გადაწყვეტილება №22444/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.07.2024
№ დოკუმენტი 22444/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22444/2/2024

24 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 3.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22444/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №085-27 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3374 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 302 265,66 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 192 652

დღგ - 108 228

საშემოსავლო გადასახადი - 84 424

ჯარიმა - 96 326

საურავი - 13 287,66

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით.

აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 15.02.2022 წლიდან 1.10.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.09.2023 წლის №23006 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 67 423 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. შემოწმების პროცესში განხორციელდა შეძენილი, რეალიზებული და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საქონლის კატეგორიზაცია (საქონელი დაიყო 41 კატეგორიად). კატეგორიზაციის შემდგომ, ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრა საქონლის ფასნამატი, რომლითაც ვაჭრობს გადასახადის გადამხდელი თითოეული კატეგორიის მიხედვით.

სმფ-ის საწყისი ნაშთის, შეძენებისა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ საბოლოო ნაშთზე დაყრდნობით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი თითოეული კატეგორიის მიხედვით. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. შედეგად საწარმოს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სულ 666 067 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.09.2023 წლის №22678 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც საწარმოს სალაროში აღმოაჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი 1 000 ლარის ოდენობით. განხორციელდა საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზი, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების, გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხების, მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციებისა და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით გადამხდელს უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გატანილი აქვს დაუბეგრავად.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №085-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3374 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 67 423 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. შემოწმების მიერ განხორციელდა შეძენილი, რეალიზებული და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საქონლის კატეგორიზაცია (სულ საქონელი დაიყო 41 კატეგორიად). კატეგორიზაციის შემდგომ, ინვენტარიზაციის მასალების შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრა თითოეული საქონლის ფასნამატი. სმფ-ს საწყისი ნაშთის, შეძენებისა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ საბოლოო ნაშთზე დაყრდნობით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი თითოეული კატეგორიის მიხედვით. შედეგად საწარმოს გაეზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.

ასევე, განხორციელდა საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზი. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების, გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხების, მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციების, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგების (გადამხდელს სალაროში ჰქონდა ფულის ნაშთი 1000 ლარის ოდენობით) და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს. შემოსავლების სამსახურმა საჩივარი განიხილა მომჩივნის დაუსწრებლად და საერთოდ არ იმსჯელა საჩივარზე დართულ გაანგარიშებაზე, საიდანაც დგინდება, რომ შემმოწმებელმა არასწორად გაიანგარიშა ფასნამატი და საქონლის ბევრი ჯგუფი არ დაუკავშირა ერთმანეთს, როდესაც აღნიშნული საქონლის შეძენა დოკუმენტურად ფიქსირდება.

შემოწმების მიერ საქონელი დაჯგუფებული იქნა სახეობების მიხედვით, თუმცა საქონლის ჯგუფებში ბევრი საქონელი ვერ დაუკავშირა, ანუ ვერ ნახა საქონლის შეძენის დოკუმენტი და შესაბამისად ვერ დაადგინა კონკრეტული საქონლის თვითღირებულება, რამაც საბოლოოდ იმოქმედა კონკრეტული საქონლის ჯგუფის საშუალო ფასნამატზე. მაგალითისათვის წარმოდგენილი აქვს საქონლის ორი ჯგუფი: პურის და ზეთის ჯგუფები. პურის ჯგუფის შემთხვევაში შემმოწმებელმა დაადგინა მხოლოდ პურის ჯგუფში შემავალი პურის სახეობის მხოლოდ 3 პოზიცია, მაშინ როცა მომჩივნის მიერ არის დადგენილი 7 პოზიცია, რამაც განაპირობა საშუალო ფასნამტის სხვაობა, კერძოდ შემოწმებით იქნა დადგენილი პურზე საშუალო 21% პროცენტი, ხოლო რეალურად ინვენტარიზაციით დადგენილი რეალიზაციის ფასების მიხედვით პურის საშუალო ფასნამატი არის 18%. ასევე არასწორად არის დადგენილი ზეთის ჯგუფის ფასნამატი, კერძოდ შემოწმებით არის დადგენილი 6 პოზიცია და საშუალო ფასნამატი შეადგენს 33%, ხოლო მომჩივნის მიერ შეძენის დოკუმენტების მიხედვით არის დადგენილი 14 პოზიცია და ზეთის ჯგუფში შემავალი საქონლის საშუალო ფასნამატი შეადგენს 17%-ს.

