გადაწყვეტილება №22870/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22870/2/2024
17 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 12.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22870/2/2024).
დავის საგანი:
საწესდებო კაპიტალსა და კაპიტალიდან გატანილი ქონების საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №025-19 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5388 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 44 355.18 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 21 693
მოგების გადასახადი - 16 904
საშემოსავლო გადასახადი - 4 789
ჯარიმა - 10 847
საურავი - 11 815.18
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.
იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №14097 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 26.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
კომპანიის საწესდებო კაპიტალი 16.07.2020 წელს შეადგენდა 6 000 ლარს, აღნიშნულ თარიღში 100%- იანი წილის მფლობელმა ფიზიკურმა პირმა კომპანიის კაპიტალიდან გაიტანა 4 ჰა მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობით, გადამხდელს აღნიშნული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ დაუფიქსირებია. ზემოაღნიშნული უძრავი ქონების შეფასებაზე შედგენილია ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 7.12.2023 წლის №58553/10/23 დასკვნა, რის მიხედვითაც კაპიტალიდან აქტივის გატანის მომენტში ქონების საბაზრო ფასი შეფასდა 97 000 ლარად. საგადასახადო კოდექსის მე-8, 98-ე მუხლების და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომპანიის საწესდებო კაპიტალსა და კაპიტალიდან გატანილი ქონების საბაზრო ფასს შორის სხვაობა 91 000 ლარი დაკვალიფიცირდა განაწილებულ მოგებად და შემოწმების შედეგად დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. კომპანია ასევე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33225 ბრძანება და ამავე თარიღის №025-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 23.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.03.2024 წლის №5388 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, 16.07.2020 წლის მდგომარეობით საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 6 000 ლარს. აღნიშნულ თარიღში 100%-იანი წილის მფლობელმა კომპანიის კაპიტალიდან გაიტანა 4 ჰა მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობით, რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 97 000 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საწესდებო კაპიტალსა და კაპიტალიდან გატანილი ქონების საბაზრო ფასს შორის სხვაობის განაწილებულ მოგებად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიაჩნია, რომ მოცემული საჩივრით გასაჩივრებული ბრძანება არის დაუსაბუთებელი, ცალმხრივი, არასრული და მიკერძოებული, შესაბამისად უკანონო - სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების (საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების) დარღვევით გამოტანილი.
23.01.2024 წლის საჩივარში დეტალურად არის განმარტებული, რომ 16.07.2020 წელს განხორციელდა არა იურიდული პირის მეწილისთვის მოგების დივიდენდის გაცემა, არამედ „იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე საკუთრების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე“. შესაბამისად, იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანი - მოცემულ შემთხვევაში, საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონება არ გაზრდილა. ამდენად, კომპანიას არ მიუღია მოგება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ წარმოშობილა მეწილეზე დივიდენდის გაცემის წინაპირობა. საჩივარში ასევე, გადმოცემულია მსჯელობა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის დარიცხვის უსაფუძვლობის შესახებ. ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე და საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 981 მუხლის პირველი ნაწილის,მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად წარმოდგენილია დასაბუთება რა გარემოებების გამო არ აქვს სახეზე რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი - გადანაწილებული მოგება, რატომ არ უნდა იქნას მიჩნეული განხორციელებული ოპერაცია პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი სახით გადანაწილებულად და მოგების განაწილებად.
ბრძანებაში საერთოდ არ არის მსჯელობა, საჩივარში წარდგენილ სამართლებრივ არგუმენტზე, რომლის მიხედვითაც, დივიდენდს არ განეკუთვნება იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში განთავსებულსა და საემისიოში აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება.
აღნიშნულის პასუხად საჩივრის „უსაფუძვლობის“ დასაბუთებად ბრძანებაში მითითებულია, რომ 7.12.2023 წელს ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №58553/10/23 დასკვნის მიხედვით, რომლის თანახმადაც განსაზღვრულია კომპანიის ქონების საბაზრო ფასი 97 000 ლარის ოდენობით და ფასთა სხვაობად მიჩნეულია 91 000 ლარი, შეგნებულად და მიზანმიმართულად აქვს გვერდი ავლილი იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფასთა სხვაობა არავითარ შემთხვევაში არ არის მოგება და შესაბამისად, არ განეკუთვნება დივიდენდს.
ბრძანება გვერდს უვლის რა აღნიშნულ ფაქტორებსა და გარემოებებს, ზედაპირულად და ტენდენციურად, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გვერდის ავლით მიიჩნევს - 91 000 ლარი „დაკვალიფიცირდა განაწილებულ მოგებად“. ამრიგად, გასაჩივრებულ ბრძანებაში საჩივრის არდაკმაყოფილების არგუმენტად დასახელებულია არა საჩივარში წარდგენილი არგუმენტების საპირწონე მსჯელობა, არამედ სადავოდ გამხდარი და 2024 წლის საჩივრით უპირობოდ დასაბუთებული უკანონო და უსაფუძვლო ქმედება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 4.07.2022 წლის ბრძანების მიხედვით გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოს პრაქტიკული მაგალითის მიხედვით არეგულირებს მოცემულ და იდენტურ ოპერაციებს და რომლის მიხედვითაც „საწარმოს ქმედებაში საგადასახდო სამართალდარღვევა არ იკვეთება და მის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება“.
