. აღნიშნული განცხადების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 10 ნოემბრის №21- 10-20/88690 წერილით მომჩივანს ეცნობა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის მიხედვით, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში და ვინაიდან გასული იყო მითითებული ვადა, უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 90(1"ბ.ბ").