გადაწყვეტილება №28234/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28234/2/2026
26 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 5.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28234/2/2026).
დავის საგანი:
ჯართის შეძენის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან და შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 1 ივლისის №024-42 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 16 სექტემბრის №20383 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 052 472.71 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 1 326 916
ჯარიმა - 663 458
საურავი - 62 098.71
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა შავი ლითონების შეძენა-რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მაისის №11607 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე საქონლის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს უფიქსირდება უდოკუმენტო შეძენები. მათი ღირებულება განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მე-8 დანართის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოს მიერ გაწეული უდოკუმენტო ხარჯებიდან ანაზღაურებულად ჩაითვალა 75%. რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი, რომლის შეძენაც დოკუმენტით არ ფიქსირდება, საგადასახადო კოდექსის 73- მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად.
გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენები დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, 3%-იანი განაკვეთით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მეშვეობით დადგენილი იქნა სხვაობა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებიდან მიღებულ/მისაღებ ფულად შემოსავლებსა და შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 1 ივლისის №14822 ბრძანება და №024-42 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 2 052 472.71 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 24 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 16 სექტემბრის №20383 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეძენილი ჯართის ღირებულება (დოკუმენტურად დაუდასტურებელი) განსაზღვროს მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტალურად დაფიქსირებული მინიმალური ფასებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 16 სექტემბრის №20383 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 1333 , 154-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
საქმის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წინა შემოწმებებისაგან განსხვავებით მოცემულ შემთხვევაში ხარჯებში გათვალისწინებულია შეძენილი ჯართის უმცირესი ფასის 75%. შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 თებერვლის №2968 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 18 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებს. აღნიშნული საგადასახადო შემოწმებით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შეძენილი ჯართის ღირებულება (დოკუმენტურად დაუდასტურებელი) გაანგარიშდა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტალურად დაფიქსირებული მინიმალური ფასებით და აღნიშნულის შესაბამისად განხორციელდა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეძენილი ჯართის ღირებულება (დოკუმენტურად დაუდასტურებელი) გაიანგარიშოს მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტალურად დაფიქსირებული მინიმალური ფასებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
1) შემმოწმებელმა სადავო დარიცხვა განახორციელა არაპირდაპირი მეთოდით, ანუ განსხვავებით სხვა შემოწმებებისაგან, რომლებიც საწარმოში არაერთხელ ჩატარებულა, აღნიშნულ შემთხვევაში შემმოწმებელმა არ იხელმძღვანელა. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს შავი ლითონების შეძენარეალიზაცია. გადასახადის გადამხდელს მცირე რაოდენობით უფიქსირდება საქონლის შეძენა ელ. სასაქონლო ზედნადების მეშვეობით. გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისგან შესყიდული ჯართის ნაწილი აღრიცხული აქვს ჯართის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში (წარადგინა ჟურნალების მცირე ნაწილი, რომლის მიხედვით მოქალაქეებიდან ჯართის შეძენა შეადგენს 582 121 ლარს). შემოწმებამ იხელმძღვანელა ჯართის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალებით და შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, რაც არის უკანონო და ეწინააღმდეგება მათ შორის საწარმოში მანამდე განხორციელებულ შემოწმებებს, რომლებშიც შემოწმება ჩაატარეს მხოლოდ ჟურნალებში აღრიცხული მონაცემების საფუძველზე.
2) შავი და ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციაზე, რომლის შეძენაც არ არის დოკუმენტალურად დაფიქსირებული (ანუ შემმოწმებელმა დაადასტურა რომ შავი და ფერადი ლითონის ჯართის ჟურნალები მას საერთოდ არ შეუსწავლია), შემოწმებით გამოყენებულ იქნა სიტუაციური სახელმძღვანელო 0256, ხოლო ხარჯების განსაზღვრისათვის შემოწმებით გამოყენებულ იქნა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტალურად დაფიქსირებული მინიმალური ფასები. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველ ნაწილზე და ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 393 მუხლზე და აცხადებს, რომ აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი თანხების გაანგარიშება, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით (3%). უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ გაუგებარია და ლოგიკას არის მოკლებული არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ხარჯების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, აღნიშნულ შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული, რომ საქონელი ნამდვილად შეძენილია ფიზიკური პირისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში თუნდაც საქონელი იყო დოკუმენტალურად დაუდასტურებელი, გადასახადის გადამხდელს ბუნებრივია არ აქვს მისი წყაროსთან დაკავების ვალდებულება. თუ შემოწმების ლოგიკას გავიზიარებთ და ვიტყვით, რომ ხარჯი არსად არ არის დაფიქსირებული, მაშინ ელემენტალურად ჩნდება ლოგიკური კითხვა, საიდან დაადგინა შემმოწმებელმა, რომ აღურიცხავი ჯართი არის შეძენილი მაინცდამაინც ფიზიკური პირისაგან? ბუნებრივია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება შემმოწმებელს ბუნებაში ვერ ექნება, ხოლო აღნიშნულ ნაწილში მტკიცების ტვირთი მთლიანად არის შემმოწმებელზე, ვინაიდან მხოლოდ ფიზიკური პირისაგან შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით.
