გადაწყვეტილება №25732/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 25732/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25732/2/2025

01 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ს 26.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25732/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 1.05.2025 წლის №8383 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 23.06.2025 წლის №13345 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17694 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

დღგ - 1 654.29 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

5.09.2024 წელს, მომჩივანმა, რომელიც საქართველოსა და ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, № "-------" განცხადებით მიმართა საბაჟო ორგანოს და ითხოვა საბაჟო ტერიტორიაზე მის სახელზე შემოსატანი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენება.

მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 10.09.2024 წლის №"-------" წერილით, უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში არ განუცხადებია ინფორმაცია, მის მიერ შემოტანილ საქონელზე, რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდებოდა.

აღნიშნული უარი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.10.2024 წლის №22662 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეესწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მომჩივნის სახელზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მართლზომიერების საკითხზე გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის 22.10.2024 წლის №22662 ბრძანება არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 22.10.2024 წლის №22662 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №2589 ბრძანება, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოქალაქეობა არის შესაბამის ქვეყანასთან პირის სამართლებრივი კავშირი და ფიზიკური პირისთვის მისი მოქალაქეობის ქვეყანა უცხოეთად ვერ განიხილება.

საბაჟო დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №2589 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.03.2025 წლის №4795 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭომ 3.04.2025 წლის №24970/2/2025 (რეგ. 14.04.2025წ. 03/27168) გადაწყვეტილებით არამართლზომიერად მიიჩნია მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი, მხოლოდ მოქალაქეობრივ კავშირზე დაყრდნობით და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 1.05.2025 წლის №8383 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეესწავლა საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და თუ არ არსებობდა, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის №2589 ბრძანებაში მითითებულის გარდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით განეხორციელებინა №"-------" (23.01.2025) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.05.2025 წლის №8383 ბრძანება არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 1.05.2025 წლის №8383 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 23.06.2025 წლის №13345 ბრძანება, საიდანაც მითითებულია, რომ №"-------" (23.01.2025წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დარიცხული თანხა არ შემცირებულა, ვინაიდან უცხოეთში 6 თვეზე მეტი ხნით მყოფი პირის საქართველოში შემოსვლის შემდეგ არ არის შესრულებული ასეთი შემთხვევისთვის დადგენილი პირობა (საბაჟო გამშვებ პუნქტში ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის შევსება და მასში საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატან საქონელზე მითითება), რაც წარმოადგენს საბაჟო დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №2589 ბრძანებაში მითითებულის გარდა სხვა დამაბრკოლებელ გარემოებას.

საბაჟო დეპარტამენტის 23.06.2025 წლის №13345 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.08.2025 წლის №17694 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის მე-21 ნაწილზე, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტზე,დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ სატრანსპორტო დოკუმენტში (კონოსამენტი) №"-------" (25.01.2025წ.) ასახული ინფორმაციის ანალიზით გამოირკვა, რომ №"-------" (23.01.2025წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით შემოტანილი საქონელი გამოგზავნილია ფიზიკური პირი"-------"-ს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ (№"-------", 25.01.2025 წელი,სატრანსპორტო დოკუმენტის თანახმად, საქონლის გემზე/ბორტზე დატვირთვის/ჩატვირთვის თარიღია 31.10.2024 წელი), ხოლო "-------"-ს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას საბაჟო გამშვებ პუნქტში არ აქვს შევსებული ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია და არ აქვს გაცხადებული მის სახელზე შემოსატანი საქონლის შესახებ ინფორმაცია. ამდენად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 199- ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელებისა და №"-------" (23.01.2025წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დარიცხული თანხის კორექტირების (შემცირების) საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 60-ე მუხლის მე-4 ნაწილით აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 1.05.2025 წლის №8383 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ საბაჟო დეპარტამენტის 23.06.2025 წლის №13345 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს არაპროპორციულ და ფორმალიზებულ მიდგომას. ამასთან, მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ყოვლად უსაფუძვლოა.