აღნიშნულიდანა გამომდინარე შემმოწმებელს არასწორად აქვს გაანგარიშებული საქონლის ფასნამატი, არ აქვს გაანგარიშებული თითოეულ ჯგუფში შემავალი კონკრეტული საქონლის მიხედვით. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით ფასნამატის გაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ინვენტარიზაციის მასალების შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრა საქონლის ფასნამატი, რომლითაც ვაჭრობს გადასახადის გადამხდელი თითოეული გატეგორიის მიხედვით. სმფ-ის საწყისი ნაშთის, შეძენებისა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ საბოლოო ნაშთზე დაყრდნობით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი თითოეული კატეგორიის მიხედვით. გამოვლენილი სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად რეალიზებულად.

ამასთან შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზი, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების, გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხების, მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციებისა და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით გადამხდელს უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გატანილი აქვს დაუბეგრავად.

23.05.2024 წელს ჩანიშნული იყო საჩივრის ზეპირი განხილვა, რაც გადაიდო მომჩივნის შუამდგომლობის საფუძველზე. საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 28.06.2024 წელს, თუმცა მომჩივანმა უარი განაცხადა საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საწარმოს დოკუმენტური რეალიზაცია არ ჰქონდა და შემოწმების დროს გამოყენებული იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი ფასნამატი, რაც გულისხმობს იმას, რომ ინვენტარიზაციის დროს არსებული საქონელი დაიყო კატეგორიებად და შეძენის დოკუმენტების დაკავშირებით განისაზღვრა ფასნამატი თითოეულ კატეგორიაზე. გადამხდელი წარმოადგენს საქონლის დასახელებას, რომელიც შეძენის დოკუმენტებში არ ემთხვევა ზუსტად. შემოწმების შედეგად სარწმუნოდ იქნა მიჩნეული და ფასნამატის გაანგარიშებაში მონაწილეობა მიიღო იმ საქონელის თვითღირებულებამ, რომლის დასახელებაც ედრებოდა შეძენის დოკუმენტებს. გარდა ამისა, მომჩივანმა არ წარმოადგინა სათანადო ინფორმაცია შემოწმების დროს, რის გამოც შედგენილია შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმიც. პურის კატეგორიის შემთხვევაში დაკავშირდა საქონლის 50%-ის შეძენა-რეალიზაცია, ხოლო ზეთის შემთხვევაში 35%, რაც არ წარმოადგენს მცირე წილს და რაზეც შეიძლება გავლენა იქონიოს დამატებით დაკავშირებულმა საქონელმა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატი გაანგარიშებულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 15.02.2022 წლიდან 1.10.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №23006 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 67 423 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. შემოწმების პროცესში განხორციელდა შეძენილი, რეალიზებული და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საქონლის კატეგორიზაცია (საქონელი დაიყო 41 კატეგორიად). კატეგორიზაციის შემდგომ, ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრა საქონლის ფასნამატი, რომლითაც ვაჭრობს გადასახადის გადამხდელი თითოეული კატეგორიის მიხედვით.

სმფ-ის საწყისი ნაშთის, შეძენებისა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ საბოლოო ნაშთზე დაყრდნობით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი თითოეული კატეგორიის მიხედვით. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. შედეგად საწარმოს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სულ 666 067 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ასევე,საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №22678 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც საწარმოს სალაროში აღმოაჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი 1 000 ლარის ოდენობით. რომელიც გატანილი აქვს დაუბეგრავად. საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №085-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №3374 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატი გაანგარიშებულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“); 163(1); 164;;