ასევე მიაჩნია, რომ შესყიდვის აქტების საფუძველზე ფიზიკური პირებისაგან შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი ასევე არ უნდა ყოფილიყო გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით დაბეგრილი, ვინაიდან თუ სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონელი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან, მაშინ გაუგებარია შესყიდვის აქტით შეძენილი, რომელსაც იგივე სამართლებრივი დატვირთვა გააჩნია და იგივენაირად არის ხარჯის დოკუმენტი, ისევე როგორც მაგალითად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა რატომ უნდა დაიბეგროს გადახდის წყაროსთან? ის გარემოება, რომ საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილი არ გულისხმობს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით შეძენილ საქონელს, დასტურდება ასევე იმით, რომ აღნიშნული მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჯართის შეძენას, ანუ გამოდის, რომ ზედნადებით შეძენილ ჯართზე გადასახადი უნდა დაუკავოს გადამხდელმა, ხოლო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილზე, რომელიც არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გადასახადი უნდა დაუკავოს, რაც ბუნებრივია არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ასევე გაუგებარია, რატომ იქნა გამოყენებული შემოწმებით გადამხდელის მიერ იგივე პერიოდში ანალოგიურ საქონელზე დოკუმენტალური შეძენის მინიმალური ფასები. აღნიშნულ ნაწილში ასევე შესასწავლია თუ რამდენად სწორედ დაადგინა შემმოწმებელმა იდენტური საქონელი და რატომ არ გამოიყენა საშუალო ფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საკითხის დამატებით შესწავლა. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 16 სექტემბრის №20383 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქონლის მოძრაობის ანალიზის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება უდოკუმენტო შენაძენები. საგადასახადო ორგანოს მიერ სმფების ღირებულება განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით და საწარმოს მიერ გაწეული უდოკუმენტო ხარჯებიდან ანაზღაურებულად ჩაითვალა 75%. რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი, რომლის შეძენაც დოკუმენტით არ ფიქსირდება, განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით.
ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება, მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წინა შემოწმებებისაგან განსხვავებით მოცემულ შემთხვევაში ხარჯებში გათვალისწინებულია შეძენილი ჯართის უმცირესი ფასის 75%.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 თებერვლის №2968 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელიც მოიცავდა 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 18 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებს. აღნიშნული საგადასახადო შემოწმებით, მომჩივანის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შეძენილი ჯართის ღირებულება (დოკუმენტურად დაუდასტურებელი) გაანგარიშდა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტალურად დაფიქსირებული მინიმალური ფასებით და აღნიშნულის შესაბამისად განხორციელდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეძენილი ჯართის ღირებულება (დოკუმენტურად დაუდასტურებელი) გაიანგარიშოს მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტალურად დაფიქსირებული მინიმალური ფასებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოში საჩივრის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა დავის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო საბჭოს სხდომას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ჯართის შეძენის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან და შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს შავი ლითონების შეძენა-რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საქონლის მოძრაობის ანალიზის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება უდოკუმენტო შენაძენები. შემოწმების მიერ სმფ-ების ღირებულება განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით.
შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების საფუძველზე, შემოწმებით მომჩივნის მიერ გაწეული უდოკუმენტო ხარჯებიდან ანაზღაურებულად ჩაითვალა 75%. რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი, რომლის შეძენაც დოკუმენტით არ ფიქსირდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად. გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენები დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მეშვეობით დადგენილი იქნა სხვაობა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებსა და შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის. შემოწმების მიერ დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1,3); 133 3; 105 (2); 72 (1).