ითხოვს, აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭომ იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ამავე კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სრულად დაკმაყოფილდეს საჩივარი.
მომჩივანი საჩივართან ერთად წარმოადგენს დამატებით დოკუმენტებს და განმარტავს, რომ 2020 წლამდე (ტრანზაქციამდე) კომპანია იხდიდა ქონების გადასახადს, მათ შორის მიწაზე 134.56 ლარს და ქონებაზე 160.29 ლარს. 2020 წლიდან, როგორც ფიზიკური პირი ანზორ კურტანიძე იხდიდა მხოლოდ მიწის გადასახადს 134.56 ლარს და ქონების გადასახადს 160.29 ლარს, როგორც განუმარტეს ფიზიკური პირი ქონების გადასახადით არ იბეგრება აღნიშნული ტრანზაქციის გამო. არის პატიოსანი გადამხდელი და ითხოვს დავის განხილვის დროს გათვალისწინებულ იქნას დამწყები ფიზიკური პირის (გლეხური მეურნეობის) ხელის შეწყობა. იურიდიული პირით, რომ დაეწყო საქმიანობა კომუნალური გადასახადები უწევდა კომერციული ფასებით, რაც საწყისშივე კლავს საქმიანობას. ამიტომაც გადაწყვიტა აღნიშნული ტრანზაქციების განხორციელება.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:
ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება;
ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, 16.07.2020 წელს განხორციელდა არა იურიდული პირის მეწილისთვის დივიდენდის გაცემა, არამედ „იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე საკუთრების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე“ ანუ ზუსტად ის ქონება გადაეცა ფიზიკურ პირს, რომელიც იყო თავიდანვე შეტანილი საწესდებო კაპიტალში. საჩივარში ასევე, გადმოცემულია მსჯელობა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დარიცხვის უსაფუძვლობის შესახებ. ბრძანებაში შეგნებულად და მიზანმიმართულად აქვს გვერდი ავლილი იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფასთა სხვაობა არავითარ შემთხვევაში არ არის მოგება და შესაბამისად, არ განეკუთვნება დივიდენდს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 4.07.2022 წლის ბრძანებით გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოს პრაქტიკული მაგალითის მიხედვით, რომელიც არეგულირებს მოცემულ და იდენტურ ოპერაციებს მითითებულია, რომ „საწარმოს ქმედებაში საგადასახდო სამართალდარღვევა არ იკვეთება და მის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება“. ამასთან, საბჭოს სხდომაზე მომჩივანმა დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა რომ მომჩივანს არ ჰქონდა განზრახვა თავი აერიდებინა საგადასახადო ვალდებულებისთვის, ქმედება გამოწვეულია არცოდნით/შეცდომით და ითხოვა სანქციებისგან გათავისუფლება.
დადგენილია, რომ კომპანიის საწესდებო კაპიტალი 16.07.2020 წელს შეადგენდა 6 000 ლარს, აღნიშნულ თარიღში 100%-იანი წილის მფლობელმა ფიზიკურმა პირმა კომპანიის კაპიტალიდან გაიტანა 4 ჰა მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობით, გადამხდელს აღნიშნული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ დაუფიქსირებია. ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 7.12.2023 წლის №58553/10/23 დასკვნის მიხედვით კაპიტალიდან აქტივის გატანის მომენტში ქონების საბაზრო ფასი შეფასდა 97 000 ლარად. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომპანიის საწესდებო კაპიტალსა და კაპიტალიდან გატანილი ქონების საბაზრო ფასს შორის სხვაობა 91 000 ლარი დაკვალიფიცირდა განაწილებულ მოგებად.
ამგვარად, ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციებისაგან (ჯარიმა და საურავისგან).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №025-19 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციებისაგან (ჯარიმა და საურავისგან);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარ არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანს მიაჩნია,რომ მოცემული საჩივრით გასაჩივრებული ბრძანება არის დაუსაბუთებელი.მომჩივანი ითხოვს საბჭომ იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ამავე კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სრულად დაკმაყოფილდეს საჩივარი.
ფაქტობრივი გარემოებები
17 ივლისი 2024 N 03/54914 კომპანიის საწესდებო კაპიტალი 16.07.2020 წელს შეადგენდა 6 000 ლარს, აღნიშნულ თარიღში 100%- იანი წილის მფლობელმა ფიზიკურმა პირმა კომპანიის კაპიტალიდან გაიტანა 4 ჰა მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობით, გადამხდელს აღნიშნული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ დაუფიქსირებია. ზემოაღნიშნული უძრავი ქონების შეფასებაზე შედგენილია ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნა, რის მიხედვითაც კაპიტალიდან აქტივის გატანის მომენტში ქონების საბაზრო ფასი შეფასდა 97 000 ლარად. საგადასახადო კოდექსის მე-8, 98-ე მუხლების და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომპანიის საწესდებო კაპიტალსა და კაპიტალიდან გატანილი ქონების საბაზრო ფასს შორის სხვაობა 91 000 ლარი დაკვალიფიცირდა განაწილებულ მოგებად და შემოწმების შედეგად დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. კომპანია ასევე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციებისაგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
130,154,269(7).