ბრძანება N 28964

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.11.2023
№ დოკუმენტი 28964
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28964

27 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ ------)

(მის.: --------)

2023 წლის 22 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) №84278/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 სექტემბრის №001-202 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილ ფასნამატს და აღნიშნულის გათვალისწინებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ დეკლარაციები წარმოდგენილია სრული სიზუსტით. პროდუქციის რეალიზაციისას ამობეჭდილია ჩეკები და მიღებული შემოსავლის 90% საბანკო ანგარიშსწორებით ფიქსირდება. მიუთითებს, რომ საწარმოს ფასნამატი შეადგენს 10%-ს. აღნიშნავს, რომ 2022 წლის აგვისტოს თვეში შემოწმებით იმაზე მეტი შემოსავალია დაანგარიშებული, ვიდრე რეალურად ჰქონდა საწარმოს.

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №7267 და 29 აგვისტოს №21182 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „------ს“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 10 ივლისიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 5 ივნისის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 26 სექტემბრის №23529 ბრძანება და ამავე თარიღის №001-202 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 358 315 ლარი, მათ შორის, გადასახადი 202 970 ლარი, ჯარიმა 101 270 ლარი, საურავი 54 075 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს საქმიანობის სფეროა საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით ქ. -----ში. საწარმოს აქვს სმფ-ების ადგილობრივი შეძენები. შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 10%-ს. ბიუჯეტში გადახდილი თანხაა 43 107.62 ლარი, ხოლო ბიუჯეტიდან უკან დაიბრუნა 38 705 ლარი. საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2023 წლის 5 ივნისის სმფ-ების ინვენტარიზაციით განისაზღვრა საქონლის ფაქტობრივი ნაშთი (საბაზრო ღირებულებით 345 270 ლარი), რომლის თვითღირებულებების დაანგარიშების (გადამხდელის მონაწილეობით) შედეგად, ფასნამატი დადგინდა საშუალოდ 24%. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საწარმოს შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის რპთ-ზე 2 280 928 (საწყის ნაშთს 0 ლარს დაემატა შეძენილი სმფ-ები, გამოაკლდა ფაქტობრივი ნაშთის სმფ-ების თვითღირებულება 235 969.11 ლარი და მიღებულ რპთ-ს გამოაკლდა 01.03.2023-05.06.2023 პერიოდის რპთ) გავრცელდა 24%- იანი ფასნამატი, ხოლო შემოწმებით დადგენილი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა. გადასახადის გადამხდელს არ აქვს დებიტორების და კრედიტორების ნაშთები, ამდენად, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და საბანკო ამონაწერის მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული დადგენილი ხარჯები. აღნიშნულის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე და 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს საქმიანობის სფეროა საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით. შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 10%-ს. საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2023 წლის 5 ივნისის სმფ-ების ინვენტარიზაციით განისაზღვრა საქონლის ფაქტობრივი ნაშთი (საბაზრო ღირებულებით 345 270 ლარი), რომლის თვითღირებულებების გადამხდელის მონაწილეობით დაანგარიშების შედეგად, ფასნამატი დადგინდა საშუალოდ 24%. შედეგად, საწარმოს შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის რპთ-ზე გავრცელდა 24%-იანი ფასნამატი, ხოლო შემოწმებით დადგენილი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა. გადასახადის გადამხდელს არ აქვს დებიტორების და კრედიტორების ნაშთები, ამდენად, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და საბანკო ამონაწერის მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული დადგენილი ხარჯები. აღნიშნულის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილ ფასნამატს და აღნიშნულის გათვალისწინებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის სფეროა საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით. საწარმოს აქვს სმფ-ების ადგილობრივი შეძენები. შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 10%-ს. ბიუჯეტში გადახდილი თანხაა 43 107.62 ლარი, ხოლო ბიუჯეტიდან უკან დაიბრუნა 38 705 ლარი. საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2023 წლის 5 ივნისის სმფ-ების ინვენტარიზაციით განისაზღვრა საქონლის ფაქტობრივი ნაშთი (საბაზრო ღირებულებით 345 270 ლარი), რომლის თვითღირებულებების დაანგარიშების (გადამხდელის მონაწილეობით) შედეგად, ფასნამატი დადგინდა საშუალოდ 24%. საწარმოს შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის რპთ-ზე 2 280 928 (საწყის ნაშთს 0 ლარს დაემატა შეძენილი სმფ-ები, გამოაკლდა ფაქტობრივი ნაშთის სმფ-ების თვითღირებულება 235 969.11 ლარი და მიღებულ რპთ-ს გამოაკლდა 01.03.2023-05.06.2023 პერიოდის რპთ) გავრცელდა 24%- იანი ფასნამატი, ხოლო შემოწმებით დადგენილი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა. გადასახადის გადამხდელს არ აქვს დებიტორების და კრედიტორების ნაშთები, ამდენად, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და საბანკო ამონაწერის მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული დადგენილი ხარჯები. აღნიშნულის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(5"ა")(9"ბ"), 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ").

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1).