ბრძანება N 12331

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.05.2024
№ დოკუმენტი 12331
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12331

28 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 30 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 მაისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2024 წლის 30 აპრილის №89469/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 აპრილის №001-48 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფასნამატს. განმარტავს, რომ იმპორტირებული საქონლის დოკუმენტურ რეალიზაციაზე ფასნამატი შეადგენს 60%-ს, ხოლო არადოკუმენტურ რეალიზაციაზე ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 20%-ს. აცხადებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა აღნიშნული და საცალო რეალიზაციის ანალიზის დროს გამოიყენა დოკუმენტურ რეალიზაციაზე დაფიქსირებული ფასები, რამაც შექმნა ხელოვნური შემოსავალი.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზებში არსებული ინფორმაციით, უგულებულყოფილია კომპანიის დებიტორული დავალიანება, რაც ხელოვნურად ზრდის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის №32096 და 2024 წლის 26 თებერვლის №4149 ბრძანებების საფუძველზე შპს „-------“-ის (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 10 მარტიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 აპრილის №7388 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-48 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 305 751 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 191 904 ლარი, ჯარიმა 96 047 ლარი და საურავი 17 800 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის, დღგ-ით დასაბეგრი ობიექტის დადგენის მიზნით, საქონლის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ან/და ბუღალტრული აღრიცხვა არ წარმოუდეგნია. კომპანია სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს შეიძენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ახორციელებს იმპორტს თურქეთის რესპუბლიკიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დოკუმენტური და არადოკუმენტური რეალიზაციები. შემოწმების პროცესში კომპანიის მიმართ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №31984 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის ფაქტიური აღრიცხვის შედეგები შემდგომი რეაგირების მიზნით გადმოიგზავნა აუდიტის დეპარტამენტში. ინვენტარიზაციის შედეგების შესწავლა/ანალიზითა და დოკუმენტურად შეძენილი/რეალიზებული სმფ-ის მოცულობის გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის უდოკუმენტოდ (პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გარეშე) რეალიზებული საქონლის დასახელება და მოცულობა, ხოლო აღნიშნული სმფ-ების რეალიზაციის ღირებულების დადგენის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა გადამხდელის დოკუმენტურად რეალიზებული სმფ-ის პირველად საგადასახადო დოკუმენტებში არსებული მონაცემებით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შედეგად (დოკუმენტური და არადოკუმენტური რეალიზაციის გათვალისწინებით) აღმოჩნდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ დადგენილი ჯამური დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე მუხლებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

კომპანიას შემოწმებისთვის ბუღალტრული აღრიცხვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენის მიზნით ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შემოწმებამ იხელმძღვანელა როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცით, ასევე გადამხდელის მოწოდებული მასალებით (საბანკო ამონაწერებითა და გადამხდელების ახსნა-განმარტებებით). გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სასაქონლომატერიალური ფასეულობების დოკუმენტური და არადოკუმენტური რეალიზაციები. შემოწმების პროცესში არადოკუმენურად რეალიზებულ პროდუქციასთან დაკავშირებით გამოყენებულ იქნა რევიზიის შედეგად დადგენილი ფასნამატი/ფასი (მისივე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებში არსებული ინფორმაციით) და განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დოკუმენტურად და არადოკუმენტურად რეალიზებული საქონლის შედეგად მიღებული შემოსავალი სულ ჯამში 298 177 ლარი. გადამხდელმა შემოწმებისთვის წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში განაცხადა შესამოწმებლი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულადი სახსრების არსებობასთან, ასევე დებიტორული/კრედიტორული დავალიანებისა და დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულებებთან დაკავშირებით. ზემოთ აღნიშნულისა და ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით (ასევე გათვალისწინებულ იქნა გადამხდლეის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადადასახადი), შემოწმებამ განახორციელა ფულადი საშუალებების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი უნდა ჰქონოდა 369 616 ლარით მეტი ვიდრე გააჩნდა მისივე პოზიციით - 3 080 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე მუხლებზე დაყრდნობითა და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა ფულადი საშუალებების ნაშთი 369 616 ლარი, რომელიც შესაბამის პერიოდში განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად (369 616/0.8=462 020) და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დებიტორების ცხრილი, სადაც ერთ-ერთ დებიტორად ფიქსირდება შპს „-------“ (ს/ნ -------) 181 572 ლარის ოდენობით. გადამხდელმა შპს „-------“ გაფორმებული შედარების აქტი ვერ წარმოადგინა, რათა გათვალისწინებულიყო დებიტორული დავალიანება. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამის პერიოდში, შპს „-------“ ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, საიდანაც დგინდება, რომ შპს „-------“ შპს „-------“-ს მიმართ კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე მუხლებზე დაყრდნობითა და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შპს „-------“ (ს/ნ -------) მიკუთვნებული დებიტორული დავალიანება, შესაბამის პერიოდში, განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად (181 572/0.8=226 965) და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, არადოკუმენურად რეალიზებულ პროდუქციაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად რეალიზებული სმფ-ის პირველად საგადასახადო დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში განსაზღვრული ფულადი საშუალებების ბუღალტრული ნაშთის, რომელიც საწარმოს ფაქტიურად არ აღმოაჩნდა, საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ასევე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმებისთვის უცნობია გადამხდელი რის საფუძველზე ითხოვს დოკუმენტებში დაფიქსირებული 60%-იანი ფასნამატის უგულველყოფას და 20%- იანი ფასნამატის გამოყენებას, ამასთან, საწარმოს მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს, ამ ნაწილში, საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა დებიტორების ცხრილი, სადაც ერთ-ერთ დებიტორად ფიქსირდება შპს „-------“ (ს/ნ -------). ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს „-------“ ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, საიდანაც დგინდება, რომ შპს „-------“ შპს „-------“-ს მიმართ კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი შპს „-------“ გაფორმებული შედარების აქტი ან/და ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შპს „-------“ არსებული დებიტორული დავალიანების მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს, ამ ნაწილში, საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფასნამატს.

2. დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დოკუმენტური და არადოკუმენტური რეალიზაციები. შემოწმების პროცესში კომპანიის მიმართ, განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლის დასახელება და მოცულობა, ხოლო აღნიშნული სმფ-ების რეალიზაციის ღირებულების დადგენის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა გადამხდელის დოკუმენტურად რეალიზებული სმფ-ის პირველად საგადასახადო დოკუმენტებში არსებული მონაცემებით. აღნიშნულის შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

შემოწმებამ განახორციელა ფულადი საშუალებების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც განსაზღვრულ იქნა ფულადი საშუალებების ნაშთი, რომელიც შესაბამის პერიოდში განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

2. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დებიტორების ცხრილი, სადაც ფიქსირდება ერთი დებიტორი. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამის პერიოდში, აღნიშნულ დებიტორტან ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, საიდანაც დგინდება, რომ მომჩივანის მიმართ კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია. შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანება, შესაბამის პერიოდში, განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს, ამ ნაწილში, საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;