ბრძანება N 10932

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.05.2023
№ დოკუმენტი 10932
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10932

17.05.2023

ი/მ ---------- (ს/ნ ---------)

(მის.: -------------)

2023 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 მაისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ---------) №78590/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №021-140 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით განსაზღვრული გადასახადი არ შეესაბამება მის მიერ 2019 წელს მიღებულ შემოსავალს, შესაბამისად, არასწორია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემოწმებით განსაზღვრული თარიღი. განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებებს და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 სექტემბრის №23854 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ -------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 13 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. 2019 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33271 ბრძანება და №021-140 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 41 199 ლარი, მათ შორის, გადასახადი 21 343 ლარი, ჯარიმა 7 854 ლარი, საურავი 12 002 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოწმების მონაცემებით, ი/მ -------- (ს/ნ --------) საქმიანობას წარმოადგენს ტანსაცმლის ჩამოტანა საბერძნეთისა და იტალიის რესპუბლიკებიდან და აღნიშნული საქონლის რეალიზაცია საქართველოში (სოციალური მედიის საშუალებით). გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების დანიშვნის შემდგომ დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ. გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან და შემოწმების პროცესში წარმოადგინა საბანკო ამონაწერები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული მასალების და საბანკო ამონაწერის მიხედვით, 2019 წელს გადამხდელს უფიქსირდება 170 432 ლარის შემოსავალი. აღნიშნული მასალებით დაანგარიშდა, ასევე, 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, რამაც შეადგინა 127 114 ლარი (საქონლის ღირებულებას დამატებული ტრანსპორტირების ხარჯები). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2019 წლის სექტემბრის თვეში ი/მ --------- შემოსავალი გადასცდა 100 000 ლარს. შესაბამისად, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ი/მ -------- საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული ტანსაცმლით ვაჭრობა სოციალური მედიის საშუალებით. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული მასალების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის მიხედვით, 2019 წელს უფიქსირდება 170 432 ლარის შემოსავალი. შემოწმებით ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის მიხედვით გაანგარიშებულია 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. ამასთან, დადგენილია, რომ 2019 წლის სექტემბრის თვეში ი/მ --------- ერთობლივმა შემოსავლმა გადააჭარბა 100 000 ლარს, რის საფუძველზეც პირს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.

ზემოაღნიშნული სამართლებლივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით ი/მ --------- საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ი/მ ---------- (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ არასწორია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემოწმებით განსაზღვრული თარიღი. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ტანსაცმლის ჩამოტანა საბერძნეთისა და იტალიის რესპუბლიკებიდან და აღნიშნული საქონლის რეალიზაცია საქართველოში (სოციალური მედიის საშუალებით). გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების დანიშვნის შემდგომ დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ. გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან და შემოწმების პროცესში წარმოადგინა საბანკო ამონაწერები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული მასალების და საბანკო ამონაწერის მიხედვით, 2019 წელს გადამხდელს უფიქსირდება 170 432 ლარის შემოსავალი. აღნიშნული მასალებით დაანგარიშდა, ასევე, 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, რამაც შეადგინა 127 114 ლარი (საქონლის ღირებულებას დამატებული ტრანსპორტირების ხარჯები). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. 2019 წლის სექტემბრის თვეში ი/მ-ს შემოსავალი გადასცდა 100 000 ლარს. შესაბამისად, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 72(1), 80(1), 100(3"ბ"), 102(1"ა"), 105, 275(2), 282(1).

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 157(1), 161(1"ა").