მომჩივანი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებამდე, "--------" , "--------" , საემიგრაციო დეპარტამენტში დეტალურად გაარკვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელების საკითხები, მომზადა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რათა როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს, ემოქმედა კანონის ფარგლებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მისთვის მანამდე დაზუსტებული და გარკვეული კანონით დადგენილი ვადების მიხედვით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს კუთვნილი საგადასახადო შეღავათის გავრცელების მოთხოვნით. იმ დროისათვის არ ფლობდა ინფორმაციას 26.08.2024 წელს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ, ვინაიდან როგორც უკვე აღნიშნა, ტვირთის გაგზავნისთვის მზადება დაიწყო ბევრად უფრო ადრე და ოფიციალური უწყებების მხრიდან ამ ცვლილების შესახებ არ მომხდარა შეტყობინება.

საქართველოს ტერიტორიაზე 1 სექტემბერს დაბრუნდა და 5 სექტემბერს შეავსო შეღავათის გავრცელების მოთხოვნის განაცხადი შემოსავლების სამსახურში, ზუსტად იმ ვადების გათვალისწინებით, რაც ცვლილებამდე მოქმედებდა. აღნიშნული ტვირთი გადამზიდავ კომპანიას ჩაბარებული ჰქონდა საქართველოში მის ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისთვის ცვლილების შესახებ ინფორმაციის არსებობა იმ ეტაპზე შეუძლებელი იყო. მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გათვალისწინებულიყო არა მხოლოდ ფორმალური, არამედ რეალური გარემოებები. უარის თქმა მხოლოდ ტექნიკური საბაჟო დეკლარაციის არ შევსების საფუძველზე არღვევს სამართლიანობისა და გონივრული მოლოდინის პრინციპს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, გადაიხედოს მიღებულ გადაწყვეტილება და საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გათვალისწინებით, დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი თანხა - 1 654.29 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28- ე–97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად, უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსულმა ფიზიკურმა პირმა (საქართველოს მოქალაქემ) „მის მიერ შემოსატან საქონელზე, რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდება, უნდა განაცხადოს ინფორმაცია საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი გამოგზავნილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლამდე, რაც დადასტურდება საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ით) და აღნიშნული საქონელი შემოტანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საბაჟო დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო პროცედურის განსაზღვრისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადებში“.

დადგენილია, რომ მომჩივანს უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათის გავრცელებაზე, იმ საფუძვლით, რომ უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსულმა ფიზიკურმა პირმა (საქართველოს მოქალაქემ) საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში არ მიუთითა მის მიერ შემოსატან საქონელზე, რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდებოდა.

მომჩივნის განმარტებით, საქართველოში დაბრუნებამდე,"-------", კერძოდ, ქალაქ "-------"-ში, საემიგრაციო დეპარტამენტში, დეტალურად გაარკვია საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელების საკითხები, მოამზადა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რათა როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს, ემოქმედა კანონის ფარგლებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მისთვის მანამდე დაზუსტებული და გარკვეული კანონით დადგენილი ვადების მიხედვით, კუთვნილი საგადასახადო შეღავათის გავრცელების მოთხოვნით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს. იმ დროისათვის არ ფლობდა ინფორმაციას 26.08.2024 წელს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ, ვინაიდან როგორც უკვე აღნიშნა, ტვირთის გაგზავნისთვის მზადება დაიწყო ბევრად უფრო ადრე და ოფიციალური უწყებების მხრიდან ამ ცვლილების შესახებ არ მომხდარა შეტყობინება. საქართველოში დაბრუნდა 1 სექტემბერს და 5 სექტემბერს შემოსავლების სამსახურში შეავსო შეღავათის გავრცელების მოთხოვნის განაცხადი, ზუსტად იმ ვადების გათვალისწინებით, რაც ცვლილებამდე მოქმედებდა. აღნიშნული ტვირთი გადამზიდავ კომპანიას ჩაბარებული ჰქონდა საქართველოში მის ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისთვის ცვლილების შესახებ ინფორმაციის არსებობა იმ ეტაპზე შეუძლებელი იყო. მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გათვალისწინებულიყო არა მხოლოდ ფორმალური, არამედ რეალური გარემოებები. უარის თქმა მხოლოდ ტექნიკური საბაჟო დეკლარაციის არ შევსების საფუძველზე, არღვევს სამართლიანობისა და გონივრული მოლოდინის პრინციპს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნტში შეტანილი ცვილება (№274 19.08.2024წ.; ამოქმედდა გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს) ამჟამინდელი რედაქციით მოქმედებს 26.08.2024 წლიდან, ხოლო მომჩივანი საქართველოში დაბრუნდა 1.09.2024 წელს.

