გადაწყვეტილება №24960/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.05.2025
№ დოკუმენტი 24960/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24960/2/2025

21 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ --)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ს 25.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24960/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №005-200 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.02.2025 წლის №3637 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 307 774,33 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 782 923

დღგ - 209 854

საშემოსავლო გადასახადი - 573 069

ჯარიმა - 391 752

საურავი - 133 099,33

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა შერეული ხორცპროდუქტებით, თევზეულით და სხვა საქონლით. სარეალიზაციო საქონელს იძენს იმპორტით რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან, ასევე ადგილზე. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 23.03.2020 წელს, ამავე თარიღში რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გადასახადის გადამხდელის 1.01.2021 წლიდან 1.07.2024 წლამდე სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 26.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, ინფორმაცია ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 7 ივნისის №13525 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღწერა, რომლის მიხედვით დადგინდა სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი 60 762 ლარის ოდენობით (საბაზრო ღირებულება). შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, ვერ მოხერხდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობრივი და სახეობრივი მოძრაობების გაშიფვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, განხორციელდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის დაკავშირება უახლოეს რეალიზაციის დოკუმენტთან და განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (გათვალისწინებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ნაშთი). თითოეული დასახელების პროდუქციას მიენიჭა კონკრეტული კატეგორია და განისაზღვრა შესაბამისი დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე. ისეთ სახეობებზე, რომლებზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია და შეუძლებელი იყო დოკუმენტური ფასნამატის დადგენა, გავრცელდა საშუალო შეწონილი ფასნამატი (26%). გაანგარიშდა საწარმოს შემოსავალი, რომელიც გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად. განისაზღვრა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობაზე დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ არსებული ინფორმაცია (იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი თანხის გათვალისწინებით) და დარჩენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს მიერ მიღებულად და ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №27543 ბრძანება და №005-200 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.02.2025 წლის №3637 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვერ მოხერხდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობრივი და სახეობრივი მოძრაობების გაშიფვრა, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. რაც შეეხება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება შესაბამისი კატეგორიის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე, ხოლო ისეთ სახეობებზე, რომლებზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია და შეუძლებელი იყო დოკუმენტური ფასნამატის დადგენა, საშუალო შეწონილი ფასნამატის (26%) გავრცელება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის გათვალისწინებით, განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დარიცხვა გამოიწვია იმან, რომ შპს „---“ ახორციელებდა გაყინული თევზის იმპორტირებას დაკვეთით და იგი იღებდა 1 ტონაზე 100 ლარს მომსახურებას. აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადები დაითვალა საბაზრო ფასიდან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს ძიებას, სადაც გამოიკვეთა, რომ აღნიშნული გადასახადები არაა შპს „----ის“ გადასახდელი. გადასახადები უნდა გადაიხადონ იმ პირებმა, ვისი დაკვეთითაც ახდენდა გაყინული თევზის იმპორტირებას. ჩვენს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რადგან ყველა სახის დოკუმენტები ამოღებულია საგამოძიებო სამსახურის მიერ. მომჩივანი ითხოვს გადაანგარიშდეს დარიცხული გადასახადები და გადასახდელი გადასახადები დაერიცხოს რეალურად შემოსავლის მიმღებ პირებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო ამავე მუხლის მე3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის)შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების (დანართი №9) მე-10 მუხლის თანახმად, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი.

საჩივარში აღნიშნულია რომ შპს „---“ არ იყო მიღებული საქონლის იმპორტიორი და რეალიზატორი ობიექტურად და ის უბრალოდ მომსახურების გამწევ პირს წარმოადგენდა ამ ოპერაციებში, აღნიშნული გარემოება გამოკვეთილია საქმეზე მიმდინარე გამოძიებითაც. აუდიტის დეპარტამენტს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი გახდა ის, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, ვერ მოხერხდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობრივი და სახეობრივი მოძრაობების გაშიფვრა.

შემმოწმებელთა მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, განხორციელდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის დაკავშირება უახლოეს რეალიზაციის დოკუმენტთან და განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (გათვალისწინებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ნაშთი).

თითოეული დასახელების პროდუქციას მიენიჭა კონკრეტული კატეგორია და განისაზღვრა შესაბამისი დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე. ისეთ სახეობებზე, რომლებზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია და შეუძლებელი იყო დოკუმენტური ფასნამატის დადგენა, გავრცელებულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი (26%). ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ არსებული ინფორმაცია (იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი თანხის გათვალისწინებით) და დარჩენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს მიერ მიღებულად, ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად. მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა და რომ გამოყენებული დოკუმენტური თუ საშუალო შეწონილი ფასნამატი არ შეესაბამებოდა რეალობას.

შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვერ მოხერხდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობრივი და სახეობრივი მოძრაობების გაშიფვრა, შემოწმებით განხორციელდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება შესაბამისი კატეგორიის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე, ხოლო ისეთ სახეობებზე, რომლებზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია და შეუძლებელი იყო დოკუმენტური ფასნამატის დადგენა, გავრცელდა საშუალო შეწონილი ფასნამატი (26%) , რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის გათვალისწინებით, განხორციელდა განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა .

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73 (5); 73 (4,9); 101; 154.