საქმის მასალებით დგინდება, რომ პირველ ეტაპზე, მომჩივანს შეღავათის გამოყენებაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ მომჩივანი ფლობდა ორმაგ მოქალაქეობას. აღნიშნული მოტივი საბჭოს მიერ შეფასდა დაუსაბუთებლად, რის საფუძველზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება უარის გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვის შესახებ. ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უარის საფუძვლად დაასახელა სხვა გარემოება.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება საგადასახადო შეღავათის არ გამოყენებაზე, იმ საფუძვლით, რომ უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსვლისას ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში არ აისახა ინფორმაცია შემოსატან საქონელზე, რომელიც შემოსულ პირთან ერთად არ გადაადგილდება, საფუძველს მოკლებულია და უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

საბჭო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმა ამოქმედდა მომჩივნის საქართველოში შემოსვლამდე ერთი კვირით ადრე და მომჩივანს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, რეალურად არ ჰქონდა შესაძლებლობა დროულად და სრულყოფილად მიეღო ინფორმაცია ახალი ვალდებულების შესახებ.

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანთან მიმართებაში არ იყო უზრუნველყოფილი ახალი წესების ადეკვატურად ხელმისაწვდომობა. შედეგად, მხოლოდ ფორმალური ვალდებულების დაუცველობის საფუძველზე, საგადასახადო შეღავათის გამოყენებაზე ეთქვა უარი, რაც ეწინააღმდეგება საჯარო და კერძო ინტერესებს შორის პროპორციული ბალანსის დაცვის პრინციპს და შეღავათის დანიშნულებას. ახალი ნორმა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისე, რომ დააზიანოს მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა გონივრული საშუალება, დროულად სცოდნოდა მისი არსებობის შესახებ. ამასთან, საგულისხმოა, რომ მომჩივანმა ახალი ნორმის ამოქმედებამდე არსებული ნორმის შესაბამისად იმოქმედა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსალოდნელი იმპორტის შესახებ გაცხადებისთვის კანონმდებლობით დაწესებული ვადა მომჩივნის მიერ დარღვეულია არაბრალეულად, საპატიო მიზეზით. მომჩივანს არ ჰქონდა გონივრული საშუალება დროულად გარკვეულიყო ახლად შემოღებული ნორმის შინაარსში და შესაბამისად, აღნიშნული ნორმით შემოღებული დეკლარირების ვალდებულების დარღვევა ვერ ჩაითვლება მომჩივნის მიმართ საგადასახადო შეღავათის გამოყენებაზე უარის საკმარის საფუძვლად.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17694 ბრძანება;

3. გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 23.06.2025 წლის №13345 ბრძანება;

4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს მომჩივნის მიერ №"-------" (23.01.2025წ.) საქონლისსაბაჟო დეკლარაციით გაფორმებულ საქონელზე გაავრცელოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, გადაიხედოს მიღებულ გადაწყვეტილება და სსკ-ის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გათვალისწინებით, დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი თანხა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა განცხადებით მიმართა საბაჟო ორგანოს და ითხოვა საბაჟო ტერიტორიაზე მის სახელზე შემოსატანი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას სსკ-ის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენება.მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში არ განუცხადებია ინფორმაცია, მის მიერ შემოტანილ საქონელზე, რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდებოდა.

მომჩივანს უარი ეთქვა სსკ-ის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოქალაქეობა არის შესაბამის ქვეყანასთან პირის სამართლებრივი კავშირი და ფიზიკური პირისთვის მისი მოქალაქეობის ქვეყანა უცხოეთად ვერ განიხილება.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსალოდნელი იმპორტის შესახებ გაცხადებისთვის კანონმდებლობით დაწესებული ვადა მომჩივნის მიერ დარღვეულია არაბრალეულად, საპატიო მიზეზით. მომჩივანს არ ჰქონდა გონივრული საშუალება დროულად გარკვეულიყო ახლად შემოღებული ნორმის შინაარსში და შესაბამისად, აღნიშნული ნორმით შემოღებული დეკლარირების ვალდებულების დარღვევა ვერ ჩაითვლება მომჩივნის მიმართ საგადასახადო შეღავათის გამოყენებაზე უარის საკმარის საფუძვლად.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

199.